27 ივლისი, შაბათი, 2024

როლური თამაშების მაგიური ძალა სასწავლო პროცესში

spot_img
მარი ჩაღმელაშვილი
სსიპ თბილისის №162 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

დამეთანხმებით, რომ მასწავლებლები მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ყოველი ახალი კლასი და ახალი საფეხური თავისებურ მიდგომებს მოითხოვს. მიზანი კი ერთია, გაკვეთილები იყოს საინტერესო, აქტიური, ნაყოფიერი. ყველამ ვიცით, რომ სხავადასხვა სტრატეგიების გამოყენება:

⇒ აუმჯობესებს სწავლა-სწავლების პროცესს;

⇒ უზრუნველყოფს გაკვეთილის მრავალფეროვნებას;

⇒ ამცირებს დისციპლინურ პრობლემებს;

⇒ ზრდის სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს გავაცნობიერებინოთ, რომ სხვადასხვა  მიდგომებით მუშაობის მიზანი ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების მანძლიზე გამოადგებათ. ისინი შეძლებენ სკოლაში დაგროვილი გამოცდილების პრაქტიკულ გამოყენებას.

მხოლოდ დეკლარირებულ ცოდნაზე ორიენტაციის აღება აუარესებს მათ აკადემიურ შედეგებს. უნდა ვეცადოთ, გავააქტიუროთ სწავლის პირობისეული მხარეც, რაც სხვადასხვაგვარი ტიპის სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს კლასში. არსებობს უამრავი მეთოდი მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოსაყალიბებლად.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ გამოვიყენე როლური თამაშები ქართულის გაკვეთილზე მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად, საინტერესო და სახალისო გაკვეთილის დასაგეგმად. სწავლების ეს სტრატეგია ხელს უწყობს:

⇒ საკითხის ღრმა წვდომას;

⇒ მიღებული ინფორმაციის შეფასებასა და ორგანიზებას;

⇒ საკითხის ხანგრძლივი დროით დამასხოვრებას;

⇒ შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

⇒ სასწავლო პროცესში ხალისით ჩართვას;

⇒ მოტივაციის ამაღლებას.

როლური თამაშის თემა იყო „აბესალომ და ეთერი“ მე-6 კლასში. მინდოდა, ბავშვებს გაეთავისებინათ პერსონაჟების შეგრძნებები, ემოციები, გასჩენოდათ ემპათია, გაეანალიზებინათ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გაკვეთილის დაგეგმვის პირველი ეტაპი მოიცავდა ნასწავლი მასალის შეფასებასა და დამატებითი ინფორმაციის გაცნობას. კლასში ერთად ვუყურეთ საოპერო დადგმას ნაწარმოებისა, რომელიც მათთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. გამოხატეს თავიანთი აზრი: აღნიშნეს, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. თავადაც გაუჩნდათ სურვილი, მოერგოთ პერსონაჟების როლები. მეორე ეტაპზე, კლასი ორ ჯგუფად გავყავი და ვთხოვე, თავიანთი თვალთახედვით, შეედგინათ ინტერპრეტირებული სცენარები, გაემრავალფეროვნებინათ ტექსტი, მოეკლოთ ან დაემატებინათ პერსონაჟები. ერთი სიტყვით, მოერგოთ სიუჟეტი ისე, როგორც მათ სურდათ. ვთხოვე, როლებიც თავად გადაენაწილებინათ და სახლიდან შესაფერისად გამოწყობილები მოსულიყვნენ. ბავშვებმა დიდი პასუხისმგებლობა იგრძნეს. მიხვდნენ, რომ მათ აღვიქვამ, როგორც გონიერ, დამოუკიდებელ პიროვნებებს. არჩევანის შესაძლებლობამ და გამოცხადებულმა ნდობამ ისინი წაახალისა და მოტივაცია აუმაღლა. ერთ-ერთმა ჯგუფმა, თავიანთ დადგმაში, დეკორაციის ელემენტებიც შემოიტანა. აბესალომის და ეთერის გაცნობის სცენას აფორმებდა მათ მიერ შეგროვებული ფოთლები, ხის ტოტები, რათა ტყის იმიტაცია შეექმნათ. გაცნობის სცენის შემდეგ ქორწილის სცენა მოაყოლეს, სადაც მურმანიც შემოვიდა მოქმედ გმირად, დანარჩენი მოსწავლეები კი დამსწრე საზოგადოებას ასახიერებდნენ. არც მუსიკის მოშველიება დავიწყებიათ. ყველაზე კრიტიკულ მომენტს ფონად საოპერო არია დაურთეს. დიალოგებისთვის ბავშვებმა, თავიანთ პროზაულ ტექსტებთან ერთად, ნაწარმოებიდან აღებული ციტატებიც გამოიყენეს. ამდენად, მათი მცირე საკლასო წარმოდგენა უაღრესად საინტერესო და სახალისო გამოვიდა. კარგად გაიაზრეს ტექსტში დასმული პრობლემა, გამოიტანეს დასკვნები და აღნიშნეს, რომ ზოგჯერ შეიძლება საყვარელმა ადამიანებმა ერთმანეთს გული ვატკინოთ, პატიება კი ძალიან ღირსეული საქციელია! სასიამოვნოდ გაოცებული და კმაყოფილი დავრჩი მათი შემოქმედებით. დადებითი უკუკავშირის შემდეგ ბავშვებს შევპირდი, რომ სასცენო დადგმაზე მუშაობას ერთად გავაგრძელებდით, დავეხმარებოდი ორგანიზებაში, რათა მათი ნამუშევარი სასკოლო საზოგადოებისა და მშობლებისთვისაც გვეჩვენებინა.

როგორც ნახეთ, ზემოთ აღწერილმა როლურმა თამაშმა ბავშვების მოტივაციაზე დადებითად იმოქმედა. განუვითარა შემოქმედებითი უნარი, მისცა ლოგიკური დასკვნების მარტივად გაკეთების საშუალება, აგრძნობინა თავი წარმატებულ, დაფასებულ, ქმედით პიროვნებებად. თქვენც გირჩევთ ამ მეთოდის გამოყენებას თქვენს საკლასო ოთახებში, ბავშვები ამაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვებიან.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები