ნინელი ვიბლიანი
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგი
ბევრს ემახსოვრება ის დრო, როცა სკოლებში, პროფესიული ორიენტაციის მიზნით, მოსწავლეებთან სასაუბროდ მოდიოდნენ პროფსასწავლებლების წარმომადგენლები თუ კურსდამთავრებულები, ამა თუ იმ სფეროში წარმატებული სპეციალისტები. მიზანი ახალგაზრდების დახმარება იყო პროფესიის სწორად არჩევაში. ჩვენი მიზანიც ეს არის. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დღეს საგრძნობლად მრავალფეროვანია პროფესიათა ჩამონათვალი, ბევრი ახალი პროფესიაც გაჩნდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა პროფესიული სასწავლებლები, სადაც რიგი საგანმანათლებლო პროგრამები სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება. აუცილებელია, მოსწავლეებმა იცოდნენ ყველა ამ სიახლის შესახებ, რადგან ესეც კარგი ინსტრუმენტია სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას. ამიტომაც დავგეგმეთ ბატონ რამაზ ხინიკაძესთან, ჩვენი სკოლის დირექტორთან ერთად, ღონისძიება, რომლის შესახებაც გიამბობთ.
საგანში „მოქალაქე“ არის ერთი ასეთი თემა – „პროფესიები“. მხოლოდ თეორიული ხასიათი რომ არ ჰქონოდა გაკვეთილს, გადავწყვიტე, რამდენიმე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მომეწვია ჩვენი მუნიციპალიტეტიდან. სკოლა მცირეკონტინგენტიანია, IX კლასში სულ სამი მოსწავლეა: თამარ ხინიკაძე, ლუკა ბერიძე და ნიკა ბერიძე. მათ მოიწონეს ჩემი გადაწყვეტილება და 29 იანვარს ვუმასპინძლეთ კიდეც წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი გიგინეიშვილს; მერის მოადგილეს, ანზორ ხინიკაძეს; ლიბერთი ბანკის მმართველ დავით ბერიძეს; პოლიციის უფროსის მოადგილეს, ალექსანდრე ჯაფარიძეს; ოჯახის ექიმს, ქეთევან კრაწაშვილს და ადვოკატ მანანა ბახტაძეს.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებს აინტერესებდათ თუ რამ განაპირობა თითოეულის პროფესიული არჩევანი, დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეეტილება თუ უფროსების დახმარებით, რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ კარიერული წინსვლის გზაზე. საინტერესო აღმოჩნდა მათთვის კოლეგებთან ურთიერთობის საკითხიც… სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს შეკითხვებს და თავიანთი პროფესიების და დასაქმების საინტერესო მხარეებსა და სირთულეებზე ისაუბრეს.
რაც შეეხება თავად მოსწავლეებს, აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება არც ერთს არ აქვს მიღებული, ჯერ მხოლოდ ფიქრობენ… ჰოდა, სწორედ ამ პერიოდში სჭირდებათ მათ ინფორმაციის მიწოდება, რადგან ბევრი არაფერი იციან იმ პროფესიების შესახებ, რომლებზეც განსაკუთრებული მოთხოვნაა შრომის ბაზარზე. ეს კი, ჩვენ, პედაგოგებმა უნდა შევძლოთ, მით უმეტეს, რომ საგანი იძლევა ამის საშუალებას. მსგავსი ცოცხალი შეხვედრები წარმატებულ პროფესიონალებთან მხოლოდ ნაწილობრივ თუ დაეხმარებათ მოზარდებს არჩევანის გაკეთებაში. ვფქირობ, პროფესიათა მრავალფეროვანი სპექტრის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, მოსწავლეებს ადგილზე უნდა შეეძლოთ პროცესზე დაკვირვება. ამ მიზნით, გეგმაში მაქვს მეზობელ სოფელ ბარეთში, რძის გადამამუშავებელ საწარმოში მათი წაყვანა. თუმცა, ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენი მცდელობები არ იქნება საკმარისი, მეტი დაინტერესება უნდა გამოიჩინონ თავად პროფესიულმა სასწავლებლებმა თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამების მოსწავლეების წინაშე წარდგენის კუთხით, რაც, პირველ ეტაპზე, უთუოდ გააღვივებს მათში ინტერესს და, საბოლოოდ კი, გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
როცა ადამიანი, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, გაცნობიერებულად ირჩევს პროფესიას, მომავალში, ყოველდღიური საქმიანობითაც კმაყოფილია, მუდმივადაც ვითარდება და წარმატებასაც ადვილად აღწევს. ამიტომ გვინდა დავგეგმოთ მსგავსი ღონისძიებები – შეხვედრები და გასვლებიც. ბატონი რამაზი მომავალშიც გვპირდება დახმარებას, რისთვისაც მადლობას ვუხდით მასაც და ჩვენს სტუმრებსაც.