რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო სკოლების კომპლექსურ შეფასებას გეგმავს, რომელიც, პირველ რიგში, დიფერენცირებულ მიდგომას დაეფუძნება და კატეგორიულად გამორიცხავს დასჯაზე ორიენტირებას. უმთავრესი პასუხისმგებლობა პროცესში დირექტორს დაეკისრება, ვაუჩერული დაფინანსების სისტემა კი უფრო მიზნობრივი დაფინანსების სისტემაზე გადავა.
რა გზით აპირებს სისტემა სვლას — როგორ და ვინ შეაფასებს სკოლებს? — ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, რადიოგადაცემაში („ჩვენი სკოლა“) ისაუბრა. მან მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე მოქმედ ფაქტორებს შორის, მასწავლებლის შემდეგ, მეორე ფაქტორად, სკოლის ხელმძღვანელობა დაასახელა. მისივე თქმით, საინტერესოა, რომ სკოლის დირექტორობა არც პროფესიად განიხილება და არც თანამდებობად. ცენტრის ხელმძღვანელმა სკოლა ფეხბურთის გუნდს შეადარა და დასძინა, რომ ასეთი მსგავსება მსოფლიოში მეტი არც ეგულება.
„სკოლის დირექტორებს ტრენინგზე ერთ რამეს ვეუბნები, თუ სკოლა კარგად მუშაობს (ფეხბურთის გუნდი და სკოლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს), მასწავლებლების დამსახურებაა, ხოლო, როცა ცუდად მუშაობს, ეს სკოლის დირექტორის ბრალია. ასევეა ფეხბურთის გუნდიც — იგებს გუნდი, ნიშნავს, რომ ფეხბურთელებმა მოიგეს, აგებს გუნდი, ნიშნავს, რომ მწვრთნელმა წააგო.“ — აღნიშნა მან.
სკოლის კომპლექსურად შესაფასებლად ბერიკა შუკაკიძემ ხუთი მთავარი კომპონენტი დაასახელა: სწავლა-სწავლების პროცესი, დისციპლინა, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ხუთი კომპონენტით სკოლის შეფასება დასჯაზე ორიენტირებული არ იქნება. მაგალითად მოიყვანა, წლების განმავლობაში, ამერიკაში მოქმედი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თუ სკოლა წაყენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ხურავდნენ. „სად გინახავთ მშობელი, რომელიც შვილს იმისთვის სჯიდეს, რომ ავადაა? ბავშვს, რომელიც ავად არის, სწორედ მაშინ სჭირდება მეტი ზრუნვა, მეტი ენერგია და ფულის ხარჯვა, მეტი დროის დათმობა, რომ გამოაკეთო. ამიტომ, ჩვენ რომ მივადგეთ ახლა სკოლებს და იმის გამო დავხუროთ, რომ ამ ხუთი კომპონენტით ისინი კარგად ვერ მუშაობენ, გამოვა, რომ ჩვენ თავს ვისჯით. როგორ შეიძლება სახელმწიფომ დასაჯოს სკოლა იმის გამო, რომ თვითონ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ამ მიდგომის შეცვლას სხვაგვარი მიდგომით ვაპირებთ. ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ექნება სამი დონე, რომლის მიხედვით შევაფასებთ სკოლებს. მაგალითად, მივედით საქაშეთის სკოლაში (გორის რაიონი), შევაფასეთ სწავლა-სწავლების პროცესი (პროცესში იქნება, დაახლოებით, 20-30 ცვლადი), ოღონდ ეს წინასწარ ეცოდინება სკოლას, რომ გამოჭერის მიზნით არ მივიდეთ. თუ დავუდგინეთ, რომ ისინი არიან მესამე დონეზე, უნდა შევიმუშაოთ სტრატეგიული გეგმა და ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა დირექტორს დაეკისრება. მან სასწავლო პროცესის მობილიზება ისე უნდა მოახდინოს, რომ მომავალ წელს მეორე დონეზე გადავიდნენ. ბუნებრივია, სტრატეგიული გეგმისთვის სკოლებს მეტი თანხა დასჭირდებათ და ყბადაღებული ვაუჩერული დაფინანსების სისტემა უფრო მიზნობრივი დაფინანსების სისტემაზე გადავა. მაგალითად, როგორ ვიქცევით სახლში, თუ საქვაბე გაფუჭდა? როიალს ხომ არ ვიყიდით? — სადაც გვიჭირს, იქ მეტს ვხარჯავთ და ვაკეთებთ საქვაბეს. იგივე მიდგომა იქნება აქაც — ჩვენ სადაც გვიჭირს და გვინდა მდგომარეობის გაუმჯობესება, თანხებსაც იმ მიმართულებით მივმართავთ. აქედან გამომდინარე, როდესაც სკოლას დაუდგინდება, რომ მას დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თანხასაც და ადამიანურ რესურსსაც იქით მიმართავს. ამიტომ არასწორია, ახლა გამოვიდეთ და პირდაპირ დავადანაშაულოთ პირველი ექსპერიმენტული ან 51-ე სკოლა, სადაც 2300-2400 ბავშვი სწავლობს, რომ დისციპლინაში არ აქვთ კარგი მდგომარეობა. აბა, გაუმკლავდით ამდენ მოსწავლეს, როგორი იოლია. მათ აუცილებლად სჭირდებათ ფსიქოლოგისა და რესურსოფიცრის დახმარება. ამიტომ, მაგალითად, თუკი 51-ე სკოლას კარგი მდგომარეობა აქვს სასწავლო პროცესში, მაშინ მეტი რესურსი უნდა დახარჯოს დისციპლინისთვის. აი, ასეთ დიფერენცირებულ მიდგომას გულისხმობს სკოლების შეფასების კომპლექსური სისტემა.“
ცენტრის დირექტორი, დღევანდელი განათლების სისტემის ბევრ გამოწვევას შორის, უპირველეს პრობლემად მაინც იმ უნიფიცირებული განათლების სისტემას ასახელებს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გვქონდა: „როგორი გონიერიც უნდა ვიყო, როგორი გონიერი თანამშრომლებიც მყავდეს და რა მაგიური ძალებიც არ უნდა გამაჩნდეს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეს სკოლის ერთ კონკრეტულ საკლასო ოთახში რა ხდება (საქართველოში 45 ათასი საკლასო ოთახია) მაინც ვერ გავიგებთ. ამიტომ ჩვენ უნდა გადავიდეთ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებაზე და ერთხელ და სამუდამოდ ვენდოთ სკოლას. დღევანდელი განათლების მინისტრის ხედვაც ეს არის (რამდენიმე პროფესიონალი სწორედ ამ ხედვის გარშემო შემოვიკრიბეთ). ხედვა ასეთია: განათლების მინისტრი უნდა მენდოს მე, მე — დირექტორს, დირექტორი — მასწავლებელს და მოსწავლეს. ჩვენს საზოგადოებას (მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და საბჭოთა საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა და ზედმეტი კონტროლი ერთ-ერთი მთავარი მეთოდი იყო), ეს უნდობლობა აღარ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გესმით, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვერანაირად ვერ შეძლებს 58684 პედაგოგისა და 2083 საჯარო სკოლის გაკონტროლებას, ეს უტოპიაა და ვისაც ამის სჯერა, ვეტყვი, რომ ისევ საბუთომანიამდე მივალთ.“
მოამზადა ლალი ჯელაძემ