საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო მოხელის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების შექმნა, მათი აკრედიტაცია და განხორციელებაა. სწორედ თითოეული მოხელის აუცილებელ ცოდნასა და უნარზეა დამოკიდებული ნებისმიერი საჯარო დაწესებულების გამართული ფუნქციონირება, რაც, ჯერჯერობით, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის კონტროლს, აკრედიტაციის გზით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ამიტომ მივმართეთ რამდენიმე შეკითხვით პროგრამის აკრედიტაციის პროცესის კოორდინატორს, თამარ შენგელიას.
— რა სახისაა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა?
— მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამები ორი სახისაა: საბაზისო და დამატებითი. საბაზისო პროგრამას გადის პირი, რომელიც პირველად ინიშნება მოხელის თანამდებობაზე, დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში. სხვა მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის საბაზისო პროგრამის გავლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, საჯარო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზისო პროგრამა განსხვავდება საჯარო მოხელეთა რანგის მიხედვით. IV და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამას წარმოადგენს „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“, ხოლო II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამას — „მოხელის მენეჯერული უნარები“.
რაც შეეხება დამატებით პროგრამებს, მათი გავლის საჭიროებას ადგენს თავად საჯარო დაწესებულება, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს, ხოლო თითოეული საჯარო მოხელე ვალდებულია, გაიაროს პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამის ერთი კურსი მაინც, საჭიროების გამოვლენიდან ორი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოვლენილი საჭიროებით გათვალისწინებული მოხელის ცოდნისა და უნარების განვითარება ხდება საჯარო დაწესებულების ან/და თავად მოხელის მიერ განხორციელებული ღონისძიების ფარგლებში.
პროფესიული განვითარების პროგრამების (საბაზისო და დამატებითი) გავლა შესაძლებელია სწავლების შემდეგი მეთოდებით/ფორმებით: ა) ელექტრონული კურსი, რაც გულისხმობს დისტანციურ სწავლებას; ბ) საკლასო მეცადინეობა, რაც გულისხმობს ტრენერის თანდასწრებით მეცადინეობას ლექციის, სემინარისა და სხვა ფორმატში; გ) მასტერკლასი, რაც გულისხმობს შესაბამისი დარგის პროფესიონალის მიერ გამოცდილების გაზიარებას ლექციის, სემინარისა და სხვა ფორმატში; დ) სწავლა კეთებით, რაც გულისხმობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აკრედიტაცია სავალდებულოა ელექტრონული კურსით ან/და საკლასო მეცადინეობის ფორმით/მეთოდით დაგეგმილი მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის განხორციელებისთვის. ამასთან, აკრედიტაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს აღნიშნული ფორმით/მეთოდით დაგეგმილი მოხელის პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამა, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის შემთხვევაში.
— ვის შეუძლია განახორციელოს საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა?
— საბაზისო პროფესიული განვითარების პროგრამის განმახორციელებელი შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა ნებისმიერი იურიდიული პირი. რაც შეეხება დამატებითი პროფესიული განვითარების პროგრამებს, ზემოთ ჩამოთვლილი პირების გარდა, მათი განმახორციელებელი შესაძლებელია იყოს, ასევე, ფიზიკური პირიც.
— რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა, რომ მოიპოვოს აკრედიტაცია?
აკრედიტაციის პროცესში ექსპერტთა ჯგუფი ადგენს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან, რომელიც ეხება პროგრამის შინაარსს და პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ რესურსებს. პროგრამის შინაარსთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს 10 კომპონენტს, რომლებიც შეეხება პროგრამის განხორციელების გეგმას, მსმენელთა შეფასებას, პროგრამის შესაბამის სასწავლო მასალას, პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს.
ამასთან, მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს მთავრობის დადგენილების („პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილება) დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, დანართით გათვალისწინებულია „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსისა“ და „მოხელის მენეჯერული უნარების“ მოდულები, „მენეჯერული უნარების“ პროგრამის მინიმალური ვადა განსაზღვრულია 24 აკადემიური საათით, ხოლო მაქსიმალური — 40 აკადემიური საათით. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ საგნებს, როგორიცაა: სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა, პროფესიული კომუნიკაცია, საჯარო სამსახურის ეთიკა და სხვა. რაც შეეხება „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ პროგრამას, მინიმალური ვადა განსაზღვრულია 16 აკადემიური საათით, ხოლო მაქსიმალური — 24 აკადემიური საათით. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ადმინისტრაციული წარმოება, ეთიკა საჯარო სამსახურში და სხვა.
აკრედიტაციის მეორე სტანდარტი, რომელიც შეეხება პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ რესურსებს, მოიცავს 4 კომპონენტს, მათ შორის, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ტრენერების მიერ სწავლებას, რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას, პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების ქონას. საერთო ჯამში, დაწესებულების რესურსები უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამის ეფექტიან განხორციელებას და განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
— ვინ შეიძლება იყოს აკრედიტაციის ექსპერტი აღნიშნული მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანია აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა…
ამ ეტაპზე, ხარისხის განვითარების ცენტრში, პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით, მიმდინარეობს კონკურსი. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დამტკიცდება ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობა. ექსპერტთა ერთ-ერთ საკვალიფიკაციო მოთხოვნად გათვალისწინებულია 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება რომელიმე შემდეგ სფეროში: ორგანიზაციების მართვა; ადამიანური რესურსების განვითარება და მართვა; ზრდასრულთა განათლება და გადამზადება; სამართალი; განათლების ადმინისტრირება. უნდა აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის ან საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში/ბიუროში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.
პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, რომლის წევრებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი: საბჭო შედგება, მინიმუმ, 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი წევრი ბიუროს წარმომადგენელია, ხოლო სხვა წევრები შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, აკადემიური წრის ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბჭოს ფორმირება და უახლოეს მომავალში მისი შემადგენლობაც დამტკიცდება. საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
— რა სახის გადაწყვეტილებებს იღებს საბჭო საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებით?
აკრედიტაციის საბჭო, მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე, იღებს სამი სახის გადაწყვეტილებას: ა) აკრედიტაციის შესახებ — თუ პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს; ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ — თუ პროგრამა ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის ერთ-ერთ სტანდარტს; გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ — თუ პროგრამის აკრედიტაციის პერიოდში დაფიქსირდა აკრედიტაციის პირობების დარღვევის ფაქტი.
ამასთან, აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“. იმ შემთხევაში, თუ პროგრამა შეფასდა როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად.
— პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, რა ფორმით შეამოწმებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აკრედიტაციის პირობების შესრულებას?
— პროგრამის აკრედიტაციის ვადა 5 წელია. აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროგრამას, ვალდებულია პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის მინიჭებიდან სამწლიანი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში ცენტრს წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. გარდა ამისა აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით. მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით. პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან გამოითხოვოს დოკუმენტაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან მონიტორინგის ვიზიტის შესახებ. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ გამოვლინდა აკრედიტაციის პირობების დარღვევის ფაქტი.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი