ნატაშა მელიშვილი
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის იაკობ ტრიპოლსკის სახ. №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
პირველ კლასში, როდესაც პატარები საანბანო პერიოდს გაივლიან, სწავლობენ წერას და კითხვაზე პასუხის გაცემას. ვავალებ, ზეპირად შეადგინონ პატარა მოთხრობა — სულ ორი წინადადების გამოყენებით. პატარები ამ დავალებას კარგად ართმევენ თავს. ეს ხდება აპრილში. ასე გრძელდება მაისის ბოლომდე.
მეორე კლასში კი, დაახლოებით, ოქტომბრის ნახევრიდან, როცა აღსაზრდელები კითხვაში გაიწაფებიან, ვეუბნები: „ბავშვებო! დღეიდან ვიწყებთ თავისუფალ წერას, რომელსაც კვირის ერთ რომელიმე დღეს დავუთმობთ. ამ წერისათვის უნდა ავკინძოთ ალბომები, გარეკანი ლამაზად გაფორმებული უნდა იყოს და შიგ წეროთ თქვენი ნაფიქრალი. სათაურიც თქვენ უნდა შეურჩიოთ. რას დაარქმევდით?“
პატარები იწყებენ ფიქრს. პირველი მოსწავლე ხმადაბლა და გაუბედავად ამბობს: გვაცადეთ, დაგვითმეთ მასწავლებელო. მოსწავლეთა უმრავლესობა იწონებს ამ აზრს, ბოლოს კი ალბომს ერქმევა „გზა მომეცით“.
პატარები ხვდებიან, რომ ავტორები თვითონ არიან. შემდეგ ვუხსნი, რომ გარეკანზე, ავტორის გარდა, მიეთითოს გამომცემლობა. „გამომცემლობა ის დაწესებულებაა, რომელმაც ალბომი უნდა გამოსცეს. მას რაღას დაარქმევდით?“
„სკოლას“ – პასუხობენ გუნდურად.
„დაბლა შეიძლება მივუთითოთ ტირაჟიც“ – ვაგრძელებ მე. ამ სიტყვის მნიშვნელობა პატარებისთვის გაუგებარია, ამიტომაც ვუხსნი: „ტირაჟი არის ის, რა რაოდენობითაც გამოვა ალბომი“. პატარები ხვდებიან და ტირაჟის გვერდით წერენ რიცხვს, რომელიც კლასის მოსწავლეთა რაოდენობას შეესაბამება.
„- ბავშვებო, ნუ ღელავთ! თქვენ ძალიან კარგად დაწერთ თქვენს ნაფიქრალს“ – ვამბობ და ვბრუნდები დაფისკენ, ვწერ ორ სიტყვას და მივმართავ მათ: „ამ ორი სიტყვის დახმარებით, უნდა შეადგინოთ პატარა მოთხრობები. სიტყვები არის დასაყრდენი, რომელთა მიხედვითაც უნდა აიგოს მოთხრობა:
მაშ, ყურადღებით! დღეიდან თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ იმ დიდი გზისკენ, რომელსაც მწერლობა ჰქვია. თვალები მოხუჭეთ და იფიქრეთ, იმოგზაურეთ ამ სიტყვების გარშემო… წარმოიდგინეთ, რომ პატარა მწერლები ხართ და პირველად წერთ მოთხრობას, რომელიც არ უნდა ჰგავდეს არც ჩემს შედგენილს და არც წიგნში დაწერილს. შეიძლება არც გამოგივიდეთ, მაგრამ მაინც დაწერეთ, როგორც მოახერხებთ.“
შემდეგ ვთხოვ, გაახილონ თვალები და წერონ დაკვირვებულად. პატარები იწყებენ წერას. რომელი მოსწავლეც დაამთავრებს, გამოვიყვან, ვიყენებ გვერდით, ხმადაბლა ვკითხულობ მის ნაწერს და ერთად ვასწორებთ შეცდომებს, თუ ნამუშევარი მომეწონა, ვიტოვებ. როდესაც ყველა მოსწავლე დაამთავრებს წერას, მოწონებულ ნაშრომებს კლასის წინაშე ვკითხულობ. ვეუბნები, რომ ისინი იმ დღის პატარა მწერლები არიან, ხოლო რომლის ნაშრომსაც შემდეგი წერისთვის დავიტოვებ, მან იცის, რომ იმ დღის მწერალია. ნეტავ იმ წუთას იმ ბავშვების თვალებში ჩაგახედათ, რა ბედნიერები არიან. ისინი კი, ვინც მიზანს ვერ მიაღწიეს, გულს არ იტეხენ, ფიქრობენ მომავალში უკეთესი მოთხრობები დაწერონ, რომ ერთხელ მაინც „გახდნენ“ პატარა მწერლები.
მესამე-მეოთხე კლასებში პატარებს ვურთულებ დავალებას. საყრდენი სიტყვების ნაცვლად, ვაძლევ პირდაპირ სათაურს ან ანდაზას და, თავისუფალი მოთხრობების წერაში უკვე გაწვრთნილი ბავშვები, ამ დავალებასაც კარგად ართმევენ თავს.
⇑⇓ აი, რას წერენ ჩემი მეორეკლასელები:
⇒ ბარბარე ჯანიაშვილი
საყრდენი სიტყვები: ბიჭი, მანქანა
„ერთ ბიჭს ჰყავდა ძაღლი. ერთხელ მან ძაღლი სასეირნოდ გაიყვანა, ძაღლს მანქანა დაეჯახა და ფეხი მოსტეხა, ბიჭმა ძაღლი შინ წაიყვანა, უმკურნალა და ფეხი მოურჩინა.“
⇒ ლაშა ბიბილაშვილი
საყრდენი სიტყვები: კურდღელი, ბოსტანი
„ერთ გლეხს ჰქონდა ბოსტანი და რაც კი ნაწვალები და ნაშრომი ჰქონდა, სულ კურდღლებმა შეუჭამეს. გლეხი გაბრაზდა. დაუგო ღამით ხაფანგი. კურდღლებმა ვერ დაინახეს და ხაფანგში გაებნენ.“
ელენე ჩოხელი
⇒ საყრდენი სიტყვები: ბავშვები, მდინარე, თევზი
„ზაფხულის მშვენიერი დღე იყო. ბავშვები დილაადრიან მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ. როცა მდინარეს მიუახლოვდნენ, დაინახეს სულ პაწაწინა თევზი და დაიჭირეს. თევზმა უთხრა: გამიშვით, ჯერ მე პატარა ვარ, როცა გავიზრდები, მაშინ დამიჭირეთო.
ბავშვებმა დაუჯერეს და თევზი წყალში გაუშვეს.“
ასე ვასწავლი თავისუფალ აზროვნებას პატარებს. მათთვის არც წამახალისებელ სიტყვებს ვზოგავ. ასე მაგალითად: დამილოცნიხართ, ჩემო პატარებო! გზა მართლაც თქვენთვის დამითმია! ვინ იცის, იქნებ ზოგიერთმა თქვენგანმა, მომავალში, დიდი მწერლობის კარიც კი შეაღოს.
P.S. აღნიშნული მეთოდით ხელმძღვანელობას სასურველი შედეგები მოაქვს ჩემს მუშაობაში.
V კლასში გადასული ჩემი მოსწავლეები, როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივად აზროვნებენ ყველა საგანში; გარდა ამისა, მათთვის უცხო არ არის თავისუფალ თემაზე მუშაობა. მათი მეტყველებისა და წერის კულტურა უფრო დახვეწილია.