27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ გავხადოთ სასწავლო პროცესი სახალისო

spot_img
თამარ თარაშვილი
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკამათემატიკის №199 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ერთფეროვნება ყველა სფეროში მოსაწყენია, განსაკუთრებით სწავლა/სწავლების პროცესში. დამეთანხმებით, რომ სწავლება აქტიური პროცესია, რომლის დროსაც, მასწავლებელი მუდმივად უნდა ფიქრობდეს სიახლეებსა და ცვლილებებზე. ჩემი აზრით, ყოველთვის ერთი და იმავე გაკვეთილის სტრუქტურაც კი (ახსნა, გამოკითხვა, შემოწმება) მოსაწყენი ხდება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. ხშირად გვსმენია ბავშვებისგან – „მას, რამე განსხვავებული რომ გავაკეთოთ დღეს?“ ეს სასიამოვნო მოსასმენიცაა და ასევე საპასუხისმგებლო. ერთი მხრივ, როგორც მასწავლებელი, აცნობიერებ, რომ მოსწავლეს ნდობა აქვს შენ მიმართ და უკეთესის მოლოდინი, შინაგანი მოტივაცია, რომ რაიმე ახალი აღმოაჩინოს. მეორე მხრივ, სერიოზული სიგნალია იმის, რომ მას მოსწყინდა შენ მიერ ჩატარებული გაკვეთილები და დროა ცვლილების, კიდევ უფრო სახალისო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების. სწორედ ასეთ დროს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ გავუცრუოთ ბავშვებს მოლოდინი.

დავიწყოთ სულ თავიდან. როგორი უნდა იყოს სასწავლო გარემო? მნიშვნელოვანია ბავშვებთან ხშირი კონტაქტი, რათა განვსაზღვროთ, რა იციან, რა გამოსდით უკეთ, რას მიიჩნევენ რთულად, რა სიამოვნებთ. როდესაც ბავშვს მოსწონს სწავლების პროცესი, უფრო კონცენტრირებულია, ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობასა და მოტივაციას, რომ განვითარდეს. ასე რომ, სწავლება არ უნდა იყოს ცალმხრივი პროცესი. ვეცადოთ, ჩვენი გაკვეთილები მუდმივად იყოს ინტერაქციული, აქტიურად ჩავრთოთ ბავშვები გაკვეთილის მსვლელობაში, მოვაწყოთ დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე, რათა მათ ყოველთვის გამოხატონ საკუთარი აზრი და მიეჩვიონ ერთმანეთის მოსმენას. ასევეა ჯგუფური მუშაობა, რაც თანამშრობლობითი გარემოს შექმნას უწყობს ხელს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის შემდგომ ცხოვრებაშიც. ხშირად გამოვიყენოთ ციფრული რესურსები. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წიგნში მოცემულ პრაქტიკულ დავალებებზე მეტად, ონლაინ სივრცეში შესრულებული დავალებები მოსწონთ. არსებობს უამრავი საგანმანათლებლო ლინკი/რესურსი, მაგ. კაჰუთი , რომლის საშუალებითაც, ყველა დავალებას ენთუზიაზმით აკეთებენ, ეჯიბრებიან ერთმანეთს და იქმნება ჯანსაღი კონკურენტული გარემო.

საკმარისია ეს ყველაფერი სახალისო სასწავლო გარემოს შესაქმნელად? რა თქმა უნდა, არა! როდესაც ბავშვები ხედავენ შენს კრეატიულობას, მუდმივად ითხოვენ სტანდარტული ჩარჩოებიდან გამოსვლას და მოდუნების საშუალებასაც აღარ გაძლევენ. ჩემს პრაქტიკაში განხორციელებული უამრავი აქტივობიდან, გაგიზიარებთ რამდენიმეს, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მასწავლებელმა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემაზე არ უნდა იზრუნოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება. ამისთვის გადავწყვიტე, ჩამეტარებინა ყველასთვის ცნობილი ინტელექტუალური თამაში „რა, სად როდის?“, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე. შევადგინე ასაკის შესაბამისი კითხვები, რომლებიც მოითხოვდა მსჯელობის უნარს, კითხვების დასმას, ერთმანეთში კომუნიკაციას, ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, მოსწავლე მოაზროვნე ადამიანად აღვზარდოთ.

ჩვენი თამაშების სერია ოთხ რაუნდს მოიცავდა. პირველი რაუნდი ერთ კლასში ჩავატარე, რათა დამენახა მათი ინტერესი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ბავშვები აღფრთოვანდნენ და მთხოვეს, შემდეგი რაუნდები პარალელურ კლასთან ეთამაშათ. მართლაც, ორივე კლასმა, დიდი მონდომებით, შეადგინა გუნდები, დაირქვეს სახელები და მოემზადნენ გამარჯვებისთვის. ყოველ მოპოვებულ ქულაზე ისეთ ემოციას გამოხატავდნენ, მივხვდი, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება მასწავლებლისთვის, როდესაც ხედავ მონდომებასა და აღფრთოვანებას შენი მოსწავლეების თვალებში. ასე დავასრულეთ შემოდგომა-ზამთრის სეზონი, იმ იმედითა და მოლოდინებით, რომ უფრო გავზრდიდით არეალს და შემდგომ რაუნდებს მთელი სკოლის მასშტაბით ჩავატარებდით.

ცხადია, აქ არ დამისრულებია ფიქრი მრავალფეროვნებაზე. მე, როგორც მასწავლებელს, გააზრებული მაქვს რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება. ეს არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ საინტერესოცაა. სწორედ ამაზე ფიქრში დამებადა იდეა, ინგლისურ ენაზე ჩამეტარებინა თამაში „ყველაზე ჭკვიანი“, რომელიც სხვადასხვა საგნის ცოდნას მოიცავდა. თამაშში შედიოდა ხუთი კატეგორია: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია და ქიმია. თითოეულ კატეგორიაში იყო ორქულიანი, სამქულიანი და ოთხქულიანი კითხვები. გუნდები თავად ირჩევდნენ კატეგორიასა და კითხვებს. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ შეთავაზებულ აქტივობას, უპასუხეს ყველა კითხვას და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა როგორც სხვა საგნებში, ასევე ინგლისურში.

ასე რომ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების შეტანა საგაკვეთილო სივრცეში. თამაშითა და სახალისო აქტივობით შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ცოდნის დაკავშირება და განმტკიცება, თანაც ისე, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ჰქონდეთ სურვილი, უფრო მეტი შეისწავლონ, შეიმეცნონ და განვითარდნენ.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.miracle-recreation.com/blog/how-to-make-learning-fun/?lang=can

https://takelessons.com/blog/5-strategies-to-make-learning-fun/

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები