12 აგვისტო, პარასკევი, 2022

როცა ასეთი სიყვარულია…

spot_img

1921 წლის 25 თებერვალი… ერთ-ერთი მძიმე დღე საქართველოს ისტორიაში. რა დროს სიყვარულიაო, გაიფიქრებს მკითხველი, მაგრამ სიყვარული ადამიანს ძალას მატებს, ამხნევებს. ტყუილად კი არ შესთხოვდა რუსთაველი ღმერთს: „მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა“. სწორედ სიყვარულმა შეაძლებინა ექვთიმე თაყაიშვილს საერო საქმე ეკეთებინა, ღვთისკაცობაზე არც უფიქრია, დრო ყველას თავის სახელს არქმევს. დიდ სიყვარულს კი სახელად ნინო ერქვა, ნინო პოლტორაცკაია. დღეს, როცა სიყვარული ასე გამარტივდა, გაუფერულდა, გაიცვითა, როცა სასიყვარულო ბარათები გზავნილებმა შეცვალა და ამ სიტყვამ ხიბლი დაკარგა, სასურველი იქნება, მოსწავლეებს შევახსენოთ, თუ როგორ უყვარდათ საქართველოში. სიყვარული თუ გადაფარავს თებერვლის სუსხსა და ტრაგედიას.

ნინო პოლტორაცკაია – თბილისის ცნობილი ნოტარიუსის, ივანე პოლტორაცკის ნებიერი ქალიშვილი, ილია ჭავჭავაძის ნათლული, მუსიკას პარიზში სწავლობდა და კონსერვატორიის ოქროს მედლითაც დაჯილდოვდა. მიუხედავად ფუფუნებისა, მეტად თავმდაბალი, მოსიყვარულე, ყველას გულშემატკივარი და პატივისმცემელი იყო. იგი ყველას ხიბლავდა და იზიდავდა, მაგრამ… დიახ, მაგრამ ყველაფერი შესწირა ერთ ადამიანს და ემსახურა ყველაზე მშვენიერ მელოდიას დედამიწაზე – სიყვარულს. თვით ილია ჭავჭავაძემ დაინახა ექვთიმესა და ნინოს შორის სულიერი კავშირი. მაშვალის როლიც უკისრია: „ექვთიმეს ნინო შევრთოთ ცოლადო“. პოლტორაცკები სიხარულით არ შეხვედრიან ამ ამბავს, ექვთიმესთვის შეუთვლიათ: „ამ საქმეზე ჩვენთან მოსვლაც არ გაბედო, თორემ იმ მეორე ფეხსაც მოგტეხთო“. არც ექვთიმეს ჩაუთვლია თავი ნინოს ღირსად, რადგან ნინო მასზე ექვსი წლით უმცროსი იყო, მშობლიურ ქართულთან ერთად ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს, პარიზში ჰქონდა მიღებული მუსიკალური განათლება და თაყვანისმცემლებიც არ აკლდა. ექვთიმემ, მუქარის შემდეგ, პოლტორაცკების ოჯახიდან ერთბაშად მოიკვეთა ფეხი. ნინოს წამითაც არ განელებია მისი სიყვარული. წერილები წერილებს მიჰყვა:

„ბატონო ექვთიმე, ნუ იფიქრებთ იმიტომ გწერთ, რომ ჩვენთან მოსვლა გთხოვოთ, მე ხომ ვხედავ, როგორ იყენებთ ყოველგვარ საბაბს, რომ ჩვენთან მოუსვლელობა გაამართლოთ…“

„მე არაფერი ვიცი თქვენ შესახებ, გთხოვთ მომწეროთ ვრცელი წერილი, თუ რას ფიქრობთ ჩემზე, ავსა თუ კარგს, რატომ ბრძანდებოდით ასე მოწყენილი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას? ველი თქვენს ბარათს და მჯერა, თქვენი მოლოდინი ამაო არ იქნება. ასე არაა?!..“

„ ჩემთვის ძალზე მტკივნეული იქნება, თუ რამით გაგანაწყენეთ. ენას არ ძალუძს იმ სიტყვების წარმოთქმა, ჩემი გულიდან ამოხეთქვას რომ ლამობს. ჩემს სულში ახლა უმშვენიერესი დარია. რა ბედნიერება იქნებოდა, რომ უსიტყვოდ გრძნობდეთ ჩემს მდგომარეობას. ნუთუ ამ სიტყვების შემდეგაც ვერაფერს ხვდებით? იმედი მაქვს ოპერის თეატრში თქვენი ნახვისა და იქნებ, გასაუბრებისაც.“

სხვა რაღაა სიყვარულის ახსნა, არ ვიცი. სადღაც წავიკითხე, ცუდია, როცა სიყვარულის ახსნაში ქალი დაასწრებს ვაჟსო, მაგრამ ექვთიმესა და ნინოს შემთხვევა სრულიად განსაკუთრებულია. წმინდანის ამქვეყნიური ბედი ზეცაში გადაწყვეტილიყო და მის აღსასრულებლად განგებას ექვთიმესთვის ნინო გამოეგზავნა, მაგრამ მათ დაქორწინება მხოლოდ ივანე პოლტორაცკის გარდაცვალების შემდეგ შეძლეს, 1895 წელს. ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს, მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყვნენ. ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას, ამ კელაპტრების გარდა, თან არც არაფერი წაუღია. ახალდაქორწინებულებმა ბინა, თავდაპირველად, ეკატერინე გაბაშვილის სახლში დაიდეს. მერე კი ნინოს მზითვად მოყოლილ ახალაშენებულ სახლში გადავიდნენ.

1921 წელს, როცა გაწითლებული საქართველოს იმდროინდელი მთავრობა უცხოეთში გაიხიზნა და სახელმწიფო ხაზინასთან ერთად თან წაიღო სამუზეუმე ეროვნული განძი, ეროვნული განძის მეთაურად დანიშნულ ექვთიმეს თან გაჰყვა ნინოც. მათ უხმაუროდ დატოვეს თბილისი. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე (ნინოს დისშვილი) იხსენებს: „1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა. ბავშვები გახარებული ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა, მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდაზე ჭურჭელიც კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა, ორივეს წესრიგი და სისუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ, 1921 წლიდან 1945 წ-მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა“.

უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილი იყო, წინ რა ელოდათ, არავინ იცოდა…

ცდუნებებით სავსე ქალაქი პარიზი კი ,,ლაღობს“ და ამ უსასრულო დღესასწაულის შემხედვარე სიდუხჭირეში ცხოვრობს ქალი, რომელსაც შეუძლია ერთ დღეში გახდეს უმდიდრესი. საკმარისია მისი მეუღლე სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შეეხოს და დაიწყება მისთვის უზრუნველი ცხოვრება. მშვენიერი ნინო ხელახლა ეზიარება გაფაქიზებულ, გაფუფუნებულ ყოფას, მაგრამ „ნინო მუშაობს კვირაობით როიალზე „სინემაში“ ორსაათნახევარს, საკვირველია მისი მუსიკალური მეხსიერება, 30-ზე მეტ პიესას უკრავს ერთ საღამოს, გასამრჯელოსაც იღებს“. ექვთიმე წუხს ნინოზე: „ბევრს მუშაობს, ბევრს, მებრალება, მებრალება…“ ებრალება, მაგრამ ვერაფერს შველის, ერთადერთი საკვები ფრანგული თხის რძეა მთელი დღის განმავლობაში. საქართველოს განძს დაცვა სჭირდებოდა და ეს მიზანი აძლევდა ძალას. თითქმის მეოთხედი საუკუნე ინაწილებდა თავისი მეუღლის მოწამეობრივ ცხოვრებასა და ვეება პასუხისმგებლობას, მაგრამ მოსახდენი მოხდა: „ქვა აღმართში დაეწია ნინოს“. მომაკვდავსაც კი ის უფრო აწუხებდა, რომ მეუღლეს ვეღარ მოუვლიდა. უკანასკნელი განკარგულება სხვებს დაავალა – მანდილოსნებს: დღეს ექვთიმე იმდენი კარგი სიტყვა მითხრა, რომ სრულად დამშვიდებით ვკვდებიო. კუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთ!

ნინოს ძალიან ჰყვარებია იები, ერთადერთი სათხოვარი, რომელიც ექვთიმემ ნინოს შესახებ დატოვა, იყო: „ოდესმე საქართველოში გადმოასვენეთ და საფლავზე ხანდახან ლურჯი იები მიუტანეთ“

ასე დარჩა ლეგენდად სიყვარულის ისტორია ქალზე, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა, ცოლად გაჰყვა, გაინაწილა მეუღლის ყველა განსაცდელი: შიმშილი, სიცივე, ქალაქიდან ქალაქში ხეტიალი და სიცოცხლის ბოლომდე იყო ექვთიმე თაყაიშვილისა და საქართველოს ერთგული. დარჩა კიდევ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი: წყვილი ჭადარი – ნინო და ექვთიმე.

„ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,

შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, –

ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,

ან უცხოეთში რად მენატრებით?“

დიახ, როცა ასეთი სიყვარულია, სანამ ასეთი მაგალითები გვასულდგმულებს და გამოულეველად გვაქვს, „საშინელებას ვერ დასჭედს გრდემლი“.

ლია გოგოხია

ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები