14 დეკემბერი, შაბათი, 2024

სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო ყველგან თან დამყვება და ის ულამაზესია

spot_img

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია ნინა კრეჰერი, აიხშტეტის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი.

გამარჯობა ნინაგვიამბე შენი მოსწავლეობის და სტუდენტურ პერიოდზერომელიც საქართველოში გაატარე 

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ხაშურში. იქვე მივიღე საშუალო განათლება პირველ საშუალო სკოლასა და ლიცეუმ “ბალავარში”, ეს იყო 90-იან წლებში. მიუხედავად რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა, მოსწავლეობის პერიოდი საუკეთესოდ მახსენდება. განსაკუთრებით გამოვყოფდი მხიარულთა და საზრიანთა კლუბში მონაწილეობას, რამაც ხელი შეუწყო ჩემი სოციალური უნარების, კრეატივისა და თვითდაჯერებულობის ჩამოყალიბებას.

1998 წელს ჩავაბარე ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხოური ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც სამი წელი ვისწავლე. ცხინვალის უნივერსიტეტი გახლდათ ლტოლვილი უნივერსიტეტი გორში, რომელიც ძლიერი პროფესორ-მასწავლებლებით გამოირჩეოდა. 2001 წელს გერმანიაში გავემგზავრე სასწავლებლად. აიხშტეტის უნივერსიტეტში ჩემი მოხვედრა არ იყო რაიმე წინასწარ განსაზღვრული გეგმა, ეს შემთხვევით მოხდა. მიუხედავად ჩემი და ჩემი უსაყვარლესი გერმანული ენის მასწავლებლის, ქალბატონი თამრიკო ქიმერიძის დაუღალავი შრომისა, უცხო ენაზე სწავლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ თავიდან როგორც ე.წ. `სტუმარი სტუდენტი~ (Gaststudentin) ვესწრებოდი ლექციებს, უმეტეს წილად – გერმანული ენის კურსებს. პარალელურად, ვსწავლობდი მიუნხენის გოეთეს ინსტიტუტში. დღეს კი, როცა ამას ვწერ, მეღიმება, ვინაიდან გერმანულს მშობლიურ ენასავით ვფლობ და თავად გოეთეს ინსტიტუტშიც მიმუშავია. 12 წლის წინ კი, მხოლოდ ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე შევძელი სწავლის დაწყება გერმანისტიკის და მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში, როგორც სრულუფლებიანმა სტუდენტმა.

რა განსხვავებაა ქართულ და გერმანულ საუნივერსიტეტო სისტემებს შორის?

განსხვავება საუნივერსიტეტო სისტემებში, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდია. გერმანიაში მაგისტრატურა ნიშნავს 4-5-წლიან მეცნიერულად გაღრმავებულ სწავლებას, ბაკალავრიატი კი მოიცავს სამ წელს და უფრო ზედაპირული სწავლებით ხასიათდება. ახალი სტუდენტური სასწავლო სისტემა აღარ მოიცავს მაგისტრატურას, არამედ აგებულია სამწლიან საბაკალავრო და, დამატებით, ორწლიან ნებაყოფლობით მასტერის სისტემაზე. თუმცა, სტუდენტების უმრავლესობა სწავლას ბაკალავრიატით არ ამთავრებს და განაგრძობს მასტერს, რომელიც ასევე ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალებას იძლევა.

გვიამბე აიხშტეტის უნივერსიტეტის ისტორიარა პროფესიას დაეუფლე და რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?

აიხშტეტის უნივერსიტეტი მთელ გერმანიაში ერთადერთი კათოლიკური უმაღლესი სასწავლებელია, სადაც დაახლოებით 5.000 სტუდენტი სწავლობს. ეკონომიკური ფაკულტეტის გარდა, უნივერსიტეტი, ძირითადად, ჰუმანიტარული დარგის მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: თეოლოგია, სოციოლოგია, ლინგვისტიკა, ფსიქოლოგია, პოლიტიკათმცოდნეობა, მუსიკა და ა.შ.

მე დავამთავრე მაგისტრატურა – გერმანული ენათმეცნიერება, გერმანული როგორც უცხო ენა და მუსიკათმცოდნეობა. ამ ფაკულტეტების კომბინაცია ჩემი ქართული განათლების, კვალიფიკაციის, ინტერესის და ენის სიყვარულმა განაპირობა. როდესაც აიხშტეტის უნივერსიტეტში ჩავაბარე, გერმანიაში სწავლა მხოლოდ ბიუროკრატიული გადასახადის სანაცვლოდ იყო და არ აღემატებოდა 34,95 ევროს, რაც მესამე წელს შეიცვალა. 2003 წელს, მთავრობის შეცვლამ და რეფორმების დაწყებამ ქვეყანაში სწავლის საფასურის დაწესება გამოიწვია, რაც თითოეული რეგიონის, მიწის და უნივერსიტეტის შესაბამისად 350-დან 600 ევრომდე ვარირებდა. საბედნიეროდ, სტუდენტური გამოსვლების, მთავრობის და ახალი საპარლამენტო შემადგენლობის წყალობით, სწავლა ისევ უფასო გახდა. ასე რომ, ქართველი სტუდენტები, რომლებსაც განზრახული აქვთ გერმანიაში განათლების მიღება, ნუ შეფერხდებიან.

გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევა შეგიძლია მისცე სტუდენტებსრომლებიც დაინტერესებული არიან, სწავლა გერმანიაში გააგრძელონ?

მათ გერმანიაში შეუძლიათ მოიძიონ სტიპენდიები, რომლებიც გაიცემა აღმოსავლეთ ევროპის თემებთან დაკავშირებულ ფაკულტეტებზე წარჩინებული სწავლისთვის. შევეცდები, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ჩამოვთვალო: პირველ რიგში, ყველასათვის ცნობილი DAAD (Deutsche Akademishe Auslandsdienst). იგი თბილისში, ზანდუკელის N16-ში მდებარეობს და მას დოქტორი, ქალბატონი ელიზაბედ ფენორი ხელმძღვანელობს. სტიპენდიები გაიცემა სხვადასხვა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის. აქვე შესაძლებელია ენის კურსის გავლა, გერმანიაში სწავლის დაწყებამდე. კონკურსანტებს ამისთვის გამოეყოფათ გარკვეული თანხა და, დამატებით, გზის საფასური; მეორე მნიშვნელოვანი ფონდი გახლავთ კონრად ადენაუერის ფონდი (Konrad Adenauer Stiftung Regionalprogramm politishet Dialog Sudkaukasus), რომელიც ასევე თბილისში, ფერისცვალების 2 ნომერში მდებარეობს. სტიპენდიის მისაღებად საჭიროა უმაღლესი ქულები, პოლიტიკური და სოციალური ინტერესი, აგრეთვე, სწავლის დამთავრების შემდეგ, გერმანიაში, პოლიტიკურ სფეროში, მეცნიერებაში, პუბლიცისტიკაში, ეკონომიკასა და კულტურაში როგორც ნაციონალურ, ასევე ინტერნაციონალურ დონეზე მუშაობის ინტერესი.

ასევე შესაძლებელია კოპერნიკუსის და ბერლინის უნივერსიტეტების, გერმანული პარლამენტის და საერთაშორისო პარლამენტის სტიპენდიის მოპოვება პოლიტოლოგებისათვის. გარკვეული ფონდები და უნივერსიტეტები კი, უკვე გერმანიაში მყოფ უსახსრო ან ფინანსურად არამყარ სტუდენტებს, სთავაზობენ გარკვეულ ფულად დახმარებას. თანხა ვარირებს. აქვე მინდა აღვნიშნო, მიუნხენში ქართული სათვისტომოს ინიციატივა, ყველაზე წარმატებული სტუდენტისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის თაობაზე. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ გერმანიაში სტუდენტები განსაკუთრებული ფასდაკლებებით სარგებლობენ კინო-თეატრებში, მუზეუმებში, ელექტრონულ აპარატურაზე და ხშირად, საკვებზეც გარკვეულ რესტორნებში.

რა შეგიძლია გვიამბო აიხშტეტის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ. რამდენადაც ვიციასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენაქვე მინდა ისაუბრო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზეც

სანამ ამ თემაზე ვისაუბრებ, მინდა დავიწყო იქიდან, რომ გერმანიაში ლექციების რამდენიმე სახეობა არსებობს. უნივერსიტეტში განასხვავებენ შესავალს, ანუ საგნის ტერმინოლოგიის დაუფლებას; ლექციას, სადაც პროფესორი კითხულობს მთელი 90 წუთის განმავლობაში; პროსემინარსა და მთავარ სემინარს, როცა სტუდენტები, მთელი სემესტრის განმავლობაში, ამუშავებენ რეფერატებს, თემებს და წარადგენენ კურსზე. ასევე კიდევ ერთი სახეობა – სავარჯიშო, სადაც, ძირითადად, პრაქტიკული მუშაობა მიმდინარეობს. პროსემინარი, მთავარი სემინარი და ლექცია არჩევითია. საბაკალავრო სისტემით კი სტუდენტებს გარკვეული საგნები და ლექციები სავალდებულოდ (ობლიგატორულად) ენიშნებათ. ჩემი სწავლის პერიოდში ობლიგატორულ ლექციებზე მეტი თავისუფლება იყო ლექციების არჩევის. შესაბამისად, ჩემი თვალსაზრისით, ლექციებიც უფრო საინტერესო იყო. საბაკალავრო და ქულების დაგროვების სისტემამ კი შეამცირა ნამდვილი ინტერესი საგნის და სწავლის მიმართ.

განსაკუთრებული თემებისა და პროექტების ირგვლივ არაერთხელ მომისმენია მოწვეული პროფესორების მოხსენებები. აიხშტეტის უნივერსიტეტი ყოველ თვეში იწვევს ცნობილ მეცნიერებს თუ პოლიტიკოსებს სტუდენტებთან დისკუსიის გასამართავად.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აიხშტეტის უნივერსიტეტის შენობის სიმცირისა, მას განსაკუთრებულად მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. გარდა ამისა, ის დაკავშირებულია ბევრ ბაზასთან, რომლებიც იშვიათი და ძნელად ხელმისაწვდომი წიგნების შეკვეთის საშუალებას იძლევა. ბიბლიოთეკაში სასიამოვნო ატმოსფეროა, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო ულამაზებს მუშაობის პროცესს. დამამთავრებელ საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნამუშევრებზე სამუშაოდ კი სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გარკვეული საფასურით, პატარა ოთახი დაიქირაონ. ასე რომ, ბიბლიოთეკაში შეხვდებით კაბინებში ინტენსიურად მომუშავე სტუდენტებს და დოქტორანტებს.

ზოგადადრა შეგიძლია გვიამბო გერმანიის განათლების სისტემაზე?

გერმანიის საგანმანათლებლო სისტემა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისგან იმით განსხვავდება, რომ დიფერენცირებული სწავლება უკვე სეკულარულ საფეხურზე, ანუ მეხუთე კლასიდან იწყება. ნიშნების მიხედვით გერმანელი მოსწავლეები გადანაწილდებიან გიმნაზიაში (საუკეთესო), რეალურ სკოლაში (საშუალო) და ე.წ. მთავარ სკოლაში (არასაკმარისი ქულებით). ზოგად განათლებასთან ერთად, მოსწავლეები, სკოლის სახეობის მიხედვით, ეუფლებიან რამდენიმე უცხო ენას (გიმნაზია). საშუალო განათლების მისაღებად მოსწავლემ აუცილებლად უნდა მიაღწიოს მეცხრე კლასამდე. ეს სერტიფიკატი მას ეხმარება აბიტურიენტობაში (გიმნაზია), ან ტექნიკურ სასწავლებელში ჩასაბარებლად (რეალური სკოლა და მთავარი სკოლა). აბიტურის, ანუ 12-წლიანი სკოლის დასრულების შემთხვევაში, მოსწავლეებს გზა ეხსნებათ უნივერსიტეტისკენ, რაც გერმანიაში ყველაზე მაღალ საფეხურად ითვლება. რეალური სკოლის მოსწავლეები ხშირად ტექნიკურ ინსტიტუტებში ან სასწავლებლებში მიდიან და დუალურ სწავლას განაგრძობენ, ხოლო მთავარი სკოლის ცხრაწლიანი სერტიფიკატით რაიმე ხელობას ეუფლებიან. ასეთი სელექციური საგანმანათლებლო სისტემა ჰუმბოლდტის გეგმაა და დიდი ტრადიცია აქვს. რა თქმა უნდა, სკოლების შეცვლა შესაძლებელია თუ მოსწავლეები ნიშნებს გააუმჯობესებენ და სურვილს გამოთქვამენ მოდულის მიმართულების შეცვლაზე.

უნივერსიტეტი გერმანიაში არა მხოლოდ კვალიფიცირებულ კადრებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებლად მომუშავე აბსოლვენტებს უშვებს. ანუ უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს პროფესორის დაუხმარებლად ლიტერატურის მოძიებას, თემის მეცნიერულად, ძირფესვიანად დამუშავებას და მის პრეზენტაციას. პროფესორ-მასწავლებელი, ძირითადად, მენტორის როლს ასრულებს – ის მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში ეხმარება სტუდენტს.

ტექნიკური ინსტიტუტები და სასწავლებლები კი უფრო სკოლის სახისაა და აქ პროფესორ-მასწავლებლებს უწევთ წინა პლანზე ყოფნა. სტუდენტები მოცემულ მასალას შეისწავლიან და შემდეგ, მზა ფორმულების სახით, პრაქტიკაში გამოიყენებენ.

სწავლის პერიოდში ხომ არ მოგიწია სასწავლებლიდან რომელიმე ქვეყანაში წასვლა? როგორც ვიციამჟამად საინტერესო პროექტზე მუშაობგვიამბე ამის შესახებ

სწავლის პერიოდში, მიუხედავად ათასგვარი გაცვლითი პროექტების არსებობისა, არსად წავსულვარ, არასაკმარისი ფინანსების გამო. საბედნიეროდ, ჩემი აქტუალური პროექტის ფარგლებში, ხშირად მომიწია სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოგზაურობა. ორიოდე სიტყვით ჩემი პროექტის შესახებ: ინტერდისციპლინარულ კოლეგიუმში, 2011 წლის ნოემბრიდან, სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ვამუშავებ პროექტს, რომელიც ამ კოლეგიუმის თემატურ ჩარჩოში სადოქტორო ნამუშევრის შექმნას ისახავს მიზნად. ჩვენს კოლეგიუმს ჰქვია `მიგრაცია რელიგიისა და კულტურების კონტექსტში გლობალიზაციის პროცესში~. მე, როგორც ენათმეცნიერი, წარვადგენ შემდეგ სოციოლინგვისტურ თემას – `Who speaks what language to whom – and why? ენობრივი იდენტიფიკაცია და ენის არჩევანი სომეხი მიგრანტებისთვის საქართველოში და სომეხი და ქართველი მიგრანტებისთვის გერმანიაში~. პროექტის მიზანია კვალიფიციურად გამოიკვლიოს მშობლიური ენების და რუსულის, როგორც ე.წ. `სახურავი ენის~ (Dachsprache) როლი, იდენტობის ვარირება ეტაპობრივი მიგრაციის შემთხვევაში. თემის ფოკუსში მოქცეულია ენობრივი იდენტობა და მრავალენიანობის ფენომენი. ჩემი კორექტორები არიან: ენათმეცნიერი, ინდოგერმანისტი, დოქტორი კერსტინ კაზიზი, ენათმეცნიერი გერმანისტი, პროფესორი ელკე რონებერგერ-ზიბოლდი და ენათმეცნიერი ტიპოლოგი, კავკასიოლოგი, პროფესორი ვოლფგანგ შულცე, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან. პროექტი ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია და, სავარუდოდ, წელს დამთავრდება. თემატურად მიხდებოდა კონფერენციებში მონაწილეობა გერმანიასა (აიხშტეტი, მიუნხენი) და პოლონეთში (ვარშავა). ემპირიულად ჩატარებული გამოკითხვებისთვის კი ვმოგზაურობდი გერმანიასა და საქართველოში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს რესპოდენტს თანამშრომლობისთვის, უღრმესი მადლობა შუამავლებს, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა კონტაქტები და იმ ანალიზის გაკეთება, რომელიც ჩემს სადოქტორო ნამუშევარში გამოქვეყნდება.

სტუდენტობის პერიოდში, სწავლის პარალელურად, გქონდა თუ არა მუშაობის შესაძლებლობა ამჟამად რა საქმიანობას ეწევი?

არდადეგებზე ყოველთვის ვმუშაობდი სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორც პრაქტიკანტი ან კიდევ, როგორც ჩვეულებრივი მუშა. გარდა ამისა, არსებობს ბევრი საარდადეგებო პროექტი რესტორნებში, ბარებსა თუ ქარხნებში. ჩემს ქალაქში, რა თქმა უნდა, ყველაზე სასურველი დამსაქმებელი AUDI-ს ქარხანაა. თითქმის 6 წელია, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და ამჟამად ვმუშაობ, ვკითხულობ ლექციებს აიხშტეტის უნივერსიტეტში ენობრივ იდენტობაზე, პარალელურად, ვმუშაობ გერმანული ენის, როგორც მეორადი ენის დოცენტად იმავე უნივერსიტეტში და ინგოლშტატის ტექნიკურ ინსტიტუტში. ჩემი პუბლიკა, ძირითადად, უცხოელი სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, ხშირად ვარ ხანმოკლე პროექტებში, სადაც ბილინგვურ მოსწავლეებს, გერმანულ სკოლებში, ენას ვასწავლი. საგაზაფხულო სემეტრში კი, დაგეგმილია ქართული ენისა და კულტურის ლექციის შეთავაზება. იმედია, დაინტერესებული სტუდენტები მოვლენ.

ნინა, მიამბეროგორ ცხოვრობენ გერმანელი ახალგაზრდებირა არის მათთვის ყველაზე პრიორიტეტულირით განსხვავდებიან ისინი ქართველი ახალგაზრდებისგან?

გერმანელი ახალგაზრდები ძალიან დამოუკიდებლად ცხოვრობენ. უკვე 17 წლის ასაკში ტოვებენ მშობლიურ სახლს და ცალკე საცხოვრებლად გადადიან. პირადი სფერო გერმანული საზოგადოებისთვის, როგორც ინდივიდუალური საზოგადოებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი, რაც ჩვენი კულტურისგან განსხვავდება. ინდივიდუალური საზოგადოება ცოტა რთულად განსამარტი ცნებაა, რადგან ის მის საპირისპირო ცნებას – ჯგუფურ საზოგადოებას მოიცავს და ირიტაციას იწვევს. მაგრამ ნება მომეცით, სანამ ახალი, უფრო მართებული ცნება შემოვიდოდეს, ეს ტერმინოლოგია აგიხსნათ. ძირითადად, ინდივიდუალისტებად დასავლურ ევროპული კულტურები მოიაზრებიან, ვინაიდან ისინი ადამიანს და მის განვითარებას გამოყოფენ. ერთ კურიოზულ, მაგრამ საინტერესო მაგალითს მოვიტან – თუკი ესპანელ ახალგაზრდას დედა ეხმარება ზურგზე კრემის წასმაში, გერმანელი ახალგაზრდა გაკვირვებით კითხულობს – კი, მაგრამ ეს ხომ შენი ზურგია, თავად ვერ წაისვამო?! დაინტერესებულებს შეუძლიათ გაეცნონ საზოგადოებრივ და ოჯახის ფსიქოლოგიას. მცდარი შეხედულება რომ არ ჩამოყალიბდეს, მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ისტორიული ტრადიციებიდან და კულტურის განვითარებიდან გამომდინარე, ღირებულებებს განსხვავებულად (და არავითარ შემთხვევაში – ცუდად ან კარგად) აყალიბებს.

გერმანია, მოწინავე საავტომობილო ინდუსტრიით, რა თქმა უნდა, ინჟინერიასა და ეკონომიკურ დარგებშია კარგად განვითარებული. განსაკუთრებულად ძლიერია ბავარიის მიწა, სადაც აწარმოებენ ორი ძლიერი მარკის მანქანებს – Audi (ინგოლშტატი) და BMV (მიუნხენი). არც Mercedes-ის (შტუტგარტი) და Volkswagen-ის (ვოლფსბურგი) მარკები დაგვავიწყდეს. კარგადაა განვითარებული, აგრეთვე, მედიცინა და ჰუმანიტარული ფაკულტეტები.

სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროსმომავალი როგორ გესახებასად აპირებ დამკვიდრებას?

თავისუფალ დროს ვატარებ ჩემს ინტერნაციონალურ მეგობრებთან ერთად. დროის შესაბამისად დავდივარ გერმანიის ქალაქების ან ევროპის ქვეყნების დასათვალიერებლად და ვცდილობ, მაქსიმალურად განვვითარდე.

ეთნოლოგები ამბობენ: “თუ ადამიანი ერთხელ გადაიჭრის ფესვებსმაშინ ის ყოველთვის მზადაა ისევ წავიდეს და გზა განაგრძოს”. მე არ მინდა მოგცეთ ჩემი  ერთი ან მეორე სამუდამო საცხოვრებლის მისამართი, არამედ მინდა მოგიწვიოთ ორივეგან – ანუ აქაც და იქაც. ხანგრძლივი ცხოვრება ორ კულტურასა და ქვეყანას შორის ართულებს გადაწყვეტილების მიღებას. ხშირ შემთხვევაში, ეს საკითხი დღის წესრიგში სერიოზულად ოჯახის შექმის დროს დგება. პროფესიულად და კარიერული თვალსაზრისით, ჩემს თავს ისევ აქ, გერმანიაში ან საზღვარგარეთ ვხედავ. ამავე დროს, არ გამოვრიცხავ არც სხვა კონტინენტს, მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკას (შტატებს). ასევე მიზანშეწონილად მიმაჩნია საქართველოში დაბრუნება და ჩემს ქვეყანაში მოღვაწეობა, რადგან საქართველო ჩემს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს. ყველა ჩემი სვლა, პირველ რიგში, საქართველოს უკავშირდება, ჩემს მშობლებს, და-ძმას, ახლობლებს და მეგობრებს.

როგორ ფიქრობსაზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?

ჩემი ქართველი მეგობრების მაგალითიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი მიმზიდველი კრიტერიუმია დამსაქმებლისთვის. იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე ინტენსიურად დამკვიდრდება იმ საგანძურის სათანადო ანაზღაურება, როგორიცაა საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნის და გამოცდილების დაფასება, იქნება ეს მენტალურ თუ ფინანსურ დონეზე.

დაბოლოსროცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობსის ალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზეშორიდან მართლა უკეთესი ჩანს ჩვენი ქვეყანავიდრე სინამდვილეშია?

ეს ძალიან ემოციური და კარგი შეკითხვაა. როცა ადამიანი საკუთარი ქვეყნიდან მიდის, მხოლოდ მაშინ აანალიზებს სამშობლოს ცნებას. ბავშვობაში დაზეპირებული ფრაზა, ახალ კონტექსტში რეალურ სახეს იძენს. სამშობლო, შორიდან შეიძლება გახდეს ის უბანი ან ქუჩა, სადაც გაიზარდე, ან კაკლის ხე, რომელიც ეზოში დგას. სამშობლო, შეიძლება გახდეს მხოლოდ ოჯახი და არა გეოგრაფიული მდებარეობა. ამ ჩამონათვალის კორიანტელი სხვადასხვა ასაკის და განვითარების ფაზაში, სხვადასხვა ფორმით, ან სახით გამომჟღავნდება. სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო ყველგან თან დამყვება და ის ულამაზესია.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები