რეალურად, ახალი, რასაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვახორციელებთ, არაფერი შემხვედრია – სპეციალური მასწავლებლის გამოცდა

906
წელს პირველად, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში სპეციალური მასწავლებლებიც ჩაერთვნენ. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩაბარება ერთადერთი გზაა, მაგისტრის ხარისხის ქონის გარდა, სტატუსის  ასამაღლებლად  – გახდნენ უფროსი სპეციალური მასწავლებლები. დიდი ხნის ლოდინისა და მოთხოვნის შემდეგ, წელს, მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უფროსი სპეცმასწავლებლის სტატუსის მიღებასთან ერთად, გაზრდილ ხელფასსაც მიიღებენ.
უფროსი სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილი პროფესიული უნარების ტესტის მაქიმალური 54 ქულიდან აპლიკანტმა 33 ქულა (60%) უნდა აიღოს, რომ ბარიერი გადალახულად ჩაეთვალოს. როგორ გაართვეს თავი ტესტს და იყო თუ არა რთული მათი  პირველი გამოცდა – ამის შესახებ გამოცდიდან გამოსული სპეცმასწავლებლები გვესაუბრებიან. თუმცა, მოქმედი მასწავლებლების გარდა, აღმოჩნდნენ „მოხალისე“ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი გამოსცადეს ან მშობლები, რომელთა ცხოვრებაც იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ინკლუზიურ განათლებასთან, რომ სურვილი გაუჩნდათ, ეს პროფესიად აქციონ და საკუთარი შვილების გარდა, სხვებსაც დაეხმარონ.

ქეთევან შარაშიძე: სიმართლე გითხრათ, მეგონა, უფრო რთული იქნებოდა. ღია შეკითხვები, პირადად ჩემთვის, უფრო მარტივი იყო, ხოლო ტესტი ოთხი სავარაუდო პასუხით საკმაოდ დასაფიქრებელი იმიტომ, რომ მოცემული პასუხები, თითქმის, ერთნაირი შინაარსის იყო და ზუსტად უნდა გცოდნოდა, რომ  სწორ პასუხამდე მისულიყავი. ეს ცოტა დამაბნეველი იყო. დანარჩენი ნამდვილად არ იყო ისეთი სირთულის, რომ გამჭირვებოდა. ვფიქრობ, ამდენი დროც არ არის საჭირო –  გამოცდისთვის 4 საათია განკუთვნილი, 3 საათზე დავიწყეთ და 2 საათ-ნახევარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მუშაობა დამესრულებინა.  ჩემთან ერთად ბევრმა დაასრულა.

მე არ ვარ სპეცმასწავლებელი, მშობელი ვარ, აუტისტური სპექტრის მქონე შვილი მყავს, რომელიც ახლა მესამე კლასშია და ამ ხნის განმავლობაში, რაც პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა.  გამოცდის ჩაბარებაც, პირველ რიგში, ამიტომ გადავწყვიტე – მინდა, ჩემს შვილს უკეთესად დავეხმარო განვითარებაში და ეს გამოცდილება, რაც შევიძინე, სხვა ბავშვების მშობლებსაც გავუზიარო.

რაც შეეხება პედაგოგობას, მომავალში, ვაპირებ მეც გავხდე სპეციალური მასწავლებელი, თუმცა, ამისთვის, მოგეხსენებათ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების გარდა, რადგან მე დიპლომში არ მიწერია პროფესიად პედაგოგობა, საჭირო იქნება  მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა. დაველოდები ამ გამოცდის შედეგებს და შემდეგ აუცილებლად ჩავაბარებ 60-კრედიტიან პროგრამაზე და  სრულუფლებიანი უფროსი სპეციალური მასწავლებელი გავხდები. როგორც ვიცი, ვაკანსიები საკმაოდ ხშირად იდება და შევეცდები, დავსაქმდე სკოლაში და ჩემი პრაქტიკა სხვებსაც გავუზიარო.

სიმართლე გითხრათ, რაღაცების შეცვლას ვისურვებდი ინკლუზიური განათლების მიმართულებით. პირველ რიგში, ყველას არ უნდა ანიჭებდნენ სპეციალური მასწავლებლის სტატუსს იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში, პირადად მე, ძალიან ბევრი არაკვალიფიციური კადრი შემხვდა. ამის გარდა, ვფიქრობ, რომ სსსმ მოსწავლის სწავლება მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობასა და საჭიროებაზე. აქედან გამომდინარე, სპცმასწავლებელსაც ამაზე უნდა ჰქონდეს სწორება და არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ თეორიულად ასე უწერია და ამიტომ ასე უნდა გააკეთოს. თეორიულად ბევრი რამ არის გამართლებული, მაგრამ პრაქტიკაში არ გვადგება ხოლმე, ამიტომ, მე თუ სპეცმასწავლებელი გავხდები, ვეცდები, ეს მიდგომები შევცვალო.

თათია გოგოჭური: ტესტი არ იყო მარტივი, მაგრამ არც ისეთი რთული, რომ დაძლევა გამჭირვებოდა. დროც საკმაოდ ბევრი გვქონდა იმისთვის, რომ გვეფიქრა და ისე დაგვეწერა. არაფერი იყო სანერვიულო, უბრალოდ, რადგან სპეცმასწავლებლებისთვის პირველად ტარდებოდა  ასეთი ტიპის გამოცდა, ამან გამოიწვია მასწავლებლებში დიდი მღელვარება. რეალურად, ახალი, რასაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვახორციელებთ, არაფერი შემხვედრია. მასწავლებელთა ძირითადი ნაწილი ღია კითხვებზე ღელავდა, არადა, ღია კითხვები პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე იყო – როგორ ვმუშაობთ ბავშვებთან. შესაბამისად, ისეთი, რაც არ უნდა გვცოდნოდა, არაფერი ყოფილა. წინარე რეკომენდაციები, რაც  გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მივიღეთ, გამართლდა, საკითხებში არ იყო შეტანილი კანონები და ა.შ., ანუ რა რეკომენდაციებიც მოგვცეს, სწორედ იმის  მიხედვით იყო ტესტი შედგენილი.

54-ქულიანი ტესტიდან 33 გამსვლელი ქულაა, აქედან, 33 დახურული კითხვაა და დანარჩენი ქულები კი, ღია კითხვებზე მოდის. მოლოდინი მაქვს, რომ ბარიერსაც გადავლახავ და ცოტა მეტსაც ავიღებ. 

ანიკო კულუმბეგაშვილი: დიდი ხანია, სპეცმასწავლებლები ამ გამოცდას ველოდებით, აუცილებელია ჩვენთვის სტატუსის ასამაღლებლად. როგორც იქნა დადგა ეს დღეც და მადლობელი ვარ ამისთვის. თვითონ ტესტიც არ იყო ძალიან რთული, უბრალოდ, ცოტა მეტი რომ მემუშავა, ალბათ, აჯობებდა. მაგრამ თუ პრაქტიკა იცი და ნამუშევარი გაქვს, არ გაგიჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, დაუძლეველი არ იყო. ხუთი წელია, მცხეთის ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი და ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა. 120-საათიანი ტრენინგიც გავლილი მაქვს და ეს კიდევ უფრო დამეხმარა. მასწავლებელთა სახლმა რა აქტივობები და ტრენინგებიც ჩაგვიტარა, ეს ყველაფერი კარგად აისახა ჩვენს საგამოცდო მზადებაზე და მადლობა მათ ამისთვის. იმედია, მალე უკვე უფროსი სპეციალური მასწავლებელი გავხდები.

ლელა ხატიაშვილი: ჩემთვის ეს გამოცდა საკმაოდ ინფორმაციული იყო, მნიშვნელოვანია, როცა თეორიულ მასალას ასე თავს უყრი. საერთო ჯამში, ტესტს ასე შევაფასებ – საშუალო სირთულის. რაც შეეხება საგამოცდო მღელვარებას, გეტყვით, რომ მღელვარების მართვა უნდა ვიცოდეთ და ვინც ვიცით, არ ვღელვთ. 

ნინო ცუცქირიძე: ტესტი რთული ნამდვილად არ იყო. ვისაც არ აქვს გამოცდაზე გასვლის გამოცდილება, ალბათ, ის მასწავლებლები უფრო ღელავდნენ, თორემ სანერვიულო არაფერია. რეალურად, მოქმედი მასწავლებლებისთვის საუკეთესო დასაყრდენია ჩვენი გამოცდილება, ის 120-კრედიტიანი ტრენინგებიც, რომელიც მასწავლებელთა სახლმა გაგვატარა. მე სხვა საგანმანათლებლო პროგრამას გავდიოდი პარალელურად და იქ მომიწია ამ საკითხებთან შეეხება, რაც ძალიან დამეხმარა. საერთოდ კი, ვისაც მომზადების სურვილი ჰქონდა, უამრავი ლიტერატურა/საკითხავი მასალა არსებობს, რომელიც განთავსებულია შესაბამის ვებგვერდზე და შეეძლო ამის გამოყენება. რეალურად, ეს გამოცდა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არაფერს შეცვლის, იგივე სპეცმასწავლებელი ვიქნები, რაც ვიყავი, უბრალოდ, ეს ჩვენს სახელფასო დანამატზე აისახება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა, შედარებით თანაბარ პირობებში ვიქნებით სხვა საგნის მასწავლებლებთან.

სპეცმასწავლებლად მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება მაქვს და ამ გადასახედიდან, ჩვენი ყველაზე დიდი საჭიროება, ჩემი აზრით, რესურსით ხელშეწყობაა. მართალია, სკოლა ყველანაირად ხელს გვიწყობს, თითოეულ მოსწავლეზე გამოყოფილია ვაუჩერი, მაგრამ ხშირად ბიუროკრატიული დაბრკოლებები გვიშლის ხელს რესურსების შეძენის პროცესში. ამის გარდა, მე პირადად, 8 სსსმ მოსწავლესთან მიწევს მუშაობა. რასაკვირველია, უმჯობესია, ნაკლებ მოსწავლესთან იმუშაო და მეტი დრო დაუთმო თითოეულს, მაგრამ რადგან დიდკონტინგენტიან სკოლაში ვმუშაობ, სკოლას ამის მეტი რესურსი არ აქვს – 5 სპეცმასწავლებელი მუშაობს.

კესო ბიძიშვილი: ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ვარ და ვმუშაობ პროფესიულ სასწავლებელში. მართალია, ეს რეალურად არაფერში გამომადგება, მაგრამ მაინც ჩავაბარე. მოკლედ, ჩემი თავი გამოვცადე. საერთოდ კი, ასეთი ტიპის გამოცდა, რასაკვირველია, საჭიროა მასწავლებლებისთვის. რაც შეეხება თვითონ გამოცდას, ძალიან კარგად იყო სტრუქტურირებული, თუმცა, არც ისე ადვილი იყო. საკმაოდ კარგად დაფიქრება იყო საჭირო, შეიძლებოდა ერთ კითხვაზე ორნაირად გეპასუხა და გეფიქრა, რომ ორივე პასუხი სწორია. ამიტომ, დაფიქრება და სიტყვებში ჩაღრმავება იყო აუცილებელი, რომ სწორი პასუხი დაგეწერა. თუმცა, ეს მოქმედ მასწავლებლებს არ უნდა გასჭირვებოდათ. ღია კითხვები კი, „გემრიელი სამუშაო იყო“. იმედია, კარგად გაართვეს თავი მასწავლებლებმა. ყველას წარმატებას ვუსურვებ!

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი