მაია აბაშვილი
სსიპ თბილისის №76 საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელი
ალბათ ყველა პედაგოგი, ვისაც მოსწავლეებთან ცოტა ხნით მაინც უმუშავია, დამეთანხმება, რომ სკოლებში ხშირია პრობლემა ე.წ. რთული ქცევის მოსწავლეებთან, რომლებთანაც არ ჭრის სწავლების იგივე მეთოდები, როგორიც დანარჩენებთან. როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში, „გავეჯიბროთ“ მოსწავლეს და მუდმივად გვქონდეს მასთან „ომი“? მუდმივად შენიშვნები მივცეთ? კლასის წინაშე შევარცხვინოთ? ხშირად დავიბაროთ მშობელი და მათ წინაშე ვლანძღოთ? რა თქმა უნდა, არა! ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და თავისებურ მიდგომას მოითხოვს. თუ პედაგოგი მოსწავლესთან საერთო ენას ვერ გამონახავს, ისიც დაიტანჯება და მოსწავლეც, შედეგი იქნება გაუსაძლისი – ჯიბრი და იძულებითი ურთიერთობა. პედაგოგს უნდა უყვარდეს თითოეული მოსწავლე, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, უნდა ჩაეჭიდოს დადებით თვისებებს და აქციოს ის საზოგადოებისთვის მისაღებ წევრად.
მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ ქცევითი აშლილობები, უკიდურესად მძიმე პირობებში იზრდებიან: ფიზიკურ ძალადობას განიცდიან, ვერ გრძნობენ ყურადღებას უფროსებისა და თანატოლების მხრიდან, სიღარიბეში ცხოვრობენ და, ხშირად, კრიმინალური შემთხვევების მოწმენიც კი ხდებიან. შესაძლოა, აღნიშნული გარემოებები მათ ქცევას არ ამართლებს, მაგრამ მიზეზების გარკვევისა და პრევენციისთვის საჭირო ინფორმაციას უდავოდ გვაძლევს.
როგორ შევქმნათ წარმატებული სიტუაცია კლასში? ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც წინასწარ მოფიქრებას მოითხოვს, დაგეგმილ სტრატეგიასა და ტაქტიკას ეფუძნება. პედაგოგის მხარდაჭერა მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს, რადგან წარმატება მისი შინაგანი ძალის ერთადერთი წყაროა, რომელიც სიძნელეების დაძლევის ენერგიასა და სწავლის სურვილს ბადებს.
ზოგ მასწავლებელს სჯერა, რომ ადამიანის ქცევას დაჯილდოება-დასჯა განაპირობებს და გარეგანი სტიმულები გვაიძულებს ამის გაკეთებას. სხვები თავისუფალი ნებისა და პირადი პასუხისმგებლობის არსებობას აღიარებენ. ცხადია, გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჩვენზე, მაგრამ არ გვაყალიბებს. ჩვენი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზი ჩვენვე ვართ. ადამიანობის არსი მდგომარეობს თავისუფლებაში, არჩევანსა და პასუხისმგებლობაში – სწორედ ეს უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს.
რა თქმა უნდა, სკოლის ხერხემალი პედაგოგია. სწორედ ის განსაზღვრავს სწავლების ხარისხსა და მიდგომებს. მასწავლებელს უნდა სჯეროდეს, რომ ყველაფერი შეუძლია, როგორც ერთ იგავშია: ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა სახელგანთქმული ბრძენი. მის მშობლიურ ქალაქში იყო კაცი, რომელსაც მისი შურდა და გადაწყვიტა, ისეთი კითხვა მოეფიქრებინა, რომ ბრძენს პასუხი ვერ გაეცა. წავიდა მინდორში, დაიჭირა პეპელა, მოიმწყვდია ხელში და იფიქრა: „ბრძენს ვკითხავ, მუჭში მოქცეული პეპელა მკვდარია თუ ცოცხალი; თუ მეტყვის, ცოცხალიაო, მუჭს მოვუჭერ და პეპელა მოკვდება; თუ მეტყვის, მკვდარიაო, გავშლი ხელს და პეპელა გაფრინდება. აი, მაშინ გაიგებს ყველა, როგორი ბრძენია“. ასეც მოიქცა. პეპელა დაიჭირა და ბრძენს ჰკითხა, ცოცხალია თუ მკვდარიო? და მაშინ კაცმა, რომელიც მართლა ბრძენი იყო, უპასუხა: „ყველაფერი შენ ხელთაა“. მასწავლებელი თავდაჯერებული უნდა იყოს და მოსწავლეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგოს. კრისტოფერ ემიდის, თანამედროვე სწავლების ორიგინალური იდეების ავტორის, აზრით, მასწავლებელი უნდა ფლობდეს ერთგვარ მაგიას, რომლითაც ზემოქმედებას მოახდენს კლასზე. ცნობილია, რომ ადამიანი ყველაზე მეტს მისგან სწავლობს, ვინც უყვარს. პედაგოგის ამოცანაა, თავი შეაყვაროს მოსწავლეებს. ამისთვის კი უბრალო რამაა საჭირო: თვითონ უყვარდეს, თუნდაც ხშირად საპასუხოდ ვერ იღებდეს ისეთივე სითბოს, როგორსაც გასცემს.
ყოველდღიურად, საკლასო ოთახში, პოზიტიური განწყობა უნდა შევქმნათ. ამ შემთხვევაში, მთავარია თბილი და ღიმილიანი სახე, ყოველგვარი პირადი ცხოვრება კლასის ზღურბლთან უნდა დავტოვოთ და კლასში ბედნიერი და იმედიანი შევიდეთ. ჩვენი ამგვარი განწყობა გადამდები იქნება და მოსწავლეებს დაავიწყებს იმას, რაც გაკვეთილის დაწყებამდე აწუხებდათ. ისინი მზად იქნებიან ახალი, საინტერესო გამოწვევისა და გამოცდილების მისაღებად. მათთან ერთად დაგვეუფლება განცდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ეფექტური მასწავლებელი რომ იყოთ, დაუახლოვდით მოსწავლეებს. გაიგეთ, რა აღელვებთ, რა უხარიათ, რა სამომავლო გეგმები აქვთ. ეს დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობის გზების გამონახვაში. ნუ მოგერიდებათ უამბოთ თქვენ შესახებაც. უმნიშვნელოვანესია გაარკვიოთ ყოველი მათგანის სწავლების სტილი, ვინ რა გზით ითვისებს, რათა შეძლოთ მათთან ინდივიდუალურად მუშაობა. გაიცანით მათი მშობლები. მათთან ურთიერთობა უნდა იყოს არა სავალდებულო, არამედ აუცილებელი. კოლეგებთან კარგი ურთიერთობა დაამყარეთ. უფრო გაგიიოლდებათ საქმე, თუ ყოველმხრივ მხარდაჭერას მოიპოვებთ სკოლაში თუ მის გარეთ.
სწავლის პროცესში მოსწავლეს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს დავალების სირთულით გამოწვეულმა ემოციებმა. მოსწავლე, რომელიც შეშფოთებას განიცდის მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების გამო, უმეტესად თავს არ თვლის კომპეტენტურად, არ ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს, ხშირად ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ პასუხებს ან შესრულებული დავალების სისწორეს. როდესაც ემოციები ხელს უშლის მოსწავლეს თვითრწმენის ჩამოყალიბებაში, მან შეიძლება უარი თქვას სასწავლო აქტივობაში ჩართულობაზე, საკუთარი ან სხვა მოსწავლეების სურვილით, განსაკუთრებით, ჯგუფური დავალების შესრულებისას, როდესაც ჯგუფის წევრები ორიენტირებულები არიან მაღალი შედეგის მიღწევაზე. ნეგატიურმა ემოციებმა შესაძლოა კრიტიკულ სიტუაციაში ჩააგდოს თითოეული მოსწავლე. ასეთ დროს მასწავლებლის როლი საკმაოდ დიდია. მას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს უარყოფითი ემოციების დაძლევაში. მრავალჯერადი პოზიტიური უკუკავშირი, შეცდომების გასწორება კონსტრუქციული კომენტარებით, მოსწავლის ჩართვა ისეთ პროექტებსა და აქტივობებში, სადაც ის თავს კომფორტულად იგრძნობს და შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას, კონკრეტული კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების გაცემა, პოზიტიური მხარის აღიარება და სხვა მსგავსი აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს, განიმტკიცონ თვითრწმენა და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები. უფრო მეტიც, მოსწავლეს უნდა გაუჩნდეს რწმენა, რომ მასწავლებელი მასზე ზრუნავს, როგორც პიროვნებასა და მოსწავლეზე.
ასწავლეთ მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის მრავალფეროვანი სტრატეგიები, მათი მშვიდობიანად მოგვარება. გაააზრებინეთ, რომ კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და მთავარია, ვიცოდეთ როგორ გადავჭრათ ის პოზიტიურად, არაძალადობრივი საშუალებებით: აღჭურვეთ იმ უნარებით, რომლებიც საჭიროა სხვებთან ეფექტური ურთიერთობისთვის, დაეხმარეთ იმ ემოციების გააზრებასა და გაანალიზებაში, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს როგორც შიდა პიროვნულ, ასევე სხვებთან უთანხმოებას; ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, ნებისმიერ მოვლენაში შეძლონ დადებითის დანახვა, ასევე სხვისი პოზიციიდან სიტუაციის აღქმა და საკუთარ კონტექსტში გააზრება.
დაბალი თვითშეფასება ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ქცევითი პრობლემების ჩამოყალიბებას. ანტისოციალური ქცევა ხშირად არასტაბილურ თვითშეფასებას უკავშირდება. მაგალითად, ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს ზოგჯერ ზედმეტი მოლოდინები აქვთ სხვა ბავშვების მიერ მათი საქციელის მოწონების მხრივ. ნებისმიერმა შემთხვევამ, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს საკუთარი თავის ამგვარ ხედვას, შესაძლოა, ბავშვის აგრესიული და ძალადობრივი ქცევა გამოიწვიოს. ამ გზით ის შეეცდება, თავი აარიდოს თვითშეფასების დაცემას. ადრეულ ასაკში ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული სოციალური უნარები და ისინი ხშირად პრობლემებს აწყდებიან თანატოლებთან ურთიერთობისას. ასაკის მატებასთან ერთად, ბევრი მათგანი, შესაძლოა, თანატოლებისგან გარიყულიც აღმოჩნდეს, თუმცა ზოგიერთი მაინც მოახერხებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები, უმთავრესად, ერთმანეთთან მეგობრობენ და არა სხვა ბავშვებთან. აღსანიშნავია, რომ ორივე ფაქტორის, რთული ქცევის მქონე თანატოლებთან ურთიერთობისა და ადრეულ ასაკში გამჟღავნებული ანტისოციალური ქცევის, არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მოზარდობის ასაკში ქცევითი აშლილობის ჩამოყალიბების ალბათობას.
მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერ მოსწავლეს მუდმივად რაიმე საფიქრალი ან სამუშაო ჰქონდეს გაკვეთილის განმავლობაში. მან აქტიურობა უნდა მოსთხოვოს როგორც ძლიერს, ისე სუსტი და რთული ქცევის მოსწავლეებს. ჩართულობის გაზრდის მიზნით, პედაგოგს შეუძლია სხვადასხვა ტექნიკას მიმართოს: დასვას შეკითხვები, მისცეს მოსწავლეებს რამდენიმე წამი პასუხის მოსაფიქრებლად, შეაქოს სწორი პასუხის შემთხვევაში, მისცეს მითითება, მინიშნება, თუ მოსწავლე ვერ რისკავს, ეჭვი ეპარება თავის პასუხში. გადაამოწმოს, რამდენად სწორად გაიგო ყველამ დავალების ინსტრუქცია. მასწავლებელმა მოსწავლეებს არ მარტო განათლება უნდა მისცეს, ქცევის უნარები განუვითაროს, არამედ აუცილებლად სასიცოცხლო უნარ-ჩვევები უნდა გამოუმუშავოს, რითაც მოსწავლეები საკუთარი უფლებების დაცვასა და ვალდებულებების შესრულებას შეძლებენ.
ეს პროცესი სასურველია მშობელთა ჩართულობით განხორციელდეს. მოსწავლეებს გამოვუმუშავოთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ: გუნდური მუშაობა, შრომისმოყვარეობა, მეგობრობა, მოთმინება, პატივისცემა, სიმამაცე, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა. უნდა გვახსოვდეს , რომ ყველა მოსწავლეს თანაბარი უფლებები აქვს და მასწავლებლის მხრიდან დაუშვებელია ვინმეს გამორჩევა, ეს გამოიწვევს მოსწავლეების უფლებების დარღვევას და რთული ქცევის ბავშვებში აგრესიის გაჩენას.
აუცილებელია, მასწავლებლის კონსულტაცია თუ დახმარება კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდეს და არ იყოს ზოგადი ხასიათის. კონკრეტული რჩევა და გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს მშობლების პედაგოგიურ განათლებას. პედაგოგს აქვს გამოცდილება და ცოდნა საგანმანათლებლო საკითხებში, ხოლო ოჯახს – ყველაზე საჭირო და მეტი ინფორმაცია სკოლის გარეთ ცხოვრების შესახებ. ასეთ დროს თანამშრომლობა და ურთიერთნდობა საუკეთესო შედეგს გვაძლევს.
კვლევების მიხედვით, ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვების ინტელექტის კოეფიციენტი, საშუალოდ, რამდენიმე ქულით ჩამორჩება მათივე თანატოლების ინტელექტის მაჩვენებელს. სხვაობა კიდევ უფრო დიდია ისეთ შემთხვევებში, როცა ბავშვს ქცევის პრობლემები ადრეული ასაკიდან აღენიშნება. ამასთანავე, პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები ხშირად გამოირჩევიან ვერბალური უნარების დეფიციტით, რამაც, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს მოსმენისა და კითხვის საშუალებით ათვისების უნარზე, პრობლემების გადაჭრის უნარზე, ზეპირ და წერით მეტყველებაზე.
რასაკვირველია, ინტელექტის შედარებით დაბალი კოეფიციენტი იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ქცევითი პრობლემები აუცილებლად ჩამოუყალიბდება. ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები სკოლაში სხვადასხვა ტიპის სირთულეებს აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში წარუმატებლობით გამოწვეულმა ფაქტებმა, შესაძლოა,ზოგიერთი მოსწავლის ანტისოციალური ქცევა გამოიწვიოს, კვლევები ცხადყოფს, რომ აკადემიური წარუმატებლობა ანტისოციალური ქცევის ძირითადი მიზეზი არ არის, განსაკუთრებით – ადრეულ ასაკში. ანტისოციალური ქცევის გარკვეულ ელემენტებს ხომ ბევრი ბავშვი სკოლაში შესვლამდე ამჟღავნებს. სავარაუდოდ, პრობლემებს საერთო ფაქტორები – ნეიროფსიქოლოგიური თუ მეტყველების დარღვევები, ან არახელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები განსაზღვრავს. ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები ყველაზე მეტად ჩამორჩებიან ენის ათვისებისა და კითხვის ჩვევის გამომუშავების კუთხით. თუმცა, თუ ქცევით პრობლემებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი არ ახლავს, ამ ბავშვების აკადემიური მოსწრება, აღნიშნულ კომპონენტებში, თანატოლთა მოსწრებისგან არ განსხვავდება. ამრიგად, ქცევის პრობლემები აკადემიურ წარუმატებლობას მხოლოდ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის არსებობის შემთხვევაში უკავშირდება.
ქცევითი პრობლემების მოგვარება უფრო ადვილი და ეფექტურია შედარებით უმცროსი ასაკის ბავშვებში. ადრეულ ასაკში რისკფაქტორების ზეგავლენის შესუსტებითა და დამცავი ფაქტორების გაძლიერებით, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია, მომავალში, აგრესიული ქცევის, თანატოლების მიერ გარიყვის, დაბალი თვითშეფასების, ქცევითი აშლილობისა და აკადემიური წარუმატებლობის თავიდან აცილება.
კვლევებიც და პრაქტიკული გამოცდილებაც ცხადყოფს, რომ ყველაზე ეფექტური შედეგი კომპლექსურ მიდგომას აქვს. კერძოდ, ყველაზე წარმატებული პროგრამები მშობლებისა და პედაგოგების აქტიურ როლს და ბავშვებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა სოციალური საჭიროებების გათვალისწინებას, რამდენადაც სოციალური პრობლემები ხშირად დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი ხდება. სწავლის უნარის დაქვეითებისა და ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეებს დახმარება სჭირდებათ ისეთ სოციალურ სფეროებში, როგორიცაა საკლასო ოთახში მოქცევა, ურთიერთობის უნარ-ჩვევები, პიროვნული და ფსიქოლოგიური თვისებების განვითარება.
სწავლის უნარის დაქვეითებისა და ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეები ხშირად აქტიურად ერთვებიან ყვირილში, ჩხუბში, წაკინკლავებაში. მასწავლებლები ასეთ საქციელს ხშირად „არანორმალურს“ უწოდებენ და თვლიან, რომ ასეთი მოსწავლეები ცუდ მაგალითს აძლევენ დანარჩენებს, თუმცა ასეთი საქციელი ზოგჯერ შეიძლება ნებისმიერ მოსწავლეს ახასიათებდეს. სწავლის უნარის დაქვეითებისა და ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეებს პრობლემები აქვთ თანატოლებთან ურთიერთობაში. მრავალწლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ მათ ნაკლებად ჰყავთ მეგობრები, ხშირად ისინი უარყოფილი არიან თანატოლებისგან, მათ პრობლემებზე ხშირად საუბრობენ მასწავლებლებიც. ამ პრობლემის წარმოშობას განაპირობებს ის, რომ ვერ ხერხდება მოსწავლეების ჩაბმა სოციალურ აქტივობებში, მეგობრებთან დიალოგსა და ურთიერთობაში.
მოსწავლეებისათვის, რომლებიც საკუთარ ძალებში არ არიან დარწმუნებულნი, საუკეთესოა ე.წ. „მიკუთვნების“ ტრენინგი, რომლის აზრი მოსწავლის დარწმუნებაა იმაში, რომ მისი მარცხი გამოწვეულია არასაკმარისი მცდელობით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე გაცილებით მეტ ძალისხმევას ახმარს მასალის დასწავლას და წარმატებასაც აღწევს. საკუთარ თავზე წარმოდგენის შეცვლა და თვითშეფასების ამაღლება შესაძლებელია შემდეგი სტრატეგიების გამოყენებით:
- დასახეთ რაციონალური და მიღწევადი მიზნები. მოსწავლისათვის კონკრეტული მიზნების დასახვის დროს დარწმუნდით, რომ ისინი რეალურად მიღწევადი და არც ზედმეტად ადვილია. მოსწავლის თვითშეფასება მაღლდება მაშინ, როდესაც ის მიზნის მიღწევას გარკვეული ძალისხმევის შედეგად ახერხებს.
- მოსწავლის ყოველ საქციელზე იქონიეთ შესაბამისი რეაქცია. რეაქცია უნდა იყოს პოზიტიური, თუმცა, საქციელის შესაბამისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლე იფიქრებს, რომ თქვენ მას, უბრალოდ, მფარველობთ. ყოველთვის მიუთითეთ მოსწავლეს, როდესაც ის შეცდომებს უშვებს.
- დააკისრეთ მოსწავლეს პასუხისმგებლობა. ეს აყალიბებს გრძნობას, რომ თქვენ მას ენდობით და გჯერათ მისი. შესაძლოა, ეს იყოს ისეთი დავალებები, როგორიცაა არდადეგებზე საკლასო ოთახის მცენარის დროებით სახლში წაღება და მოვლა, რვეულების აკრეფა-დარიგება, მოსწავლის კონკრეტული დავალების შესასრულებლად გაგზავნა და ა.შ.
დაბოლოს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სკოლაში საქმე გვაქვს ადამიანებთან, პიროვნებებთან და თითოეული მათგანის გადარჩენა, სწორ გზაზე დაყენება ჩვენი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. მათი სულის სიმებს ფაქიზად უნდა შევეხოთ, მოვზომოთ მათთან თითოეული სიტყვა, ნაბიჯი, დავაკვირდეთ ჩვენი საქციელის უკუკავშირს და მერწმუნეთ, შედეგი აუცილებლად გვექნება. რთული ქცევის მოსწავლეც ჩვენთვის იმაზე მეტად საყვარელი გახდება, ვიდრე – დანარჩენები, რადგან მათ ქცევებს ახლიდან „გამოვძერწავთ“.