9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები

spot_img

ნონა ტერტერაშვილი
გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზერტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური არის შესაბამისი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.

მანდატურის შერჩევა კონკურსის წესით ხდება და კანდიდანტი უნდა იყოს ქმედითუნარიანი, ნასამართლეობის არმქონე მოქალაქე, რომელმაც აუცილებლად უნდა წარადგინოს ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, მანდატური აკონტროლებს როგორც სკოლის გარე, ასევე შიდა პერიმეტრს და დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლს ასრულებს. საგანგებო ვითარებაში კი, მანდატური მოსწავლეთა და სკოლაში მომუშავე პირთა ევაკუაციას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მოვალეობაა კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და მოგვარება. მანდატური ზრუნავს მოსწავლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია, სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ჩადენის შესაძლო ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.

მანდატურს სკოლაში, ყველა სახის კონფლიქტების დროს, ევალება დახმარების გაწევა. მისი ფუნქციაა მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მანდატურები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარებიან და არ აქვთ უფლება, სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ.

მანდატური ვალდებულია, კონფლიქტური სიტუაცია დროულად შეაფასოს და, ცალკეულ შემთხვევებში, დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, საქმის კურსში ჩააყენოს მშობელი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში, პატრულის გამოძახების  უფლება აქვს. მის კომპეტენციაში შედის, ასევე, სკოლაში მოსწავლეთა დასწრების კონტროლი.

მანდატური ბავშვთა უფროსი მეგობარია. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსწავლეებს მანდატურისთვის პირადი პრობლემებით მიუმართავთ, რაც შედეგიანად დამთავრებულა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსწავლე სკოლაში თამბაქოს ეწეოდა და მანდატურმა დაინახა, მისცა სიტყვიერი გაფრთხილება, რის შემდეგაც მსგავსი შემთხვევა იმ მოსწავლის მხრიდან აღარ განხორციელებულა.

ვფიქრობ, სკოლაში საჭიროა და აუცილებელიცაა მანდატურის ყოფნა. სკოლაში დიდი ტერიტორიაა, სამეთვალყურეო კამერებიცაა დაყენებული, მაგრამ მუდმივად საჭიროა, დერეფანში და სართულებზე ვინმე მოძრაობდეს, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა მორიგეობაც გვაქვს დაწესებული.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები