ნონა მაჭარაშვილი
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი
როგორც მოგეხსენებათ, ტერმინი „კომპეტენცია“ განმატებულია, როგორც „შესაბამისი ღირებულებების, უნარების ან/და გააზრების მობილიზებისა და ამოქმედების უნარი, დემოკრატიულ გარემოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სათანადო და ქმედითი რეაგირებისათვის მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში“.
დემოკრატიულ გარემოში არსებულ გამოწვევებზე საპასუხო უნარებად, ღირებულებებად და დამოკიდებულებებად კი – ემპათია, თანამშრომლობა, ადამიანის ღირსების და უფლებების, კულტურული მრავალფეროვნების დაფასება, კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რელიგიების, მსოფლმხედველობების, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისათვის მზაობა მოიაზრება, რომელთა განვითარებას თანამედროვე სკოლა სხვადასხვა აქტივობით უწყობს ხელს. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა სასკოლო ღონისძიებებია, რომელიც საშუალებას აძლევს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, თავად დაგეგმონ, შეიმუშაონ და განახორციელონ მრავალფეროვანი აქტივობა მასწავლებლის კონსულტაციითა და მხარდაჭერით.
მოსწავლეთა აქტიურად და ნაყოფიერად ჩართვის შესაფერის მეთოდად კი როლური თამაშები მიიჩნევა. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, შეიქმნას შემეცნებით-გასართობი განწყობა, რაც მოსწავლეების შინაგან ძალებს ააქტიურებს, მათ შემოქმედებითობას საზღვრებს უხსნის და საშუალებას აძლევს, გასცდნენ ფორმალური განათლების საზღვრებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რათა შესაბამისად განსაზღვროს მიზანი, მოამზადოს სცენარი, გასცეს ინსტრუქციები, აწარმოოს კონსულტაციები და მოსწავლეებს როლების სწორად შერჩევაში დაეხმაროს. ეს არის ერთგვარი გზა იმისა, რომ მოსწავლეებს განვუვითაროთ შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, ემპათია და კომუნიკაციის უნარი. ასევე, მნიშვნელოვანია როლური თამაშის განხილვა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით და იმის გასააზრებლად, თუ რა ხდებოდა თამაშის მსვლელობისას, რას გრძნობდნენ, რამ მიიქცია მათი ყურადღება.
ჩვენს სკოლაში, ყოველ წელს, ტრადიციულად, აღვნიშნავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. მინდა გიამბოთ ამ დღეს განხორციელებული როლური თამაშების შესახებ. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ორიგინალურად აღენიშნათ ეს დღე და სკოლაში გამოცხადებულიყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა რასის, რელიგიისა და ეთნიკური კუთვნილების ადამიანების შესაბამისი გარეგნობითა და ჩაცმულობით. იმ დღეს, სკოლაში, მართლაც მრავალფეროვანი გარემო იყო. ინდოელი სტუდენტი გოგონა, ბოშა ქალი, არაბი შეიხი, ფერადკანიანი ჯენტლმენი, ამერიკელი ინდიელი… თამაშს, რომელიც განვახორციელე, „სტერეოტიპების ქსელი“ ჰქვია, რომლის მიზანია: მოსწავლეებს დაანახოს როგორ მოქმედებს წინასწარი განსჯები პიროვნებებზე; ისწავლონ იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც შეურაცხყოფილი ან დამცირებულია სხვებისგან.
მასწავლებელი ირჩევს რელიგიური ან სხვა უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელ ერთ მოსწავლეს. დანარჩენებმა უნდა მოიგონონ ისეთი ხუმრობები და ანეკდოტები, რომლებიც ამ ჯგუფის მიმართ უარყოფით სტერეოტიპსა და წინასწარ განსჯას შეიცავს. ყოველ ანეკდოტს ახლავს მასწავლებლის ერთი „სვლა“ – თოკის ერთი ხვეულით (ან წებოვანი ლენტით) აბამს მონაწილეს, ის ექცევა წინასწარი განსჯების ხლართში, ქსელში და აღარ შეუძლია არც განძრევა და არც ხმის ამოღება. იმისათვის, რომ ამ ქსელიდან „ტყვე“ დაიხსნან, მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს: უთხარით მას რაიმე დადებითი, სიყვარულის და გაგების გამომხატველი სიტყვებით.
ამ გათამაშების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება უმცირესობის წარმომადგენელს, თუ როგორ გრძნობდა თავს ამ სიტუაციაში? მერე ეკითხება სხვა მონაწილეებს – თქვენ რას გრძნობდით? მოგინდებოდათ ამ როლის შესრულება?
ჩემ მიერ განხორციელებული როლური თამაშის დროს სტერეოტიპების ქსელში „ბოშა ქალი“ გაიხლართა. მისი პასუხი კითხვაზე, თუ რას გრძნობდა, იყო: „შებოჭილი ვიყავი, მიჭირდა განძრევა და ბოლოს ხმაც ვერ ამოვიღე, რადგან თავი დამცირებულად, გარიყულად ვიგრძენი. ხოლო, როცა ლამაზ სიტყვებს მეუბნეოდნენ, უფრო ლაღი და თავდაჯერებული გავხდი“.
დანარჩენმა მონაწილეებმა კი ერთხმად აღიარეს, რომ უარყოფითი განსჯები ადამიანებს საშუალებას არ აძლევს, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ.
საბოლოოდ კი დაასკვნეს: როგორც ატიკუს ფინჩი ჰარპერ ლი წიგნში „ნუ მოკლავ ჯაფარას“ იტყოდა: „ბოლომდე ვერასდროს გაუგებ ადამიანს, სანამ მის კანში არ შეძვრები და არ გაისეირნებ“.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშია „ტურისტები“, რომლის მიზანიც კულტურული განსხვავებულობის პატივისცემისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაა. ამ თამაშში, სასურველია, სხვადასხვა კლასის მოსწავლე ჩაერთოს. თამაშის მსვლელობა ასეთია: მოსწავლეები წინასწარ ინაწილებენ „ტურისტებისა“ და „მკვიდრი მოსახლეობის“ როლებს. „ტურისტები“, ჩანაწერის სახით, ქმნიან ინფორმაციას თავიანთ ქვეყანაზე, ასევე, ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რას ელიან თავიანთი მოგზაურობიდან და ამზადებენ აღჭურვილობას. მაგალითად, კამერას, მობილურ ტელეფონს, უცხოურ ვალუტას… თუ მოსწავლეებს კლასში არ მოეპოვებათ ეს საგნები, მათ შეუძლიათ, სიმბოლოები დაიტანონ ფურცლებზე, რომელიც ნივთების მაგივრობას გაწევს.
1. „მკვიდრი მოსახლეობა“ ადგენს ინფორმაციას საკუთარ ქვეყანასა და კულტურაზე: ოჯახის სტრუქტურა, ეკონომიკა, ხელობის დარგი, ტანისამოსი და საცხოვრებელი პირობები. „მკვიდრი მოსახლეობა“, რაც შეიძლება, „პრიმიტიული“ უნდა იყოს. ისინი თავიანთ ქვეყანას თავისივე გამოგონილ სახელს უწოდებენ.
2. ვითარდება შემდეგი მოქმედება: ორი „ტურისტი“, სუვენირების შეძენისა და ფოტოების გადაღებისას, ხვდება ორ „მკვიდრ მოსახლეს“. ჯგუფში დაბრუნებისას „ტურისტები“ თავის თავგადასავალს უყვებიან სხვა „ტურისტებს“, აღწერენ „მკვიდრი მოსახლეობის“ კულტურას, რაც მათ უცნაურად მოეჩვენათ. ორი „მკვიდრი მოსახლე“ კი, თავის ჯგუფს უყვება „ტურისტებთან“ შეხვედრის საკუთარ შთაბეჭდილებებს.
3. „ტურისტები“ იჭრებიან „მკვიდრი მოსახლეობის“ ტერიტორიაზე, „მკვიდრ მოსახლეობას“ არ სურს თავისი ცხოვრების წესის შეცვლა.
4. „ტურისტთა“ და „მკვიდრ მოსახლეთა“ ჯგუფები ერთმანეთს ხვდებიან და აჯამებენ შედეგებს:
♦ რას გრძნობენ „ტურისტები“?
♦ რას გრძნობს „მკვიდრი მოსახლეობა“?
♦ რას ფიქრობენ „ტურისტები“ „მკვიდრი მოსახლეობის“ შესახებ?
♦ რას ფიქრობს „მკვიდრი მოსახლეობა“ „ტურისტების“ შესახებ?
♦ „ტურისტები“ აცნობენ „მკვიდრ მოსახლეობას“, რა იყო უცნაური მათ ქცევაში.
♦ „მკვიდრი მოსახლეობა“ უხსნის „ტურისტებს“, რა იყო მათთვის გაუგებარი „ტურისტების“ ქცევაში.
♦ „ტურისტების“ თვალსაზრისით, რა უნდა გაეკეთებინა „მკვიდრ მოსახლეობას“, რომ მათ შორის კონტაქტი ადვილად დამყარებულიყო?
♦ „მკვიდრი მოსახლეობის“ თვალსაზრისით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ „ტურისტები“, რომ არეულობა არ შეეტანათ „მკვიდრი მოსახლეობის“ საზოგადოებაში?
შეკითხვა „ტურისტებს“: კვლავ რომ მოგიწიოთ წასვლა იმავე ქვეყანაში, რა გეცოდინებათ მის შესახებ და რას გააკეთებთ იმისთვის, რომ არ დაარღვიოთ მათი იდილია?
ეს როლური თამაში საბაზო საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით განვახორციელე. „მკვიდრმა მოსახლეობამ“ თავიანთი ქვეყნის სახელი მათი საცხოვრებელი უბნების მიხედვით მოიფიქრა, ხოლო „ტურისტები“ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მექსიკელები და სამხრეთ კორეელები იყვნენ.
როდესაც მათ შორის კომუნიკაცია შედგა, „ტურისტებმა“ „მკვიდრ მოსახლეობას“ საკუთარი ქვეყნების ადათების, წეს-ჩვეულებებისა თუ საქმიანობის შესახებ უამბეს. „მკვიდრი მოსახლეობის“ აზრით, მნიშვნელოვანია, განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს, უკეთ გაიცნონ და თავიდან აირიდონ შესაძლო კონფლიქტები.
ამრიგად, როლური თამაშებით მოსწავლეებს უყალიბდებათ მიმღებლობა, ცნობისმოყვარეობა და პატივისცემა, მზაობა და თანაგრძნობა; ასევე, დაკვირვებისა და ინტერპრეტაციის, სხვების კულტურული თავისებურებების აღმოჩენისა და შესწავლის, ასევე ადაპტაციისა და ემპათიის უნარები.