1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

რითი განსხვავდება სახეცვლილი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი

spot_img

როგორც ცნობილია, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში ცვლილება შევიდა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გამუდმებულად ისმის კითხვა – გართულდა თუ გაიოლდა ტესტი? გაურკვევლობაა არა მხოლოდ აბიტურიენტებში, არამედ ქართულის მასწავლებლებშიც, რომელთა ნაწილი, სამწუხაროდ, მიიჩნევს, რომ ცვლილება „თაობის დასაჩლუნგებლად“ განხორციელდა, ტესტი გამარტივდა და ამასთან ერთად, დაიკარგა ლიტერატურა. რეალურად რა შეიცვლა და რით განსხვავდება სახეცვლილი ტესტი ძველისგან – ამ კითხვას პასუხობენ ქართული ენისა და ლიტერატურის კვალიფიციური  მასწავლებლები – მარინე კობახიძე, მარი ჯოხაძე და ნატა დავითაშვილი, რომლებიც, ამავდრულად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებლებიც არიან. ჩვენთან საუბრისას, პედაგოგები ამბობენ, რომ დროდადრო განახლება აუცილებელია, რადგან გამოცდა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს სასკოლო ცხოვრებასა და რეალობას.

 

მარინე კობახიძე

პედაგოგიკის დოქტორი, „ახალი სკოლა“ – საერთაშორისო ბაკალავრიატის  მსოფლიო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

საუბარს დავიწყებ იმით, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგამოცდო  დავალების ფორმატის  ცვლილება არ არის თვითმიზნური, ხელოვნური, გარედან თავს მოხვეული ფაქტი. ეს არის ბუნებრივი, კანონზომიერი მოვლენა, აუცილებლობა. საგამოცდო დავალების ძველმა ფორმატმა თავის დროზე ძალიან კარგად იმუშავა, თავისი მისია შეასრულა და რაღაც ეტაპზე ამოწურა კიდეც თავი. ამით იმის თქმა მსურს, რომ ცვლილება ორგანული და კანონზომიერია, წინა ეტაპიდან გამომდინარე. ქვემოთ ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრებ.

კონკრეტულად, რით განსხვავდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ახალი ფორმატი ძველისაგან? ძველი ითვალისწინებდა 3 საათსა და 45 წუთში ტექსტის რედაქტირებას (16 ქულა) და ორი ესეს დაწერას – აქედან ერთი იყო არგუმენტირებული და ფასდებოდა 24 ქულით, მეორე – მხატვრული ტექსტის ანალიზი, ფასდებოდა 30 ქულით. ამრიგად, ჯამური ქულა შეადგენდა 70-ს.

54 ქულის მოსაპოვებლად „ბრძოლა“ და ორი დამოუკიდებელი ესეს დაწერა დროის გარკვეული ლიმიტის დაცვით, ერთი მხრივ, სტრესულიც გახლდათ აბიტურიენტებისთვის, მეორე მხრივ, ხშირ შემთხვევაში, „გადაფარავდა“ კიდეც ერთმანეთს. ამასთან, რაკი დავალების პირობა რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი ტიპის იყო, მისი წინასწარ გათვლა უკვე შესაძლებელი აღმოჩნდა და ამან ნაწერები ერთგვარად დაშტამპა როგორც შინაარსობრივად, ისე ენობრივი თვალსაზრისით, გახშირდა მზამზარეული, დაზუთხული ფრაზები, შეფასებები, კლიშეებით მეტყველება, რადგან თანდათან დაიკარგა, თითქოს დაიჩრდილა კიდეც, მოსწავლის ინდივიდუალობა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი ფორმალური გახდა, თითქოს ჩარჩოში „გამოიკეტა“, მოსწყდა დღევანდელობას და აქტუალობა დაკარგა, ამიტომაც იმატა უღიმღამო ნაშრომებმა. არავითარ შემთხვევაში ამას არ ვამბობ აბიტურიენტების დონისა და მათი შემოქმედებითი უნარების გაკრიტიკების მიზნით ან იმ მიზნით, რომ დავიწუნო გამოცდის ძველი ფორმატი, რომელიც თავის დროზე წინგადადგმული ნაბიჯი იყო და, როგორც უკვე აღვნიშნე, თავისი ფუნქცია კარგად შეასრულა, მაგრამ, როგორც ყველაფერს, მათ შორის გამოცდის ფორმატსაც სჭირდება განახლება, ახალი გამოწვევების დასახვა, აბიტურიენტების მოტივაციის ამაღლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირადად, ჩემთვის, ესაა კლასიკური ლიტერატურის ახალი თვალთახედვით წაკითხვა და მისი ახლებურად აღქმა, გააზრება და დაკავშირება თანამედროვეობასთან, ცხოვრებასთან; მისი აქტუალობის უფრო მეტი ინტენსივობით წარმოჩენა.

ახალი ფორმატით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 3-საათიანია და ფასდება 60 ქულით, აქედან პირველი დავალება 16-ქულიანია და ისევ ტექსტის რედაქტირებას მოიაზრებს; მეორე 10 ქულით ფასდება და ესაა მოსწავლისთვის შეთავაზებული ორი, პროგრამული და არაპროგრამული, ლიტერატურული ნიმუშიდან ერთ-ერთის არჩევა და მისი დახურული კითხვებით გააზრება; მესამეა 34-ქულიანი ლიტერატურული თხზულება. მასში მოაზრებულია მსჯელობა დასახელებული პრობლემის აქტუალობის შესახებ და ამ პრობლემის განხილვა მოსწავლის მიერ უკვე შერჩეულ ლიტერატურულ ტექსტზე დაყრდნობით. სწორედ ეს დავალებაა შინაარსობრივად და ხარისხობრივად ახალი და ამ ესეს გასწორებაში ვმონაწილეობ.

თუ დავსვამთ შეკითხვას, რა მოთხოვნებს უყენებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ესეს ახალი ფორმატი აბიტურიენტს ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, რომელი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს მას, ესენია: ფაქტობრივი მასალის ცოდნასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, დავალების ადეკვატურად გაგება და შემდეგ უკვე დასახელებული პრობლემის შესახებ მსჯელობა, მოქალაქეობრივი პოზიციის, დამოუკიდებელი ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარების, ერუდიციის, ენობრივი კომპეტენციის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ამ უნარების ქონა ადრეც მოეთხოვებოდათ მოსწავლეებს, მაგრამ სიახლეა ის, როგორც უკვე აღვნიშნე, რომ პრობლემის შესახებ მსჯელობა აბიტურიენტებმა უნდა დაუკავშირონ შეთავაზებული ორი ლიტერატურული ტექსტიდან ერთ-ერთს, სურვილისამებრ შერჩეულს, პრობლემის ჭრილში გააანალიზონ ეს ლიტერატურული ტექსტი და ისაუბრონ იმაზეც, თუ რამდენად აქტუალურია იგი დღეს, ანუ მოსწავლე წერს ერთ ესეს დროის ერთ მონაკვეთსა და ერთ სააზროვნო სივრცეში, ნაცვლად ორისა, და ის არანაირად არ არის შეზღუდული, მსჯელობს აქტუალურ პრობლემაზეც და ამ პრობლემის გათვალისწინებით კითხულობს და აანალიზებს ლიტერატურულ ტექსტს; წინა წლებთან შედარებით, განსხვავებული კუთხით იაზრებს მათ. აქვე აღვნიშნავ, რომ აბიტურიენტების თითქმის 90% არგუმენტირებულ ესეში ისედაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს იყენებდა არგუმენტების მოსახმობად და ამას მეხსიერებით ცდილობდა, ამიტომაც ზოგჯერ ეს იყო ან ფაქტობრივი შეცდომების წყარო, ან სასაუბრო თემასთან არაადეკვატური. ორი ესე ასეთ შემთხვევაში ერთმანეთს „გადაფარავდა“ და აზრს კარგავდა მათი ცალ-ცალკე შეფასება. ასე რომ, აბიტურიენტებისთვის დავალების ახალი ვარიანტი ბევრად უფრო მოსახერხებელია, ტექნიკურად და სააზროვნოდ გაიოლებული, მაგრამ არა გამარტივებული ან გართულებული.

მოგეხსენებათ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გამოცდის ახალი ტიპის საპილოტე ტესტირება თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც. ტესტირების შედეგებმა დაგვარწმუნა ახალი ტიპის გამოცდის ეფექტურობაში. ნაწერებში იგრძნობოდა მეტი გულწრფელობა, თავისუფლება, ბუნებრიობა, არასტერეოტიპული აზროვნება; ცხადი გახდა იმის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებმა თანამედროვეობის კონტექსტში განიხილონ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები და ე.წ. „ახალი სიცოცხლე შთაბერონ“ მათ; რომ, მაგალითად, ჰაგიოგრაფიულ თხზულებებშიც შეიძლება ამოიკითხონ დღევანდელობისთვის აქტუალური თემები და პრობლემები; რომ ლიტერატურა უფრო მჭიდროდ შეიძლება დაუკავშირდეს ახალგაზრდას, მის ცხოვრებას; უფრო აქტიური მონაწილოება მიიღოს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. სწავლების მეთოდიკას, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი პედაგოგების უდიდესი ნაწილი ალბათ სწორედ ამ კონტექსტში იაზრებს ლიტერატურის სწავლებას. მე ამით ალბათ ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ, მნიშვნელოვანი ისაა, რომ, თუკი ეროვნული გამოცდაც განსხვავებული კუთხით შესთავაზებს აბიტურიენტს დავალებას, სინთეზურად მიაწვდის პრობლემასა და ლიტერატურულ ტექსტს, ეს სწავლების პროცესსაც წაახალისებს და უბიძგებს მას განახლებისკენ.

რაც შეეხება ახალი ტიპის ესეების გასწორების პროცესს, ის უფრო დინამიკურად წარიმართა, ესეები იკითხებოდა ბევრად უფრო სხარტად და საინტერესოდ. ამაში დიდია კონსტრუქციულად შედგენილი ესეს შეფასების კრიტერიუმების წილიც. მე ვმუშაობ საერთაშორისო სკოლა-ბაკალავრიატ „ახალ სკოლაში“, რის გამოც საშუალება მაქვს, ვიცნობდე და ვიყენებდე ესეების გასწორების კრიტერიუმების საერთაშორისო სტანდარტებს. მინდა ისიც აღვნიშნო, თუ რა ხშირად ცვლიან იქ არა მარტო გამოცდების ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებს, არამედ სასწავლო პროგრამებსაც კი, რათა სწავლების პროცესი მუდმივად ახლდებოდეს. ამ სტანდარტებს სავსებით შეესაბამება ჩვენი ეროვნული გამოცდის შეფასების კრიტერიუმები. მათში გამიჯნულია პრობლემისა და ლიტერატურული ტექსტის ანალიზის შეფასების კრიტერიუმები, ასევე, გაიმიჯნა მოსწავლის ზოგადი განათლებისა და დამოუკიდებელი აზროვნებისა და შეფასების კრიტერიუმები. ეს პრინციპი კარგად მოერგო ახალი დავალების ტიპს. ამ ყოველივემ გასწორების ტემპი ააჩქარა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნიმუშების სწორება დროის ყველაზე დიდ მონაკვეთს მოითხოვდა და დროში იწელებოდა.

არა მხოლოდ საპილოტე ნაწერებზე დაყრდნობით, არამედ ჩემი მოსწავლეების მოსაზრებებსა და მათ ესეებზე დაკვირვების საფუძველზეც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ესეს ახალი ფორმატი ბევრად უფრო ეფექტურია აბიტურიენტის შესაძლებლობების გამოსავლენად; ანიჭებს მას თავისუფლების შეგრძნებას, რადგან თავად დავალება ათავისუფლებს სტერეოტიპებისა და შაბლონური შეფასებებისგან, და იძლევა იმის საშუალებას, უფრო სიღრმისეულად და ინტენსიურად ჩასწვდეს ლიტერატურულ ნაწარმოებებში წარმოდგენილ პრობლემებს; ლიტერატურა თანამედროვეობას დაუკავშიროს; დარწმუნდეს მისი, როგორც კულტურული ღირებულების, მარადიულობაში.

 

მარი ჯოხაძე

გურამ რამიშვილის სახელობის №20 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში ცვლილებები შევიდა. 2005 წლიდან დაწყებული, ტესტმა უკვე რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. თავდაპირველი ტესტი უფრო მეტად თეორიული ცოდნის კომპეტენციის შემოწმებაზე იყო ორიენტირებული, შემდეგ ეტაპობრივად სააზროვნო უნარების შემოწმება გახდა შესაძლებელი. 2018 წლიდან იგი მოიცავდა სამ დავალებას: ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი. 2022 წელს აბიტურიენტებს ახალი ფორმატით მოუწევთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება, წელს შევიდა ცვლილებები და არგუმენტირებული ესე და ლიტერატურული ტექსტის ანალიზი გაერთიანდა, ამასთანავე, დაბრუნდა წაკითხულის გააზრება. საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ერთი ნაწილი თვლის, რომ დაიკარგა ლიტერატურა, სხვანი კი ტესტს გამარტივებულს ხედავენ და თვლიან, რომ გამოცდა ხელს შეუწყობს „თაობის დაჩლუნგებას“.

უნდა ითქვას, რომ ტესტი, მართლაც, გამარტივდა, თუმცა ლიტერატურული ტექსტის ანალიზი, უდავოდ, რთული დავალება იყო. იგი მოითხოვდა აბიტურიენტის მხრიდან დიდ ლიტერატურულ გემოვნებასა და მწერლის სტილის, ენის, ემოციის, ამასთანავე, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობასა და ფუნქციურ გააზრებას, ეს ყოველივე კი, დამერწმუნეთ, რთული შესასრულებელია საფუძვლიანად, ამიტომაც აბიტურიენტთა ნაშრომებში ხშირად შეიმჩნეოდა, ეგრეთ წოდებული, შაბლონური წინადადებები, გაზეპირებული და არა გააზრებული ფრაზები.

რაც შეეხება ლიტერატურულ ესეს, ის უფრო თავისუფალი და შემოქმედებითია და არ საჭიროებს მკაცრ სტრუქტურულ ელემენტებს ისე, როგორც არგუმენტირებული ესე, ან თუნდაც ლიტერატურული ტექსტის ანალიზი. აბიტურიენტს მოუწევს იმსჯელოს ტექსტში წამოჭრილ  პრობლებაზე, განიხილოს ის მოცემული ტექსტის მიხედვით და დაუკავშიროს თანამედროვეობას, იმსჯელოს ლოგიკურად და თანმიმდევრულად. შემოთავაზებული ნიმუში არ ზღუდავს აბიტურიენტს და, ამასთანავე, თხზულებაც ერთიანობაში აღიქმება, ხოლო პრობლემაზე დაფუძნებული მსჯელობა და მისი აქტუალურობის განსაზღვრა ლიტერატურულ ტექსტს უფრო ცოცხალს გახდის. მართალია, ლიტერატურის მასწავლებლებს გული სწყდებათ, რომ ლიტერატურა და მისი მხატვრული მხარე დაიჩაგრა, მაგრამ ეს საყოველთაო გამოცდაა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რჩება მეორე აჩევითი გამოცდა ლიტერატურისა, რომელშიც, რა თქმა უნდა, აბიტურიენტს (განსაკუთრებული ლიტერატურული გემოვნების მქონეს) შესაძლებლობა ექნება საკუთარი ნიჭის გამოვლენისა. ამასთანავე, წაკითხულის გააზრების აღდგენა არაქართულენოვან აბიტურიენტებს მისცემს შანსს ბარიერის გადასალახად. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ მოცემული კითხვები ამოწმებს ტექსტის როგორც მხატვრული ელემენტების ცოდნას და ამოცნობას, ისე ლიტერატურული მიმდინარეობის, ეპოქისა და ჟანრული მახასიათებლების ცოდნასაც, ეს კი, უდავოდ, ლიტერატურის შესწავლის საგანია.

უნდა მოგახსენოთ, რომ ტესტის ახალი ვარიანტი რამდენიმე სკოლაში გამოიცადა და მათ შორის ჩვენს სკოლაშიც ჩატარდა აპრობაცია. აბიტურიენტთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ცვლილებები მოეწონა და თავი ადვილად გაართვა ამოცანას. სააპრობაციო ნიმუშების გასწორებამაც ცხადყო, რომ საშუალო ქულათა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე დაბალი და მაღალი ქულები, ესეც ტესტის ვალიდურობის მაჩვენებელია.

ასე რომ, აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს არანაირი შიშის საფუძველი არ აქვთ, რაც შეეხება საზოგადოების სხვა წევრებს, მათი მისამართით უნდა ითქვას, რომ ყველაფერი საჭიროებს დროდადრო განახლებას და გამოცდაც უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს სასკოლო ცხოვრებასა და რეალობას.

 

ნატა დავითაშვილი

157-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ცვლილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში, ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მომხდარა და ეს არ ეხება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტრატურის ტესტს. ქართულის ტესტი ნამდვილად იცვლის ხოლმე ფორმატს და მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში იხვეწება კიდეც. ჩემი დაკვირვებით, ტესტის შემდგენლები, დახვეწის გარდა, ცდილობენ უფრო მეტად მოარგონ ტესტი აბიტურიენტს. საერთოდ, როგორც ყველაფერი, ტესტიც, დროთა განმავლობაში, თავის თავს ამოწურავს ხოლმე. ასეთ დროს, სწორიც არის ფორმატის ცვლილება. ახლაც მგონია, რომ ქართულის ტესტმა რაღაც ეტაპი ამოწურა, თუმცა, ტესტს დიდი ცვლილება არ განუცდია, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა და სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გააჩინა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ძალიან გაადვილდა და მეორე ნაწილი გაურკვევლობაშია – გართულდა თუ არ გართულდა ტესტი. ჩემი აზრით, ძალიან არ გამარტივებულა, უბრალოდ, რაღაცა დოზით შემსუბუქდა – აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ ორი სრულყოფილი თემის – ესეს და ლიტერატურული თხზულების დაწერა, რომელიც ბევრ კომპონენტს მოიცავდა. მონაკვეთის მიხედვით უნდა დაეხასიათებინათ პერსონაჟი, შემდეგ ემსჯელათ მთავარ სათქმელზე, რაც ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა ხოლმე აბიტურიენტებში. ასევე, ჩემი აზრით, შაბლონად იქცა მხატვრულ ხერხებზე მუშაობა, რომელიც  დავალების ერთგვარ დანამატად იქცა .ზოგიერთი მოსწავლე ახერხებდა ამის სწორად გაკეთებას, ნაწილი ვერ ახერხებდა. ვფიქრობ, არ არის მაინც და მაინც მარტივი ამას თავი გაართვას აბიტურიენტმა. ცხადია, კარგია. როცა მოსწავლე მხატვრულ ხერხებს სწავლობს, მაგრამ რთულია ის, აბიტურიენტის დონეზე, ბოლომდე ჩასწვდეს მწერლის ენას, ბოლომდე გაიაზროს ეპოქა თავისი ნიუანსებით. კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, აბიტურიენტმა უნდა იცოდეს მხატვრული ხერხები – ეპიტეთი, მეტაფორა და ა.შ., რასაც, სხვათა შორის, ტესტიც მოიცავს, თუ დაკვირვებით ჩავიხედავთ კითხვების ნაწილში, ამას მარტივად მივხვდებით. ახლა სწორედ ამ ნაწილშია გადატანილი ეს საკითხები და აბიტურიენტმა უნდა ამოიცნოს ესა თუ ის მხატვრული ხერხი. განსაკუთრებით რთული იყო მხატვრული ხერხების ამოცნობა, როცა აბიტურიენტი უცხო ტექსტს ირჩევდა, ამიტომ, ხშირად ხდებოდა ხოლმე ტექსტის არაადეკვატურად გაგება. გვქონია შემთხვევები, როცა სწორად ვერ გაუგიათ ეპოქა და ამის გამო სრულიად აცდინილი იყვნენ ტექტს.

მესმის ზოგიერთის წუხილი იმის შესახებ, რომ შეცვლილ ტესტში სრულიად უგულებელყოფილია მხატვრული ხერხები, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის, ეპოქაც გათვალისწინებულია, ლიტერატურული მიმდინარეობაც და ამიტომ, აბიტურიენტმა ეს საკითხები აუცილებლად უნდა იცოდეს (თან მეხუთე კლასიდან სწავლობენ მხატვრულ ხერხებს და არა მხოლოდ მეთორმეტე კლასში). აქედან გამომდინარე, კიდევ გავიმეორებ, რომ ტესტი არ გამარტივებულა, სხვები, ალბათ, ამას კითხვების შემოტანას უკავშირებენ. თუმცა, ერთი მხრივ, რეალობას თუ შევხედავთ, რაღაც დოზით ესეც უმარტივებს საქმეს აბიტურიენტს – ნამდვილად მოხდა შემსუბუქება, რადგან ორი სრულყოფილი ტექსტის დაწერა აღარ მოუწევთ. ცვლილებამ გააერთიანა ესე და თხზულება და ფაქტობრივად, ახლა ეს არის ლიტერატურული ესე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ახალი ტიპის დავალება უფრო კომპლექსურია. აბიტურიენტს ევალება, ერთი მხრივ, პრობლემაზე იმსჯელოს, კონკრეტულ მხატვრულ ტექსტზე დაყრდნობით, შესაბამისად, აბიტურიენტებსაც და მათ მასწავლებლებსაც მოგვეთხოვება მხატვრული ტექსტის ანალაზი, აბიტურიენტი სიღრმისეულად უნდა ჩასწვდეს ტექსტებს და თითოეული ნაწარმოებიდან, მონაკვეთიდან ამოიტანოს პრობლემა. თავისთავად, ასეთი მიდგომა მოსწავლის და აბიტურიენტის ტექსტთან უფრო მჭიდრო კავშირს და მეტ კონტაქტს მოითხოვს.

სახეცვლილ ტესტში აქცენტი უფრო მეტად აზროვნებაზე, წაკითხულის გააზრებაზე კეთდება. ახალი ტიპის დავალება იმ მხრივ არის საინტერესო, რომ აბიტურიენტს თავისუფალი აზროვნების მეტ შესაძლებლობას აძლევს. თავისთავად, რა შედეგზე გაგვიყვანს ცვლილება, ამას 2022 წლის გამოცდების შედეგები გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ნათლად იკვეთება, ცვლილება მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოებისგანაც ათავისუფლებს აბიტურიენტს და შემოქმედებითი პროცესებისთვის, საკუთარი აზრის უფრო თამამად გადმოცემისთვის მეტ შესაძლებლობას აძლევს. მას შეუძლია, უფრო მრავალმხრივ იმსჯელოს ტექსტთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ტესტის ნიმუშების მიხედვით, როგორც ჩანს, აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად ხედავს აბიტურიენტი, ტექსტიდან გამომდინარე, თანამედროვეობასთან კავშირს. პრინციპში, როცა მასწავლებლები  ამა თუ იმ პრობლემას წამოვწევთ (ცხადია, აქამდეც ვსაუბრობდით ამაზე), აუცილებლად უნდა ვეცადოთ, მოსწავლეებმა საკუთარი აზრი თანამედოვეობასთან კავშირში დააფიქსირონ, ვფიქრობ ეს, ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მეხუთე საუკუნის ტექსტს თუ განვიხილავთ, მაგალითად, „შუშანიკის წამებას“ და იქ წამოვჭრით პრობლემას, ძალიან საინტერესო იქნება, როგორ ხედავს დღეს 21-ე საუკუნის ადამიანი ამ პრობლემას. ბევრი განსხვავებული მოსაზრება წამოვა და ჩვენი აბიტურიენტები საინტერესოდაც ისაუბრებენ, ამის დიდი იმედი მაქვს.

ვფიქრობ, ამ ტიპის დავალება კიდევ უფრო მეტად შეკრავს თემის სტრუქტურას და აღარ გვექნება ის აცდენები, რაც აბიტურიენტებს, როგორც გითხარით,  მხატვრულ ტექსტთან დაკავშირების დროს ჰქონდათ. თუმცა, რამდენად გამართლდება ეს მოსაზრება, ამას 2022 წლის გამოცდების შედეგები გვიჩვენებს.

ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, არც აბიტურიენტს და არც მასწავლებელს შფოთვის საფუძველი არ აქვთ, რადგან რეალურად ახალი არაფერია, მასწავლებელმაც იგივენაირად უნდა გააგრძელოს მუშაობა აბიტურიენტთან, იქნება ეს სკოლის მასწავლებელი თუ რეპეტიტორი. უბრალოდ, ახლა შეიძლება მათი მღელვარება იმასაც უკავშირდებოდეს, რომ ბევრი არ არის ახალი ტიპის დავალებების ნიმუში. თუმცა, ტექსტს როგორც ვასწავლიდით სიღრმისეულად, ისევე უნდა გავაგრძელოთ სწავლება, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არ ავუაროთ გვერდი ლიტერატურულ მიმდინარეობებს თუ მხატვრულ ხერხებს. ჩემი აზრით, ერთი რამ ნამდვილად უდავოა, ამ ტიპის ტესტში აზრობრივად მეტ დამოუკიდებლობასა და მეტ თავისუფლებას ვხედავ.

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები