27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტის გააზრებაში

spot_img
ელისო ლატარია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

ქართ. საბ.1

სტრატეგიების გამოყენებით, ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობაგააზრება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა მინიშნებებზე დაყრდნობით.

ჟანრი (ქართ. საბ. 1, 3, 7)

ქართ. საბ. 2

კომპოზიციის ელემენტების ცოდნის გამოყენება კონკრეტული მიზნით (მაგ., ტექსტის ინტერპრეტირებისთვის, ტექსტებს შორის არსებული მიმართებების გააზრებისთვის, წაკითხულის გააზრებისთვის, შეფასებისთვის, ტექსტების შექმნისთვის).

კომპოზიცია (ქართ. საბ. 1, 2, 4, 7)

ქართ. საბ. 4 საკუთარი ან/და ლიტერატურული გამოცდილების გამოყენება ამა თუ იმ თემის/პრობლემის/საკითხის მიმართ პირადი პოზიციის წარმოჩენის, ტექსტის გააზრების, ინტერპრეტირების, წაკითხულისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვის ან/და შეფასების მიზნით.

კონტექსტი (ქართ. საბ. 1, 4)

გრამატიკა (ქართ. საბ. 1, 4, 6, 8)

 

არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ წაკითხულის გააზრება საქართველოში დღემდე აქტუალური პრობლემაა. მოსწავლეებს უჭირთ არამარტო მხატვრული ტექსტების, არამედ დავალების პირობის, მითითებების, ინსტრუქციის გაგებაც კი. ამ მხრივ, მასწავლებლებისთვის გამოწვევად რჩება წაკითხულის გააზრებაზე სხვადასხვა სტრატეგიით მუშაობა.

მხატვრული ტექსტის გასააზრებლად, ცხადია, მოსწავლე აუცილებლად უნდა ფლობდეს ელემენტარულ ცოდნას მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა და მათ დანიშნულებაზე, თუმცა ტექსტის სათქმელში ჩასაწვდომად მხოლოდ ეს არ კმარა. წაკითხულის გააზრების უნარის გასავითარებლად საერთაშორისო დონეზე აპრობირებული არაერთი სტრატეგია არსებობს. მე შევეხები რამდენიმე მათგანს, რომელთაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე. ძალიან ეფექტურია „ცხელი სკამი“, ასევე ხედვის კუთხის შეცვლა, ინტერვიუ პერსონაჟთან, ნაწარმოების ერთ-ერთ პერსონაჟთან სტუმრობა, პერსონაჟის დღიურები, პერსონაჟების მიმოწერა, ეპოქის შეცვლა, კითხვების დასმა და სხვა.

გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას მხატვრული ტექსტის მაგალითზე.

სტრატეგია „ცხელი სკამის“ გამოყენებისას მოსწავლეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ამ სტრატეგიის მნიშვნელობა. გააზრებული ჰქონდეთ, რომ დასმული კითხვაც წარმოაჩენს თუ რამდენად სწორად ესმით ტექსტის სათქმელი. მათ წინასწარ ვუხსნით რა სტრატეგიით ვაპირებთ შინ წაკითხული ტექსტის გააზრებაზე მუშაობას. ეს მოტივაციასაც უწყობს ხელს. თუ პირველად ვიყენებთ ამ სტრატეგიას, ჯობია, ჩვენ მივცეთ მიმართულება და რომელიმე პერსონაჟის პოზიციიდან გავცეთ პასუხი მოსწავლეთა კითხვებს. მოსწავლეებმა კარგად უნდა გაიაზრონ „ცხელი სკამის“ პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს. მხოლოდ ზედაპირული, ფაქტების ცოდნაზე ორიენტირებული კითხვებით ტექსტის სათქმელს ვერ ჩასწვდებიან.

განვიხილავ კონკრეტულ შემთხვევას მე-7 კლასის მაგალითზე. ამ კლასში ისწავლება რ. ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებელი“. მოთხრობა შინ წასაკითხად მივეცი (მნიშვნელოვანია, ტექსტის წაკითხვამდე, მოლოდინების განსაზღვრა). იმის გასარკვევად, ვინ როგორ გაიაზრა ტექსტში წამოჭრილი პრობლემები, გაკვეთილზე შევთავაზე სტრატეგია „ცხელი სკამი“ (ყოველთვის სიამოვნებით ხვდებიან ამ შეთავაზებას). ცხელ სკამზე, პირველად, დავსვით მთავარი პერსონაჟი (ბიჭი). მოსწავლეთა კითხვებმა ცხადყო, რომ გაუჭირდათ ტექსტის სათქმელში ჩაწვდომა. მოცემულ სიტუაციაში საჭიროდ ჩავთვალე, ისევ მივბრუნებოდი ტექსტს. კიდევ ერთხელ შევახსენე მოსწავლეებს დეტალების მნიშვნელობა ტექსტის გააზრებისთვის. დავაფიქრე იმაზე თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა ამ ტექსტში ოთახის ასე დეტალურად აღწერას („თანამედროვე დაბალჭერიანი ბინა“, „პრიალა ავეჯი, პრიალა პარკეტი… ფლოსტები, ჩუსტები…. აცეტონისა და სკიპიდარის სუნი…“), ერთფეროვნებაზე ხაზგასმას, დაბალ ჭერზე ყურადღების გამახვილებას, თუნდაც კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოსურათზე გამოსახული ბიჭისა და მისი მშობლების ემოციების აღწერასაც კი, ფოტოზე დედ-მამა იღიმის (ცხადია, ფოტოსთვის), ხოლო სამიოდე წლის ბიჭი კოპებშეკრული ზის (გულწრფელია, მოჩვენებითობისა არაფერი ესმის). დავუსვი კითხვა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაარქვა ავტორმა სახელი ბიჭს, დედას, მამას? ვთხოვე, კიდევ ერთხელ გადაეკითხათ ტექსტი დაკვირვებით. თვითონაც ეპოვათ მინიშნებები ტექსტში.

შემდეგ დავაფიქრე ცოლ-ქმრის დიალოგზე, მათ დამოკიდებულებებზე შვილებისადმი, პრობლემებისადმი, ასევე, იმაზე, თუ რამდენად მტკივნეულია, მშობელს დამრიგებელი საჯაროდ რომ ეუბნება შვილზე საყვედურებს. ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის ამ მონაკვეთზე:

მამაკაცი: შენ რომ ნამდვილი გაჭირვება შეგხვდეს, მაშინ რას იზამ?

ქალი: რას ეძახი ნამდვილ გაჭირვებას – შიმშილს? სიცივეს? უსახლკარობას?

ფეხშიშველა სიარულს? ვაი, რა ბედნიერებაა, როცა გშია, სიცივით გაკანკალებს, მაგრამ არავინ დაგცინის!

მამაკაცი: მაგოდენებს, საბანი რომ ვერ დაუხურავთ თვითონ, ასტონიანი ტანკების შესაჩერებლად უშვებდნენ, ხშირად მარტო ბენზინით სავსე ბოთლების ანაბარა, იმათ დედებს რაღა უნდა ექნათ!

ქალი ერთხანს არაფერს ამბობს, ცხვირსახოცს ეძებს, გაჭირვებით იღებს პატარა ჯიბეში ჩაჭმუჭნულს, ტუჩებთან მიაქვს, იმ ცხვირსახოცში ლაპარაკობს:

– იმათ დედებს მოკრძალებით, შიშითაც კი შეჰყურებდნენ სხვა დედები, რომლებსაც ასეთი უბედურება არ დასტყდომოდათ თავს.

მოსწავლეები ადვილად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დედას, შვილის ბედზე მეტად, საზოგადოებრივი აზრი აწუხებდა. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, ისევ შევთავაზე სტრატეგია „ცხელი სკამი.“კლასი აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილზე ქაოსი რომ ავიცილოთ თავიდან (ჩართულობა ამ სტრატეგიის გამოყენებისას ყოველთვის მაღალია), ეფექტურია ჩხირებით გამოძახება. კითხვას ვუსვამთ მთელ კლასს, პასუხს გასცემს ის, ვისაც ჩხირით გამოვიძახებთ. მსურველებს შეუძლიათ გამოთქვან განსხვავებული მოსაზრება.

დასმულმა კითხვებმა და მოსწავლეთა მიერ გაცემულმა პასუხებმა ცხადყო, რომ ისინი უკეთ ჩასწვდნენ ტექსტის სათქმელს – კითხვები ბიჭს: რა ემოცია გეუფლება, ოროსანს რომ გეძახიან? ბიჭი: თავიდან ძალიან განვიცდიდი, გული მიკვდებოდა, მიტირია კიდეც, მერე შევეჩვიე…; დედა როცა მშობელთა კრებიდან ბრუნდებოდა, რას გრძნობდი? (შიშს, ვიცოდი კარგ დღეს არ დამაყრიდა); რა გიშლიდა ხელს სწავლაში? (მოსაწყენი იყო ეს ყველაფერი; არ მაინტერესებდა და გულს ვერ ვუდებდი; ვერ ვყვებოდი გაკვეთილს, რაც ვიცოდი, იმას ვერ ვავლენდი; მერე ჩამოვრჩი; მასწავლებლები ყურადღებას არ მაქცევდნენ, რამდენიმე კარგი მოსწავლე იყო კლასში და სულ ისინი ყვებოდნენ გაკვეთილს…); როცა რამეს ვერ იგებდი, ვის მიმართავდი?(დედას); რას გპასუხობდა? (არასოდეს ეცალა და მიყვიროდა); რას აკეთებდა, სამსახურში არ დადიოდა, როგორც ჩანს? (არა, მაგრამ, სულ წმენდდა, ასუფთავებდა, ალაგებდა და არ ეცალა…); მამას რატომ არ მიმართავდი? (სამსახურიდან გვიან მოდიოდა) მასწავლებლებს? (რამდენჯერაც მივმართე, ხომ აგიხსენი კლასში, გეძინაო? ზოგმა მიყვირა და მერე თავი მივანებე…) – დაახლოებით, ასე წარიმართა კითხვა-პასუხი მოსწავლეებს შორის. მასწავლებელი სწორ მიმართულებას აძლევს გზადაგზა, კითხვების საშუალებით.

შემდეგ დედა დავსვით „ცხელ სკამზე“. ცხადია, ერთ გაკვეთილზე ყველა კითხვაზე პასუხს ვერ გავცემთ. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გაიაზრეს დედის დამოკიდებულება შვილისადმი, ასევე ცხოვრებისეული პრობლემებისადმი (საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებულება…), იმის გასარკვევად თუ რამდენად ჩასწვდებოდნენ სხვა პრობლემასაც ან რამდენად კარგად გაიაზრა თითოეულმა მათგანმა ტექსტის სათქმელი, მივეცი შემდეგი სახის წერილობითი დავალება:

მოცემული დავალებებიდან შეასრულეთ ერთ-ერთი:

  • წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ბიჭის ახლობელი, რას მისწერდით ბიჭის დამრიგებელს? (წერილის მახასიათებლები უკვე იციან, ასევე არ უჭირთ ხედვის კუთხის შეცვლა)
  • გაესაუბრეთ ბიჭის კლასელს. დაუსვით კითხვები და დაწერეთ შესაძლო პასუხები.
  • რამდენიმე ფურცელი ბიჭის დღიურიდან.
  • მისწერეთ წერილი ბიჭს ან ჩაწერეთ ინტერვიუ ბიჭთან.

მოსწავლეები უფრო ხალისით ასრულებენ ამ ტიპის დავალებებს. მით უმეტეს, თუ არჩევნის საშუალებაც აქვთ (კლასის საჭიროებების გათვალისწინებით, შეგვიძლია უფრო მარტივი ან უფრო რთული დავალებებიც მივამატოთ.)

საშინაო დავალებები, სასურველია, რამდენიმეს მაინც წავაკითხოთ კლასში, ამით აზრებსაც უზიარებენ ერთმანეთს და შეფასებასაც სწავლობენ (მასწავლებლი აძლევს მიმართულებას, რა თქმა უნდა). დავალებების შემოწმება გვაჩვენებს თუ რამდენად ჩასწვდენენ ბავშვები ავტორის ჩანაფიქრს.

რა პრობლემებიც გამოვლინდება, იმ მიმართულებით გვიწევს გაკვეთილის მოდიფიცირება.

მოსწავლეებმა მისწერეს წერილი კლასის ხელმძღვანელს, ბიჭის ახლობლის პოზიციიდან, თუმცა ბოლომდე ვერ მიხვდნენ რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მასწავლებელს ბიჭთან მიმართებით. უკეთ რომ გაეაზრებინათ, მოდელირებისთვის, ჩემი ნაწერი წავუკითხე, ბავშვები მიხვდნენ, რომ ბევრ რამეზე არ დაფიქრებულან.

მოდელირებისთვის დაწერილი:

წერილი ბიჭის მასწავლებელს

გამარჯობა, ბატონო ანგია, მე თქვენი მოსწავლის, …..-ის ახლობელი ვარ. ძალიან კარგად ვიცნობ მას. გუშინ შემთხვევით შევესწარი თუ როგორ ეჩხუბებოდა დედა და ლანძღავდა, იმის გამო, რომ ყველაფერში ორიანი ჰქონდა, ყველა საგანში, ფიზკულტურაშიც კი… საინტერესოა, ასეთი გულისხმიერი, სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილესი ბიჭი, რომელსაც ჭიანჭველაც კი ებრალება, რომელიც მზადაა ყველა ცოცხალ არსებას დახმარების ხელი გაუწოდოს, რომელიც საოცრად ნაღვლიანი, დიდი თვალებით უყურებს ამ სამყროს და პატარ ჩიტზე მზრუნველობასაც შეუძლია უდიდესი სიხარული მიანიჭოს, რატომ ვერ ახერხებს რამდენიმე საგანში მაინც ჰქონდეს დადებითი ან თუნდაც საშუალო შეფასება? პედ. საბჭოზე რომ დაახასიათეთ ბიჭი, იფიქრეთ, რომ მას ზარმაცი, უქნარა, ლენჩი და დებილის გარდა, სხვა მახასიათებლებიც შეიძლებოდა ჰქონოდა? რატომ არ სწავლობ? – ამ კითხვის გარდა, სხვა კითხვით გიცდიათ მის პრობლემებში გარკვევა, თქვენ, მის დამრიგებელს. ოდესმე რომელიმე მასწავლებლისთვის მიგიმართავთ თხოვნით, დამატებით აეხსნათ ამ ბიჭისთვის მისთვის გაუგებარი საკითხი? კლასში, ოროსანისა და ზარმაცის გარდა, სხვა სიტყვით თუ მოგიხსენებიათ? თანაკლასელების წინაშე თუ გიცდიათ მისი ავტორიტეტის ამაღლება? ნუთუ არ იცით, რომ კლასში ჩამორჩენილი, ოროსანის სტატუსი აქვს და მის მიმართ ინტერესი დაკარგულია? საკუთარი თავის რწმენა რომ არ აქვს და მასაც სჯერა უკვე, რასაც ხშირად ჩასძახებთ ხოლმე, რომ მისგან არაფერი გამოვა? გიცდიათ, თუნდაც პატარა საქმე დაგევალებინათ და მერე შეგექოთ, რათა თვითშეფასება ამაღლებოდა ბავშვს? მშობელთან ინდივიდუალურად თუ განგიხილავთ მისი პრობლემები? თქვენ თუ მოგეწონებოდათ, საჯაროდ რომ გამოეცხადებინათ თქვენთვის, თქვენი შვილი ოროსანიაო? როგორ ფიქრობთ, ბატონო, თქვენ და მთელ თქვენს სკოლას გესმით ამ ბავშვის, იცნობთ მას? ხვდებით მაინც როგორ უნგრევთ მომავალს? ცოტაოდენი ყურადღება, მიდგომის შეცვლა, დაინტერესება და სწავლის პროცესის გაადვილება, როგორ გგონიათ, სასურველ შედეგს არ მოგცემთ? მუდმივად თავდაცვის პოზიციაში ყოფნამ თვითკრიტიკულობა ხომ არ დაგვავიწყა და ხელების დაბანა ამ საქმეში ხომ არ გვიადვილებს ცხოვრებას? თქვენ ხომ ადამიანის მომავალი უნდა განსაზღვროთ… ნუთუ ეს ასე მარტივია, ნუთუ ამისთვის საკმარისია სიტყვები: ნუ ზარაცობ, ისწავლე ან ოროსანისა და არაფრისმაქნისის იარლიყი და კლასის წინაშე უგულებელყოფა, მივიწყებული ნივთივით კუთხეში მიგდება და რადგან მაინც ოროსანია, კვირაში ერთხელ მოკითხვა?.. დანარჩენ კითხვებს თქვენვე დაუსვამთ თქვენს თავს, იმედია. მე კიდევ მჯერა თქვენი გულისხმიერების და დაველოდები ცვლილებებს ამ საოცარი ბიჭის ცხოვრებაში…

ამ ეტაპების გავლის შემდეგ უფრო ეფექტური გამოდგა „ცხელი სკამის“ გამოყენება. „ცხელ სკამზე“ დავსვით დედა, მამა, სკოლის დირექტორი. ძალიან საინტერესო კითხვები დასვეს ბავშვებმა. რისი გააზრებაც გაუჭირდათ, დამხმარე კითხვების მეშვეობით გავაანალიზებინე. ამ ნაწარმოებში კარგად ჩანს ეპოქის ზეგავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე. ვერც ამ დეტალს ავუვლით გვერდს. სულიერებას მოკლებულ საზოგადოებაში („თანამედროვე დაბალჭერიანი ბინა…“) ბიჭი მოსაწყენ ერთფეროვნებას ჩიტბატონებით იფერადებს. მასში იმდენად დიდია თანაგანცდის უნარი, რომ ჩიტბატონებს ყიდულობს არა გასართობად (როგორც მოსალოდნელია მისი ტოლი ბიჭებისგან.), არამედ იმისთვის, რომ გამოაზამთროს და გაზაფხულზე გაუშვას. დედის სისასტიკით გულმოკლულ ბიჭს მამა, რომელიც, შვილის თხოვნის მიუხედავად, არ ერევა დედის საქმეში (დედა უმოწყალოდ ხოცავს ჩიტებს), შვილს ეუბნება: „თუ არავინ გავალებს არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო“. ამ ეპიზოდის გააზრებაში აუცილებელია, მასწავლებელი დაეხმროს მოსწავლეებს. დააფიქროს, რატომ ვერ უგებენ ხშირად მშობლები და შვილები ერთმანეთს, გაააზრებინოს ეპოქის თავისებურებანი. მიზეზი და მიზანი იმისა, რატომ ხდებოდა საზოგადოება ასეთი უინიციატივო, მხოლოდ დავალებებისა და ბრძანებების შემსრულებელი. აქვს თუ არა მნიშვნელობა სიტყვას საქმის გარეშე. ბიჭის მამა აშკარად ამჩნევს საზოგადოების არაერთ მანკიერებას, თუმცა უინიციატივოა, უმოქმედო და იმდენად გამართლებულად მიაჩნია ეს, რომ შვილსაც უინიციატივობისკენ მოუწოდებს.

მსგავს დეტალებზე ყურადღების გამახვილების შემდეგ მოსწავლეები ადეკვატურ კითხვებს უსვამენ პერსონაჟებს.

ბიჭის მდგომარეობა რომ კარგად გაეაზრებინათ, შევთავაზე ასეთი წერითი დავალება:

წარმოიდგინეთ, რომ ხართ სტუმრად ბიჭის ოჯახში და ერთი დღე-ღამე გიწევთ დარჩენა. აღწერეთ ეს ერთი დღე. იმდენად საინტერესო დავალებები მოიტანეს, იმდენ დეტალზე გაამახვილეს ყურადღება, რომ სათქმელიც არაფერი დამრჩა. არ გამორჩათ დედის ხასიათის არც ერთი დეტალი, ბიჭისადმი დამოკიდებულება ასახეს დიალოგში დედასა და ბიჭს შორის.

ცხადია, ეს ყველაფერი ერთ ან ორ გაკვეთილში ვერ მოესწრება, მაგრამ დროს არავინ გვიზღუდავს მიზნის მისაღწევად, ხოლო ღრმად რომ გაიაზრონ, მსგავს ტექსტებს მეტ დროს ვუთმობ, ამავე დროს, ტექსტში წარმოვაჩენთ პრობლემებს და ვეძიებთ პრობლემის გადაჭრის გზებს. ამისთვის ვიყენებთ დისკუსიას, წერით სამუშაოს, ეპოქის შეცვლას და სხვა.

დისკუსიაზე ტექსტში წამოჭრილ რამდენიმე პრობლემაზე მსჯელობენ და ასახელებენ გადაჭრის გზებს. მასწავლებელი აძლევს მიმართულებას. ეპოქის შეცვლა ეხმარება მოსწავლეებს პრობლემის განზოგადებაში. მაგალითად, ერთ-ერთ კლასში, მოსწავლემ დაწერა, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, ბიჭს ასეთი პრობლემები არ ექნებოდა, მაგრამ სხვა პრობლემა იჩენდაო თავს. ხოლო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ექნებოდა ასეთი პრობლემები, ფაქტობრივად, პრობლემის გადაჭრის გზებსაც მოიცავდა. ახალ პრობლემებში იგულისხმა ინტერნეტდამოკიდებულება, რაც ასევე გახდებოდა კონფლიქტის მიზეზი დედასთან…

ერთი სიტყვით, სტრატეგია „ცხელი სკამი“, სხვა სახის აქტივობებთან ერთად, გვაძლევს საშუალებას, მოსწავლეებს ღრმად გავააზრებინოთ ტექსტი და, ამავე დროს, გაკვეთილიც ხალისინად ჩავატაროთ. თემის შესაჯამებლად ეფექტურია დისკუსიის გამოყენება.

მოსწავლეებს ვაფასებთ განმავითარებელი შეფასებით. იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლეს ტექსტში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის გაგება, მწერლის სათქმელის ამოცნობა. თან ვუსაბუთებთ, რომელ კითხვაში ან პასუხში გამოვლინდა ეს. როგორ გამოხატეს პირადი დამოკიდებულება ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემისადმი. რამდენად სწორად გაიაზრეს თითოეული პესონაჟის წვლილი ტექსტში ასახული პრობლემის გადაჭრაში და მისთ. რასაც ვერ მიხვდენენ, იმის გასააზრებლად იქვე ვაძლევთ მიმართულებას (ზეპირად ან წერილობით), ამისთვის კარგია კითხვები (ერთგვარი ხარაჩოს ფუნქციით), მაგ., შენი აზრით, მასწავლებლებს სხვადასხვა სტრატეგია რომ გამოეყენებინათ გაკვეთილზე, თუნდაც „ცხელი სკამი“, რამე შეიცვლებოდა ბიჭის ცხოვრებაში, შეძლებდა ცოდნის წარმოჩენას იმდენად მაინც, რომ ორიანი არ მიეღო? თუ ბავშვი თვლის, რომ ბიჭის ოროსნობაში თვითონ ბიჭია დამნაშავე მხოლოდ (ასე ფიქრობენ ხშირად), ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაეხმარება, უფრო ღრმად ჩასწვდეს პრობლემას; ასევე – რატომ გგონია, რომ დედას არ ეცალა? რას აკეთებდა მთელი დღე? რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო? (ამ კითხვებით ბავშვს უადვილდება იმის გააზრება, რომ დედა ზედმეტადაა ორიენტირებული დალაგება-დასუფთავებაზე და ამასობაში შვილისთვის დრო არ რჩება. მსგავსი დასკვნები კი ტექსტის ღრმად გააზრებაში ეხმარება).

ხშირად მოსწავლეებს საინტერესო მიგნებები აქვთ, თუმცა ტიპურ გაკვეთილებზე უჭირთ თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა. ამ სტარტეგიებით მუშაობის მერე მოსწავლეებს უადვილდებათ კომპლექსური დავალებების შესრულებაც, მთავარია, დავალება იყოს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით შერჩეული ან ჰქონდეთ არჩევნის შესაძლებლობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

http://mastsavlebeli.ge/?p=171

ესგ-ს გზამკვლევი

http://ncp.ge/ge/tskheli-skami

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები