გაჩერებით სწავლება მიეკუთვნება დიფერენცირებული სწავლების მეთოდს, რომელიც ჯერ კიდევ ინოვაციურია. იგი ითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, წინარე ცოდნას და უნარებს. დიფერენცირება ხდება ცალკეულ გაჩერებაზე, სადაც მოსწავლეს სხვადასხვა სირთულის დავალება ხვდება. გაჩერებით სწავლება შესაძლებელია ჯგუფურად და ინდივიდუალურად, თუმცა მე ავირჩიე ჯგუფური მუშაობის ფორმა, რადგან ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, თანამშრომლობითი (მარეგულირებელი) თვისებების ჩამოყალიბებას, შემეცნებითი უნარების გაუმჯობესებასა და კომუნიკაციური უნარების გამომუშავებას.
მინდა გაგიზიაროთ აღნიშნული მეთოდით გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება:
საგანი: ბიოლოგია
თემა: ჩანასახის განვითარება, მიტოზი
კლასი: VIII
მოსწავლეთა რაოდენობა: 24 , მათ შორის ერთი სსსმ მოსწავლეა.
გაკვეთილის მიზანი:
გაეცნობიან და განასხვავებენ ემბრიონული განვითარების ეტაპებს;
იმსჯელებენ თუ რომელი ორგანოთა სისტემა და რომელი ქსოვილი რომელი ჩანასახოვანი ფურცლიდან წარმოიქმნება;
დაახასიათებენ მიტოზის ფაზებს და იმსჯელებენ მიტოზის ბიოლოგიური როლის შესახებ;
შეძლებენ მასალის დახარისხებას, გამთლიანებას, გაანალიზებასა და პრეზენტაციის სახით წარდგენას.
მიზანი სსსმ მოსწავლისათვის: პედაგოგის დახმარებით დაალაგებს ემბრიონული განვითარების ეტაპებს და მიტოზის ფაზებს.
სტანდარტთან შესაბამისობა:
ბიო. VIII.8 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ადამიანის გამრავლების სისტემის თავისებურებები და ჩანასახის განვითარების სტადიები.
სქემატურ გამოსახულებებზე განასხვავებს ემბრიონული განვითარების ეტაპებს (მაგ., ზიგოტა ბლასტომერები, ბლასტულა და სხვა).
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან მეთოდის მმმ (მტკიცება, მტკიცებულება, მსჯელობა) სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროცესში. შესწავლილი აქვთ სქესობრივი და უსქესო გამრავლების ფორმები, ფლობენ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკის გამოყენების ტექნიკას.
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო, დამატებითი საკითხავი მასალა, ფანქრები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, სქემები, პლაკატები, ფორმატის ფურცლები, მარკერები, მიკროსკოპი, მზა პრეპარატები (ჩანასახის განვითარების სტადიები), ჩემ მიერ შედგენილი კითხვები, მათ მიერ შექმნილი სქემები ან პლაკატები.
ვკითხულობ სიას, ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს, ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს. მოსწავლეებთან ერთად აღვწერ შეფასების ფორმებს და რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში, ასევე, ვახსენებ კლასში მუშაობის წესებს.
აქტივობა 1 (4წთ).
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნას გავააქტიურებ საშინაო დავალების განხილვით, ასევე, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეები გაიხსენებენ ადამიანის უჯრედების დანიშნულებას.
კითხვები:
რომელი უჯრედები იღებენ მონაწილეობას გამრავლებაში?
გარდა სასქესო უჯრედებისა, კიდევ რომელი უჯრედები იცით?
როგორ, რისი საშუალებით ხდება ორგანოების ზრდა?
(კითხვები შეიძლება საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას ჩამოყალიბდეს)
სსსმ მოსწავლეს შევუმოწმებ დავალების სისწორეს, არასწორად შესრულების შემთხვევაში, მივცემ მითითებებს, კითხვა-პასუხის დროს დავუსვამ კითხვას — რა ჰქვია განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს?
აქტივობის შედეგს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით (ვაფასებ რა გააკეთა მოსწავლემ, ხარვეზების შემთხვევაში — ვაძლევ რეკომენდაციებს).
აქტივობა 2 (25წთ). ახალი ცოდნის კონსტრუირება
რადგან მოსწავლეები თვითონ გამოიტანენ დასკვნას, რომ განაყოფიერების შემდეგ ზიგოტა მრავალჯერადად იყოფა, შევთავაზებ სახალისო შემეცნებით აქტივობას, რომლის საშუალებითაც გაეცნობიან თუ როგორ ხდება უჯრედების დაყოფა და მათგან ჩანასახოვანი ფურცლების წარმოქმნა.
მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად და განლაგდებიან საწყის გაჩერებაზე. თითოეულ გაჩერებაზე მათ დახვდებათ ინსტრუქცია და დავალება, შემოივლიან და შეასრულებენ დავალებებს, სანამ საწყის გაჩერებას არ დაუბრუნდებიან, ე.ი. თითოეულ გაჩერებაზე დაგროვდება მასალა, რომელსაც ჯგუფის რომელიმე წევრი წარმოაჩენს.
I გაჩერება — ვიდეოს ყურება (2წთ-იანი უხმო ვიდეო) და შთაბეჭდილებების მონიშვნა;
II გაჩერება — მიკროსკოპთან მუშაობა: მოსწავლეები ჩაინიშნავენ თითოეული პრეპარატის თავისებურებებს. აქ დახვდებათ ემბრიონული განვითარების სტადიები, ბაყაყის ჩანასახის მაგალითზე (მზა პრეპარატები);
III გაჩერება — სახელმძღვანელოსთან მუშაობა: გაეცნობიან ტექსტს, ასევე დახვდებათ დამატებითი ტექსტი და კითხვები, რომელზეც გასცემენ პასუხებს;
კითხვები:
რა პროცესი უსწრებს მიტოზს?
რა ხდება ინტერფაზაში?
რამდენი ფაზისაგან შედგება მიტოზი და რა ხდება თითოეულში?
რა რაოდენობის ქრომოსომაა მიტოზის შედეგად წარმოქმნილ უჯრედში?
რა ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს მიტოზს?
IV გაჩერება — საილუსტრაციო პლაკატებზე ჩანასახოვანი შრეების ამოცნობა და წებოვანი ფერადი ფურცლებით შესაბამისი ქსოვილების, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მიწებება;
V გაჩერება — მიტოზის სქემის აგება და შესაბამისი წარწერების გაკეთება.
ოთხი გაჩერების ჯგუფური დასკვნები სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის უცნობი იქნება, სანამ საწყის გაჩერებას არ დაუბრუნდებიან და ყველა ჯგუფის ჩანაწერების გათვალისწინებით გამოიტანენ საერთო დასკვნებს, რომელთაც გაგვაცნობენ პრეზენტაციის სახით. რაც შეეხება მეხუთე გაჩერების დავალებას, ყველასათვის ნათელი იყო — გუნდებს უნდა დაესრულებინათ მიტოზის სქემა და მიეწერათ ფაზები. ჯგუფების გადანაწილებისას, სსსმ მოსწავლე მეხუთე ჯგუფში იქნება და ის შეძლებს, ჯგუფის წევრების დახმარებით, მიაწეროს მიტოზის სქემას ფაზების სახელწოდებები.
მე ვივლი ჯგუფებს შორის, ჩავინიშნავ მოსწავლეთა აქტიურობას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს სათანადო დამატებით ინსტრუქციას მივცემ.
დავალებები სსსმ მოსწავლისათვის:
I გაჩერება — რა დაამახსოვრდა ფილმიდან — გვიზიარებს შთაბეჭდილებას;
II გაჩერება — გააკეთებს ჩანახატს მიკროსკოპში დანახულის შესახებ;
III გაჩერება — ტექსტიდან ამოიწერს ტერმინებს განმარტებებით;
IV გაჩერება — მიაწერს ზოგიერთ ორგანოს პლაკატზე;
V გაჩერება — მიტოზის ფაზების მიწერა მოსწავლეების მიერ შექმნილ დასრულებულ სქემაზე.
სსსმ მოსწავლეს ეძლევა მკაფიო და თანმიმდევრობითი ინსტრუქციები.
აქტივობა 3 (12 წთ). განმტკიცების ფაზა
საწყის გაჩერებაზე დაბრუნებული ჯგუფები, ყველა ჯგუფის ჩანაწერების გათვალისწინებით, გამოიტანენ საერთო დასკვნებს და გაგვაცნობენ პრეზენტაციის სახით.
აქტივობის შედეგს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით (ვაფასებ რა გააკეთა მოსწავლემ, ხარვეზების შემთხვევაში — ვაძლევ რეკომენდაციებს).
აქტივობა 4 (სარეზერვო 3წთ)
ჩემ მიერ მომზადებული კითხვების დასმის შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით, ამოვიღებ ჩხირს მოსწავლის სახელით, რომელიც უპასუხებს კითხვას. პასუხის სრულად ვერ ჩამოყალიბების შემთხვევაში, დავსვამ დამაზუსტებელ კითხვებს, სანამ მოსწავლე ვერ შეძლებს ამომწურავი პასუხის გაცემას (საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება სხვა კითხვები გამოვიყენო).
კითხვები:
რა წარმოიქმნება სომატური უჯრედის მრავალჯერადი გაყოფის შედეგად?
რა წარმოიქმნება ბლასტულის შემდეგ?
რამდენი შრე გამოიყოფა საბოლოოდ და რა ეწოდება მათ?
რომელი ორგანოები ყალიბდება ექტოდერმიდან, ენდოდერმიდან და მეზოდერმიდან?
სსსმ მოსწავლე დაალაგებს ემბრიონული განვითარების ეტაპებს, რომელიც სავარჯიშოს სახით, წინასწარ მექნება გამზადებული.
აქტივობა 5 (2წთ).
საშინაო დავალება: მიტოზის ფაზების, ემბრიონის განვითარების ეტაპების, ჩანასახოვანი ფურცლებიდან ორგანოების ჩამოყალიბების სქემატურად გამოსახვა და პრეზენტაცია, ჯუფებში შემთხვევითი გადანაწილებით.
დავალება სსსმ მოსწავლეს: ჩემ მიერ წინასწარ გამზადებულ მიტოზის სქემაზე ფაზების სახელწოდების მიწერა.
შეფასება: გაკვეთილის მსვლელობისას, თითოეული აქტივობის ბოლოს, მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებით, ხოლო გაკვეთილის ბოლოს — განმსაზღვრელი შეფასებით, შეფასების სქემის კრიტერიუმების გათვალისწინებით.
თინათინ ბერიძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი