4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

რიტმიკა – როგორც სამყაროს ჰარმონიის ხელოვნება

spot_img

ნათია ნიკოლაძე
სსიპ ბათუმის №18 და №30 საჯარო სკოლების მუსიკის მასწავლებელი

 

 

სასკოლო დისციპლინების: მუსიკისა და ფიზიკური აღზრდის ინტეგრირება

თანამედროვე სამყაროში ხელოვნების სინთეზური ფორმების პოპულარიზაციამ შეცვალა საზოგადოების წარმოდგენები და ესთეტიკური ზემოქმედება მოახდინა ადამიანზე. ადამიანის შინაგანი კულტურისა და მსოფლაღქმის გაფართოებასთან ერთად, ვითარდება მისი რიტმულობის შეგრძნება და რიტმული გამომსახველობითი საშუალებები.

პირველყოფილ ეპოქაში ადამიანის ყოფითი ცხოვრება მთლიანად დამოკიდებულიკ იყო ბუნებრივი პროცესების რიტმულობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მთლიანად მინდობილი იყო ბუნებრივი მოვლენების კანონიერ ცვალებადობას. უძველესი ადამიანის წარმოდგენაში რიტმულობის გაუცნობიერებელი ფენომენი დედამიწისა და ციური სამყაროს ჰარმონიული თანაარსებობის საფუძველს წარმოადგენდა. რიტმი იყო ბუნებრივი ცვალებადობის კანონზომიერი მახასიათებელი და პირველყოფილი საზოგადოების წარმომადგენელთა ცხოვრებაც, დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ამ კანონზომიერების სრული დაცვით წარიმართებოდა.

მსოფლმხედველობრივ განვითარებასთან ერთად, შეიცვალა ადამიანის დამოკიდებულება მიკრო და მაკრო სამყაროს რიტმული აგებულებისადმი. სამყაროს ევოლუციის შედეგად, თანამედროვე ადამიანის ცხოვრება გაცილებით უფრო დინამიური, აჩქარებული და დროში შემჭიდროებულია. შესაბამისად, მისი ცხოვრებისეული რიტმიც დინამიური და სწრაფია.

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, და მათ შორის ადამიანიც, მუდმივად იმყოფება გარემოსთან ინფორმაციის, ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესში. თუ რაიმე მიზეზის გამო ინფორმაციულ, მატერიალურ და ენერგეტიკულ დონეზე დაირღვა ცვლა, ეს უარყოფითად აისახება ორგანიზმის განვითარებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ყოველივე ამას განაპირობებს ბიოლოგიური რიტმი, ანუ ბიორიტმი. ბიოლოგები დროის ცვალებადობას ცოცხალ, ორგანულ სისტემაში ასახავენ. დროის ათვლის მექანიზმი ადამიანის სხეულის ყველა უჯრედშია – დნმ-ის მოლეკულები, რომლებიც ინახავენ და გადასცემენ გენეტიკურ ინფორმაციას. რიტმის ფორმირება ჯერ კიდევ დაბადებიდან იწყება. დედის სხეული წარმოადგენს მის საკონტაქტო არეს, შემდგომში კი ყოველ ადამიანს საკუთარი, ინდივიდუალური რიტმი უყალიბდება, რომელიც მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობასა და ემოციაზე ზემოქმედებს.

თავად ადამიანის ორგანიზმიც რიტმულადაა აწყობილი – სისხლის მიმოქცევის სისტემა, ნივთიერებათა ცვლა, მხედველობის ორგანოები, ნერვული სისტემა. გულის კუნთების დაუღალავი და საოცარი რიტმულობის შედეგია ჩვენი გულისცემა.

ამგვარად, რიტმიკას ადამიანის არა მხოლოდ ემოციურ, არამედ ფიზიკურ განვითარებაშიც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. სასკოლო დისციპლინების დანიშნულება კი, სწორედ ადამიანის სრულფასოვანი ფორმირებისკენაა მიმართული.

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვამ თანამედროვე სკოლისა და სასკოლო განათლების მიზნები მნიშვნელოვნად შეცვალა, მოქმედ მასწავლებლებს მიზნად დაუსახა მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა. ამ მიზნის მიღწევა მრავალი ხერხითაა შესაძლებელი, მათ შორისაა საგანთა ინტეგრირება.

ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენებისა და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებასა და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ცოდნის სამი ტიპი:

  1. დეკლარატიული;
  2. პროცედურული;
  3. პირობისეული.

ეს უკანასკნელი კი გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებასა და სხვადასხვა კონსტექსტში ტრანსფერის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამ შეხედულებათა გათვალისწინებით, ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება. ინტეგრირებული საგნები: მუსიკა და ფიზიკური აღზრდა.

რესურსი I: https://www.youtube.com/watch?v=ofbnpVbtqTc

მუსიკის გამოყენებას ადაპტური ფიზიკური აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება – ამაღლებს ემოციურობას, ყურადღებას, აღქმას და მეხსიერებას, ავითარებს შრომისუნარიანობას. მუსიკის თანხლებით მეცადინეობა აყალიბებს დროის, სივრცისა და დინამიკური პარამეტრების დიფერენცირებას. რიტმის გრძნობა წარმოადგენს ფიზიკური ვარჯიშებისა და სხვა მოძრაობითი ხარისხის განვითარების ბაზას.

რიტმს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. რიტმი საფუძვლად უდევს ცალკეულ ლოკომოციას. მოძრაობის სწორ რიტმში შესრულება ადვილად ავტომატიზირდება, რის შემწეობითაც ხდება ენერგიის ხარჯვისა და კუნთური ძალის ეკონომია. გავლენას ახდენს რა მოტორიკაზე, რიტმიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლოგოპედური მუშაობის საერთო სისტემაში. მუსიკალური თანხლება მასწავლებელს უმსუბუქებს შრომას, ათავისუფლებს მას აუცილებელი თვლისგან, მოსწავლეები თავიანთ მოქმედებებს მუსიკის ხასიათს უმორჩილებენ.

რიტმიკაში მეცადინეობის მიზნებია:

◊ ვასწავლოთ მოსმენა და მუსიკის სწორად გაგება;

◊ ვასწავლოთ მოძრაობის შესრულება მუსიკის შესაბამისად;

◊ აღვზარდოთ მუსიკალურ-მოძრაობითი ჩვევების კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს ადაპტიური ფიზიკური აღზრდის შემდგომი უზრუნველყოფის ბაზას.

დასახული მიზნების განხორციელება ხდება შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

♦ ვასწავლოთ მეცადინეობის დროს მუსიკალურ-მოძრაობითი ამოცანის ზუსტი, გასაგები ფორმირება;

♦ ხატოვანი აზროვნება;

♦ ინფორმაციის ყურადღებით მოსმენა, აღქმა და მოქმედების ანალიზი.

იმისათვის, რომ მასწავლებელმა გაკვეთილი მუსიკის თანხლებით ჩაატაროს, მუსიკის ისეთი პარამეტრების გარჩევა უნდა შეეძლოს, როგორიცაა; ხმის სიმაღლე, ხანგრძლივობა, ტემბრი; შეეძლოს ხმაზე განსაზღვროს მუსიკალური პერიოდების და ფრაზების დაწყება და დამთავრება, მუსიკის შესაბამისად ვარჯიშების შედგენა, ბრძანების გაცემა.

მასწავლებლის ამოცანას წარმოადგენს:

◊ მოსწავლეთათვის ნათელი, მისაწვდომი ამოცანის ფორმულირება;

◊ ახალი მოძრაობის ძველ (ადრე ნასწავლ) მოძრაობასთან კავშირის გამოკვეთა;

◊ მოძრაობის მუსიკასთან ურთიერთკავშირის შექმნა;

◊ ახალი მოძრაობის ახსნა შესაბამისი მუსიკალური თანხლებით.

რიტმის გრძნობის გასავითარებელი საშუალებებია:

♦ მწყობრად სვლა შერჩეულ მუსიკასთან შესაბამისი სიმღერით;

♦ ცეკვები;

♦ წინხტომები, ხტომები (ცალ და ორ ფეხზე, ადგილზე, უკან, გვერდზე) იმავე ზომით;

♦ ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები.

მუსიკის თანხლებით მოძრაობა არა მარტო ზემოქმედებს ფიზიკურ განვითარებაზე, არამედ კეთილსასურველ გარემოს ქმნის ისეთი ფსიქიკური ფუნქციებისთვის, როგორიცაა: აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება, აღქმა. დინამიურობის მრავალფეროვნება, მუსიკის მაორგანიზებელი დასაწყისი, მისი რიტმული სტრუქტურა, ტემპის მრავალგვარი ცვლილება იწვევს ყურადღების მუდმივ კონცენტრაციას, ვარჯიშის შესრულების პირობების დამახსოვრებას, მუსიკალური ფრაზების შეცვლაზე სწრაფ რეაქციას.

რიტმიკის სწავლების პროცესში ეფექტურად მიმდინარეობს პიროვნების დადებითი თვისებების აღზრდა. მოსწავლეები იძენენ ორგანიზებულ, ერთობლივი მოქმედების თვისებებს, დისციპლინას. სწავლობენ ერთმანეთის მიმართ მოკრძალებით და პატივისცემით მოპყრობას.

რიტმიკის პროგრამა ოთხი ნაწილისაგან შედგება:

◊ სივრცეში ორიენტირების ვარჯიშები;

რესურსი II: https://www.youtube.com/watch?v=DVW7dc-yxns

◊ რიტმულ-ტანვარჯიშული ვარჯიშები;

რესურსი III: https://www.youtube.com/watch?v=6SBf4OpEL0E&t=17s

◊ თამაშები მუსიკის თანხლებით;

რესურსი IV: https://www.youtube.com/watch?v=GI6M-Y9Hyro&t=9s

◊ ცეკვითი ვარჯიშები.

რესურსი V: https://www.youtube.com/watch?v=vvJj0YrS2RM

ასე რომ მუსიკა და ფიზიკური აღზრდა უმიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოზარდის როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ განვითარებაში და უმნიშვნელოვანესია მოზარდის განვითარების ყველა ეტაპზე. ამ დისციპლინების ინტეგრირება კი მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, სასწვალო პროცესი დაგეგმონ და წარმართონ მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი მაქსიმალური ჩართულობით, აკადემიური უნარების გასაუჯობესებლად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. mastsavlebeli.ge
  2. https://www.alfred.com/blog/music-and-sports-why-do-both/
  3. https://hellomusictheory.com/learn/rhythm/

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები