✔️ სედა ნახაპეტიანი – სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლის დირექტორი — რას მოითხოვს მისგან სახელმწიფო, საზოგადოება
სკოლის დირექტორი უნდა იყოს სახელმწიფოებრივ საქმეში აქტიურად ჩართული პიროვნება, უნდა ჰქონდეს თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები. ამავდროულად, უნდა იყოს ლიდერი, განათლებული და პასუხისმგებელი, რადგან სკოლის დირექტორობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის განათლებისათვის, მათი სწორი აღზრდა-განვითარებისათვის, სკოლაში უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს ჩამოყალიბებისათვის. ეს არის პოზიცია, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ღირსეული მომავლის ფორმირებაში და ეს მხოლოდ მოთხოვნა კი არ უნდა იყოს სახელმწიფოს, საზოგადოების ან სასკოლო თემის მხრიდან, არამედ თავად დირექტორის მიერ გააზრებული და გაზიარებული პასუხისმგებლობა ერის წინაშე.
საგანმანათლებლო ლიდერი
სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი და კარგი მენეჯერი, რადგან ამ უნარების განვითარებითა და გამოყენებით შეუძლია სკოლა წინ წაიყვანოს და განათლებული თაობა აღზარდოს. ამავდროულად, საგანმანათლებლო ლიდერობა თავისთავად გულისხმობს საგანმანათლებლო სივრცისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფილად ფლობას, რათა სწავლა-სწავლების პროცესში თავად იყოს მაგალითის მიმცემი და „გზამკვლევი“ კოლეგებისთვის და არა მხოლოდ „მოწოდებების“ ავტორი, ამა თუ იმ აქტივობის შესაბამისი ხარისხით შესრულებისკენ. სასკოლო საზოგადოების მხრიდან აღიარებაც და პატივისცემაც მხოლოდ ასეთი მიდგომის შედეგია.
სკოლის ხარისხი — ძირითადი ელემენტები
სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხი დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე. მაგალითად ისეთებზე, როგორიცაა: მასწავლებლების პროფესიონალიზმი, მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა ინტერესები და მაღალი მოტივაცია. ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე კი, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ დირექტორი-მასწავლებელი-მშობელი-მოსწავლე უწყვეტი ჯაჭვია და წარმატების მიღწევაც მათი ერთობლივი მუშაობის შედეგია.
როგორ აისახება კონკრეტული სკოლის სასწავლო მოდელი მოსწავლეების შედეგებზე
როგორც აღვნიშნე, სკოლის როლი მოზარდის განვითარებასა და განათლებაში უმნიშვნელოვანესია. ოჯახის შემდეგ სწორედ სკოლას აკისრია პასუხისმგებლობა თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და ცხოვრებისეული გამოწვევებისათვის მომზადებაში.
სკოლის მთავარი მისია და გამოწვევა
„ახალი სკოლის მოდელი“, ვფიქრობ, სწორედ ის მიმართულებაა, რაც ქართულ საგანმანათლებლო სისტემას კიდევ უფრო ეფექტურსა და ეფექტიანს გახდის, იგი სკოლაში მიღებული ცოდნის ტრანსფერს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რაც ათეულობით წელია სისტემის გამოწვევად რჩება.
წარმატებული სკოლა
წარმატებული სკოლისთვის აუცილებელია: პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც მუდმივად ზრუნავს საკუთარ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე; აქტიური მშობელი, რომელიც მზადაა მიიღოს რჩევები შვილის განათლება-განვითარებასთან დაკავშირებით და დაეხმაროს მას ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში; დირექტორი, ამ უწყვეტი ჯაჭვის ლიდერი, რომელიც მაქსიმალურად ობიექტურად მართავს სკოლაში მიმდინარე პროცესებს.
გუნდური მუშაობის როლი
გუნდურობა ორგანიზაციაში, ჯანსაღი კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო არის წარმატებისა და წინსვლის უპირობო გარანტი. სკოლა, სადაც ანგარიშვალდებულების სისტემა გამჭვირვალეა, უფლებამოსილების დელეგირება და გადანაწილება კი — მიუკერძოებელი და ობიექტური, სადაც თითოეული რგოლი გაერთიანებულია საერთო საქმის და იდეის ირგვლივ, იდება საუკეთესო შედეგები. ჩვენც მუდმივად ვცდილობთ, ყველა ამ პრინციპის დაცვით ვმართოთ სკოლა და სკოლაში მიმდინარე პროცესები. ხარისხის მართვის ჯგუფი კი, თავის მხრივ, ცდილობს, მასწავლებელთა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების გზით, მოახდინოს მათი საჭიროების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი დახმარება/უკუკავშირი.
რა ხელშეწყობა სჭირდება დღეს სკოლის დირექტორს
ამ ეტაპზე დირექტორებს სჭირდებათ უფრო მეტი უფლებები და თავისუფლებები.
ახალი სტანდარტი
საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნას და უნარებს, პროფესიულ ფასეულობებსა და პასუხისმგებლობებს. სტანდარტი შეიცავს საჯარო სკოლის ხელმძღვანელისათვის საჭირო აუცილებელ კომპეტენციებს. სტანდარტის ძირითადი მიმართულებებია — განათლების მართვა, სასწავლო პროცესის მართვა და ანგარიშვალდებულება, თვითგანვითარება, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარება და ბოლოს, საზოგადოებასთან, ინსტიტუტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა.
როგორ შეარჩიოს სკოლამ დირექტორი
ვფიქრობ, სერტიფიცირების პროცესი ისედაც გამართულად არის დაგეგმილი ჩვენს სისტემაში: სკოლა/სკოლის წარმომადგენლობა არჩევნების გზით აკეთებს არჩევანს იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც ცენტრალიზებული გამოცდის გზით უკვე დააკმაყოფილეს მოთხოვნილი კომპეტენცია.