22 დეკემბერი, კვირა, 2024

რიტორიკული სამკუთხედი, როგორც შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი

spot_img
ნატალია ბერკაცაშვილი
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

 

რიტორიკული სამკუთხედი, რომელიც ასევე არისტოტელეს სამკუთხედის სახელით არის ცნობილი, წარმოადგენს შეფასების ფორმასა და მოდელს. ის

გამოიყენება მოსაუბრეს, აუდიტორიასა და განსახილველ საკითხსა თუ თემას შორის არსებული კავშირის ასახსნელად.

რიტორიკული სამკუთხედი ხშირად გამოიყენება ისეთი დამარწმუნებელი ინფორმაციის გაანალიზებისა და შეფასების ინსტრუმენტად, როგორებიცაა: საჯარო გამოსვლის ტექსტები, ესეები და რეკლამები.

რიტორიკული სამკუთხედის მიზანია, ხელი შეუწყოს მომხსენებლებს (ავტორებს) ეფექტური და დამარწმუნებელი გზავნილების მომზადებაში, რომელიც მათ აუდიტორიაზე იქნება მორგებული. რიტორიკული სამკუთხედის ძირითადი ელემენტებია: ეთოსი, პათოსი და ლოგოსი.

♦ ეთოსით ფასდება მოსაუბრის (ავტორის) დამაჯერებლობა ან სანდოობა. ამაში იგულისხმება მისი კომპეტენტურობა, რეპუტაცია და სტატუსი;

♦ პათოსით ფასდება ემოციური მიზიდულობა ან კავშირი მოსაუბრესა და აუდიტორიას შორის, რაც ისეთი ენით საუბარს და მაგალითების მოყვანას ნიშნავს, რომელიც აღძრავს ემპათიის, სიმპათიის, სიბრაზისა თუ ბედნიერების მსგავს ემოციებს;

♦ ლოგოსით ფასდება განსახილველი თემისა თუ თეზისის გასამყარებლად გამოყენებული ლოგიკური არგუმენტი ან ლოგიკური მსჯელობა, რაც მოიცავს ფაქტებს, სტატისტიკასა და მტკიცებულებებს მოყვანილი არგუმენტების მხარდასაჭერად.

ნაბიჯი 1. მოსაუბრის (ავტორის) იდენტიფიცირება

რიტორიკული სამკუთხედის გაანალიზების პირველ ეტაპზე ამოვიცანი ინფორმაციის გადამცემი ადამიანი თუ სუბიექტი (შესაძლოა ეს იყოს ცალკეული პიროვნება, ჯგუფი, ორგანიზაცია ან კომპანია).

ნაბიჯი 2. კონცეფციის წარმოდგენა

მოსწავლეებს მივაწოდე რიტორიკული სამკუთხედის შესახებ ინფორმაცია, მივაწოდე ინსტრუქცია: ავუხსენი შემადგენელი სამი ელემენტის (ეთოსი ,ლოგოსი და პათოსი) მნიშვნელობა. მოვუყვანე მაგალითები საჯარო გამოსვლის ტექსტებიდან, რეკლამებიდან და კომუნიკაციის სხვა ფორმებიდან იმის საჩვენებლად, თუ როგორ „მუშაობს“ ეს სამი ელემენტი დამარწმუნებელი ინფორმაციის ფორმულირებაში.

ნაბიჯი 3. კონცეფციის გააზრება

განვიხილეთ და გამოვყავით დრო რიტორიკული სამკუთხედის თითოეული ელემენტის უფრო დეტალური განხილვისთვის, ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციის დროს მათი ეფექტურად გამოყენება.

ნაბიჯი 4. ფერებად დაყოფა

მოსწავლეებთან ერთად დავყავი რიტორიკული სამკუთხედის შემადგენელი ნაწილები ფერებად, კერძოდ: ეთოსი – ყვითელი, ლოგოსი – წითელი და პათოსი – ლურჯი.

ნაბიჯი 5. მაგალითებზე მსჯელობა

მოსწავლეებმა გააანალიზეს საჯარო გამოსვლებიდან, ესეებიდან თუ რეკლამებიდან მოყვანილი მაგალითები, რომლებშიც გამოიყენება ეთოსი, პათოსი და ლოგოსი და განსაზღვრეს, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციაში თითოეული ელემენტის გამოყენება.

ნაბიჯი 6. გზავნილების ფორმულირება

მოსწავლეებმა ივარჯიშეს გზავნილების ფორმულირებაში, ჩამოაყალიბეს საკუთარი გზავნილები რიტორიკული სამკუთხედის გამოყენებით. ამისათვის მათ ვთხოვე მიცემულ სასაუბრო თემასთან დაკავშირებული გამოსასვლელი სიტყვის,  ან სარეკლამო განცხადების მომზადება, რომელშიც აუდიტორიის დასარწმუნებლად გამოყენებული იქნებოდა ეთოსი, პათოსი და ლოგოსი. მოსწავლეებმა შეაფასეს  ერთმანეთი ფერების მიხედვით, მაგალითად, თუ გამომსვლელის სიტყვაში იყო ეთოსი, აფასებდნენ ლურჯი ფურცლით, თუ ლოგოსიც – ყვითელი ფურცლით და პათოსის შემთხვევაში კი – წითელი ფურცლით, სამივეს არსებობის შემთხვევაში კი – სამივე ფერით.

ნაბიჯი 7. კომუნიკაციის ეფექტური შეფასება

პროცესის დასკვნით ეტაპზე შევაფასე კომუნიკაცია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად მოახერხეს მომხსენებელმა  მოსწავლეებმა აუდიტორიასთან კონტაქტი, ინფორმაციისა თუ თემის მიწოდება, რაც გულისხმობდა მოსაუბრის (ავტორის) გამოყენებული ხმის ტემბრის, ინტონაციის, სტილისა და გადაცემულ ინფორმაციაზე აუდიტორიის რეაგირების ანალიზს. საკუთარი საინფორმაციო გზავნილების შემუშავების და მთლიანი ჯგუფის წინაშე წარდგენის შემდეგ, მოსწავლეებმა განიხილეს და შეაფასეს ავტორის მიერ აუდიტორიის დასარწმუნებლად გამოყენებული ეთოსის, პათოსისა და ლოგოსის ეფექტურობა ფერადი ფურცლების საშუალებით.

ნაბიჯი 8. ნასწავლის რეალურ სიტუაციაში გამოყენება

წახალისების მიზნით მოსწავლეებს ვთხოვე, რიტორიკული სამკუთხედის რეალურ სიტუაციაში გამოყენება, შერჩეული ადამიანების დახატვა და გაფერადება შესაბამისი ფერების საშუალებით. შედეგად, ნახატში, ფერების მიხედვით, პროცენტულად გადანაწილდა სანდოობა, ემპათია/ემოცია და ლოგიკურობა.

ნაბიჯი 9. ურთიერთშეფასება

მოსწავლეებს დავურიგე მათ მიერ წინასწარ დაწერილი არგუმენტირებული ესეები და ვთხოვე შეეფასებინათ ერთმანეთის წერითი დავალებები რიტორიკული სამკუთხედის შესაბამისი ფერადი მარკერის გამოყენებით.

ნაბიჯი 10. გაზიარება

მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შედეგები, განიხილეს მსგავსება-განსხვავებები და ეცადნენ, მოეძებნათ საკუთარი პასუხების გამართლება.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები