ნანა ჯალაღონია
ფილოლოგიის დოქტორი, წამყვანი მასწავლებელი
თანამედროვე სამყაროს სწრაფი ტემპით განვითარებამ და პროგრესმა ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულება მოიცვა. ტექნოლოგიურმა, მეცნიერულმა, სოციალურმა თუ კულტურულმა წინსვლებმა და მნიშვნელოვანმა პრაქტიკულმა გამოცდილებებმა მომსწრენი გაგვხადა უამრავი ნიშანდობლივი ცვლილებისა და სიახლისა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის განათლების სისტემაში. თანამედროვე განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილება და აღმოჩენაა ტრადიციული, მასწავლებელზე ცენტრირებული მიდგომების ჩანაცვლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებით. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას, მათ ინდივიდუალურ სწავლის სტილსა და შესაძლებლობებს, რომლითაც ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ბოლო წლებში სარემედიაციო პროცესის ფორმალიზების მიმართულებით მრავალმა სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID-თან, რომლის საბაზისო განათლების პროგრამა ემსახურება პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესისათვის აუცილებელი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რემედიაცია სასწავლო პროცესის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. საჯარო სკოლების მასწავლებლები, ეტაპობრივად, სპეციალურ სამუშაო შეხვედრებზე, სარემედიაციო პროცესის სწორად წარმართვისათვის აუცილებელ ცოდნას იძენენ, პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ და შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მოკლევადიანი რემედიაციის შემდეგ მოსწავლეები სწრაფად ეწევიან სასწავლო პროცესს, აღწევენ წარმატებას საგანში, რაც, თავის მხრივ, მთელი კლასის წინსვლასაც უწყობს ხელს.
ცხადია, მოსწავლეებში ფუნდამენტური აკადემიური უნარების გამომუშავება ცალსახად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, რემედიაციული პროგრამის ამოქმედება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ერთ-ერთი აქტუალური მიმართულებაა.
ტერმინი „რემედიაცია“ არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას გულისხმობს კონკრეტული, მიზნობრივი აქტივობების საშუალებით. თუკი მას განათლების კონტექსტში განვიხილავთ, იგი შეიძლება სწავლა-სწავლების ყველა საფეხურზე გახდეს საჭირო. თუმცა, დაწყებით საფეხურზე რემედიაციის მნიშვნელობა ერთიორად დიდია, რადგან, როგორც ცნობილია, პრობლემის დროულ დიაგნოსტიკასა და მიზნობრივ ინტერვენციას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, რემედიაციის პროგრამა ორიენტირებულია მასში ჩართული თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე და ესგ-ს სტანდარტების მისაღწევად იყენებს სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარემედიაციო პროგრამის სამიზნე ჯგუფებად არ მოიაზრებიან ის მოსწავლეები, რომლებთანაც მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. მაგალითად, რემედიაცია შეიძლება დასჭირდეთ მოსწავლეებს, რომლებიც შედიან სკოლაში, მაგრამ არ არიან მზად სასწავლო პროცესისთვის; მოსწავლეებს, რომლებსაც კარგად შეუძლიათ წაკითხულის/მოსმენილის გააზრება, მაგრამ ნაკლებად განვითარებული აქვთ დეკოდირების უნარი; მოსწავლეებს, რომელთაც შეუძლიათ ანგარიში, მაგრამ უჭირთ პირობის გაგება. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება კიდევ ერთ ფაქტზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს კითხვა, ეს არის დისლექსია, რომლის დროსაც ადამიანი წერს და კითხულობს უკუღმა ან შებრუნებულად. თავის მხრივ, აღნიშნულმა პრობლემამ შეიძლება წაკითხულის გაგება-გააზრების პროცესი შეაფერხოს. მიუხედავად ამისა, თავისი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, დისლექსია არ წარმოადგენს მოცემული ინტერვენციის საგანს.
სწავლა-სწავლების პროცესზე დაკვირვებამ, ნათლად აჩვენა, რომ ძირითად შემთხვევებში კითხვის პრობლემებს კავშირი არ აქვს ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებთან. კითხვის სწავლებისას ბევრი თავისებურება იჩენს თავს. ზოგიერთ მოსწავლეს შეიძლება მეტყველება ძალზე კარგად ჰქონდეს განვითარებული და მისი ინტელექტისა და წიგნიერების დონე საშუალოზე მაღალი იყოს, თუმცა გამოიკვეთოს დეკოდირების პრობლემა. ზოგ შემთხვევაში, პირიქით – ბავშვს, რომელსაც ძალზე კარგად აქვს განვითარებული დეკოდირებისა და სიტყვის ამოცნობის უნარები, უჭირს წაკითხული ტესქტის გააზრება. სწორედ ამ ტიპის პრობლემების აღმოსაფხვრელად იქმნება სარემედიაციო პროგრამები.
კითხვის სარემედიაციო პროგრამა უნდა განვახორციელოთ მაშინ, როდესაც ის რეალურად საჭიროა, ანუ როდესაც მოსწავლეები ჩვეულებრივი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით ვერ ახერხებენ კითხვის უნარის დაუფლებას. კითხვის რემედიაციის პროგრამის დაწყებისკენ შეიძლება გვიბიძგოს კითხვის უნარის დიაგნოსტირების შედეგებმა. მას შემდეგ, რაც სარემედიაციო პროგრამის საჭიროება დადასტურდება, სასურველია მოქმედებაზე მყისიერი გადასვლა.
სარემედიაციო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის საჭიროა:
♦ რემედიაციის პროგრამაში ჩასართავ მოსწავლეთა იდენტიფიცირება (მათივე დეფიციტური უნარების აღმოჩენით);
♦ სამუშაო ფორმატის შემუშავება (გაკვეთილში ჩაშენებით, გაკვეთილისაგან მოწყვეტით ან დამატებითი გაკვეთილის სახით);
♦ სარემედიაციო სივრცის მოწყობა, სასწავლო რესურსებისა და აქტივობების მომზადება;
♦ მეცადინეობების ჩატარება, აქტივობების განხორციელება;
♦ განმავითარებელი შეფასების ანალიზი, პროგრესის მონიტორინგი;
♦ პროცესთან დაკავშირებულ მხარეებთან (ადმინისტრაცია, ოჯახი, სხვა მასწავლებლები) კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც სირთულეები აქვთ სამიზნე უნარებში და საჭიროებენ დამატებით ინტერვენციას, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, უნდა შემუშავდეს სარემედიაციო კურიკულუმი – რემედიაციის გრაფიკი, პროგრამა და ჩასატარებელი სასწავლო აქტივობების გეგმები. მნიშვნელოვანია, რემედიაციის მიზნები მკაფიოდ და კონკრეტულად განისაზღვროს, ამავე დროს, უნდა იყოს მიღწევადი და იზომებოდეს შესაბამისი ინდიკატორით. რემედიაციის აქტივობები მოსწავლის საჭიროების და მიზნის ადეკვატურად უნდა შეირჩეს, განხორციელების ფაზები კი გაიწეროს დროში.
გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ, არასაგაკვეთილო დროს, 40-50 წუთის განმავლობაში. გარემო, სადაც მეცადინეობები ჩატარდება, მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისთვის, მრავალფეროვანი რესურსებით უზრუნველყოფილი, როგორიცაა: სიტყვების ბარათები, მულტიმედია ტექსტები, სხვადასხვა დონის საკითხავი ტექსტები, აქტივობების ბარათები, სამუშაო ფურცლები, აუდიოწიგნები და სხვა.
სარემედიაციო გაკვეთილის სტრუქტურა მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. მასწავლებელმა, მოსწავლეთა რაოდენობისა და საჭიროებების მიხედვით, წინასწარ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროს კონკრეტულ გაკვეთილზე მისაღწევი ერთი მიზანი და შეარჩიოს მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც აუცილებლად ლოგიკურად უნდა ებმოდეს ერთმანეთს. ამავდროულად, ყოველი ახალი აქტივობის განხორციელებას წინ უნდა უძღოდეს მოდელირება მასწავლებლის მიერ.
პროგრესის მონიტორინგი, კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ითვალისწინებს იმას, რომ ერთი მხრივ, მასწავლებელი აკვირდება მოსწავლის განვითარებას, მეორე მხრივ კი, თავად მოსწავლე აქტიურად ერთვება საკუთარ პროგრესზე დაკვირვების პროცესში. პროგრესის მონიტორინგის სწორად განხორციელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი, რომელმაც სწორად უნდა განუმარტოს მოსწავლეს, კონსტრუქციული უკუკავშირის მეშვეობით, თუ რა შედეგს მიაღწია მან და რა აქვს გასაუმჯობესებელი. მასწავლებლის კომენტარი უნდა იყოს კონკრეტული/მკაფიო და არავითარ შემთხვევაში – ზოგადი.
რემედიაციის პროცესში აუცილებლად საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, თუ რა ეთიკური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას რემედიაციის პროგრამის წარმართვისას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდია ე.წ. „იარლიყის მიკერების“ საფრთხე. მოსწავლეები აუცილებლად დასვამენ შეკითხვებს: „რატომ ტოვებენ დამატებით სამეცადინოდ კონკრეტულ მოსწავლეს?“, „რატომ მეცადინეობს მხოლოდ ის, როცა სხვები სახლში მიდიან?“ და სხვა. ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის პასუხი. უნდა განუმარტოს, რომ, ამ შემთხვევაში, კონკრეტულ მოსწავლეებთან მუშაობს, თუმცა, მომავალში, სხვა მოსწავლეებთან დაგეგმავს მსგავს ან განსხვავებული ტიპის სამუშაოს.
რემედიაციის პროგრამის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა დახმარება და მათი თადაჯერებულობის, თვითშეფასების ამაღლება. არასწორად წარმართულმა პროცესმა კი შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს და ბავშვის თვითშეფასება, შესაბამისად მოტივაციაც, დააქვეითოს. სწორედ ამიტომ, მედიაციის განმახორციელებლის პროფესიონალიზმი და სწორი მიდგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია სამიზნე ჯგუფში საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
გამოყენებული ლიტერატურა:
კითხვის ეფექტური მეთოდები – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – 2013 წელი
კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელება სკოლებში
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (Gpried).