27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ შევქმნათ საგანმანათლებლო რესურსი

spot_img

„ახალი განათლება“ სთავაზობს მასწავლებლებს მხარდამჭერ პუბლიკაციათა სერიას მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) სწორად ორგანიზებისთვის

მენტორობის მსურველებისთვის ⇒ როგორ შევქმნათ საგანმანათლებლო რესურსი

 

სასწავლო პროცესში სხვადასხვაგვარი რესურსი გამოიყენება. რესურსი/რესურსები, აქტივობა/აქტივობები და კითხვა/კითხვები საჭიროა სწორი და ეფექტიანი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.

რატომ უნდა შევქმნათ საგანმანათლებლო რესურსები მასწავლებლებმა?!

გარდა იმისა, რომ რესურსებით სწავლება მაქსიმალურად ზრდის საგანმანათლებლო ეფექტს, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორი: არ არსებობს სკოლა, რომელსაც სრულად ექნება ყველა საჭირო რესურსი, რადგან შეუზღუდავი რესურსული ბაზა იდეაშიც კი წარმოუდგენელია მარტივი მიზეზის გამო – სწავლის პროცესში მოსწავლის განვითარების, ნატურალურიდან უახლოესი განვითარების ზონის მიღწევისთვის, შესაბამისი უნდა იყოს ციფრული თუ მატერიალური რესურსი და მისი მრავალფეროვნება, სანდოობა და მიზნობრიობაც დიდი ხნით ადრე ზუსტად ვერ იქნება განსაზღვრული.

ზოგადად, ციფრული რესურსების შექმნა არაა მარტივი, მაგრამ მისი გამორიცხვა სასწავლო პროცესიდან წარმოუდგენელია. მასწავლებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უადვილდება მატერიალური რესურსების შექმნა, მაგრამ მათი გაზიარება რთულია და ასევე, შენახვაც რიგ სირთულეებს იწვევს.

როცა ვამბობთ, რომ რესურსის დანიშნულება მოსწავლისთვის სირთულის დაძლევა, მოტივაციის ამაღლება და სასწავლო მიზნების მიღწევაა, ამ შემთხვევაში, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სამი კომპონენტი ერთმანეთისგან მოწყვეტილია.

რადგან სწავლის პროცესში მოსწავლე უნდა წააწყდეს გამოწვევას, ანუ უნდა დაძლიოს პრობლემები მაღალი მოტივაციით სასწავლო მიზნების მისაღწევად, გამოდის, რომ კარგი რესურსი არის ორგანული ერთობა, რომელიც გვეხმარება წარმატების მიღწევაში.

როგორ შევქმნათ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი რესურსი? მაორგანიზებლად გამოგვადგება მესამე თაობის ესგ. საფეხურის შედეგები და სამიზნე ცნებები, რომლებიც უკვე განსაზღვრულია, რესურსების შექმნის დროს, ორიენტირებად უნდა განვსაზღვროთ.

პირველ რიგში, წარმოდგენილ კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს გადავხედოთ და მერე შეიძლება მოფიქრება იმისა, თუ როგორი ტიპისა და შინაარსის რესურსი შევქმნათ.

გავადევნოთ თვალი აღწერის ტექსტს, რომლითაც კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ როგორი უნდა იყოს საგანმანათლებლო რესურსი. აღწერა:

აპლიკანტი ქმნის სასწავლო/მეთოდურ რესურსს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოკვეთილი სირთულეების გადალახვაში, მოტივაციის ამაღლებასა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვაიანი მიზნის მიღწევაში“.

ასეთ რესურსად ჩაითვლება, ვთქვათ, აბო თბილელის გადაადგილების მარშრუტის გაწერა რუკაზე (საყრდენი ტექსტი „აბო თბილელის წამება“, თემა – V-XVIII საუკუნეების ლიტერატურა, ქვეთემა – „ძალის უძლურება“, ცნებები: კომპოზიცია და კონტექსტი, ქვეცნებები: შინაარსობრივი მხარე, ისტორიული კონტექსტი). ამ შემთხვევაში, რუკის დიზაინი უნდა მოიცავდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდის მინიშნებასაც (ვთქვათ, აბოს ნათლისღების ადგილის აღნიშვნა ხაზარეთში, თბილისში აბოს ცხედრის დაწვის ადგილს და ა.შ.). ამგვარი რუკა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ ტექსტის შინაარსის გაგებას, კონტექსტის გააზრებას და ა.შ. ამავე საყრდენ ტექსტზე შეიძლება შეიქმნას ქრისტეს სიმბოლური სახეების განმარტებების შესახებ კოლაჟი (გააქტიურდება ცნებები: კომპოზიცია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები, ჟანრი, კონტექსტი). დავძენ აქვე, რომ ამგვარი რესურსები ორივე ფორმატით (მატერიალური და ციფრული) შეიძლება შეიქმნას. ციფრულად ამგვარი რესურსის წარმოდგენა აადვილებს შენახვას, გაზიარებისა და მოდიფიცირების საშუალებებს.

შენიშვნა: რესურსები არ უნდა წარმოადგენდეს დისკრიმინაციის საფუძველს (მაგალითად, „აბო თბილელის წამების“ შესახებ შექმნილი რესურსები არ უნდა წარმოვადგინოთ რელიგიური დანიშნულებით! საგანმანათლებლო რესურსები იქმნება მხოლოდ აკადემიური დანიშნულებით!).

ესგ-ს ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები