მარეხ მაზანაშვილი
STEM მიმართულების საგნობრივი ექსპერტი
STEM (Science, Technology, Engineering, Mathematics) სწავლების მიდგომაა, რომელიც 4 ძირითადი მიმართულების: საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს.
კვლევასა და პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული ტექნიკური მიმართულებების ინტეგრირებული STEM სწავლება მოსწავლეებში შემდეგ უნარ-ჩვევებს ავითარებს:
♦ კრიტიკული აზროვნება ♦ კომუნიკაცია
♦ შემოქმედებითობა ♦ მოქალაქეობა
♦ კოლაბორაცია ♦ ხასიათის ნებელობა
კრიტიკული აზროვნება
კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის, თუმცა მისი განვითარება ნამდვილად შეიძლება სწორად დაგეგმილი სწავლების და შესაბამისი აქტივობების საშუალებით.
21-ე საუკუნის ინფორმაციით და ინოვაციებით სავსე ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოქალაქემ შეძლოს სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირება, სწორი არჩევნის გაკეთება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება. STEM სწავლება კი სწორედ ამ სტრატეგიას ეფუძნება. STEM პროექტის განხორციელებისას ფაქტები, აზრები, პრობლემები და ცნებები შეიძლება ლოგიკური ჯაჭვით დავაკავშიროთ ერთმანეთთან, მოსწავლეებმა გაიაზრონ პრობლემა, დასახონ ამ პრობლების გადაჭრის რამდენიმე გზა და სწორად შეარჩიონ ის ერთადერთი გზა, რომელიც ყველაზე გონივრული და რელევანტურია.
შემოქმედებითობა
STEM პროექტების ერთ-ერთი მახასიათებელი ინოვაციურობაა. ამიტომ, STEM პროექტზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია, მოსწალეს გამოუმუშავდეს შემოქმედებითობის უნარი, ანუ პრობლემაზე მუშაობის დროს, შეძლოს არასტანდარტული, ინოვაციური გადაწყვეტილების მიღება. STEM სწავლების დროს ძველი სტერეოტიპების მსხვრევა და მათი ახალი ხედვით, ახალი მიდგომებით ჩანაცვლება ხდება. ეს პროცესი ბავშვს ხდის თავდაჯერებულს, მოსწავლე იაზრებს, რომ მისი მიდგომები, მოსაზრებები განხილვას და განხორციელებას ექვემდებარება.
კოლაბორაცია
STEM სწავლების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კოლექტიური/ჯგუფური ინტელექტის გამოვლენაა, ამისათვის კი საჭიროა, მოსწავლეებში განვავითაროთ გუნდური მუშაობის უნარები. მოსწავლეებმა, გუნდური მუშაობის უნარებთან ერთად, თანამშრომლობითი უნარებიც რომ განივითარონ, შესაძლებელია, ჯგუფში სხვადასხვა კლასის ისეთი მოსწავლეები გავაერთიანოთ, რომელთაც განსხვავებული გამოცდილება და წინარე ცოდნა აქვთ. STEM პროექტის შექმნაზე ერთობლივი მუშაობა მათ გუნდურობას და თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
კომუნიკაცია
STEM სწავლებაში ყველაზე მთავარი კომუნიკაციაა, რომელიც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას ისე, რომ მუდმივად გვქონდეს უკუკავშირი ამ პროცესში. ეს არის კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს, მოსწავლეებს და, შესაძლებელია, სრულიად უცხო, მაგრამ მსგავსი თემით დაინტერესებულ ადამიანებს შორის, რაც გულისხმობს, რომ მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, სხვადასხვა ჯგუფებმა შეძლონ პრაქტიკისა და ცოდნის, შექმნილი და დანერგილი პროექტების ერთმანეთისთვის გაზიარება, რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების გაცვლა.
მოქალაქეობა
STEM სწავლება მოსწავლეებში ავითარებს უნარს, ჩამოაყალიბონ იდეები, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი ქვეყნის განვითარება ან, უფრო კონკრეტულად, რა სიახლეების დანერგვას ისურვებდნენ ამა თუ იმ სფეროში (განათლება, ეკონომიკა, მრეწველობა და სხვა). მოსწავლე იწყებს ფიქრს, როგორ და რა პროექტით გააუმჯობესოს და გადაჭრას სფეროში არსებული პრობლემები, იწყებს ფიქრს საკუთარი პროექტის როლზე, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია, რა პრობლემას გადაჭრის და აღნიშნული პროექტი როგორ გახდის ყოველდღიურობას უფრო მოსახერხებელს, ეფექტურსა და საინტერესოს.
ხასიათი, ნებელობა
ეს არის შინაგანი მზაობა რაიმე ქცევის განსახორციელებლად, რომლის დროსაც, ხდება საჭირო უნარების გააქტიურება, მობილიზება, რომ მოსწავლემ განახორციელოს საჭირო ქცევა.
STEM პროექტებზე მუშაობა შედეგზე ორიენტირებული სწავლებაა, რაც მოსწავლეებში ავითარებს ნებისყოფას, განაწყობს, გადაჭრან მათ წინაშე არსებული პრობლემა. პრობლემის გადასაჭრელად მათ იმ ცოდნის მობილიზება მოუწევთ, რაც სხვადასხვა საგნებში შეიძინეს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაცია, რომელიც პროექტის გაცნობის დროს, მუშაობის დაწყების პროცესში, უნდა გაუჩნდეს მოსწავლეს.
როგორც ვხედავთ, STEM სწავლებას შეუძლია მოსწავლე იმ უნარებით აღჭურვოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ეპოქის საზოგადოებაში ცხოვრებისა და ინტეგრაციისთვის.