27 ივლისი, შაბათი, 2024

რექტორთა კონფერენცია

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა რექტორთა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.

მინისტრმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა/დაგეგმვა და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა განხილული საკითხების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

თავის მხრივ, რექტორებმა, საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, რექტორთა კონფერენციები პერმანენტული ხასიათის იქნება და, საქართველოს მასშტაბით, ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.

იმავე დღეს, გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, აკადემიური საბჭოს წევრებთან, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან, სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მან დამსწრე საზოგადოებას ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენა თითოეული სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად, მუხლჩაუხრელად შრომობენ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

გიორგი ამილახვარმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და მის გუნდს, სტუ-ს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს, მათ შორის, განხილულ იქნა დაფინანსების მოდელის ცვლილების, პრიორიტეტული მიმართულებების გადახედვის, სტუდენტებისთვის მეტი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხები.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხი, პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების შემუშავება-განხორციელების გზით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები