როგორი იქნება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი – რა დეტალებზე საუბრობს განათლების მინისტრი

508

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას, აქცენტი გააკეთა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე და განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს ახალ მოდელზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას, „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი, გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას გულისხმობს. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას.

მიხეილ ჩხენკელი ღიად საუბრობს ეროვნლი გამოცდების არსებული ფორმის რეფორმის აუცილებლობაზე არა მხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად: „ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე, ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე და შემოქმედებით მიდგომაზე – ფიქრზე, ვიდრე ფაქტების ცოდნაზე გამოცდების დროს. ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს აქვს იმის თავისუფლება, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი თავად დაამკვიდროს. ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია.“

მისივე თქმით: „ჩვენ ვიხილავთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს დიდი ხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ.“

დატოვეთ კომენტარი