ირმა გიორგაძე
სსიპ დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი
მოსწავლეთა შესაძლებლობების გააქტიურებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭიროა, მოსწავლემ შეძლოს მიღებული ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სხვა საგანში შესასწავლ მასალასთან. ცოდნის საგანთაშორისი ტრანსფერის საშუალება კი ინტეგრირებული გაკვეთილია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, საგანთაშორის კავშირი დაამყარონ და საკითხი სხვადასხვა დისციპლინის კუთხით განიხილონ. ინტეგრირების ინტრადისციპლინური მოდელი სწორედ ერთ დისციპლინაში შემავალ საგნებს შორის კავშირის დასამყარებლად არის გამოყენებული, მაგ., საბუნებისმეტყველო საგნები — ბიოლოგია და ფიზიკა.
გთავაზობთ ბიოლოგიისა და ფიზიკის ინტეგრირებით ჩატარებულ გაკვეთილს, რომელიც მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო იყო. გაკვეთილის მსვლელობის დროს მოახერხეს ორივე საგანში მიღებული ცოდნის ინტეგრირება და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება.
გაკვეთილის გეგმა
საგნები: ბიოლოგია, ფიზიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/IX
გაკვეთილის თემა: თვალის დაავადებები
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული — ბიოლოგია-ფიზიკა
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
♦ ახსნას, როგორ ახერხებს თვალი ახლო და შორს მყოფი საგნების დანახვას;
♦ იმსჯელოს თვალის დაავადებების სიმპტომებზე და შეიმუშაოს შესაძლო პრევენციული ღონისძიებები, ჯანსაღი მხედველობის შენარჩუნების მიზნით;
♦ ვარაუდის გამოთქმის, შედარების უნარების განვითარება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
♦ გამოსახულების აღქმის მექანიზმის სქემატურად გამოხატვა და კვლევის საფუძველზე მხედველობის დარღვევის მიზეზებზე მსჯელობა; ბიოლ.საბ.4 ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება;
ბიოლ. საბ. 5 ბიოლოგიური ობიექტების/პროცესის შესწავლის მიზნით კვლევის დაგეგმვა;
♦ თანამედროვე მიღწევების (ლაზერით მკურნალობა, ხელოვნური ბროლი) მნიშვნელობაზე მსჯელობა; ბიოლ.საბ. 4 ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება;
ბიოლ.საბ.12 საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება;
♦ ადამიანის შეგრძნების ორგანოების შესახებ მიღებული ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან;
ბიოლ.საბ.12 საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება;
ფიზ. IX. 8 მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი.
♦ გამოსახავს მარტივი სქემის სახით და ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის (მაგ.ძუძუმწოვრების და მწერების) თვალის ოპტიკურ სისტემებს, მსჯელობს განსხვავებაზე;
♦ მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა ოპტიკური სისტემის (მაგ.მიკროსკოპი, ტელესკოპი) მოწყობილობისა და განვითარების შესახებ და აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
♦ მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს თვალი ახლოს და შორს მყოფი საგნების დანახვას;
♦ მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა თვალის დაავადებებსა და მათ სიმპტომებზე;
♦ შეუძლია პრევენციული ღონისძიებების შემუშავება ჯანსაღი მხედველობის შენარჩუნებისათვის.
შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
დანართი:
2. შესაბამისობები
იპოვეთ შესაბამისობები თვალის სტრუქტურებსა და მათ მახასიათებლებს შორის. დააკავშირეთ ისინი ხაზებით.
2. სიტუაციური ამოცანები
სიტუაციური ამოცანა 1.
წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი. შენს პაციენტს აქვს წაგრძელებული ფორმის თვალი. ახლოს მყოფ საგნებს კარგად ხედავს, შორს მყოფ საგნებს კი – ბუნდოვნად.
- დაუსვი პაციენტს დიაგნოზი;
- შეურჩიე სათვალე ან დაუნიშნე მკურნალობა.
სიტუაციური ამოცანა 2.
წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი. შენს პაციენტს აქვს შედარებით ბრტყელი თვალის ფორმა. შორს მყოფ საგნებს კარგად ხედავს, ახლოს მყოფ საგნებს კი – ბუნდოვნად.
- დაუსვი პაციენტს დიაგნოზი;
- შეურჩიე სათვალე ან დაუნიშნე მკურნალობა.
სიტუაციური ამოცანა 3.
წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი. შენს პაციენტს აქვს რქოვანას ან ბროლის სხვადასხვაგვარი სიმრუდე მის სხვადასხვა უბანში. გამოსახულების ნაწილს ბადურის წინ იღებს, ზოგს კი – უკან.
- დაუსვი პაციენტს დიაგნოზი;
- შეურჩიე სათვალე ან დაუნიშნე მკურნალობა.
სიტუაციური ამოცანა 4.
წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი. შენს პაციენტს აქვს ბროლის შემღვრევა. საგნებს ისე ბუნდოვნად ხედავს, თითქოს დაორთქლილ მინაში იხედება.
- დაუსვი პაციენტს დიაგნოზი;
- შეურჩიე სათვალე ან დაუნიშნე მკურნალობა.
სიტუაციური ამოცანა 5.
წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი. შენს პაციენტს თვალები აქვს ჩაწითლებული და მოსდის ცრემლი. აქვს მხედველობის გაორება და დაბინდვა, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება, სინათლის შიში და ტკივილი შუბლის არეში.
- დაუსვი პაციენტს დიაგნოზი;
- შეურჩიე სათვალე ან დაუნიშნე მკურნალობა.