ნინო ჩიტაძე
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
∇ ზოგადი განათლების რეფორმის მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახით, ისეთი უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა, რომელიც კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. რესურსცენტრი, როგორც განათლების რეფორმის ერთ-ერთი განმახორციელებელი რგოლი, აქტიურადაა ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კონტექსტი, რაც გულისხმობს, თითოეული სკოლის შემთხვევაში, გამოწვევებისა თუ პრობლემების დასაძლევად, სკოლის ინდივიდუალური საჭიროებების გააზრებას. რესურსცენტრი აღნიშნულ პროცესებში გვევლინება როგორც მხარდამჭერი და წარმატების გამზიარებელი — ერთი სკოლის წარმატება არ რჩება მხოლოდ ამ სკოლის წარმატებად, ხდება წარმატებული მაგალითის გაზიარება სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლისთვის, რაც სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის მაგალითია.
∇ რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. შესაბამისად, რესურსცენტრის, როგორც სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ძირითადი საქმიანობა მიმართულია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:
⇒ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისკენ;
⇒ უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, სკოლების მხარდაჭერისკენ;
⇒ სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სასკოლო კულტურის განვითარების ხელშეწყობისკენ;
⇒ ლოკალურ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდაჭერისკენ.
ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვან გამოწვევად მიმაჩნია, განათლების სფეროში მომუშავე სტრუქტურების ერთ მთლიან ორგანიზმად ჩამოყალიბება, სადაც ყველა რგოლს თავისი უნიკალური შესაძლებლობა აქვს, გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და თავისი წვლილი შეიტანოს რეფორმის წარმატებულად განხორციელებაში.
∇ საგანმანათლებლო რესურსცენტრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკოლების განვითარების ხელშეწყობაა, მათ შორის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის გზით. იგი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოების თითოეულ რგოლს ურთიერთთანამშრომლობაში, რაც მიმდინარე რეფორმის წარმატებით განხორციელების წინაპირობაა. მუშაობის პროცესში ხშირად ხელშემშლელ ფაქტორებად ვლინდება მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის ნაკლები ხელმისაწვდომობა. არის სოფლები, სადაც კონკრეტული მობილური ქსელის ოპერატორი ვერ ფუნქციონირებს.
∇ ჩემთვის, როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის, ზოგადი განათლების რეფორმა არის შესაძლებლობა, უფრო მეტად შევუწყო ხელი მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებსა და განათლებით დაინტერესებულ პირებს, განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით საჭიროებების იდენტიფიცირებასა და სწავლისა და სწავლების თანაბარ ხელმისაწვდომობაში. რეფორმა ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს მოსწავლეებისათვის, გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი და წარმატებული წევრები.
∇ ყველაზე მეტად სკოლებს აწუხებთ ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარება დაწყებულია და ეტაპობრივად აღმოიფხვრება. გასულ სასწავლო წელს 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა, მომავალი წლისათვის 3 სკოლის მშენებლობა და 5 სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლების ზოგად მდგომარეობას.
∇ 2022 წლის 27-28 ივნისს, რესურსცენტრის ორგანიზებით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, რაიონული კონფერენცია ჩატარდა, სადაც მონაწილე სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება კომპლექსური დავალებების, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და ლიდერობის შესახებ. გამარჯვებული ნაშრომები წარმოდგენილ იქნა რესპუბლიკურ კონფერენციაზე.
∇ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარია. აუცილებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციური განვითარება და სკოლის მხარდამჭერი როლის გაძლიერება. ვფიქრობ, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაღრმავებას და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციურ გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის. აღსანიშნავია ამ მიმართულებით ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლის დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერისათვის.