27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში

spot_img
მერი გიბიშვილი
სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. სნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

ადამიანის მიერ შესრულებულ ნებისმიერ ქმედებას გარკვეული მოტივაცია უდევს საფუძვლად. განსაკუთრებული როლი კი მას სწავლა/სწავლების პროცესში ენიჭება.

მოტივაცია არსებობს ორნაირი – შინგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაციის დროს ადამიანის ნებისმიერი სახის ქცევა განპირობებულია კონკრეტული საკითხის მიმართ შინაგანი ინტერესით; გარე მოტივაციის დროს კი ადამიანის ქცევა განპირობებულია გარე მოტივატორი ფაქტორებით, როგორებიცაა: ჯილდო, შექება, ქულა და ა.შ. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისთვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო. გარეგანი მოტივაციის დროს მოსწავლე ელის ჯილდოს და სწავლის ხარისხი დაბალია. ამიტომ, სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, შინაგანი მოტივაციის ზრდას. თუმცა, ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზეც, რომ, შინაგან მოტივაციასთან ერთად, აუცილებელია გარეგანი მოტივაციის სტრატეგიების გამოყენებაც. შესაძლებელია, გარეგანი მოტივაციის ამაღლებით, დავაინტერესოთ მოსწავლე საკითხის მიმართ და შემდეგ ვიზრუნოთ შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე.

მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის შესაძლებლობები, ხასიათი, მისი ბუნება და ასაკი. ზოგი მოსწავლისთვის გარეგანი მოტივაციის ფორმები უფრო მეტი მონდომების საშუალებაა, ვიდრე შინაგანი. ამიტომ, მასწავლებელი უნდა შეეცადოს ვარირება მოახდინოს ორივე სტრატეგიას შორის. თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ შინაგანი მოტივაცია ბევრად უფრო მდგრადია და მოსწავლეთა განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს.

მოტივაციის ამაღლებაზე მუშაობის დროს, მნიშვნელოვანია მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა. მოსწავლეებთან კარგი პიროვნული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ყოველთვის ვიყოთ სამართლიანები, თავაზიანები, აქტიური მსმენელები, გვქონდეს იუმორი გრძნობა. მასწავლებელმა, ასევე, უნდა იზრუნოს ისეთი სასწავლო ატმოსფეროს შექმნაზე, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება დამოკიდებულება და ფიქრი იმისა, რომ:

  1. ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, უშეცდომო არავინ არის და ამისთვის არ დაისჯებიან. ყოველთვის მივცეთ საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის საშუალება;
  2. შესაძლოა ყველამ უცებ ვერ გაიგოს საკითხი, არ არის უცებ გაკეთება სავალდებულო, მთავარია დაკვირვება და მოცემული დავალების ხარისხიანად შესრულება. მივცეთ მათ არჩევანის უფლება, რა როგორ შეასრულონ (მაგ.: წერილობით თუ ზეპირად);
  1. მასწავლებელმა ხშირად უნდა დაგეგმოს სახალისო აქტივობები, პროექტები. გამოიყენოს თითოეული მოსწავლის შემოქმედებითი უნარი, შესთავაზოს „კეთებით სწავლა“;
  2. ყველა მოსწავლეს უნდა შევახსენოთ, რომ მონდომებითა და სიბეჯითით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში, მასწავლებელთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობელთა ჩართულობას და აქტიურობას სკოლის ცხოვრებაში. მოსწავლემ უნდა დაინახოს, რომ მშობელს აინტერესებს ის თუ რას და როგორ აკეთებს შვილი სკოლაში და არა ის თუ, რომელ საგანში რამდენი ქულა მიიღო. თუ მშობელი არ ინტერესდება შვილის დღის განრიგით, დისციპლინით, ბავშვი თვლის, რომ სულ ერთია როგორ მოიქცევა, მაინც არ შეაფასებენ სათანადოდ.

მოტივაციის ამაღლებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შეფასება. ყოველთვის გამოვიყენოთ ორივე ტიპის შეფასება: განმსაზღვრელიც და განმავითარებელიც. განმავითარებელი შეფასების დროს, გულახდილი კომენტარები და მითითებები ბავშვზე კარგად მოქმედებს და იგი გახსნილია პასუხების გაცემის დროს, ხვდება, რომ მას არ ზღუდავენ აზრის თამამად გამოთქმაში, ვეცადოთ ყოველთვის დავუბრუნოთ დადებითი უკუკავშირი; განმსაზღვრელი შეფასების დროს, ნათლად და მკაფიოდ უნდა ავუხსნათ წესები, შეფასების მიზანი, კრიტერიუმები – რაში რას ვაფასებთ და რამდენი ქულით. როდესაც მოსწავლისთვის ყველაფერი ნათელია, ეს პროცესი ნაკლებად სტრესულია. როცა მან იცის როგორ ვაფასებთ, მიღებულ შედეგსაც ადეკვატურად იღებს. თუ მიიღო მაღალი ქულა, რა თქმა უნდა, უხარია, მაგრამ თუ ვერ დადო ის შედეგი, რასაც ელოდა, ამ ფაქტს იღებს სტრესის გარეშე და ხვდება, რომ ერთი ტესტით და ერთი ქულით არ წყდება მისი აკადემიური მოსწრება.

თუ მასწავლებლებს გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლეები იყვნენ მუდმივად მოტივირებული, არ დავიშუროთ ემოციების გამოხატვა, ვიყოთ მეგობრულები, მივცეთ დადებითი უკუკავშირი, გამოვხატოთ მადლიერება და ყოველთვის გავამხნევოთ ისინი. ვიყოთ კარგი მსმენელი და დავანახოთ მათ, რომ ჩვენთვის ყოველი მოსწავლე მნიშვნელოვანია, ვეძიოთ მათში დადებითი თვისებები და წამოვწიოთ წინ. ჩვენს ერთ სიტყვას თუ როგორი კარგები, ყოჩაღები და წარმატებულები არიან, შეუძლია მათი ყოველდღიური ქცევის შეცვლა. ამიტომ შევაქოთ ისინი და ჩვენ მალე დავინახავთ შედეგს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები