27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალებების მაღალ დონეზე შესრულებაში

spot_img
ნათია თავართქილაძე
სსიპ ქ. ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის ისტორიის და მოქალაქეობის წამყვანი მასწავლებელი

 

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შუალედური სასწავლო მიზნის სტატუსი კომპლექსურ დავალებას აქვს მინიჭებული. კომპლექსური დავალება, თავის მხრივ, ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან მიზანზე. აქედან გამომდინარე კომპლექსური დავალებების დანერგვა მასწავლებლების სერიოზული საზრუნავი გახდა. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამ მიმართულებით. გამოცდილება კი კვლევის საფუძველზე მივიღე.

კვლევამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საზოგადოებრივ მეცნიერებებში (და არა მარტო) დავალების მაღალ დონეზე შესრულების მთავარი წინაპირობა კრიტერიუმების შეკითხვების საფუძვლიანად გააზრება/გაანალიზებაა. ჩემი მოსწავლეების ნამუშევრების ანალიზის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ისინი იმიტომ ვერ ახერხებდნენ დავალებების მიმართებით და აბსტრაქტულ დონეზე შესრულებას, რომ მათთვის ბოლომდე ნათელი არ იყო თითოეული შეკითხვის და ქვეკითხვის არსი. აქედან გამომდინარე, უჭირდათ ამომწურავი პასუხის გაცემა. თუმცა, ზეპირი პრეზენტაციის დროს, ჩემი დამაზუსტებელი შეკითხვების შემდეგ, ისინი ახერხებდნენ ამომწურავი პასუხის გაცემას. ხშირი იყო შემთხვევა, როცა მოსწავლე შესანიშნავ მოთხრობას ქმნიდა, საინტერესო ამბებსაც ყვებოდა დავალების პირობის ირგვლივ, მაგრამ კრიტერიუმებზე აქცენტი ნაკლებად ჰქონდა გაკეთებული.

პრობლემის სათავის აღმოჩენის შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები, რომლებიც მოსწავლეებს კრიტერიუმების შეკითხვების საფუძვლიან გაანალიზებას გაუადვილებდა. ჩემი ვარაუდით, როცა მოსწავლეები გააანალიზებდნენ როგორ იქმნება შეკითხვები, რა განსხვავებაა მათ შორის და რა არის საჭირო საფუძვლიანი პასუხების გასაცემად, უფრო მარტივად იმუშავებდნენ დავალებაზე. მიზნის მიღწევისთვის აქტიურად დავიწყეთ მუშაობა შემდეგი სტრატეგიების გამოყენებით:

♦ შეკითხვის დონეები

♦ მთავარი და მეორეხარისხოვანი შეკითხვები

♦ რატომ, რატომ, რატომ ჯაჭვი

♦ ურთიერთშეფასება

შეკითხვის დონეები – მოსწავლეები, საკლასო სამუშაოების და საშინაო დავალებების სახით, მუშაობდნენ 3 დონის შეკითხვების შექმნაზე.

პირველი დონე – ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას;

მეორე დონე – მოითხოვს შედარებას, ახსნას, შეფასებას;

მესამე დონე – მოითხოვს საკუთარი მოსაზრების, ვარაუდის, შეხედულების გამოთქმა/დასაბუთებას.

მთავარი და მეორეხარისხოვანი კითხვების გარჩევა ნებისმიერი სამუშაოს წარმატებით შესრულების წინაპრობაა.

რატომ, რატომ, რატომ ჯაჭვი საშულებას იძლევა, სიღრმისეულად იქნეს გამოკვლეული საკითხი. ამ სტრატეგიით მუშაობის დროს, დაფაზე ან რვეულში, მარცხენა მხარეს, იწერება პრობლემა, მარჯვნიდან – შეკითხვა „რატომ?“ პასუხის გაცემის შემდეგ ისევ ჩნდება შეკითხვა „რატომ?“ და ასე გრძელდება საკითხის ამოწურვამდე.

ამის შემდეგ აქტიურად ვიმუშავეთ ურთიერთშეფასების მეთოდით წყვილებში. მოსწავლეები მეწყვილეს სხვადასხვა დონის შეკითხვებს უდგენდნენ და განმავითარებელი შეფასებით თვითონვე აფასებდნენ მის პასუხებს. შედეგად, წყვილები მსჯელობდნენ როგორი უნდა ყოფილიყო პასუხი, აძლევდნენ ერთმანეთს უკუკავშირს და სწავლობდნენ ერთმანეთთისგან.

ინტერვენციების დადებითი შედეგი მალე აისახა მოსწავლეთა კომპლექსურ დავალებებზე. სწორად და საფუძვლიანად გაგებული კრიტერიუმების შეკითხვები სწორი და საფუძვლიანი პასუხების წინაპირობა გახდა.

ამრიგად, კვლევის შედეგად, პასუხის მიღებამ კითხვაზე – რატომ უჭირთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალებების მაღალ დონეზე შესრულება? ინტერვენციების დაგეგმვამ და განხორციელებამ ჩემს მოსწავლეებს გაუადვილა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესი, რაც შედეგებზეც დადებითად აისახა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები