ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია. გარდა იმ უნარ-ჩვევებისა, რაც მათ ახალ გარემოსთან მორგებაში დაეხმარება, ესაჭიროებათ ქცევის მართვა. მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ ყველა პრობლემის მოგვარება მოსწავლისგან შეუმჩნევლად, შეფარვით მოახერხოს.
თანამედროვე მოსწავლე თავისუფალი, დამოუკიდებელი, გამბედავი და მოაზროვნეა, თუმცა, გარკვეულწილად, ჯიუტი და თავნებაა. გამომდინარე აქედან, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს მეტად მნიშვნელოვან საქმესთან შეჭიდება გვიწევს — გარდა იმისა, რომ იყო საგნის კარგი სპეციალისტი, უნდა შეგეძლოს კლასის ეფექტური მართვა.
პედაგოგიურ პრაქტიკაში არ არსებობს მზა რეცეპტი, რომელიც ყველა კონკრეტულ სიტუაციაში დაგვეხმარება. მინდა გაგიზიაროთ, ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან ის მეთოდი, რომელიც მოსწავლეთა ქცევის რეგულირებაში დამეხმარა.
4 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობ და ვასწავლი ერთი და იმავე კლასს (I-IV). მიუხედავად პედაგოგიური საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილებისა, პროფესიული სიახლეების მუდმივად დანერგვისა და კარიერული წინსვლისა, ყოველ ახალ „ნაკადს“ განსხვავებული მეთოდის, მიდგომისა თუ სტრატეგიის შემუშავება სჭირდება. გასულ სასწავლო წელს პირველი კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი ვიყავი. როგორც ყოველთვის, დავიწყე კვლევა, დაკვირვება, რათა ადვილად გავმკლავებოდი წამოჭრილ პრობლემებს, მაგრამ ნაცადმა ხერხებმა ვერ მომცა სასურველი შედეგი მოსწავლეთა ქცევის მხრივ, ეს იგრძნობოდა გაკვეთილებზე და არასაგაკვეთილო დროსაც.
გადავწყვიტე, რაღაც ახალი მომეფიქრებინა. დავიწყე პროექტზე მუშაობა. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ სასწავლო პროექტი, ეს არის აქტივობა, რომლის მთავარი შემსრულებლები თავად არიან. მათი მოტივაციის ასამაღლებლად კი დავპირდი, რომ ჩვენს ნაშრომს მშობლებისა და თანატოლების წინაშე წარვადგენდით. პროექტს დავარქვით „მართვის მოწმობა“, ეს იმიტომ, რომ კლასის მოსწავლეთა უმრავლესობა ვაჟები არიან (12 ვაჟი და 4 გოგონა), დაკვირვებისას კი გამოიკვეთა, რომ მათ ძალიან მოსწონთ მანქანები, თამაშობდნენ პოლიციელობანას. საქმეში გოგონებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, დავუნაწილე დავალებები (მივეცი არჩევის საშუალება) — ერთ ჯგუფს უნდა შეედგინა სკოლის დერეფანში მოძრაობის წესები, მეორეს — სკოლის ეზოში და მის გარეთ, მესამეს — საკლასო ოთახში, მეოთხეს კი — სკოლის სასადილოში. პერიოდულად ვაკვირდებოდი მათ მუშაობას და სწორ მიმართულებას ვაძლევდი. ჯგუფებმა პლაკატები დაამზადეს, გამოაკრეს შესაბამის ადგილას და ცდილობდნენ მათ შესრულებას; საბოლოოდ, მათთვის „მართვის მოწმობები“ დავამზადე, რომლის უკანა მხარეს მათ მიერვე შემუშავებული წესები მოვათავსე, დიდ ფორმატზე ჩამოვწერე მოსწავლეთა სახელები და წესების ნომრები, სულ — 5 წესი. გავუკეთე ლამინირება და ნამდვილ მართვის მოწმობას დავამსგავსე. გადავწყვიტეთ, თუ მოსწავლე ერთ წესს დაარღვევდა, ერთი მინუსი ჩაიწერებოდა იმ წესის სვეტში; თითოეული წესი 20 ქულით შევაფასეთ, შესაბამისად, სულ — 100 ქულა. დავაწესეთ „ჯარიმები“ — თუ რომელიმე მოსწავლეს ერთ სვეტში მაქსიმალური დარღვევა ექნებოდა (20 მინუსი), მას გაფრთხილება მიეცემოდა და 2 მოთხრობას წაიკითხავდა. ხოლო ვისაც ყველა სვეტში მაქსიმალური დარღვევა ექნებოდა, მას ე.წ. „მართვის მოწმობა“ ჩამოერთმეოდა, ყოველდღე დარჩებოდა საკლასო ოთახში და მასწავლებელს შემდეგი დღისთვის საკლასო გარემოს მოწესრიგებაში დაეხმარებოდა, არ წავიდოდა სპორტის გაკვეთილზე და ა.შ. ეს წესები მათივე შემუშავებული და მოწონებულია.
შევიმუშავეთ ე.წ. „ჯარიმების ქვითარი“, რომელშიც იწერება მოსწავლის გვარი, სახელი, დრო, ჯარიმის ტიპი, გადახდის ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მიეცემა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. თუ იმ ვადაში მსგავს დარღვევას ადგილი არ ექნება, მისი „მინუსი“ ანულირდება.
რაც შეეხება გაკვეთილებზე დაგვიანებას, რამდენ წუთსაც დააგვიანებს მოსწავლე, სამჯერ მეტი დროით დარჩება გაკვეთილების შემდეგ. ამ დროში კი, შესაძლოა, გაასწროს სკოლის ტრანსპორტმა და სახლში ფეხით წასვლა მოუხდეს. მოსწავლეები ცდილობენ, თავიდან აირიდონ ეს უსიამოვნება.
პარალელურად, ყველა შესრულებულ წესზე ვაგროვებთ „ღიმილებს, ვარსკვლავებს“ და დიდ ფორმატზე მოთავსებულ მათ ფოტოზე ვაკრავ. ბავშვები ითვლიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის რამდენი პოზიტიური ნაბიჯი აქვს გადადგმული.
ახალმა ხერხმა გაამართლა. ბავშვები იმდენად დაინტერესდნენ და ჩაერთნენ ამ აქტივობაში, რომ აღარ რჩებოდათ დრო ცელქობისთვის; სასწავლო წლის ბოლოს, არც ერთ მოსწავლეს არ აღმოაჩნდა 5-6 მინუსზე მეტი. ამასობაში კი, მალულად, შემოესწავლათ ქცევის მართვა.
ბოლოს, მინდა წარმატებები გისურვოთ მეტად ფაქიზ და საპასუხისმგებლო საქმეში, რომელიც ავირჩიეთ. ჩვენს შემოქმედებითობაზე მოზარდის მომავალია დამოკიდებული, ამიტომ ნუ დაიშურებთ ძალას, ენერგიას, გამოცდილებას და თქვენვე გაგახარებთ თქვენივე შრომის ნაყოფი.
მანანა ტაბატაძე
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის
№2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი პედადოგი