30 სექტემბერი, პარასკევი, 2022

რჩევები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის

spot_img

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს ხანებში გეგმავს მასწავლებელთა რაიონულ და რესპუბლიკურ კონფერენციათა სერიას. წარმოგიდგენთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენციისთვის პრეზენტაციის მოსამზადებელ რეკომენდაციებს, რომელიც მთლიანად ეყრდნობა საკუთარ პრაქტიკას.

კონფერენციისთვის მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი თემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. ნაშრომის პრეზენტაციისთვის განკუთვნილია, მაქსიმუმ, 20 წუთი – პრეზენტაცია, როგორი ფორმითაც არ უნდა იქნას წარმოდგენილი, უმჯობესია, იყოს მინიმალურ დროში გაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზენტაცია ხდება მოსაწყენი აუდიტორიისთვის. პრეზენტაცია შეიძლება მომზადდეს ყველა იმ ფორმატით, რომელიც თავსებადია მაიქროსოფტის სისტემისთვის და ციფრული წარდგენისთვის ეფექტიანია (ვორდი, პრეზი, პოვერ პოინტი და სხვა). დასაშვებია სხვა ოპერაციული სისტემების გამოყენებაც.
  2. ნაშრომი უნდა წარმოაჩენდეს კონკრეტული მოსწავლეების/კლასის მიღწევების ანალიზს – პრეზენტაცია შეეხება კონკრეტულ „ქეისს“, მაგრამ არ უნდა მოხდეს მოსწავლის იდენტიფიცირება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, „დაუბლარავი“ ფოტო და ვიდეო მასალა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ უნდა წარმოვადგნოთ!).
  3. ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს და უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მაგალითებით (მოსწავლეების პასუხები, მოსწავლეების ნაშრომები) გაჯერებული _ პრეზენტაციაში ნაჩვენები შემოქმედებითი პროდუქტი და დავალების შესრულებამდე განვლილი ეტაპები, ნაბიჯები უნდა იყოს რეალური სასწავლო პროცესის ამსახველი. დავალების ხარისხზე მეტად საინტერესოა მასწავლებლის უკუკავშირი (ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომელ დონეზეა მოსწავლე კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და რას ვაკეთებთ უკეთესი დონის მისაღწევად).
  4. ნაშრომში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს:

√ ზოგადი ინფორმაცია კლასის შესახებ (მაგალითად, მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა);

√ რა ცოდნის კონსტრუირებას ისახავდა მიზნად მასწავლებელი;

  1. პრეზენტატორი უნდა ოპერირებდეს იმ ცნებებითა და ტერმინებით, რომლის საფუძველზეც ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღიწერება გრძელვადაინი მიზნების სტრუქტურა (მაგალითად, საფეხურის შედეგი, სამიზნე ცნება, ქვეცნება), სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები (სწავლა-სწავლების 5 პრინციპი) და მოსწავლის ემოციურ-სოციალური განვითარება (ფუნქციურ-კომპონენტური უნარები).

ახლა კი წარმოგიდგენთ ზოგად და კონკრეტულ რჩევებს, რომელიც საორიენტაციოდ გამოადგებათ პედაგოგებს, მოამზადონ პრეზენტაცია საკონფერენციო მასალა.

სკოლა: სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლა

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

მასწავლებელი: მზია ლომიძე

კლასი: V

მოსწავლეთა რაოდენობა: 6

სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: სრულად უზრუნველყოფილი

თემა: სამშობლო

მთავარი საკითხი: მოთხრობის საფუძველზე ეპიზოდის განვრცობა

საკვანძო შეკითხვა: როგორ დავწერო მოთხრობის ეპიზოდის განვრცობა?

ცნებები, ქვეცნებები, საკითხები და ქვესაკითხები: ტექსტი (პერსონაჟი, მოქმედების ადგილი, პეიზაჟი, პორტრეტი, სიუჟეტი); გრამატიკული კანონზომიერება (თხრობითი და კითხვითი წინადადება, დიალოგი).

მკვიდრი წარმოდგენები: (ცნება ტექსტი): 1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება. 2. ტექსტში  მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა. 3. ტექსტი  შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

(ცნება გრამატიკული კანონზომიერება): 1. სიტყვები იცვლიან/არ იცვლიან ფორმასა და მნიშვნელობას, ერთიანდებიან წინადადებებად  გრამატიკის ნორმების/წესების შესაბამისად.

კომპლექსური დავალების პირობა: მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა“ საფუძველზე განავრცეთ ქეთოს ნაიბზე მიყიდვის სცენა. წერის დროს დაიცავით ენობრივი ნორმები.

ნაშრომში წარმოაჩინეთ:

ეპიზოდის შესავალი ნაწილი;

♦ ეპიზოდი ახალი დეტალებით;

♦ მოქმედების ადგილის/ადგილების აღწერა (პეიზაჟი და ინტერიერ-ექსტერიერის აღწერა);

♦ პერსონაჟების სახეები (პორტრეტი, ხასიათი, დიალოგური მეტყველება კითხვითი და თხრობითი წინადადებების მონაცვლეობით, დამოკიდებულება, მოტივაცია, სოციალური მდგომარეობა);

♦ ნაწარმოების სიუჟეტთან ბუნებრივი კავშირი;

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

♦ რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ დაწერილი ტექსტი ეპიზოდის განვრცობაა?

♦ რომელი პერსონაჟის ან პერსონაჟების საშუალებით განავრცე ეპიზოდი?

♦ რა იყო შენი ძირითადი სათქმელი? მოახერხე სათქმელის სრულად გადმოცემა? შეცვლიდი თუ არა რამეს, თავიდან რომ იწყებდე დავალების შესრულებას?

ეტაპი პირველი: კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

აქტივობა 1. გონებრივი იერიში – შეკითხვები სამშობლოსთან, დედაშვილობასთან, ბავშვთა გატაცებასთან დაკავშირებით;

აქტივობა 2. ტექსტის დამუშავების წინმსწრები აქტივობები: დაკვირვება სათაურზე, ილუსტრაციებზე და ვარაუდების გამოთქმა;

აქტივობა 3. კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა (რა არის დავალებიდან ნაცნობი, უცნობი, საკითხები დახმარების საჭიროებით…);

აქტივობა 4. გონებრივი იერიში – რას მოითხოვს კომპლექსური დავალების პირობა?

ეტაპი მეორე: კომპლექსური დავალების შინაარსი

აქტივობა 1. ტექსტის გაცნობა და უცნობ სიტყვებზე მუშაობა  (სხვადასხვაგვარი კითხვები, რომლებიც დაგვეხმარება ტექსტის გაგება-გააზრებაში და „სიტყვების სალაროს“ შედგენა).

აქტივობა 2. შერჩეული მონაკვეთის (ნაიბისგან ქეთოს ყდვის ეპიზოდის) ხელახლა წაკითხვა და იმ სიტყვებზე დაკვირვება, რომელსაც  იყენებს მწერალი.

აქტივობა 3. „იდეების კიდობანი“ (ვერსიების იდეები ეპიზოდის განვრცობისთვის).

აქტივობა 4. პერსონაჟის სკამი (ბაჯაჯგუნა ლეკები, ნაიბი და მისი ცოლი, ქეთო).

აქტივობა 5. პერსონაჟების გასაუბრება ერთმანეთთან – დიალოგი (დიალოგის მახასიათებლები, კითხვითი და თხრობითი წინადადებები, სასვენი ნიშნები დიალოგთან).

აქტივობა 6. დავალების პირველადი ვერსიის დამუშავება.

აქტივობა 7. პირველადი ვერსიების გადამუშავება და საბოლოო ვერსიების შექმნა.

აქტივობა 8. ნამუშევართა საბოლოო ვერსიების პრეზენტაცია.

შეკითხვები განმავითარებელი შეფასებისთვის:

⇒ აღწერე, რა პროდუქტი შექმენი;

⇒ რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

⇒ შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

⇒ რას გააკეთებდი სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

⇒ შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?

⇒ მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

გასაგები მიზეზების გამო, მოსწავლეთა კონკრეტულ ნაშრომებს არ ვაქვეყნებთ უკუკავშირით ამ შემთხვევაში, მაგრამ პრეზენტაციის დროს ვაქვეყნებთ მოსწავლეთა მიერ შესრულებულ რამდენიმე დავალებას. ყველა ის ნაშრომი, რომელიც იქნება გარკვეულწილად ხარვეზიანი, წარმოადგენს მინიშნებას, თუ რა საკითხია მეტად ყურადსაღები და დამატებითი აქტივობებით დასაძლევი. განმავითარებელი შეფასების ფუნქცია შეცდომის სტატუსის შეცვლაა და ამ ტიპის შეფასების ინსტრუმენტად გამოიყენება სხვადასხვა საშუალება სოლო ტაქსონომიის გათვალისწინებით (სიტყვიერი უკუკავშირი, „მსმენელის დღიური“, გრაფიკული მაორგანიზებლები და ა.შ.). კონფერენციაზე წარმოდგენილი მოსწავლეთა ნამუშევრებს უნდა დაერთოს პედაგოგის  მიერ მიწოდებული ეფექტიანი უკუკავშირი. სტატიაში განვრცობით არ გვისაუბრია აქტივობათა შესახებ, რადგან მასწავლებლებს მათ შესახებ ისედაც აქვთ ინფორმაცია.

მზია ლომიძესსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები