27 ივლისი, შაბათი, 2024

როჯერსის სწავლების იდეა თანამედროვე პედაგოგიკაში

spot_img

გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების იდეა ჩამოაყალიბა ამერიკელმა მეცნიერმა, კარლ როჯერსმა, რომელიც ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელია.  რამდენად შეიძლება, თანამედროვე მასწავლებელმა როჯერსის შეხედულებები გამოიყენოს საკუთარ პრაქტიკაში?

მოსწავლის გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება (Student Centered Learning) გულისხმობს მოსწავლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებას. ზოგჯერ მოსწავლის სურვილი აცდენილია საჭიროებებს, სწორედ ასეთ შემთხვევაშია საჭირო მასწავლებლის ფასილიტაცია და მოდერატორაციული უნარების გამოჩენა, რათა განათლების მიზნები, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, არ დაიკარგოს. მოსწავლის სურვილი სრულ კორელაციაში უნდა იყოს საგანმანათლებლო საჭიროებებთან.

ვთქვათ, მოსწავლეს სურს, უყუროს ფილმს. ეს სურვილია. როგორ მოვარგოთ ფილმის ცქერის სურვილი საგანმანათლებლო მიზნებს? ნებისმიერი ფილმი მოიცავს კონტექსტს და ის, შესაძლოა, გამოვიყენოთ დროის, სივრცის, სოციალურ-ეკონომიკური რეალობის აღსაქმელად, ასევე ენობრივი კომპეტენციის, ანალიზის, სინთეზის, შეფასების, შემოქმედებითი, გამჭოლი ან საგნობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის.

გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების დროს, მოსწავლე თვითონ არის აქტიური და ინიციატივებისა თუ იდეების ავტორი. ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვი აცნობიერებს იმ მიზეზებს, რომლებიც სწავლისადმი ინტერესის ზრდას უწყობს ხელს. ასევე, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება პიროვნების ცვლილებისა და ზრდის ექვივალენტურია. მასწავლებელი, სასწავლო პროცესში, აგრძელებს თვალყურის დევნებას, რათა მოსწავლის ინიციატივები და იდეები არ აღმოჩნდეს ფუჭი ან მავნებელი.

თუ მოსწავლე გამოთქვამს სურვილს, გარემოს დასუფთავების აქციის დროს, დახარისხდეს მყარი ნარჩენები მეორეული გამოყენებისათვის, ამ შემთხვევაში, მისი ინიციატივა-იდეა მიღებულ უნდა იქნეს. პარალელურ რეჟიმში, გარემოს დასუფთავება მხოლოდ ეკოაქციად რომ არ დარჩეს, იდეატორმა მოსწავლემ, თავისი ინიციატივის სარგებლიანობაზე საუბრის გარდა, თანატოლებს ყველა ის სასარგებლო ინფორმაცია უნდა გააცნოს, რომელიც თანმხლები იქნება იდეის განხორციელებისას.

კარლ როჯერსი ამბობს, რომ ადამიანებს სწავლის ბუნებრივი ნიჭი აქვთ. მასწავლებლის როლი და ვალდებულება ისაა, რომ სწავლების პროცესში შექმნას ატმოსფერო, სადაც მოსწავლეს შეეძლება ბუნებრივი ნიჭის გამოვლენა და განვითარება. ამისათვის საჭიროა, რომ მასწავლებელმა:

♦ სწორად ჩამოაყალიბოს სწავლების მიზანი (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, არსებობს სამგვარი მიზანი: მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი);

♦ შექმნას პოზიტიური გარემო სწავლებისათვის (გარემო, რომელიც მოსწონთ მოსწავლეებს, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს  სასწავლო პროცესის ეფექტიანობას);

♦ სისტემატიზებული სასწავლო რესურსები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს (რესურსული ბაზა სასწავლო მიზნების მიღწევისათვის ადეკვატური უნდა იყოს და არ უნდა იყოს ბავშვებისთვის „ჩაკეტილი“ და „აკრძალული“);

♦ გააწონასწოროს, სწავლების დროს, ინტელექტუალური და ემოციური კომპონენტები (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ემოციამ არ უნდა შეუშალოს ხელი მოსწავლის პიროვნულ და ინტელექტუალურ ზრდას);

♦ შეძლოს, არ იყოს დომინანტი, მაქსიმალურად იტვირთოს ფასილიტატორის როლი, იზიარებდეს მოსწავლის განცდებსა და აზრებს („დიდაქტიკოსის“ ნაცვლად, გახდეს მხარდამჭერი, აღიაროს მოსწავლე და იქონიოს ეფექტიან უკუკავშირი).

სასკოლო გარემო, სამწუხარო რეალობაა, უმეტესად, რუტინულია, რის გამოც მოსწავლები სკოლაში სიხარულით არ დადიან (უფრო ვალდებულების მომენტია გამოკვეთილი). როჯერსის მოსაზრების მიხედვით, სასწავლო პროცესი  სასურველი მაშინაა, როცა მოსწავლე:

♦ სრულად არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში, ანუ მოსწავლე სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურაა;

♦ აწყდება პრაქტიკულ, კვლევით პრობლემებს, რისი საშუალებითაც სწავლა უფრო მეტად მორგებული ხდება ინდივიდის საჭიროებებზე, ანუ მოსწავლე სწავლობს კეთებით, აღწევს განვითარების უახლოეს ზონასა და ტრანსფერირებას;

♦ მუდმივად აფასებს საკუთარ თავს, რაც მისი პროგრესისა და წარმატების შეფასების ძირითადი მეთოდია, ანუ განივითარებს და იყენებს თვითშეფასების უნარს.

როჯერსი, აგრეთვე, მიუთითებს მუდმივი ცვლილებების აუცილებლობაზე სწავლების პროცესში, რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციას. როჯერსის მოსაზრების მიხედვით:

  1. სწავლება უფრო ნაყოფიერია, თუ საგნის შინაარსი და პიროვნების ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. მასწავლებელი უნდა ფლობდეს იმ ოსტატობას, რომლითაც საგნობრივ შინაარსს ორგანულად დაუკავშირებს მოსწავლის ინტერესებს.
  2. საჭიროა ახალი მიდგომებისა და პერსპექტივების მოძებნა, რაც არ გამოიწვევს პიროვნების დათრგუნვას. სწავლების დროს მასწავლებელი ფრთხილად სთავაზობს სიახლეებს მოსწავლეებს. ყველა აქტივობა უნდა იყოს გაზომვადი და ეფექტიანი.
  3. სწავლების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, თუ შიშის კოეფიციენტი დაბალია. შიში, ისევე როგორც სხვა გარეგანი მოტივატორები, მანამდე აჩვენებს შედეგს, ვიდრე ის არსებობს. შიშის, ჯილდოს, ნიშნის „გაქრობისთანავე“ ქრება მოტივაციაც და სწავლის პროცესის შედეგიანობაც არასახარბიელო ხდება.
  4. ყველაზე პროდუქტულია ინიციატივიანი, ანუ სტიმულის მიმცემი სწავლება. სტიმულს მოსწავლეს აძლევს პოზიტიური უკუკავშირი, რომელიც მასწავლებლის მხრიდან მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. 

ეთერ გოგელიძე

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები