27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ დავწეროთ 23-ქულიანი საპროექტო წინადადებ

spot_img

დავიმახსოვროთ, რომ ამ საპროექტო წინადადებას ვწერთ დირექტორის პოზიციიდან!

საპროექტო წინადადების დაწერისას ვეყრდნობით, პირველ რიგში, გასაძლიერებელი მხრიდან ამორჩეულ ქეისს, რომელშიც იკვეთება პრობლემაც და პრობლემის გამომწვევი მიზეზიც. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სკოლას აქვს ძლიერი მხარეები და იქ გადმოცემული ინფორმაციაც დაგვეხმარება საპროექტო წინადადების სწორად დაწერაში.

მაგალითად, ასეთ ქეისში საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილს უჭირს კლასის მართვა. ხშირ შემთხვევაში,  საგაკვეთილო პროცესის დროს, იგნორირებულია კლასის ნაწილი და აქტივობებში ჩართული არიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც მომზადებული აქვთ დავალებები

პრობლემა არის კლასის მართვა.

კლასის მართვის პრობლემის მიზეზია ის, რომ საგაკვეთილო პროცესში იგნორირებულია კლასის ნაწილი.

საპროექტო წინადადების მიხედვით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ (გავიაროთ ეტაპები, დავგეგმოთ აქტივობები) კლასის მართვის პრობლემის მოგვარებაზე.

კლასის მართვის პრობლემის მოსაგვარებლად, უნდა ამოვწუროთ, გადავწყვიტოთ გამომწვევი მიზეზი (კლასის ნაწილის იგნორირება) და ეს არის ამოცანა!

შესაძლოა, კონკრეტულ ქეისში დავინახოთ რამდენიმე მიზანი და ამოცანა, მაგრამ კონცენტრირდით ერთ, პრიორიტეტულ პრობლემაზე, ერთ ან ორ ამოცანაზე.

გავყვეთ 23-ქულიანი ტესტის პუნქტებს.

გამოყავით ერთი პრიორიტეტული პრობლემა და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი (2ქ).

ზემოთ მოყვანილ ქეისში ადვილად გამოვკვეთთ პრობლემას (კლასის მართვის პრობლემა) და იქვე მარტივად ვასაბუთებთ, რომ უმართავ კლასში სასწავლო პროცესი მართებულად, ეფექტიანად ვერ განხორციელდება და სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისთვის, საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია. ეცადეთ, რომ პრობლემის პრიორიტეტულობის დასადასტურებლად არ გადახვიდეთ ზოგად, არაფრისმომცემ მსჯელობაზე. არ დაკარგოთ ორიენტირი. პრობლემის შინაარსი მთელ ტესტს გასდევს მაგისტრალურ ღერძად!

შემდეგ მოდის პროექტული წინადადების 7 კრიტერიუმი (3-ქულიანია ყველაზე მაღალი შეფასება თითოეული კრიტერიუმის).

  1. პროექტის აქტუალობა (პროექტით გათვალისწინებული საკითხის მოკლე მიმოხილვა; დასაბუთება, თუ რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი და აქტუალური)

ამ პუნტქშიც თითქმის იმასვე ვიმეორებთ, რაც 2-ქულიან პუნქტშია. აღწერთ, რატომაა პროექტი მნიშვნელოვანი და აქტუალური (დაახლოებით ასე: პროექტის განხორციელების შემდეგ კლასში მოიხსნება მართვის პრობლემა და საგანმანათლებლო მიზნებს მივაღწევთ. შესაძლოა, დაამატოთ აქვე დისციპლინის, აკადემიური მოსწრების, უნარების განვითარების შესახებაც).

  1. პროექტის მიზნები და ამოცანები (აღწერეთ პროექტის მიზნები და განსაზღვრეთ ამოცანები)

ამ პუნქტში გვევალება პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაწერა. ეს საკითხი ზემოთ გავშალეთ და აქ აღარ შევეხებით!

  1. პროექტის განხორციელების ეტაპები და შესასრულებელი სამუშაოები (აღწერეთ, რა ეტაპებისაგან შედგება პროექტი, რა აქტივობების განხორციელებას ისახავს მიზნად და როგორ უკავშირდება ეს აქტივობები პროექტის საბოლოო მიზანს)

პროექტი შეიძლება გაიწეროს 2 ან მეტ ეტაპად. უმჯობესია, სამი ეტაპი:

⇒ პრობლემის იდენტიფიცირების/აქტუალობის დადასტურების ეტაპი (შესაძლოა, აქ გვქონდეს 1 ან მეტი აქტივობა, მაგალითად, კონკრეტულ კლასებში მართვის პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა სვოტ-ანალიზით, გამოკითხვით, მონიტორინგით, დიალოგით და ა.შ.).

⇒ პრობლემის მოგვარების გეგმის შედგენა და ინტერვენციების განხორციელების ეტაპი რამდენიმე აქტივობით:

ა) გეგმის შედგენა გონებრივი შტურმით;

ბ) პრობლემათა მოგვარებისთვის ინტერვენციების შერჩევა სპეციალისტებთან კონსულტაციის დახმარებით (ქოუჩინგი, ტრენინგი, გამოცდილების გაზიარება, თვითრეფლექსია, თვითაქტუალიზაცია, თვითსწავლა სტერეოტიპული მიდგომების შესაცვლელად);

გ) ინტერვენციების განხორციელების დაწყება;

დ) შუალედური დაკვირვების წარმოება ინტერვენციების ეფექტიანობის დასადგენად;

ე) ეფექტიანი ინტერვენციების განხორციელება.

⇒ შედეგების გაზომვის ეტაპი:

ფინალური დაკვირების წარმოება პრობლემის აღმოფხვრის (მიზნის) შესრულების კუთხით.

  1. პროექტისთვის საჭირო რესურსები (აღწერეთ, რა ადამიანური და მატერიალური რესურსი გჭირდებათ პროექტით გათვალისწინებული მიზნის განხორციელებისათვის, დაასაბუთეთ მათი საჭიროება)

ა) ადამიანური რესურსები: საჭირო იქნება კვალიფიციური ადამიანური რესურსები (ქოუჩები, ტრენერები, განათლების სპეციალისტები) მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროგრესული მეთოდიკის გაცნობა-დანერგვისთვის.

ბ) მატერიალური თვალსაზრისით კი ტექნოლოგიები, ვიდეოგზამკვლევები, სატრენინგო და სააქტო მასალები, ვიდეოჩამწერები * ანალიზისთვის, ფოკუს-ჯგუფების სამუშაოდ, ინტერვიუს ჩასაწერად, ანკეტირებისთვის, დაკვირვებისთვის.

  1. პროექტის მოსალოდნელი შედეგები, მათი ღირებულება (აღწერეთ პროექტით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები, დაასაბუთეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგი, ხაზი გაუსვით მათ ღირებულებას სკოლისა და კონკრეტულად, მოსწავლისთვის) * პროექტის მოსალოდნელი შედეგია კლასის მართვის პრობლემის მოხსნას, რაც გამოიწვევს სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას, პროცესის დინამიკურობას, შედეგზე ორიენტირებას, სწორი მეთოდოლოგიის დანერგვას. ძირითადი ღირებულება კი ის იქნება, რომ მოსწავლისთვის სკოლა არ იქნება უეფექტო დაწესებულება (პრობლემის შინაარსი სიტუაციურად შეიცვლება სხვა ქეისებში, ასევე, შეიცვლება პასუხები სხვა შინაარსის ქეისებში).
  2. პროექტის განხორციელების მონიტორინგი (აღწერეთ, როგორ გაუწევთ ზედამხედველობას პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის რა მექანიზმს გამოიყენებთ პროგრესის შეფასებისათვის)

ამ და სხვა კონკრეტულ შემთხვევაში გამოგვადგება ეს ჩამონათვალი (ჩამონათვალი არასრულია და გამოიყენეთ ნაწილობრივ, დაამატეთ…):

⇒ მასწავლებელთა თვითშეფასებათა განხილვა

⇒ ფოკუს-ჯგუფების გამართვა მეთოდიკურ საკითხებზე, რომლებიც განხილული იქნება ტრენინგებზე

⇒ დაკვირვებათა წარმოება სასწავლო პროცესში ახალი მიდგომების გადატანასთან დაკავშირებით

⇒ ქოუჩინგის პრინციპების გატარების ხარისხზე ინტერვიუ (დიალოგი, ჩაღრმავებული ინტერვიუ)

⇒ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შესახებ სასკოლო კონფერენციის მოწყობა

⇒ მოსწავლეთა ჯგუფებზე ფოკუსირებული დაკვირვება და ა.შ.

  1. პროექტის შეფასების ინდიკატორები (აღწერეთ პროექტის შეფასების ინდიკატორები, რომლებიც ადასტურებს პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას)

ინდიკატორებად გამოვიყენებთ (ჩამონათვალი არასრულია, შეიძლება დავამატოთ, გამოვაკლოთ, სიტუაციურად და ქეისის შინაარსის მიხედვით):

⇒ აკადემიური მოსწრების პროგრესის მაჩვენებლებს

⇒ კონსტრუქტივისტული პრინციპების გამოყენების სიხშირეს

⇒ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენების სიხშირეს

⇒ თვითაქტუალიზაციისა და თვითშეფასების შესახებ რეფლექსიებს.

საპროექტო წინადადებაში, შესაძლოა, თემატურად ჩავურთოთ ისეთი მონაცემები, რომლებიც აღნიშნულია სკოლის ძლიერი მხარეების ნუსხაში (მაგ. მოტივირებული მასწავლებელების ფაქტორი…).

როლანდ ხოჯანაშვილი

ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი

მაია თავართქილაძე
სსიპ ქალაქ ოზურგეთის 1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები