4 ივნისი, კვირა, 2023

როგორ გავუმდიდროთ ლექსიკური მარაგი მოსწავლეებს დაწყებით საფეხურზე

spot_img

ხათუნა გელაშვილი

სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ ყველა დანარჩენი საგნის  შესწავლის საშუალებაა. ზოგადადაც, ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა.

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მთავარ მიზანია ისეთი პიროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია აზრის ლაკონურად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება, მოსმენილისა და წაკითხულის გაანალიზება და შეფასება, აზრის გადმოცემა წერილობით. აქედან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ზეპირმეტყველებას, წერასა და კითხვას. ვერცერთი მიმართულება ვერ განვითარდება მოზარდში მდიდარი ლექსიკის გარეშე. გააზრებული კითხვაც და წერაც, მნიშვნელოვანწილად, ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სწავლა-სწავლების პროცესში ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, განსაკუთრებით კი – დაწყებით საფეხურზე, როდესაც ყალიბდება მეტყველების უნარ-ჩვევები.

ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული აქტივობები ეხმარება მოსწავლეს იმ სიტყვათა დამახსოვრება-გააზრებაში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ხვდებათ. სიტყვის ცოდნა კი ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა იცის მისი მნიშვნელობა და საჭირო მომენტში ახერხებს ამ ცოდნის ტრანსფერს.

სასწავლო წლის დასაწყისში, მეოთხე კლასში დავიწყე ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა და არც ისე ცუდ შედეგზე გავდივარ. გამოვიყენე  სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც დამეხმარა მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებაში. მსურს, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენც.

სიტყვების ბანკი – სასწავლო წლის დასაწყისში კლასში დავდგი ყუთი, რომელსაც დავაწერე „სიტყვების ბანკი“. მასში მთელი წლის მანძილზე ვაგროვებთ სიტყვებს. ეს მეთოდი ძალიან ცნობილია, მაგრამ რას ვაკეთებ ჩემეული ინტერპრეტაციით? ყუთს რადგან აწერია „სიტყვების ბანკი“, ჩვენ ბანკის მუშაობის პრინციპით ვმოქმედებთ. ბავშვები ყუთიდან ,,სესხულობენ“ სიტყვებს ტექსტის შესაქმნელად და უკან აბრუნებენ პროცენტით, ანუ ამატებენ ახალ სიტყვებს.

აღვწერ რამდენიმე აქტივობას, როგორ ვახორციელებ ამ პროცესს:

აქტივობა I. „ახალ სიტყვებზე მუშაობა“ – ყოველი ახალი ტექსტის შესწავლისას ვიწერთ უცხო სიტყვებს (მაქსიმუმ ხუთ სიტყვას), გამოვაკრავთ სტენდზე ,,სიტყვის კუთხე“. ტექტზე მუშაობის პარალელურად, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ვააქტიურებ მოსწავლეებში ამ სიტყვებს.

ეს მეთოდი შეიძლება იყოს:

ა) სიტყვის პირამიდა – G-PRAID-ის რესურსია. პირამიდაზე ვათავსებთ: წვერზე – სიტყვას, დაბლა, თანმიმდევრობით-განმარტებას, სინონიმს, წინადადებას;

ბ) სიტყვის ცნების რუკა – G-PRAID-ის რესურსი შემაქვს. სქემაა, სადაც ბავშვმა პირველ უჯრაში  უნდა ჩაწეროს ცნება, მეორეში -ამ სიტყვის განმარტება, მესამე უჯრაში წინადადებას შეადგენს ამ სიტყვის გამოყნებით, მეოთხეში-დახატავს  ილუსტრაციას;

გ) ასოციაციური რუკა – მოსწავლე დაწერს ყველა სიტყვას, რისი ასოციაციაც უჩნდება ახალი სიტყვის გააზრებისას;

დ) სიტყვის გამოცნობა მახასიათებლებით – მოსწავლეები წყვილდებიან, ერთი იღებს სიტყვას ყუთიდან, კითხულობს თვალით და მეწყვილეს უხსნის მახასიათებლების ჩამოთვლით. ხშირად შუბლზე ვაკრავთ  სიტყვას და უნდა ამოიცნოს, რა სიტყვა აკრავს შუბლზე.

ასეთი დამუშავების შემდეგ, ახალ სიტყვებს ვათავსებთ „სიტყვების ბანკის“ ყუთში.

საერთოდ, როცა საგაკვეთილო პროცესი გვაძლევს ამის საშუალებას, ყუთიდან ბრმა შერჩევით ამოაქვთ მოსწავლეებს თითო  სიტყვა, წერენ რვეულში, აკეთებენ მის განმარტებას, შლიან სიტყვას მარცვლებად, განმარტავენ,  მეტყველების რა ნაწილია…

აქტივობა II. „საინტერესო სიტყვები“

შესწავლილი სიტყვებიდან ვარჩევთ, მოსწავლეთა შეხედულებით, ლამაზ, საინტერესო სიტყვებს, შეიძლება დავამატოთ ტექსტიდანაც. ჩამოვწერთ ფორმატზე, რომელიც ,,სიტყვის კუთხეშია“ გაკრული და ვუწერთ სინონიმებს,რაც შეიძლება მრავაფეროვანს. ეს კუთხე განახლებადია, გზადაგზა შეიძლება სინონიმები „აღმოვაჩინოთ“ და კიდევ მივამატოთ – მოსწავლეები თავისი ხელით მიაწერენ ხოლმე.

როცა ფორმატი ივსება, ისევ ვახარისხებთ მათ და საინტერესო სიტყვებს ვამატებთ ყუთში.

აქტივობა III. „სიტყვის სესხება“

როდესაც კლასს ვაძლევ დავალებას, შექმნან პატარა ტექსტი, ისინი მიდიან ყუთთან, გადმოყრიან სიტყვებს,  საკუთარი შეხედულებით ირჩევენ  სიტყვებს, რომლებსაც იყენებენ თავიანთ თხზულებაში. მითითება აქვთ, რომ გამოიყენონ, მინიმუმ, 5 სიტყვა.მათ უკვე ნასწავლი აქვთ შედარება, ეპითეტი და ამ მხატვრული ხერხებისთვის ძალიან აქტიურად იყენებენ ,,სიტყვების ბანკს.“

აქტივობა IV. „პროცენტის დაბრუნება“

კვირაში ერთი დღე ,ოთხშაბათი, გვაქვს არჩეული სიტყვების სესხის დასაბრუნებლად. მოსწავლეები ვალდებული არიან, მოიტანონ თითო ახალი სიტყვა, ეს იქნება რომელიმე ნასესხები სიტყვის სინონიმი, თუ ახალი სიტყვა, ან განვლილი ტექსტიდან საინტერესო სიტყვა. მაგალითად: გამოიყენა სიტყვა ლეჩაქი, ჩვენ ამ სიტყვის სინონიმი დავწერეთ „სიტყვის კუთხეში“ – თავსაბურავი. მოსწავლე უკან აბრუნებს სიტყვა მანდილს, რომელიც დედამ ასწავლა. მაგ. უბრალოდ ტექსტიდან ამოიღო სიტყვა მიბარბაცებდა, მოეწონა. მათ მიერ მოტანილ სიტყვას ვამატებთ „სიტყვების ბანკის“. ყუთში. ძალიან სახალისო და საინტერესოა ხოლმე ეს პროცესი. მოსწავლეები ცდილობენ, მოიტანონ ისეთი სიტყვა, რომელიც მათი თანაკლასელებისთვის უცნობია და დიდი ენთუზიაზმით უხსნიან სიტყვის მნიშვნელობას.

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები