27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ მიმდინარეობს სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართავა  

spot_img

საქართველოში სკოლის გარეთ დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვისკენ მიმართული ორწლიანი პარტნიორობის ინიციატივის შედეგად ორასმა მოსწავლემ, მათ შორის სკოლის გარეთ მყოფმა და ამ რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა, გაიუმჯობესეს წიგნიერებისა და მათემატიკური უნარები, ზოგიერთი მათგანი კი სკოლას დაუბრუნდა. აღნიშნულ ინიციატივას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით და ბულგარეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

დღეს გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლალი კალანდაძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს დროებითი რწმუნებული ილია ნაჩევი და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი. მათ პროექტის მთავარი მიღწევები განიხილეს, წარმოადგინეს მიღებული გამოცდილების ანალიზი და საქართველოში ინკლუზიური განათლებისა და განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის მხარდასაჭერად გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს.

იუნისეფთან პარტნიორობით სამინისტრომ წარმოადგინა მოდელი, რომელიც ბავშვებს სასწავლო პროგრამის დაწევის საშუალებას მისცემს და მეორე შესაძლებლობას განათლების მისაღებად. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა დაწევისა და დაჩქარებული სწავლის კურიკულუმი, რომელიც ორ დონეს მოიცავს. ადაპტირებული კურიკულუმი სრულად შეესაბამება მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და მორგებულია სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვებისა და ამ რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების საჭიროებებს.

კურიკულუმის პილოტირება 39 სამოდელო სკოლასა და 6 დღის ცენტრში განხორციელდა, მონაწილეობდა კურიკულუმის დანერგვის მიმართულებით გადამზადებული 19 მასწავლებელი, 25 სპეციალური მასწავლებელი და ზოგადი განათლების რეფორმაში ჩართული 82 ქოუჩი და კოორდინატორი.

 „უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლები აღჭურვილი იყოს საჭირო ცოდნითა და უნარებით, ასევე სპეციალური პროგრამებით, რომლებიც დაეხმარება სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებს, ხელახლა ჩაერთონ განათლების სისტემაში. გაეროს ბავშვთა ფონდი მადლობას უხდის ბულგარეთის მთავრობას მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად.“

„საქართველოში განათლების სისტემის მხარდაჭერა, ისევე როგორც ბავშვების საჭიროებებზე და სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენების წარმომადგენელ ბავშვებზე ფოკუსირება ბულგარეთის განვითარების სააგენტოს პრიორიტეტებია, – განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ილია ნაჩევმა, – გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ამ პროექტის ფარგლებშიც შეიქმნა ინკლუზიური განათლებისა და დაწევის მეთოდოლოგიები, რათა განათლების მეორე შანსი მისცემოდათ ბავშვებს, რომლებმაც თავი დაანებეს სკოლას ან სკოლის გარეთ დარჩენის რისკის ქვეშ არიან. აღნიშნული პროექტი წარმატებული ინსტრუმენტი გამოდგა ასეთი ბავშვების გამოწვევებზე საპასუხოდ. ბულგარეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერას მეორე ფაზაში, რომლის დაწყებაც 2022 წელს იგეგმება.“

„ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. ამ პროგრამის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოში ყველა ბავშვის უფლება, მიიღოს საჭირო განათლება,“ – აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი შეუწყო ადაპტირებული კურიკულუმისა და ინკლუზიური განათლების ინოვაციების ჩართვას ცხრა პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამების სხვადასხვა საგნის სასწავლო პროგრამაში. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს კვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადებას, რათა კარგად ჰქონდეთ გათვითცნობიერებული ინკლუზიური განათლების ხასიათი და მნიშვნელობა და უზრუნველყონ ეფექტიანი სწავლება სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვებისთვის.

საქართველოში ბევრ ბავშვს, განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლებს, არ მიუწვდებათ ხელი სავალდებულო განათლებაზე. იმ ბავშვებს შორის, რომლებმაც თავი დაანებეს სკოლას ან არიან სკოლის გარეთ დარჩენის რისკის ქვეშ, არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, საჯარო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, ობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, მოქალაქეობის არმქონე ბავშვები, ლტოლვილები და ძნელად მისაწვდომ რეგიონებში მცხოვრები ბავშვები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები