ინტერვიუ ნინო ხითარიშვილთან
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან
⇑⇓ ქალბატონო ნინო, 2022 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც, შეიძლება ითქვას, თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო სფეროს განვითარებაში. ამ პერიოდის განმავლობაში თუ არის მიღწეული მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ?
⇒ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უკავშირდება სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს გამართვას და ავტორიზაციის სისტემის დანერგვას. აღნიშნული რეფორმა უპრეცედენტოა თავისი შინაარსითა და მასშტაბით. შინაარსით იმიტომ, რომ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ყალიბდება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში. მართალია, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მნიშვნელობის გააზრება და ამ საკითხზე ზრუნვა რეფორმამდეც იყო დაწყებული და გამყარებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, თუმცა, პრაქტიკაში ხარისხის სისტემის დანერგვა, მისი მონიტორინგი და ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა სწორედ ახლა იწყება. რეფორმის მნიშვნელობას ხაზს უსვამს მისი მასშტაბურობაც, რაც გამოიხატება იმით, რომ პროცესში ჩართულია ქვეყანაში მოქმედი ყველა საჯარო და კერძო ბაღი.
2022 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული. რეფორმის პირველი ეტაპი საბავშვო ბაღების აღრიცხვა იყო. რეგისტრაციის პროცესი 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. რეგისტრაციის შედეგად, ელექტრონულ ბაზაში აისახა დაწესებულებების მონაცემები: მათი სამართლებრივი ფორმის, საჯარო/კერძო სექტორის მიკუთვნებულობის, დასაქმებული თანამშრომლების სრული რაოდენობის და დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია რეგიონულ და რაიონულ ჭრილში, კერძო და საჯარო სექტორის მიხედვით. დღეს სისტემაში 2000-ზე მეტი საჯარო და კერძო ბაღი ფიქსირდება.
მეორე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გახლავთ ავტორიზაციის დროებითი წესისა და ავტორიზაციის სტანდარტების დამტკიცება. აღნიშნული რეგულაციის მიღებით, განისაზღვრა ორი მნიშვნელოვანი საკითხი: 1) დადგინდა მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბაღი და 2) დადგინდა ამ მოთხოვნების შეფასების სისტემა, ანუ ის წესები და პროცედურები, რომელთა გავლითაც ბაღი დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებს მის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს. ავტორიზაციის სტანდარტების დამტკიცება რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აღნიშნული სტანდარტით ქვეყანა შეთანხმდა თუ რა არის ხარისხიანი განათლება ბაღში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ზოგადად, ხარისხის თემაზე მსჯელობა ყოველთვის სუბიექტურია და ხარისხის აღქმა იცვლება ადამიანიდან ადამიანამდე და პერსპექტივიდან პერსპექტივამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეთანხმების მიღწევა და ჩამოყალიბება იმ კონკრეტულ მიმართულებებზე და ამ მიმართულებების შიგნით კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნებოდა როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის საზომი და რომელიც იდენტური იქნებოდა ყველა მოქმედი ბაღისთვის საქართველოში. ეს შეთანხმება შედგა და სახეზეა ავტორიზაციის სტანდარტების სახით.
⇑⇓ რადგან ავტორიზაციის სტანდარტებს შევეხეთ, საინტერესოა, რომელია ეს ოთხი სტანდარტი და რა მიმართულებებს ფარავს
⇒ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტორიზაციის სტანდარტებმა გააერთიანა ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელთა არსებობაც აუცილებელია, რომ ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება. აღნიშნული საკითხები დაჯგუფდა თემატურად და ჩამოყალიბდა 4 სტანდარტის სახით.
პირველი სტანდარტი – დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება – ეხება და აფასებს ბაღს, როგორც ორგანიზაციას. ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ბაღი, როგორც დაწესებულება არ არის ძლიერი და არ იდგება ფეხზე მყარად, ის ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი მომსახურების განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ ყველა დაწესებულება ფუნქციონირებს სწრაფად ცვალებად გარემოში, ამასთან, ბაღის საქმიანობა საკმაოდ კომპლექსურია და ბევრ სფეროს, ბევრ მიმართულებას აერთიანებს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ბაღმა თავისი საქმიანობა სპონტანურად კი არ წარმართოს, არამედ წინასწარ ჰქონდეს დაგეგმილი და გააზრებული რას, როდის და როგორ გააკეთებს. მისიის და ხედვის ჩამოყალიბებით, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განსაზღვრით, ბაღი წინასწარ აანალიზებს ყველა იმ შესაძლებლობას და რისკს, რომელიც შეიძლება დადგეს გარემოში და შესაბამისად, იყენებს ყველა მექანიზმს, რომ შესაძლებლობა არ გაუშვას ხელიდან, ასევე, რისკის რეალიზების შემთხვევაში, წინასწარ ჰქონდეს მოფიქრებული მოქმედების გეგმა. ამავე პროცესში ბაღი ძალიან კარგად იაზრებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს და გეგმავს შესაბამის აქტივობებს ამ სუსტი მხარეების გამოსასწორებლად.
მეორე სტანდარტი – კურიკულუმი – ეხება და აფასებს ბაღში განხორციელებულ საგანმანათლებლო კომპონენტს, ანუ იმ პროგრამას, იმ მეთოდოლოგიას, რომლის გამოყენებითაც ბავშვები სწავლობენ. სტანდარტი აკეთებს აქცენტს ძალიან მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ბავშვი წარმოდგენილია როგორც ცენტრალური ფიგურა საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში; ხაზგასმულია, რომ ბაღში სწავლება უნდა მიმდინარეობდეს თამაშზე დაფუძნებით; მოთხოვნილია, რომ ბაღს ჰქონდეს კურიკულუმის შესაბამისი გარემო და საგანმანათლებლო რესურსები, აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ საგანმანათლებლო პროგრამას უნდა იცნობდნენ მშობლები და რომ საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვაში ბავშვებთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალი ერთად უნდა იყოს ჩართული და სხვ.
მესამე სტანდარტი – ოჯახის და თემის ჩართულობა – ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტია. აღნიშნული სტანდარტი ადგენს, რომ ბაღს უნდა ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია მშობლებთან, რომ მშობლები და თემი აქტიურად იყვნენ ჩართული ბაღის ცხოვრებაში, ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის მიღწევებსა და საჭიროებებზე, ბაღი უნდა ზრუნავდეს მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე და სხვ.
მეოთხე სტანდარტი – სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა – აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალის კვალიფიკაცია, მატერიალური რესურსები, კვების საკითხები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ფინანსური რესურსები, ბავშვების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება.
⇑⇓ ქალბატონო ნინო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თვითშეფასების პროცესი ბაღებში. როგორ მიდის ეს პროცესი, როგორ ერთვებიან ბაღები და რა შედეგებია ამ დროისთვის ცნობილი?
⇒ 2023 წელი, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი წელია, რადგან სწორედ ახლა ხდება იმ რეალური სიტუაციის შეფასება, იმ მიღწევებისა და გამოწვევების აღწერა, რაც ამ დრომდე დაგროვებულია ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემაში. თვითშეფასების პროცესი, თავისი არსით, სხვა არაფერია, თუ არა ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებაში ბაღების მიერ საკუთარი თავის შეფასება და იმ მიმართულებების იდენტიფიცირება, სადაც უკვე შესაბამისობაში არიან სტანდარტთან ან პირიქით, იმ მიმართულებების აღმოჩენა, სადაც ჯერ კიდევ აქვთ გამოწვევები. თვითშეფასების პროცესი დაიწყო მაისში და, ამ ეტაპზე, პროცესი დასრულებული აქვს 1007 ბაღს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ბაღები არ არიან მარტო, მათ ეხმარებიან ჩვენ მიერ მომზადებული სპეციალისტები. მონაცემები გროვდება სპეციალურად თვითშეფასების განხორციელების მიზნისთვის შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე. პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, ბაღების ჩართულობა ძალიან მაღალია. თვითშეფასების ანალიზი ჯერ არ დაწყებულა. ანალიზის პროცესი შემდგომი ეტაპია, რომლის განხორციელებაც 2024 წელს დაიწყება.
⇑⇓ რეფორმა უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. რა არის ამ ეტაპზე მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც ბაღებს არ უნდა გამორჩეთ?
წელს გვაქვს ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბაღებს არ უნდა გამორჩეთ.
პირველია თვითშეფასება. თვითშეფასების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2024 წლის 1 იანვრიდან მხოლოდ იმ ბაღებს ექნებათ ფუნქციონირების უფლება, ვისაც გავლილი ექნება ეს პროცესი.
მეორე საკითხი ეხება მხოლოდ ინდივიდუალური მეწარმის ფორმით მოქმედ ბაღებს. აღნიშნული ბაღებისთვის კანონმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ისინი დარეგისტრირებულიყვნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და გაევლოთ თვითშეფასება, თუმცა სავალდებულოდ განისაზღვრა, რომ ისინი, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უნდა დაფუძნდნენ იურიდიული პირის სახით. სხვა შემთხვევაში, 2024 წლის 1 იანვრიდან, მათ აღარ ექნებათ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.