ჯონ დიუი აღნიშნავდა, „ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ ჩვენ მას კონკრეტულ პრობლემებთან შებრძოლების საშუალებას ვაძლევთ და მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება უხდება“. დიახ, ბავშვის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას განვითარება სჭირდება.
კონსტრუქციულ გარემოში მოსწავლეთა ცოდნა-გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტიური კვლევა-ძიებითი, შემეცნებითი პროცესების წარმოება ხელს შეუწყობს ცოდნის გააზრებულად კონსტრუირებას და დარგობრივი ცნებების აზროვნების ინსტრუმენტებად გარდაქმნას. მსგავსი მიდგომები კი სწავლა-სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს, რაც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.
აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. მოსწავლეს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების საკითხები. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პრობლემების მისეული გადაწყვეტის გზებს პოულობს და საკუთარ პოზიციას გონიერი, საფუძვლიანი საბუთებით განამტკიცებს. ასევე, აცნობიერებს პრობლემის გადაჭრის სხვა გზებსაც და შეუძლია დაამტკიცოს მის მიერ არჩეული გადაწყვეტილების ლოგიკურობა და რაციონალურობა. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ერთგვარ საძირკველს სხვა უნარების განვითარებისთვის.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა კომპლექსურმა დავალებებმა, რომელიც სხვა ძირეულ უნარებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
პირველ რიგში, თქვენი ყურადღება მინდა გადავიტანო თავად ასეთი ტიპის დავალების არსზე. კომპლექსური დავალება არის მოსწავლის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტი, რომლითაც იგი მოცემულ საკითხთან მიმართებით აზუსტებს ცოდნას. კომპლექსური დავალება გვეუბნება: უბრალოდ საკითხი კი არ ასწავლოთ, არამედ ასწავლეთ ისე, რომ მოსწავლემ გაიაზროს, რატომ და რისთვის ისწავლოს. მისი საშუალებით მიღებული ცოდნით მოსწავლემ სიტუაციური პრობლემების გადაჭრა უნდა შეძლოს. ყოველივე ეს კი პირდაპირ ეხმიანება კონსტრუქტივისტული პარადიგმის იმ ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომელსაც საფუძვლად უდევს უწყვეტი და ინტენსიური ზრუნვა კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებისათვის.
როცა მოსწავლეს ვთხოვთ, შექმნას შემოქმედებითი პროდუქტი, ვთხოვთ, აღწეროს, იმსჯელოს დაასაბუთოს თავისი მოსაზრება, მოახდინოს იდეებისა და მოსაზრებების არგუმენტირებული შეფასება და პრობლემის გადაჭრა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
პრობლემის გადაწყვეტა, საკუთარი აზრების გამოხატვა, გადაწყვეტილებების მიღების წახალისება, წარმოსახვის გააქტიურება, ახალი იდეების გენერირება, შესაძლო გადაწყვეტების განხილვა, არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიებია. სწორედ ყველა ეს საუკეთესო პედაგოგიური სტრატეგია იყრის თავს სწავლა-სწავლების ერთ-ერთ გამორჩეულ მეთოდში „მასწავლებელი კალამი“.
ენობრივი პრაქტიკა გულისხმობს მოსწავლეთა მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და შემდეგ ამ ტექსტზე მუშაობას. თავად მეთოდი იმით არის საინტერესო, რომ მოიცავს აზროვნების, მეტყველების, წერისა და კითხვის პროცესებს. ამასთანავე, სახალისოა და მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებიან მუშაობის პროცესში. ეს მეთოდი კარგად გამოიყენება პირველ და მეორე კლასებში, თუმცა მისი გამოყენება, სხვა ფორმით, შემდგომ კლასებშიც შეიძლება.
გაგიზიარებთ ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას.
კომპლექსური დავალების პირობა:
ამბის შეთხზვა ენობრივი პრაქტიკის — მასწავლებელი კალამი — გამოყენებით
ილუსტრაციისა და შემოთავაზებული საყრდენი სიტყვების — ჰიპოპოტამი, კუნძული, ჰამაკი, ჰანტელები, ბედნიერი, მოიწყინა, გაზეთი, განცხადება, მეგობრები — გამოყენებით, შეთხზეთ ამბავი ჰიპოპოტამზე, უკარნახეთ მასწავლებელს. ამბავი დაასათაურეთ.
დავალების შეფასების კრიტერიუმები
თხრობისას:
♦ წარმოაჩინე რით დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა ამბავი;
♦ გამოიყენე ვრცელი წინადადებები და იშვიათად ხმარებული სიტყვები;
♦ გადმოეცი ამბის სხვადასხვა დეტალი (მაგ., სად ცხოვრობს ჰიპოპოტამი, რას საქმიანობს, რა აწუხებს ან უხარია, რა გასაჭირი ან პრობლემა აქვს, როგორ ცდილობს მის მოგვარებას და სხვა;
♦ რამდენი ასოსგან შედგება გამოწერილი სიტყვა; რომელია ეს ასოები;
♦ რამდენად გაწაფულად კითხულობ ნაცნობ სიტყვებს, წინადადებებს.
შემოთავაზებული კომპლექსური დავალება დამუშავდა ორ სამიზნე ცნებაში:
- სიტყვა, წინადადება, ტექსტი;
- კოდირება-დეკოდირება.
სამიზნე ცნება წარმოადგენს, ერთი მხრივ, აზროვნების ინსტრუმენტს, მეორე მხრივ, უნიკალურ პედაგოგიურ საშუალებას, რომელიც აადვილებს თემის დაგეგმვასა და სასწავლო პროცესის მიზანმიმართულად მართვას პირობისეული, არსობრივი ცოდნისკენ.
მკვიდრი წარმოდგენები კი არის გრძელვადიანი მიზანი, რომელიც შემოსაზღვრავს ოთხწლედისთვის ცნების მოცულობას.
ხშირად, როცა დავალების განხორციელების პროცესზე ვსაუბრობთ, ისმის შეკითხვა: რამდენი გაკვეთილი უნდა დავუთმოთ? თავად ასეთი დავალება ხომ, თავისი არსით, ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ორიენტაცია ხარისხზე ავიღოთ და არა დროზე. როცა მოსწავლე წარმოაჩენს თავის მოსაზრებას, მსჯელობს, ხსნის, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, ქმნის პროდუქტს და ახორციელებს მის წარდგენას, არასოდეს ჩავთვალოთ ეს დრო დაკარგულად. კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ თვითშეფასება, საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზი, აცნობიერებდნენ მის მნიშვნელობას, ამისთვის დრო არასოდეს არ უნდა დაგვენანოს.
ახლა კი, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ის გზა, რომელსაც გთავაზობთ კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში:
⇒ პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავს მოსწავლეებისთვის დავალების პირობის გაცნობას, გამოწვევისა და მოსწავლეებში ინტერესის აღძვრის მიზნით, დავსვი შეკითხვები:
♦ მოგწონთ თუ არა ზღაპრების, ლექსების, მოთხრობების კითხვა?
♦ რომელია თქვენი საყვარელი ლექსი, მოთხრობა ან ზღაპარი?
♦ დაფიქრებულხართ, როგორ შეიქმნა თქვენი საყვარელი ლექსი, მოთხრობა თუ ზღაპარი?
♦ ვინ ქმნის მხატვრულ ნაწარმოებებს?
♦ როცა თქვენი ტოლა ვიყავი, სურვილი მქონდა, მეც დამეწერა რამე. თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე?
♦ აბა, ახლა დაფიქრდით და მითხარით, გინდათ გავხდეთ მწერლები და მოვიგონოთ რაიმე ამბავი?
როგორც ხედავთ, აქ დასმულია ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეებს უბიძგებს ფიქრისკენ, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისკენ. ამავდროულად, აღძრავს ინტერესს, ამაღლებს მოტივაციას. მუშაობის დაწყებამდე მოტივაციის აღძვრა კი საფუძველია იმისა, რომ შემდეგ მოსწავლე ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთოს სწავლა-სწავლების პროცესში.
მოსწავლეებს გავაცანი კომპლექსური დავალების პირობა, აქვე, მოკლედ და მათთვის გასაგები ენით ავუხსენი, თუ რას გულისხმობს ენობრივი პრაქტიკა — „მასწავლებელი კალამი“: დღეს ჩვენ მწერლებად უნდა ვიქცეთ. ერთად უნდა დავწეროთ საინტერესო ამბავი ერთ საინტერესო ცხოველზე, ჰიპოპოტამზე. თქვენ მიკარნახებთ, მე დავწერ, ყველანი ვიქნებით ამ ამბის ავტორი!
ტექსტის შედგენისას, დავეყრდნოთ ბარათზე დაწერილ სიტყვებს, აქვეა ილუსტრაციაც, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ამბის დასასრულისთვის, ასევე პერსონაჟების შესარჩევად. დავფიქრდეთ, ვინ იქნება ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, რით დაიწყება, როგორ გაგრძელდება და დასრულდება ამბავი. ყურადღება მივაქციოთ აბზაცს, სასვენ ნიშნებს. სათაურიც არ დაგვავიწყდეს! ბოლოს ჩვენ მიერ შეთხზულ ამბავს დავასურათებთ, წიგნად ვაქცევთ და ვისწავლით მის წაკითხვას.
ბავშვებს ვთხოვე, საკუთარი სიტყვებით აეხსნათ, რას მოითხოვდა დავალება.
⇒ მეორე ეტაპზე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობენ ბავშვები და წარმოადგენენ ნამუშევარს.
მინდა კოლეგების ყურადღება აუცილებლად გადავიტანო იმ ნაბიჯებზე, რომელშიც შეფასების კრიტერიუმებია გაწერილი. რატომ? აქ მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც ბავშვს ვთხოვთ ახსნას, დაასაბუთოს, იმსჯელოს თუ რა გააკეთა და როგორ გააკეთა, ეს პირდაპირ მიზანმიმართულია მეტაკოგნიტური და, შესაბამისად, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისკენ. ჩვენ, მასწავლებლებმა, უნდა შევუწყოთ ხელი ყოველივე ამის გააზრებას და ისეთი რესურსები, აქტივობები თუ სამიზნე ცნების კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები შევთავაზოთ, რომლებიც მათში აღძრავს ფიქრს, უბიძგებს მსჯელობისკენ, დასაბუთებისკენ, კრიტიკული აზროვნებისკენ. მნიშვნელოვანია რესურსის მიზნობრივად, მიზანმიმართულად შერჩევა, ეს შეიძლება იყოს ილუსტრაცია, სათამაშოები, საყრდენი სიტყვები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლეებმა ტექსტი უნდა შექმნან.
როცა მოსწავლეებს ვთავაზობთ საყრდენ სიტყვებს, ჩნდება შეკითხვა, გარკვეულ ჩარჩოში ხომ არ ვაქცევთ მათ თავისუფალ აზროვნებას? ეს რომ მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის შეგვეთავაზებინა, არ იქნებოდა გამართლებული. მაგრამ აქ საუბარია პირველკლასელებზე, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ მხარდაჭერა, დახმარება, თუნდაც ამ ფორმით. მთავარია, არ შევზღუდოთ მათი თავისუფალი აზროვნება და შემოქმედებითი უნარები.
კოლეგების ყურადღება ასევე მინდა შევაჩერო ანბანელას რჩევებზე: ენობრივ პრაქტიკაზე მუშაობის დაწყებამდე, იმისათვის, რომ მოსწავლეებს სწორად გაეაზრებინათ წერის პროცესი, მათ ჩვენი საყვარელი მეგობრის, ანბანელას რჩევებიც გავაცანი. ეს ის ანბანელაა, რომელიც ონლაინ სწავლების დროს, საანბანო პერიოდში, ხშირად გვსტუმრობდა და ბევრ საინტერესო აქტივობასა თუ კომპლექსურ დავალებას სთავაზობდა ჩემს პატარებს.
ეს ერთგვარი წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზაა, რომელიც, აქტივობის შესრულებამდე, გულისხმობს დაფიქრებასა და მსჯელობას გადასადგმელ ნაბიჯებზე, გამოსაყენებელ ხერხებსა და სტრატეგიებზე. მეტაკოგნიტური პაუზების ჩართვა მუშაობის პროცესში ხელს უწყობს თითოეულ მოსწავლეს, საკუთარ თავში სიძნელეთა დაძლევის ახალი რესურსები მოძებნოს, გახდეს უფრო ქმედითი, წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად. ასეთ კონტექსტში მკვეთრად იზრდება სწავლის მოტივაცია, მოსწავლე ხდება უფრო აქტიური და თვითდაჯერებული.
როგორც ცნობილია, ენობრივი პრაქტიკა „მასწავლებელი კალამი“ გამოიყენება სხვადასხვა ჟანრის ტექსტების შესაქმნელად. დავფიქრდით, თუ რომელ ჟანრში შევქმნიდით ამბავს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბავშვები ეცნობიან ტექსტის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სათაური, აბზაცი, სტრიქონი და ა.შ. იმავდროულად, მოსწავლეებს უვითარდებათ ფანტაზიის, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და შემოქმედებითი უნარები, რაც თავისთავად უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
საბოლოოდ შევთანხმდით, შეგვექმნა პატარა ზღაპარი, რომელსაც ამბის განვითარების სამივე საფეხური ექნებოდა — ამბის დასაწყისი, შუა ნაწილი, სათაურიც. სწორედ ამის მიხედვით შევარჩიეთ „ჰიპოპოტამი ჰიპო“, თუმცა შევთანხმდით, რომ წერის ბოლოს შეიძლებოდა სათაური შეგვეცვალა. აქვე ყურადღება მივაქციეთ, თუ სად და როგორ იწერება სათაური.
დავიწყეთ ამბის შეთხზვა. პირველი წინადადება, ფაქტობრივად, დამუშავებული გვქონდა, როცა საყრდენ სიტყვებზე ვმუშაობდით და, ორი საყრდენი სიტყვის გამოყენებით, სამსიტყვიანი წინადადების შექმნა და შემდეგ მისი განვრცობა მოვახერხეთ. სწორედ ამ წინადადებით გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ჩვენი ზღაპარი: „შორს, ცხრა მთას იქით, ერთ პატარა, ლამაზ კუნძულზე ცხოვრობდა ჰიპოპოტამი ჰიპო“. ყურადღება მიექცა იმას, რომ წერა დავიწყეთ აბზაცით. ასევე ხშირად ვუბრუნდებოდით საყრდენ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით იწყებოდა იდეების გენერირება.
მოსწავლეებს შევთავაზე ნაბიჯებად, თანმიმდევრულად გაწერილი მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები.
აქტივობა 1. ბარათზე დაწერილ საყრდენ სიტყვებზე მუშაობა.
აქტივობა 2. ცხოველთა შეთავაზებული სურათებიდან ჰიპოპოტამის ამოცნობა.
აქტივობა 3. პირველი სიტყვის — „ჰიპოპოტამი“ ანალიზი.
აქტივობა 4. საყრდენი სიტყვების — „ჰიპოპოტამი“ და „კუნძული“ — გამოყენებით შექმნილი სამსიტყვიანი წინადადების განვრცობა (მაგ: ამოსავალი წინადადება — ჰიპოპოტამი კუნძულზე ცხოვრობდა).
აქტივობა 5. ანბანელას რჩევები — ანბანელას რჩევების გაანალიზება (ჯერ გავაცნობთ რჩევებს — „წერის დაწყებამდე“ და „წერის დროს“, ხოლო როცა წერა დასრულდება, რჩევებს — „წერის შემდეგ“).
აქტივობა 6. იდეების გენერირება
აქტივობა 7. ერთობლივი წერა.
აქტივობა 1. შეთხზული ამბის ერთობლივი წაკითხვა და ტექსტის გაუმჯობესება ანბანელას შემოთავაზებული კრიტერიუმების მიხედვით წერის შემდეგ
აქტივობა 2. შეთხზული ამბის ერთობლივი წაკითხვა სხვადასხვა ვარიაციებით (ერთობლივი კითხვა, ექოდ კითხვა, ქოროში კითხვა. გაგრძელებითი კითხვა: დაიწყოს იმ მოსწავლემ, ვისაც უყვარს ტორტი, გააგრძელოს მან, ვისაც უნდა ჰიპოსთან მეგობრობა და ა.შ) );
აქტივობა 3. შერჩეული ეპიზოდის წაკითხვაში ვარჯიში მეწყვილესთან ერთად;
აქტივობა 4. ილუსტრაციების მიხედვით პერსონაჟ ჰიპოს ამოცნობა. როგორ განწყობილებაზე/გუნებაზე იყო თავიდან, მერე და ბოლოს. შესაბამისი ემოციების გამომხატველი „ღიმილაკების შერჩევა.
მათზე დაყრდნობით შესაბამისი ეპიზოდების წაკითხვა ჟესტიკა-მიმიკის გამოყენებით
აქტივობა 5. ტექსტში მითითებული ერთეულის პოვნა მინიშნებებზე დაყრდნობით: გამოდი დაფასთან და კედელზე გაკრულ ტექსტში იპოვე:
- მესამე აბზაცი;
- პირველი აბზაცის პირველი სტრიქონი;
- მეორე აბზაცის ყველაზემეტსიტყვიანი სტრიქონი;
- პირველი აბზაცის ბოლო სტრიქონის მეორე სიტყვა.
აქტივობა 7. ნაწარმოების პერსონაჟების სახელების აწყობა მოძრავი ანბანით.
აქტივობა 8. შეთავაზებულ ბარათზე პერსონაჟების გაფერადება და სახელების ჩაწერა
აქტივობა 9. სიტყვების მოძებნა და გადაწერა ინსტრუქციის მიხედვით, მაგ.: გადაიწერე ექვსასოიანი სიტყვები; გადაიწერე სიტყვები, რომლებშიც „ჰ“ასოა და სხვა.
აქტივობა 10. წინადადებებად დაყოფილი ტექსტის აწყობა სიუჟეტის განვითარების საფეხურების მიხედვით
აქტივობა 11. ნაწარმოების ილუსტრაციის მიხედვით ტექსტის სიუჟეტის ამოცნობა
მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოსწავლეთა დამოუკიდებლობის წახალისება. ხშირად მოსწავლეები, შეცდომის დაშვების შიშის, საკუთარ პასუხში დაურწმუნებლობისა თუ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო, მიჯაჭვულები არიან მასწავლებელზე, რაც აფერხებს მათში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას, ვაგრძნობინოთ ჩვენს პატარებს, რომ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ მათ აზრს, რაც ამაღლებს მათში თავდაჯერებულობისა და საკუთარი ღირსების გრძნობას. სწორედ ამიტომ, ყველა მოსწავლეს ვაძლევდი საშუალებას, გამოეთქვა თავისი ნააზრევი. ასეთი დავალებები, ერთობლივ ფიქრთან ერთად, საინტერესო და სახალისო გამოწვევაა მოსწავლეებისთვის. საინტერესო იყო მათი იდეები, ყველა მოსაზრება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველასათვის მისაღებ ვერსიას ვარჩევდით. არც ანბანელას რჩევებს ვივიწყებდით, ვითვალისწინებდით წერის პროცესში. მოსწავლეთა ნააზრევით, ნელ-ნელა, ივსებოდა ჩვენი მწვანე დაფა. ვცდილობდი, ყოველთვის ეგრძნოთ, რომ ვუსმენდი და პატივს ვცემდი მათ მოსაზრებას, რაც ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ღირებულებების შეფასებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.
ბავშვები თანდათან აცნობიერებდნენ წერის მნიშვნელოვან მხარეებს. პატარა მწერლები, ერთი მხრივ, აკვირდებოდნენ, როგორ წერენ გამოცდილი მწერლები, ამ შემთხვევაში — მასწავლებელი დაფაზე, მეორე მხრივ კი, უშუალოდ მონაწილეობდნენ ასოების დასახელება-დაწერაში, სასვენი ნიშნების სწორად დასმაში და ძალდაუტანებლად იძენდნენ, იუმჯობესებდნენ წერის უნარებს. ზოგიერთმა მოსწავლემ წერტილი დასვა, ზოგმა ამა თუ იმ სიტყვის ადგილმდებარეობა შეარჩია, ზოგიერთი სიტყვების დაწერაში „მომეშველა“.
სწავლა-სწავლების პროცესში ხშირად ვიყენებ მეთოდს „დაიჭირე შეცდომა“, რომლის დროსაც, პატარები უფრო მეტი გულისყურით და ხალისით არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მაღალია ყურადღების კონცენტრაცია და სულ მობილიზებულები არიან იმისკენ, რომ შეცდომა გამოასწორონ. აქაც, წერის დროს, ხან სიტყვაში ასოს გამოვტოვებდი, ხან არასწორ სასვენ ნიშანს დავსვამდი, ხან აბზაცს ვიწყებდი არასწორად. ნეტავ ამ დროს გენახათ ჩემი პატარები, როგორ უხაროდათ, როცა შეცდომას „დაიჭერდნენ“ და გამოასწორებდნენ. ეს ერთგვარი მეთოდია, ხერხი, რომელიც ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ცოდნის გამოყენებას, მოსწავლეს ასწავლის ფიქრს, ამაღლებს შინაგან მოტივაციას…
ბოლო სასვენი ნიშანიც დავსვით…
კიდევ ერთხელ შევაფასეთ ნაშრომი, ანბანელას მიერ მოწოდებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და შევიტანეთ საჭირო ცვლილებები:
♦ დავიწყე აბზაცით? კიდევ თუ გვჭირდებოდა სადმე აბზაცი?
♦ წინადადებები გამართულია?
♦ წინადადებები შინაარსობრივად ებმის ერთმანეთს?
♦ ყველა საჭირო სასვენი ნიშანია დასმული?
აქ არ დამთავრებულა ამ ტექსტზე მუშაობა. მოსწავლეებს სიურპრიზი მოვუწყვე, შევქმენი ამ ზღაპრის ელექტრონული ხმოვანი წიგნი, რომელმაც მათი აღფრთოვანება და სიხარული გამოიწვია. PowerPoint-ში შექმნილმა ილუსტრაციებმა მომცა ინსპირაცია მეფიქრა დიდი წიგნის შექმნაზე.
ამოვბეჭდე ილუსტრაციები, რომლებიც დიდი ზომის ფორმატებზე მოვათავსე. მოსწავლეებს მიეწოდათ დიდი შრიფტით დაბეჭდილი, წინადადებებად დანაწევრებული ტექსტი. წინადადებების მიხედვით, თანმიმდევრულად უნდა აეწყოთ ტექსტი და ილუსტრაციებისთვის შეესაბამებინათ. ჩვენი დიდი, ფერადი, ილუსტრირებული წიგნიც აიწყო. ეს იყო ჩვენი პირველი, საკუთარი წიგნი, მათთვის ძვირფასი, როგორც მათი ნაფიქრისა და შრომის შედეგი, ამასთანავე, ის გახდა მოტივაციის წყარო, შემდეგშიც შეექმნათ მსგავსი პროდუქტი.
დაბოლოს, მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვები…
შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა გულისხმობს, ასე ვთქვათ, „კადრების უკან დატრიალებას” – მოსწავლეები აკვირდებიან, როგორ იქცეოდნენ ისინი სამუშაოს შესრულების დროს – ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა, რა ვერ დაიძლია, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რატომ, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა ეგონათ და რა აღმოჩნდა. ამ დროს მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სამუშაო მეთოდებს, პოულობენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს, ურთიერთგაზიარებით ამდიდრებენ ერთმანეთის გამოცდილებას, სწავლობენ განსხვავებული სტრატეგიების გამოყენებას.
ასეთ კონტექსტში მკვეთრად იზრდება სწავლის მოტივაცია – მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლისათვის პრიორიტეტულია სწავლის პროცესი, ანუ არა იმის განსჯა, თუ რა იცის ან არ იცის მოსწავლემ, არამედ მისი თანადგომა ცოდნის აგების პროცესში.
დასასრულ, მინდა შევაჯამო და რამდენიმე ძირითად ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. ენობრივი პრაქტიკის პირველივე კლასიდან გამოყენებით ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარად ვაბალანსებთ კითხვის სწავლების ტრადიციულ გზასა და ფონეტიკურ ვარჯიშებს და ვაღვივებთ კითხვისადმი როგორც გაგება-გააზრების პროცესისადმი მოსწავლეთა პოზიტიურ დამოკიდებულებას. და რაც მთავარია, ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები. მესამე თაობის სასწავლო გეგმის მიზანიც ხომ, პირველ რიგში, არის ის, რომ გაზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე თაობა, ინოვაციური, შემოქმედებითი აზროვნებით, რაც 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს უნარს წარმოადგენს.
ინსტრუქცია დიდი წიგნის შექმნისათვის:
საჭირო რესურსი:
- წიგნის ყდა და წიგნის ფურცლები (სასურველია დიდი ფორმატის მეოთხედი ნაწილი);
- ილუსტრაციები (თუ ილუსტრაცია არა გვაქვს, შესაძლებელია ფერადი ფანქრებით გაფორმება);
- დიდი შრიფტით ამობეჭდილი და დაწერილი ტექსტი;
- წებო;
- ლენტი – წიგნის შესაკრავად.
წიგნის შექმნაზე მუშაობა:
- დაფაზე გაკრულია წიგნის ფურცლები ილუსტრაციებით და წიგნის ყდა შესაბამისი ილუსტრაციებით;
- მოსწავლეებს გავანაწილებთ იმის მიხედვით, რამდენი წიგნის ფურცელიცაა (თუ მოსწავლეთა რაოდენობა საკმარისი არ არის, შესაბამისად ერთ მოსწავლეს შეხვდება რამდენიმე ფურცელი ან ერთობლივად წარიმართბა მუშაობა);
- დაურიგდებათ დაჭრილი ტექსტი. პატარები წაიკითხავენ ამ ტექსტს და ილუსტრაციის მიხედვით უნდა მიხვდნენ, რომელია მათი წიგნის ფურცელი;
- აიღებენ თავიანთ ფურცლებს და დააკრავენ მასზე ტექსტს.
- დაიწყება ტექსტის თანმიმდევრულად წაკითხვა. ჯერ გამოვა ის, ვისაც პირველი ფურცელი აქვს და წაიკითხავს ტექსტს, შემდეგ მეორე, მესამე და ა.შ
- დაიწყება წიგნის აკინძვა – ჯერ თავფურცელი-ყდა, შემდეგ კი ფურცლები და შეიკვრება ლენტით.
⇒ რეკომენდაციები
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში
ყოველთვის ვიყოთ ღია სიახლეებისადმი
- თუ ჩვენ, პედაგოგებს, თავად არ გვაქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და არ ვართ ჩართული თვითანალიზის პროცესში, იგი ვერ შევძლებთ მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას;
წავახალისოთ მოსწავლეთა დამოუკიდებლობა
- ხშირად მოსწავლეები შეცდომის დაშვების შიშის, საკუთარ პასუხში დაურწმუნებლობისა თუ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო მიჯაჭვულები არიან მასწავლებელზე, რაც აფერხებს მათში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დავადგინოთ მიჯაჭვულობის მიზეზი და ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელობის განვითარებას.
ორიენტაცია ავიღოთ ხარისხზე და არა დროზე
- კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ორიენტაცია ავიღოთ ხარისხზე და არა დროზე. როდესაც მოსწავლეთა მუშაობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი დავალების შესრულებაზე დახარჯული დროა, იქმნება საფრთხე, რომ ისინი ზედაპირულად მიუდგებიან განსახილველ საკითხს, რაც ხელს უშლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას. არასოდეს ჩავთვალოთ, რომ მოსწავლეთა ნამუშევრების წარდგენისას დრო ფუჭად იხარჯება! როცა მოსწავლე ახდენს საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციას, იგი მსჯელობს, ხსნის, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას
- ხელი უნდა შეუვუწყოთ მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებსთ მათ აზრს, რაც აამაღლებს მოსწავლეებში თავდაჯერებულობისა და საკუთარი ღირსების გრძნობას.
ვიყოთ აქტიური მსმენელები
- აქტიური მსმენელი მასწავლებელი ადვილად მოიპოვებს მოსწავლეთა ნდობას, ახალისებს მათ, იმსჯელონ საკუთარ ღირებულებებსა და შეხედულებებზე. ამიტომ, უნდა ვაგრძნობინოთ მოსწავლეს, რომ ვუსმენთ, პატივს ვცემთ მის მოსაზრებას რაც დაეხმარება მოსწავლეს უკეთ გაერკვეს საკუთარ თავში, საკუთარი ღირებულებების შეფასებაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.
შევაფასოთ და წავახალისოთ მოსწავლეთა მცდელობა
- დავგეგმოთ სასწავლო პროცესი ისე, რომ დავანახოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების სარგებლიანობა, რაც გაზრდის მათში მოტივაციას. ამის მისაღწევად უნდა შევაფასოთ არა მარტო მიღწეული შედეგი, არამედ უნდა წავახალისოთ კიდეც მოსწავლეთა მცდელობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ, ჩვენ, მასწავლებელმა რეალისტური და მიღწევადი მიზნები დავუსახოთ მოსწავლეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანაირი ენთუზიაზმი ჩაქრება.
ხელი შეუვუწყოთ მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას
- მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ თვითშეფასება, საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზი და აცნობიერებდნენ მათ მნიშვნელობას.
ნანა ბურძენიძე
სსიპ ჭიათურის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის მიმართულებით