27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ დავიცვათ მოზარდები კიბერბულინგისგან

spot_img

ნათია ბოლღაშვილი
სსიპ სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

 

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის ორი მოზარდის მკვლელობამ, დანების გამოყენებით, გამოკვეთა ბულინგის როლი დანაშაულის ჩადენაში. ინტერნეტიზაციამ კი, სამწუხაროდ, ბულინგის ახალი სახე – კიბერბულინგი წარმოქმნა. ბულერის ანონიმურობამ, რასაც ინტერნეტი უზრუნველყოფს, უფრო ინტენსიური და მძიმე გახადა მსხვერპლის შეურაცხყოფის მეთოდები.

რა არის კიბერბულინგი?

კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ბულინგია, რომელიც სოციალური მედიის, შეტყობინებისა თუ თამაშის პლატფორმისა და მობილური ტელეფონის საშუალებით ხდება. ეს განმეორებადი ქცევაა და სამიზნე ადამიანის დაშინებას, შერცხვენას, გაბრაზებას ისახავს მიზნად.

კიბერბულინგის მაგალითები:

♦ კონკრეტული ადამიანის შესახებ ცრუ ინფორმაციის ან უხერხული ფოტო-ვიდეომასალის გავრცელება სოციალურ ქსელში.

♦ მავნე, შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების, ფოტოების ან ვიდეოს გაგზავნა, შეტყობინებების პლატფორმის მეშვეობით.

♦ სოციალური ქსელებში, სხვათა სახელით, გვერდებისა და ანგარიშების შექმნა, რათა შელახონ მსხვერპლის რეპუტაცია საზოგადოების თვალში.

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, კიბერბულინგი დიდი საშიშროება გახდა – კვლევების თანახმად, ხშირად, კიბერბულინგის ჩამდენი და მისი მსხვერპლი 12-19 წლის ორივე სქესის მოზარდები არიან.

ჩვეულებრივი ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგი არ ჰგავს პირისპირ დაშინებას/მუქარას. ის, როგორც წესი, მუდმივი, საჯარო და ანონიმურია. მსხვერპლმა არ იცის, ვინ ახორციელებს მას და ვისი უნდა ეშინოდეს. კიბერბულინგმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება, ღელვა, ბრაზი, დეპრესია, სკოლის გაცდენა, დაბალი აკადემიური მოსწრება, სხვებზე ძალადობა და სუიციდიც კი. გერმანელ მოსწავლეებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კიბერბულინგის შედეგად: 67,9% გაბრაზდა; 35,9%-ს ფსიქიკური ზიანი მიადგა; 22,3% სასოწარკვეთილი გახდა; 21,5%-მა უმწეოდ იგრძნო თავი; 17,9%-ს შეეშინდა. კიბერბულინგის მსხვერპლებს ფსიქოსომატური პრობლემები შეექმნა: 7,6%-ს თავის ტკივილი; 6,6%-ს – მუცლის ტკივილი; 17,1%-ს – უძილობა. გარდა ამისა, 3,7%-ს სურვილი აღარ ჰქონდა სკოლაში სიარულის და 9,3%-ს – მეგობრებთან ურთიერთობის.

პრაქტიკული გამოცდილება

დისტანციურმა სწავლებამ, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაზარდა კიბერბულინგის შემთხვევები. მოზარდები, პრაქტიკულად, დაუცველნი აღმოჩნდნენ აღნიშნული გამოწვევის წინაშე, შესაბამისად, კიბერბულინგის პრევენციისათვის, მიზნად დავისახე მოსწავლეებში (მე-6 კლასის) ცნობიერების ამაღლება, კერძოდ:

♦ არასრულწლოვნებს შევთავაზე გაეანალიზებინათ, თუ რა არის კიბერბულინგი და როგორ ვლინდება იგი.

♦ ვიმსჯელეთ, ვინ შეიძლება გახდეს ბულერი ან პირიქით, კიბერბულინგის მსხვერპლი.

♦ განვიხილეთ კიბერბულინგისაგან დაცვის გზები.

პრობლემის თვალსაჩინოების მიზნით, მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „კიბერბული“ (2011), ფილმი საუკეთესოდ წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება მიიყვანოს მსხვერპლი თვითმკვლელობამდე სოციალური ქსელის გამოყენებით განხორციელებული დაშინების მცდელობებმა.

აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა აქვთ კიბერბულინგზე, თუმცა აშკარა იყო ცოდნის ნაკლებობა ამ უკანასკნელის პრევენციის ან მსხვერპლად გახდომის შემთხვევაში მისაღები ზომების შესახებ. ზოგიერთ თავადაც გამხდარა სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი. დისკუსიისა და სხვადასხვა მაგალითების განილხვის ფონზე, მოსწავლეებმა გააცნობიერეს კიბერბულინგის საშიშროება და ის თანამდევი, რიგ შემთხვევაში, შეუქცევადი შედეგები, რაც, ერთი შეხედვით, „უწყინარ“ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს.

როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვი ონლაინ ბულინგის მსხვერპლია?

♦ მას აღარ სურს კომუნიკაცია, იკეტება საკუთარ თავში;

♦ მუდამ შფოთავს, დარღვეული აქვს ძილის რეჟიმი;

♦ მშობლის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის დანახვისთანავე თიშავს კომპიუტერს, ცდილობს არავინ გაიგოს, თუ რა საქმითაა დაკავებული;

♦ სვამს უჩვეულო კითხვებს, რომლებიც, ძირითადად, სუიციდს, შურისძიებას და მსგავს საკითხეbს ეხება;

♦ თავს არიდებს ინტერნეტით სარგებლობას.

კიბერბულინგის პრევენციის სტრატეგიები

მოზარდებმა უნდა ისწავლონ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა (არ გაუზიარონ საკუთარი პერსონალური მონაცემები სხვას), აგრეთვე, სოციალური ქსელის მეშვეობით, არ დაამყარონ კონტაქტი მათთან, ვისაც პირადად არ იცნობენ;

სოციალურ ქსელში არასასურველი კომუნიკაციის შემთხვევაში, მოზარდმა უნდა შეინახოს ფოტოები, კომენტარები, პირადი შეტყობინებები (ე.წ. „სქრინშოტების“ სახით) და მიმართოს მასწავლებელს, მშობელს ან სხვა ავტორიტეტს ამ საკითხზე ზომების მისაღებად, რათა მოძალადეს არ ჰქონდეს „დაუსჯელობის სინდრომის“ განცდა;

გრძელვადიანი შევიწროების შემთხვევაში აუცილებელია უფროსების აქტიური ჩართულობა და პოლიციის ინფორმირება, ვინაიდან კიბერბულინგის ზოგიერთმა ფორმამ, თავისი მასშტაბით, შესაძლოა, დანაშაულის სახეც კი მიიღოს (მაგალითად, მუქარის ან უხამსი სექსუალური მესიჯების გამოგზავნის შემთხვევაში);

არასრულწლოვნებმა უნდა გააცნობიერონ უსაფრთხო პაროლებისა და წვდომის კოდების გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ, არ უნდა აირჩიონ ე.წ. ინტუიციური პაროლები, არავის გაუმხილონ სოციალური ქსელისა თუ სხვა საიტების მონაცემები;

ზოგიერთ შემთხვევაში, უმჯობესია დროებით შეწყვიტონ იმ გვერდებისა და სოციალური ქსელების გამოყენება, სადაც ინტერნეტ-ბულინგის მსხვერპლი ხდებიან ან შექმენან ახალი პროფილი, უფრო რთულად მოსაძებნი სახელით და დაამატონ მხოლოდ ისინი, ვისთანაც სურთ კონტაქტის შენარჩუნება.

დაბოლოს, კიბერბულინგის პრევენციის პროცესში გადამწყვეტია მშობლის აქტიური ჩართულობა. მნიშვნელოვანია მშობელმა ბავშვს ასწავლოს, რა არის სწორი და რა – არა, ხშირად ესაუბროს სოციალურ მედიაში ზედმეტი დროის გატარების შესაძლო უარყოფით შედეგებზე, ყურადღება მიაქციოს შვილის ქცევას ტელეფონის ან კომპიუტერის გამოყენებისას. პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, კიბერბულინგთან საბრძოლველად, საჭიროა ისეთი ძალების ერთობლიობა, როგორიცაა: განათლების სისტემა, მშობლების ჩართულობა, ბავშვთა უფლებების დამცველის როლის გაძლიერება, სახელმწიფოს კეთილი ნება თუ საზოგადოების აქტიურობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://ka.warbletoncouncil.org/como-prevenir-el-ciberbullying

http://tatiamardaleishvili.blogspot.com/p/blog

https://www.izrune.ge/?id

https://www.unicef.org/georgia/ka

https://upriani.ge/kiberbulingi-safrtkhe-cifrul-samyaroshi/

https://nido.ge/bulingi-bavshvebshi/

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები