9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

როგორი იქნება პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე

spot_img
როგორი იქნება პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე – ამ თემას მიეძღვნა, 3-5 მაისს, საერთაშორისო USAID-ის საბაზო განათლების პროგრამის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მსოფლიო ბანკთან (World Bank), გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და კოალიციასთან „განათლება ყველასათვის“ (EFA) თანამშრომლობით გაიმართა. საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა სამი დღე იმსჯელეს პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების გამოვლენა/შემსუბუქების საკითხებზე და 2022 წლის სექტემბერში, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე.

რა პრობლემებმა იჩინა თავი პანდემიის პერიოდის განათლებაში და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები – ამ საკითხებზე გვესაუბრება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი. ქალბატონი ნენსი, ჩვენთან ინტერვიუში, გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს მასწავლებლებს და მშობლებს, ურჩევს, რომ არ დაიშურონ ძალისხმევა იმისთვის, რომ დაწყებით კლასებში მოსწავლის განათლებაში გაჩენილი ბზარები შემდეგ, წლების განმავლობაში, არ გაფართოვდეს. ხარვეზების დროული ამოვსება კი, მოსწავლეთა უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების წინაპირობად იქცევა.

✔️გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა იმის განხილვას, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ განათლების, განსაკუთრებით კი, დაწყებითი განათლების, ხარისხზე. როგორ შეფასდა სასწავლო პროცესის დანაკარგები? რა არის მთავარი პრობლემები?

◾️ პანდემიის დასაწყისიდან კოვიდ-19-ის მიერ სასკოლო სისტემისათვის მიყენებულ ზიანს მთელი მსოფლიოს განათლების მკვლევრები და სტატისტიკოსები აფასებენ. სასწავლო დანაკარგები მოსწავლეებისთვის ჩატარებული ტესტირებებისა და ქვეყანაში არსებული მონაცემების მიხედვით იზომება. ყველაზე სრულყოფილი „მსოფლიო ბანკის“ ხელმძღვანელობით ჩატარებული შეფასებაა, თუმცა სხვა ეროვნულმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ჩაატარეს მსგავსი ტესტირებები და გამოკითხვები. შემდეგ ტესტირებების შედეგებს აანალიზებენ მონაცემთა სხვადასხვა პარამეტრის შედარებით: კლასის, სქესის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, მშობლების განათლების დონისა და სახლის პირობებში ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

შედეგებიდან გამომდინარე, განათლების ექსპერტებმა, თითოეულ ქვეყანაში სასწავლო დანაკარგების დონის შესაფასებლად, შეიმუშავეს სცენარები.

ქვეყნები ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ სასწავლო დანაკარგები საყოველთაო პრობლემაა და ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, რომელმაც შეძლო მისი არიდება, ამდენად, დანაკარგების ქონა არც საქართველოსთვისაა გასაკვირი.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ყველაზე დიდი სასწავლო დანაკარგი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მოსწავლეებმა განიცადეს. ამ ქვეყნის წარმომადგენელ მოსწავლეთა შორის კი, ყველაზე მეტად უმცროსკლასელებმა იზარალეს, ანუ I-IV კლასების მოსწავლეებმა და ყველაზე მოწყვლადმა ჯგუფმა, როგორებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები.

სასწავლო დანაკარგების მასშტაბი, რაც შეიძლება გამოხატული იყოს სწავლების წლებში, სხვადასხვა მკვლევრის მონაცემებით, განსხვავებულია. თუმცა, ყველა მათგანი თანხმდება, რომ ხარვეზი მნიშვნელოვანია და აღმოფხვრას საჭიროებს.

✔️კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის გზებზე * თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას 2022 წლის სექტემბრიდან, სწავლის განახლების შემდეგ. როგორ გესახებათ ეს ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე და როგორ გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს?

◾️  იმისთვის, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები განვსაზღვროთ, ჯერ უნდა გავიაზროთ, თუ როგორი კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მცირე ასაკში მიღებული განათლების ხარისხს. სწავლება ემყარება ე.წ. „სამშენებლო ბლოკების“ პრინციპს, ყოველი ახალი ცოდნა ძველის საფუძველზე შენდება. ყოველი ახალი „ბლოკი“ მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის, რათა მან წინსვლა მოახერხოს. თუ რომელიმე ამ „ბლოკთაგან“ გამოტოვა ან ვერ შეივსო, მოსწავლე, ზედა კლასებში სწავლისას, მწვავე პრობლემებს შეეჩეხება. დაწყებითი კლასის მოსწავლის განათლებაში გაჩენილი ბზარები წლების განმავლობაში ფართოვდება და თუ დროზე არ შეივსო, ვერ ათვისებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მნიშვნელოვან ჩამორჩენას გამოიწვევს. ხარვეზების დროული ამოვსება კი, თავის მხრივ, მოსწავლეთა უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების წინაპირობად იქცევა.

კონფერენციის მონაწილეები იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარლამენტის, სამინისტროს სსიპ-ების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები, რომლებიც მზად არიან, უმცროსკლასელ მოსწავლეებში სასწავლო დანაკარგების აღმოსაფხვრელად კრეატიული, ადგილობრივ საჭიროებებსა და კონტექსტზე მორგებული გზები შეიმუშაონ. კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილეები, მომავალი სასწავლო წლისთვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯგუფებად დაიყვნენ. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართველი განათლების ექსპერტებისგან შედგება, აგრძელებს მუშაობას, რომ კონფერენციაზე მიღებული რეკომენდაციები მომავალი წლის სასწავლო გეგმად აქციოს.

✔️ საინტერესოა თქვენი რეკომენდაციები – როგორ აიცილებენ სკოლები სასწავლო დანაკარგებს? რა უნდა ქნან სკოლებმა, მშობლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომ მათმა მცდელობამ შედეგი გამოიღოს? არის თუ არა ქვეყანაში დანერგილი ინიციატივები საკმარისად ეფექტიანი?

◾️ მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში არსებული ნაკლოვანებები აღმოიფხვრას ან შემცირდეს მაინც. დაბალი კლასების მოსწავლეებისთვის ეს გულისხმობს, რომ სექტემბერში, ახალი სასწავლო წლიდან, მათ კითხვისა და მათემატიკის საბაზისო უნარების განვითარებაზე უნდა იმუშაონ. მასწავლებლები, ვიდრე შემდეგ ცნებაზე გადავლენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ მოსწავლეებმა კარგად აითვისეს სწავლისთვის უმნიშვნელოვანესი „სამშენებლო ბლოკები“. საჭიროა მოსწავლეების პროგრესის უწყვეტი შეფასებაც. ეს შეფასებები, შესაძლოა, იყოს ფორმალური ან არაფორმალური, მაგრამ მათი შედეგების გათვალისწინება მასწავლებლის მიერ, სწავლების შემდეგი ეტაპების დაგეგმვისას, აუცილებელია.

დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებმა არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, რათა მათმა შვილებმა სახლში იკითხონ. უნდა ჩააგონონ ბავშვებს, წაიკითხონ ნებისმიერი რამ: გაზეთები, ჟურნალები, პროდუქტის ეტიკეტი, საგზაო აბრები, წერილები, მანქანის სანომრე ნიშნებიც კი. მშობლებმა იოლი არითმეტიკული სავარჯიშოები უნდა გამოიგონონ, მაგალითად, თამაში რიცხვების ამოცნობის შესახებ, ხოლო შემდეგ მიმატებისა და გამოკლების მარტივ მოქმედებებზე გადავიდნენ. შვილებს შეამოწმებინონ და შეადარებინონ ფასები მაღაზიებში – ეს კარგი გზაა რიცხვების შესასწავლად და საბაზისო მათემატიკური უნარების გამოსამუშავებლად.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამბიციურ რეფორმებს ახორციელებს, ასე რომ, მან უნდა შეძლოს ახალ გამოწვევებთან პროფესიონალურად გამკლავება. დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტროს ექსპერტები შეძლებენ სასწავლო დანაკარგების ეფექტურად და სრულფასოვნად შერბილებას. ამ მცდელობისას ისინი მარტო არ დარჩებიან, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მზად არის, მხარი დაუჭიროს სამინისტროს ძალისხმევას აღმოფხვრას სასწავლო დანაკარგები დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის.

✔️ვისარგებლებ შემთხვევით და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის შესახებაც გკითხავთ, რომელსაც თქვენ საქართველოში ნერგავთ – რა ეტაპზეა მოცემულ მომენტში და როგორ შედეგებს მოიტანს დასრულების შემდეგ?

◾️ მადლობას გიხდით ამ კითხვისთვის. USAID-ის პროგრამა, რომელიც „სამმხრივი კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მიერ ხორციელდება, 2020 წლის იანვარში დაიწყო და 2026 წლის იანვარში დასრულდება. იგი მესამე წელია მიმდინარეობს.

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ „საქართველოს უნივერსიტეტთან“ და ჩვენს გრანტიორებთან: შვიდ რეგიონულ უნივერსიტეტთან, ორგანიზაციასთან „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ (CFS) და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან“.

პროგრამის საბოლოო მიზანია დაწყებით კლასებში ფუნდამენტური, მოსწავლეზე ორიენტირებული რეფორმის გატარება. ეს მიზანი კი მიიღწევა სამი კომპონენტის შესრულებით:

  1. თანამედროვე მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრატორებმა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა უნდა შეიმუშაონ;
  2. მომავალმა მასწავლებლებმა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები უნდა აითვისონ, ხოლო სკოლის მომავალმა ადმინისტრატორებმა – სწავლების გაძღოლისათვის სათანადო უნარ-ჩვევები;
  3. საგანმანათლებლო პოლიტიკა მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა განვითარდეს.

პროგრამის მიერ სამინისტროს რეფორმების მხარდაჭერა შედეგად გამოიღებს კითხვისა და მათემატიკის შესწავლის, ასევე, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გაუმჯობესებას საქართველოს I-VI კლასების ყველა ბიჭისა თუ გოგონასათვის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის და მათთვისაც, ვისი მშობლიური ენა ქართული არაა.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები