27 ივლისი, შაბათი, 2024

რჩევები ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელისგან

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ აბიტურიენტებისთვის საგამოცდო რჩევების მიცემას.

ამჯერად გთავაზობთ ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელის, მანანა ჯავახიშვილის რჩევებს – რას უნდა მიაქციონ აპლიკანტებმა განსაკუთრებული ყურაღება ისტორიის გამოცდაზე.

🔷 რას ურჩევდით, როგორ მოემზადონ აბიტურიენტები ისტორიის გამოცდისათვის?

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, ზოგადად, ერთიანი ეროვნული გამოცდები და, მათ შორის, ისტორიის გამოცდის ფორმატი არ გულისხმობს რაიმე სპეციფიკურ, განსხვავებულ მიდგომას, ტრადიციული მომზადებისაგან განსხვავებულს. აბიტურიენტებს ვურჩევ სიღრმისეულად დაამუშაონ საგამოცდო პროგრამის საკითხები, რომელთა შინაარსი (იგულისხმება ფაქტოლოგიური მასალა) არ გასცდება გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ასახულ (XI-XII კლასების ისტორიის სახელმძღვანელოების) ინფორმაციას. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ მასალაზე დაყრდნობით და ასევე ლოგიკური აზროვნებისა და სხვა კოგნიტური უნარების გამოყენებით, უნდა შეეცადონ ტესტური დავალებების შესრულებას.

🔷 რაზე გაამახვილონ ყურადღება აბიტურიენტებმა ტესტზე მუშაობის დროს?

ტესტზე მუშაობისას, პირველ რიგში, აბიტურიენტი უნდა შეეცადოს, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი ცოდნა და უნარები. ამისათვის მან სწორად უნდა გაანაწილოს საგამოცდო დრო, რათა საკუთარი პასუხები მშვიდად გადაიტანოს პასუხების ფურცელზე, წეროს გარკვევით ისე, რომ გამსწორებელმა შეძლოს ტექსტის ამოკითხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტი ყურადღებით გაეცნოს ტესტური დავალებების ინსტრუქციასა და პირობას, გაიაზროს ისინი და მხოლოდ შემდეგ გასცეს პასუხები დასმულ შეკითხვებს. ასევე საყურადღებოა, რომ აბიტურიენტმა მოკლედ და კონკრეტულად უპასუხოს კითხვებს და იმყოფინოს პასუხების ფურცელში ამა თუ იმ შეკითხვისათვის გამოყოფილი ადგილები.

🔷 რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები ისტორიის გამოცდაზე?

ისტორიაში ტესტური დავალებების შესრულებისას, აბიტურიენტები, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ, შეცდომებს უშვებენ. ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს. რაც შეეხება შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ: ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა, რომელიც, ფაქტობრივად, სხვა ნებისმიერ კითხვასაც „მოერგება“; ასევე, ერთი კონკრეტული პასუხის ნაცვლად, რამდენიმე პასუხის გაცემა (ზოგიერთ შემთხვევაში, პასუხები ურთიერთგამომრიცხავია). გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევებში თქვენი პასუხები გასწორებისას არ შეფასდება!

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები