3 დეკემბერი, შაბათი, 2022

როგორ შესრულდეს გამართულად ფუნქციური წერის დავალება

spot_img

პროფესიული უნარების გამოცდაზე, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად, მასწავლებელს, სხვა დავალებებთან ერთად, შესასრულებელი აქვს ფუნქციური წერის ერთი დავალება. ამ დავალების დაწერა, როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ბევრისთვის რთული აღმოჩნდა. ფუნქციური წერის შესახებ ხშირად იწერება და ქვეყნდება სხვადასხვა მედია საშუალებებით. უამრავი მასალის გაცნობა, ხშირად, დაბნეულობას იწვევს, რადგან ზოგჯერ არაკომპეტენტური ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას და რთულია გარჩევა, რა არის სწორი და როგორ შესრულდეს გამართულად ფუნქციური წერის დავალება.

მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მიმდინარე წელს უამრავ მასალას გაეცნო, დაამუშავა და მოისმინა ბევრი ტრენინგი. ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტურმა და თავის საქმის პროფესიონალმა, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტმა ქართული ენისა და ლიტრატურის მიმართულებით, ბატონმა როლანდ ხოჯანაშვილმა, მე და ბევრ ჩემს კოლეგას ზუსტი მიმართულება და რჩევები მოგვცა, რამაც გამოცდის წარმატებით ჩაბარება გაგვიადვილა. ეს რჩევები იმ ადამიანებისთვის შევაგროვე, ვისთვისაც სამომავლოდ საჭირო იქნება.

არსებობს ზოგადი პრინციპები, რომელსაც ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს. ფუნქციურ წერასაც თავისი წესები აქვს. თუ გვინდა, რომ მაღალი ქულა მივიღოთ, შევასრულოთ და დავიცვათ ეს წესები.

ფუნქციური წერის დავალებით, ჩვენგან იმის გარკვევას მოითხოვენ, თუ რამდენად კარგად გვესმის მოცემული საკითხი, როგორ წარმოვაჩენთ პრობლემას და დავსახავთ მისი გადაჭრის გზას.

ტექსტის ძირითადი სათქმელი უნდა წარმოვაჩინოთ თეზისში. შემდგომი მსჯელობა სწორედ თეზისის მიხედვით აიგება. ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი დებულების მკაფიოდ და კარგად ჩამოყალიბება, შემდგომში კი მისი დასაბუთება. ნაწერი სტრუქტურულად უნდა იყოს გამართული, აბზაცები ლოგიკურად ებმოდეს ერთმანეთს.

საკითხის დასმის შემდეგ აუცილებელია მისი განვრცობა და სათანადო არგუმენტებით დასაბუთება. ჩვენ არგუმენტირებულად უნდა დავარწმუნოთ, ორგანიზაცია იქნება ეს თუ ნებისმიერი წარმოდგენილი პიროვნება, ჩვენთვის მხარდაჭერის აუცილებლობაში.

ამ ტიპის დავალებაში აუცილებელია სათქმელის კარგად შეჯამება და დასკვნის გაკეთება.

სტილი უნდა იყოს გამართული, ლექსიკა – მდიდარი, მაგრამ არა გადაჭარბებული მაღალფარდოვანი და შთამბეჭდავი სიტყვები. შესანარჩუნებელია შესაბამისი ტონალობა – თხრობის ტონი თემასთან მიმართებაში უნდა იყოს ადეკვატური (არ არის საჭირო ხვეწნა-მუდარა ან პირიქით, მკაცრი, კატეგორიული ტონი).

სალიტერატურო ნორმების დაცვა მეტყველებს ჩვენს პროფესიულ დონეზე. მოთხოვნის შესაბამისად, ფუნქციურ ნაშრომში 140 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ მოცემულ მაგალითში ვინმეს უნდა მივმართოთ, არ უნდა გამოვიყენოთ კონკრეტული სახელ-გვარი ან ორგანიზაციის სახელი, რათა არ ჩაგვეთვალოს იდენტიფიკაციაში. წერის დროს, ადრესატს მივმართოთ შაბლონური ფორმით (ქალბატონო/ბატონო ან რომელიმე ორგანიზაცია N-ის სახელით) ისე, როგორც დავალების პირობაშია გადმოცემული. მიმართვა იწერება ფურცლის მარცხენა მხარეს. მნიშვნელოვანია, ასევე, გავითვალისწინოთ, წერილის ბოლოს არ დავწეროთ მაიდენტიფიცირებელი სახელი და გვარი. თუ გვსურს, დავწეროთ გამოცდის თარიღიც, რომელ დღესაც არის გამოცდა, ხელმოწერა და თარიღი იწერება ბოლოში, ფურცლის მარჯვენა მხარეს.

გიზიარებთ ჩემს ნაშრომს, რომელიც ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით დავწერე და შეფასებულია უმაღლესი – 8 ქულით.

    სკოლის საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, განახორციელებს პროექტს „თანასწორი გარემო ყველასათვის“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის სასკოლო სივრცის ადაპტაცია. პროექტისათვის საჭირო ბიუჯეტის ნაწილი სკოლის რესურსებიდან გამოიყო, თუმცა, მისი სრული განხორციელებისათვის ეს საკმარისი არ არის.

     დამატებითი თანხის მოძიების მიზნით, მიმართეთ რომელიმე ორგანიზაციას და დაუსაბუთეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება.

N ორგანიზაციას,

მოგესალმებით N სკოლის სახელით. მოგმართავთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დასახმარებლად. ჩვენი სკოლა მდებარეობს მაღალმთიან რაიონში და არის მცირეკონტინგენტიანი. სკოლაში მისვლის დღიდან აღვნიშნავ, რომ არ არის ყველასთვის თანასწორი გარემო. სოფელში არის ორი შშმ მოსწავლე, რომლებიც ვერ ახერხებენ სკოლაში სიარულს, რადგან ჩვენი სკოლა არ არის ადაპტირებული, რის გამოც ბავშვები რჩებიან განათლების მიღების გარეშე. მშობელს უჭირს მათი ტარება სკოლაში, რადგან ეტლით კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა ძალიან რთულია. ამასთანავე, არც უსაფრთხო სივრცე და გარემოა მათთვის.

მასწავლებლებმა, ჩვენი მცირედი სახსრებით და სკოლის ბიუჯეტით, შევძელით გარე პანდუსის გაკეთება, ასევე სპეცმასწავლებლის გადამზადება-დატრენინგება, მაგრამ რჩება შიდა სივრცის მოწყობა-ადაპტირება, რისი თანხაც სკოლას არ აქვს. როგორც მოგახსენეთ, სკოლა არის მაღალმთიან რაიონში, სადაც ზამთარი თითქმის ცხრა თვეს გრძელდება, გვიწევს თანხის დაზოგვა, რათა მოვახმაროთ გათბობის სისტემას.

მოგმართავთ, რადგან გვსმენია თქვენი დაფინანსებული პროექტების შესახებ, იმედი გვაქვს, ჩვენც არ დაგვტოვებთ უყურადღებოდ. წერილს თან ახლავს ხარჯთაღრიცხვის ფურცელი, სადაც დეტალურად გვაქვს გაანგარიშებული და გაწერილი სპეციალისტების მიერ დათვლილი თანხა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი პირობები და მოგვცეთ საშუალება, ხელი შევუწყოთ თითოეულ ბავშვს იცხოვროს თანასწორ გარემოში და შეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება. თქვენ, ჩვენი პროექტის დაფინანსებით, ხელს შეუწყობთ ორი საქმის ერთად გაკეთებას: ბავშვები იქნებიან სასკოლო სივრცეში ადაპტირებულნი და მათი მშობლებიც აღარ იფიქრებენ ისედაც მცირეკონტინგენტიანი სკოლიდან წასვლას, სოფელიც აღარ დაცარიელდება.

 

მერი გიბიშვილისსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები