27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

როგორ აფასებენ დირექტორობის მსურველები ტესტირებას

spot_img

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება – 22 იანვარს 12 საათზე დაიწყო და ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტესტირება სრულად ელექტრონულ ფორმატში წარიმართა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი. ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.

აპლიკანტები ტესტირების შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა https://emis.ge/ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის https://directors.mes.gov.ge/ მეშვეობით, რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით, შეძლებენ.

ტესტირების დასრულების შემდეგ, რამდენიმე აპლიკანტი ჩავწერეთ, გვაინტერესებდა როგორ წარიმართა ტესტირების პროცესი. გთავაზობთ მათ შთაბეჭდილებებს: რა მოლოდინი ჰქონდათ და რა დახვდათ გამოცდაზე; როგორ გაართვეს თავი, რა სირთულის იყო, მათი აზრით, ტესტი. ჩვენი რესპონდენტები ტექნიკურ საკითხებზეც საუბრობენ, როგორ იყო ორგანიზებული ტესტირების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი 3000-ზე მეტმა პირმა გამოთქვა, მათ შორის არიან 2020 წელს დარეგისტრირებული პირებიც.

საგამოცდო ტესტში გამოყენებული იყო ორი ტიპის დავალება:

⇒ დახურული, არჩევით პასუხებიანი (20 ქულა)

⇒ ღია (კვლევის დაგეგმვა, კურიკულუმის ანალიზი, საპროექტო წინადადება) (60 ქულა)

60%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში (49+ ქულა), დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე – გასაუბრებაზე გადავლენ.

 

 

ზაზა შულაია

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

მსურს, გაგიზიაროთ ჩემი ემოციები და შთაბეჭდილება. პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ისაა, რომ გამოცდა უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული: საგამოცდო ცენტრში, სადაც მე ვიყავი დარეგისტრირებული, აპლიკანტებისათვის უზრუნველყოფილი იყო კომფორტული და აკადემიური გარემო; ჩემს სივრცეში არავის შექმნია ტექნიკური პრობლემა; ზედამხედველები აპლიკანტების მიმართ იყვნენ მაქსიმალურად კეთილგანწყობილნი, მხარდამჭერნი და, საჭიროების შემთხვევაში, მათ სათანადო დახმარებას უწევდნენ, ცხადია, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

მქონდა მოლოდინი, რომ, ტესტის მხრივ, გამოცდაზე არ დაგვხვდებოდა სიურპრიზი, და ასეც მოხდა: შემოთავაზებული ტესტი სრულად შეესაბამებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წინსწრებით გამოქვეყნებულ საგამოცდო ტესტის ნიმუშს. ჩემი შეფასებით, ტესტი იყო საშუალო სირთულის. ჩემთვის, და არა მხოლოდ ჩემთვის, პრობლემა გახდა ის, რომ გამოცდა სრულად ელექტრონულად ჩატარდა – ჩემი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობას გვიჭირს ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობა (თუმცა, იმასაც კარგად ვიაზრებთ, რომ 21-ე საუკუნეში ამ უნარის ქონა აუცილებელია). სასურველი იყო, გამოცდის ამ ფორმით ჩატარების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მაშინ გაეცხადებინა, როდესაც საგამოცდო ტესტის ნიმუში გამოაქვეყნა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ბარიერი გადავლახე. მინდა, ბევრმა აპლიკანტმა ჩააბაროს გამოცდა წარმატებით, რათა სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება – უფრო კონკურენტული გახდეს. ეს კარგი წინაპირობა იქნება იმისა, რომ სკოლებს მრავალმხრივი კომპეტენციის მქონე და ძლიერი ლიდერები მართავდნენ.

დასასრულ, თუ ნებას დამრთავთ, თქვენი გაზეთის საშუალებით, ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის სახელით, მადლობას გადავუხდი განათლების ექსპერტს, ბატონ როლანდ ხოჯანაშვილს, ვისი დაუღალავი და უანგარო შრომის შედეგადაც დღეს ძალიან ბევრი აპლიკანტი წარმატებით გაართმევს თავს გამოცდას.

 

 

ტარიელ ფუტკარაძე

სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის ტარილ ფუტკარაძის სახელობის შუბნის საჯარო სკოლის ისტორიიის მასწავლებელი

 

 

ჩემი საგამოცდო ცენტრი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ფაკულტეტი – გამართული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები, შესანიშნავი თანამშრომლები და აურა. გამოცდის სირთულე – საშუალო, გადაულახავი საკითხები არ იყო ნამდვილად. უბრალოდ, ცოტა ფსიქოლოგიური მომენტი, ნერვიულობა და განცდა, რაც ბუნებრივია. შენიშვნა: კარგი იქნებოდა აპლიკანტთა დროული ინფორმირება გამოცდების სრულად ელვერსიით ჩატარების შესახებ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია დირექტორობის მსურველთა მხრიდან და რასაც შედეგად მოჰყვა გამოცდაზე გამოუცხადებლობა. იმედი: გამსწორებელთა კომპეტენტურობა.

 

თამარ გახელაძე

სსიპ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლი, ილიაუნის მოწვეული ლექტორი

 

 

გამოცდა საკმაოდ კომფორტული იყო, საგამოცდო ცენტრიდან დაწყებული ტესტის ფორმატით დამთავრებული. ტესტი აბსოლუტურად შეესაბამებოდა განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ნიმუშს, ყველა საკითხი რელევანტური იყო პოტენციური დირექტორის კომპეტენციისა და უნარების. საგამოცდო ფორმატიც – სრულად ელექტრონული, ვფიქრობ, 21-ე საუკუნის უნარების გათვალისწინებით შეირჩა და მეტი კომფორტის საშუალებას აძლევდა აპლიკანტს. ასევე სრულად  იყო მოწესრიგებული ტექნიკური მხარე – რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროსაც კი, ნაშრომის წაშლის ალბათობა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. დახურულ დაბოლოებიანი კითხვები, ძირითადად ,,განათლების შესახებ კანონიდან” და ,,დირექტორის სტანდარტიდან” იყო. რაც შეეხება ღია დაბოლოებიან დავალებებს, უმეტესად გათვლილი იყო საკითხის შეფასებაზე დირექტორის პოზიციიდან, ასევე, ფოკუსირებული დაკვირვების, კრიტიკული აზროვნების, სხვისი ნაშრომის რელევანტური შეფასების, პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი გადაჭრის შესაძლო გზების ძიების უნარებს მოითხოვდა. ეს ყოველივე, ცხადია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დირექტორს, რომელიც სკოლას ჩაიბარებს და მის განვითარებაზე აიღებს პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პირად გამოცდილებას, ვფიქრობ, ამ გამოცდამ ზუსტად დამანახა ძლიერი და სუსტი მხარეებიც. კონკრეტული საკითხის შეფასება არგუმენტირებულად, ნამდვილად, ჩემი წარმატებული მხარეა, თუმცა დროის მენეჯმენტს მეტი ყურადღება რომ უნდა მივაქციო, ესეც აშკარად დავინახე, რადგან 23-ქულიანი დავალების ბოლო სამი საკითხი შეუსრულებელი დამრჩა (რას ვიზამთ, ფილოლოგებს კალამი თავისთავად გაგვირბის). ამ, სრულიად ჩემი მიზეზით, დარჩენილი დავალებების მიუხედავად, ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა მაინც არ უნდა გამიჭირდეს.

წარმატებას ვუსურვებ ყველას! ნამდვილად ცვლილებების დროა! ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ ამ გამოცდაზე ძალიან მაღალი იყო აპლიკანტთა აქტივობა და მათ დიდ ნაწილსაც ახალგაზრდობა შეადგენდა. ახალგაზრდა, მოტივირებული კადრის დირექტორებად წასვლა სკოლაში, უდავოდ, წინგადადგმული და მიზანზე ორიენტირებული ცვლილება იქნება, რაც დადებითად აისახება განათლების სისტემის პროგრესზე.

 

ნონა თოდუა

სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ, გეოგრაფიის წამყვანი პედაგოგი

 

 

ტესტი, ზოგადად, საშუალო სირთულის იყო. ღია დაბოლოებიანი ტესტები, ძირითადად, ახალი სკოლის მოდელის მიდგომებს ეხებოდა და მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე იყო ორიენტირებული. კანონმდებლობაც სკოლის ყოველდღიურობას ეხებოდა. ტესტი  საკმაოდ ვრცელი და უფრო დამღლელი იყო, ვიდრე რთული და ვისურვებდი, მეტი დრო მქონოდა.

რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, კარგად ორგანიზებული იყო. ჩემი ცენტრი ზუგდიდში, მესხიას უნივერსიტეტში იყო. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, გარემო – პოზიტიური და მოწესრიგებული, მეთვალყურეები – ყურადღებიანები და თბილები და რაც მთავარია, კეთილგანწყობილები. ერთი, რაც თვალში მომხვდა, აუდიტორიაში თავისუფალი ადგილები იყო, ანუ, როგორც ჩანს, ბევრი დარეგისტრირებული არ გავიდა გამოცდაზე. წარმატებებს ვუსურვებ ყველა აპლიკანტს.

 

სოფიო კოხრეიძე

სსიპ თბილისის №26 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე

 

 

დირექტორობის გამოცდასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ. ვფიქრობდი, რომ გამოცდა ძალიან რთული იქნებოდა , მაგრამ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ისეთ გარემოში აღმოვჩნდი, რამაც სტიმული მომცა დამეწერა და შემესრულებინა სამუშაოს მაქსიმუმი. გარემო არ იყო დამთრგუნველი. პატივისცემით გვეპყრობოდნენ. შიში მომეხსნა და სრულად გადავერთე ტესტის შესრულებაზე. ცოტა რთულად მეჩვენა, რომ ყველაფერი კომპიუტერში იყო ასაკრები. რთული იყო 5 საათი კომპიუტერის ცქერა. რაც შეეხება ტესტს, საშუალო სირთულის იყო. ვფიქრობ, მოქმედი დირექტორებისთვის არ უნდა ყოფილიყო რთული. ტესტში არ დამხვედრია სიურპრიზები. იყო ისეთი დავალებები, რასაც ველოდი. გამოცდა კარგად იყო ორგანიზებული, ინსტრუქციები – მკაფიოდ ახსნილი. ვფიქრობ, ტესტს გავართვი თავი. დაველოდები შედეგებს.

 

შორენა ტაბატაძე

სსიპ თბილისის №159 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

 

 

დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდა, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო და პანდემიის გამო გადაიდო, შეცვლილი, სრულად ელექტრონული ფორმატით გაიმართა. აღნიშნული, ვფიქრობ, ერთგვარი გამოწვევა იყო აპლიკანტებისთვის, რადგან საჭირო უნარ-ჩვევებს ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ფლობს ყველა. ტრადიციული მეთოდით ჩატარებული გამოცდა შეიძლება უფრო კომფორტული ყოფილიყო უმრავლესობისთვის, თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

რაც შეეხება უშუალოდ ტესტს, ვფიქრობ, საშუალო სირთულის იყო და აპლიკანტთა უმრავლესობას არ გაუჭირდებოდა თავის გართმევა. მოლოდინი მქონდა, რომ კანონმდებლობის ნაწილში მეტად კონკრეტული კითხვები იქნებოდა. კითხვების უმრავლესობა ისე იყო ფორმულირებული, ასევე სავარაუდო პასუხები, მეტ დაფიქრებას მოითხოვდა. არ იყო მარტივი J

დავალების დანარჩენი ნაწილი პრაქტიკულ დავალებას მოიცავდა და მაღალ სააზროვნო უნარებზე იყო გათვლილი. მოითხოვდა ისეთი ცოდნისა და უნარის წარმოჩენას, რომელსაც ნამდვილად უნდა ფლობდეს თანამედროვე სკოლის ლიდერი. საგამოცდო ფორმატის ამგვარი ცვლილება მისასალმებელია, რადგან დირექტორობის მსურველი მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნით არ უნდა ფასდებოდეს.

ტექნიკურად საგამოცდო პროცესი აბსოლუტურად გამართული და უზრუნველყოფილი იყო, არანაირი შეფერხება და ხარვეზი არ წარმოქმნილა.

პოზიტიური მოლოდინები მაქვს. წარმატებას ვუსურვებ ყველა აპლიკანტს.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები