27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ შევქმნათ საგანმანათლებლო პუბლიკაცია

spot_img

თამარ ქუშაშვილი
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი

 

 

ზაზა შულაია
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

საგანმანათლებლო პუბლიკაციის შექმნასა და გამოქვეყნებას მასწავლებელთა პრაქტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაში გვჭირდება ჩვენ სტატიის წერა?

პროფესიული სტანდარტის მიხედვით, მასწავლებლებს გვევალება საკუთარი გამოცდილების გაზიარება. პუბლიკაციის გამოქვეყნება ამის საუკეთესო საშუალებაა: სკოლაში, შეიძლება, მუშაობდეს 100-150 მასწავლებელი, მაგრამ ვებგვერდს, ჟურნალ-გაზეთს ჰყავდეს ათასობით მკითხველი. თავისთავად ცხადია, სტატიის გამოქვეყნება უკვე ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელმა თავისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, სკოლის სახელი გაიტანა უფრო შორს, ბევრად დიდ სოციუმში და, ამავდროულად, ეს პუბლიკაცია მის ბევრ კოლეგას გამოადგება, როგორც გამოცდილება. არც ის უნდა იყოს უმნიშვნელო, რომ სტატიის (ეს შეიძლება იყოს სათემო, სოციოეკოლოგიური და საგანმანათლებლო) გამოქვეყნება კარგ „ტონად“ ითვლება პორტფოლიოში და ის საიმიჯო საშუალებაცაა.

პუბლიკაცია 3 სახისაა:

  1. საკუთარი პრაქტიკის შესახებ – ვსაუბრობთ საკუთარ, ეფექტიან პრაქტიკაზე;
  2. „წმინდა“ თეორიული – განვიხილავთ ისეთ საკითხს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამუშავებული პედაგოგიკის სპეციალისტების მიერ (ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, როლანდ ხოჯანაშვილის აზრით, დ. უზნაძის შემდეგ, საეჭვოა, ასეთ საკითხზე საქართველოში ვინმემ ისაუბროს);
  3. თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი – ეს არის პუბლიკაციის ყველაზე კარგი სახე, როდესაც მასწავლებელი თავის პრაქტიკას წარმოაჩენს და, ამავდროულად, თეორეტიკოსების მოსაზრებებით ამყარებს თავის პოზიციას. მაგალითად, პრაქტიკის დადასტურება ბრუნერის, დიუის, როჯერსის, გარდნერის, მასლოუს თუ სხვა თეორეტიკოსების მოსაზრებებით მეტ აკადემიურობას სძენს პუბლიკაციას.

სტატიის (პუბლიკაციის) შექმნამდე უნდა დავფიქრდეთ:

  • რა უნდა დავწეროთ? – თემა;
  • ვისთვის უნდა დავწეროთ? – სამიზნე აუდიტორია;
  • რატომ უნდა დავწეროთ? – სარგებელი;
  • როგორ უნდა დავწეროთ? – გამართულად, საინტერესოდ.

პუბლიკაციის შესაქმნელად საჭიროა ექვსი საფეხურის გავლა:

  1. საინტერესო თემის შერჩევა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, თუ საინტერესო თემაზე არ იქნება პუბლიკაცია დაწერილი, მას მნახველებიც და გამზიარებლებიც (ანუ პრაქტიკაში გადამტანნი) ძალიან ცოტა ეყოლება. როდესაც თემის შერჩევაზე ვსაუბრობთ, მაინცდამაინც ჩვენს თავს ნუ დავეყრდნობით ბოლომდე – შესაძლოა, ჩვენ გვეგონოს, რომ ეს თემა ძალიან საინტერესოა, მაგრამ საზოგადოებისთვის არცთუ საინტერესო აღმოჩნდეს. თემის შერჩევისას, სასურველია, გავესაუბროთ:
  • საკითხის ექსპერტს – თუ ვაპირებთ ესგ-ის რევიზიას, უნდა გავესაუბროთ ესგ-ის ექსპერტს;
  • გამოცდილ პუბლიცისტს – მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული პუბლიცისტის ალღო, თუ რა ტიპის საკითხი იქნება საზოგადოებისათვის საინტერესო;
  • გამომქვეყნებელ ორგანიზაციას – თუ არ გვეთანხმება გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, სჯობს, ამ თემაზე არ დავწეროთ. ცხადია, სარედაქციო პოლიტიკა კარგად ფლობს სამიზნე აუდიტორიას, ბაზარს, ანუ ,,გასაღდება“ თუ არა ეს ინფორმაცია;
  • კრიტიკულ მეგობარს – ის გვირჩევს, ღირს თუ არა ამ თემაზე სტატიის დაწერა;
  • სპეციალისტს – თუ სტატიას ვამზადებთ, ვთქვათ, ემოციურ ინტელექტზე, უნდა დავეკითხოთ განათლების სპეციალისტს, რადგანაც მან, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვნად გვითხრას, რომ ემოციური ინტელექტი, ბუნებრივი ინტელექტისაგან განსხვავებით, არ არის სწავლებადი;
  • მიზნობრივი აუდიტორიის წარმომადგენელს – დღეს სოცქსელები იძლევა იმის საშუალებას, კითხვა დავსვათ და პროფილურად მივიღოთ პასუხი, ჩვენ მიერ შერჩეული თემა არის თუ არა საინტერესო.
  1. კარგი სათაურის შერჩევა – ეს ძალიან რთულია და სათაურის შერჩევა უნდა მოხდეს უაღრესად დიდი დაფიქრებით. სათაური, ფაქტობრივად, უნდა განსაზღვრავდეს და იზიდავდეს მკითხველს. მასში უნდა ჩანდეს, რომ პუბლიკაცია საგანმანათლებლო დანიშნულებისაა. კარგია, თუ სათაურში საკვანძო სიტყვა/სიტყვები იქნება გამოყენებული – ეს გააადვილებს სტატიის „ნახვადობას“ საძიებო სისტემაში.
  2. გეგმის შედგენა – პუბლიკაცია შედგება სამი ნაწილისაგან:
  • შესავალი – აქ ორი ან რამდენიმე წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს თეზისი, ანუ მთავარი დებულება;
  • ძირითადი ნაწილი – აქ ვახდენთ თეზისის შინაარსობრივ განშლას;
  • დასკვნა (შეჯამება) – აქ ხდება შესავლისა და ძირითადი ნაწილის მოკლე შეჯამება.
  1. თემის შესაფერისი მოცულობისა და ტონალობის შენარჩუნება – ზოგადად, დღეს ვრცელი საგანმანათლებლო პუბლიკაციები ნაკლებად პოპულარულია. უმჯობესია, თუკი პუბლიკაციაში ინფორმაცია იქნება შეკუმშული და დაგვეხმარება ძირითადის გაგებაში. მიღებულია, რომ საგანმანათლებლო სტატიის/პუბლიკაციის მოცულობა იყოს 3-4 ვორდულ გვერდამდე მოცულობის, თუმცა, საინტერესო და ორგანული მასალის ხელოვნურად შეკუმშვა არ არის რეკომენდირებული;

ტონალობა უნდა იყოს:

  • დამაჯერებელი;
  • აკადემიური;
  • შეურაცხმყოფელი ელფერისგან დაცლილი.
  1. ენობრივ-გამომსახველობითი და სალიტერატურო ნორმების დაცვა – პუბლიკაციაში უნდა იყოს შესაბამისი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები. არ არის საჭირო აღმაფრთოვანებელი ლექსიკა, პათეტიკა. ენობრივი ნორმების დაცვის გარეშე, პუბლიკაცია, როგორი კარგი შინაარსისაც უნდა იყოს, უფასურდება.

პუბლიკაციის შექმნის დროს კარგი სტატიის ტექსტი უნდა იყოს:

  • მარტივად გასაგები;
  • გრამატიკულად გამართული;
  • სასიამოვნო საკითხავი.

წერის დასრულების შემდეგ აუცილებელია, კრიტიკულად გადავხედოთ საკუთარ ნაშრომს და შევასწოროთ დაშვებული შეცდომები ან გადავცეთ რედაქტირებისთვის კომპეტენტურ პირს.

  1. პლაგიატზე გადამოწმება – პუბლიკაციის დაწერისას თავი უნდა დავიზღვიოთ პლაგიატისგან: ციტირების დროს უნდა მივუთითოთ ავტორები და ის წყაროები, რომლებიც გამოვიყენეთ პუბლიკაციაზე მუშაობისას. პარაფრაზირების დროს უნდა აღვნიშნოთ, ვის ეკუთვნის ეს მოსაზრება – სრულად შევცვალოთ ლექსიკური ერთეული, მაგრამ დავტოვოთ იგივე მოსაზრება. პლაგიატი ინტელექტუალური თაღლითობის ფორმაა და ის დასჯადია! პუბლიკაციის პლაგიატზე გადასამოწმებლად შეიძლება გამოვიყენოთ პლაგიატზე შემმოწმებელი სხვადასხვა პროგრამები (მაგალითად, plagiarism-checker პლაგიატის გადამოწმება. არსებობს სხვა პლატფორმებიც – ფასიანი, უფასო).

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები