თბილისის №60 საჯარო სკოლაში (დირექტორი – შოთა მალაზონია) ტრადიციად იქცა გამოჩენილი ქართველი მწვრთნელების, მსაჯების, საზოგადო მოღვაწეების, გამორჩეული გულშემატკივრების, მასწავლებლების სახელობის ტურნირები მინი-ფეხბურთში.
მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში, ნოემბერში, გამართული მემორიალი მიეძღვნა 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ სახელოვანი ფეხბურთელების – ვიტალი დარასელიას, დავით ყიფიანის, რამაზ შენგელიასა და გენიალური მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ნათელ ხსოვნას.
ტურნირში მონაწილეობდა VII-VIII-კლასელთა 8 გუნდი. გუნდები ორ ქვეჯგუფად დაიყო და თამაშები წრიული სისტემით ჩატარდა. ჯგუფებიდან I-II ადგილებზე გასულმა გუნდებმა ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
საბოლოოდ, მე-3 ადგილზე გავიდა VIIIდ კლასი ( გუნდის კაპიტანი – დავით ყაჭეიშვილი, კლასის დამრიგებელი – ლელა ვარდანია). ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ VIIIე და VIIIგ კლასების გუნდები. თამაშის დროს, გუნდები და ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ პასუხისმგებლობით, დისციპლინით, შრომით, ლიდერობით.
გამარჯვებული გუნდის – VIIIგკლასის კაპიტანია მიხეილ ოქიტაშვილი, კლასის დამრიგებელი — ლია ქავთარაძე; VIIIე კლასის გუნდის, რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა, ხკაპიტანია თამაზ ბექაური, კლასის დამრიგებელი — თამარ მოსეშვილი; ანგარიში 6:5.
დასახელდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები:
- საუკეთესო მეკარე – გიორგი ბულისკერია და სანდრო კარკოსაშვილი;
- საუკეთესო ბომბარდირი – ლუკა ღლონტი (24 გატანილი გოლი);
- მოაზროვნე ფეხბურთელი – თამაზ ბექაური;
- ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – მიხეილ ოქიტაშვილი.
გუნდები დააჯილდოვა სკოლის დირექტორმა, შოთა მალაზონიამ.
♦ ♦ ♦
მორიგი მემორიალი მე-60 სკოლაში მიეძღვნა, ასევე, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის უფროსს – კახი ასათიანს, მწვრთნელს – სერგო კუტივაძეს, „დინამოს“ ექიმს – პროფესორ ზაქარია თელიას და მკურნალ ექიმს – ანზორ გაბიტაშვილს.
ხსოვნის ტურნირში მონაწილეობდნენ IX-X-კლასელთა გუნდები. 8 გუნდი ორ ქვეჯგუფად დაიყო, თამაშები წრიული სისტემით ჩატარდა. ჯგუფებიდან I-II ადგილებზე გასულმა გუნდებმა ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
საპრიზო მე-3 ადგილზე Xგ კლასის გუნდი გავიდა, კაპიტანი – ლიკა უბირია, კლასის დამრიგებელი – ეკატერინე გიორგობიანი.
ფინალში ერთმანეთს Xა და IXგ კლასების გუნდები შეხვდნენ. ორივე გუნდი მონდომებით თამაშობდა, ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ საფეხბურთო აზროვნებითა და ხედვით, სწრაფი პასებით, მოძრაობებით, ინდივიდუალური მიმართულებებით, ლიდერობით, პრესინგის დროს თავის დაღწევით. გუნდებმა სათამაშო დრო გამოიყენეს და ხარისხიანი თამაში აჩვენეს. მოედნის სივრცეში მოძრაობებით გამოირჩეოდნენ ორთავე გუნდის ფეხბურთელები.
ფინალური თამაში მართლაც სასიამოვნო სანახაობა იყო. გამარჯვებული გუნდი გახდა IXგ კლასი, გუნდის კაპიტანი – საბა გელაშვილი, კლასის დამრიგებელი – ია გობიანი.
მეორე ადგილზე გასული Xა კლასის გუნდის კაპიტანმა ილია ჯეჯელავამ ფინალში 5 გოლი გაიტანა, კლასის დამრიგებელი – მარინე დავითულიანი, ანგარიში 7:6.
დასახელდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები:
- საუკეთესო მეკარე – ნიკოლოზ ვასაძე;
- საუკეთესო ბომბარდირი – ილია ჯეჯელავა (13 გატანილი გოლი);
- ტექნიკური ფეხბურთელი – საბა მელაშვილი;
- მოაზროვნე ფეხბურთელი – ანდრია სირაძე;
- ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ნიკა ხურცილავა.
მე-60 საჯარო სკოლაში ტურნირს ესწრებოდნენ: „დინამოს“ ექიმის, ზაქარია თელიას შვილი, ქალბატონი ციური თელია, ექიმი, მტკიცებითი მედიცინის ცენტრის ლაბორანტი; შვილიშვილები – ალექსანდრე (სანდრო) თელია, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, თერაპევტი, ოჯახის ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და ზაზა თელია, დერმატოლოგ-ვენეროლოგი, სპორტული მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი; ქალბატონი ლამარა კონტუაძე, თელიების ოჯახის მეგობარი.
გამარჯვებული გუნდის კაპიტანს თასი გადასცა ალექსანდრე (სანდრო) თელიამ.
ორივე ტურნირის ორგანიზატორი იყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, მე-60 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი ვახტანგ ბაქანიძე.
ტურნირების მსვლელობას დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს სკოლის ექიმი, პედიატრი, ქალბატონი შორენა ძანძავა. მისი ნებართვის გარეშე, არც ერთი მონაწილე არ დაიშვება მოედანზე. დიდ მადლობას ვუხდით მას მზრუნველობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით სკოლის მენეჯერს, ქალბატონ თამარ ანდრიაძეს, მასზე დაკისრებული ორგანიზაციული საკითხებისა და დოკუმენტაციის დროულად მოგვარებისთვის.