27 იანვარი, ხუთშაბათი, 2022

რა შესაძლებლობები და რა სირთულეები  წარმოშვა ელექტრონულმა ჟურნალმა 

spot_img

 

როგორ წარიმართა ელექტრონული ჟურნალის სრულად წარმოების პირველი სემესტრი და რა ხარვეზებმა იჩინა თავი – ამის შესახებ გვესაუბრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი.

– ქალბატონო ნინო, მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრი რომ შევაჯამოთ – როგორ იმუშავა ელექტრონულმა ჟურნალმა განახლებული ფუნქციონალით?

– შეიძლება ითქვას, რომ ცუდი შედეგები არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებლების მხოლოდ 10 პროცენტი ვერ იყენებს ელექტრონულ ჟურნალს (აქტიურად არ შედის და არ აწარმოებს ჟურნალს). ასეთი შემთხვევების დროს, ძალიან აქტიურად არიან ჩართული რესურსცენტრები, მონიტორინგიც ხორციელდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საჯარო სკოლებში 65 ათასი მასწავლებელია დასაქმებული, ცუდი შედეგები ნამდვილად არ არის.

ზოგადად, რაც შეეხება შეფერხებებსა და პრობლემებს, ცხადია, მესმის რას გულისხმობენ მასწავლებლები ტექნიკურ ხარვეზებში – ხან ნიშნები ქრება, ხან რაღაც მონაცემს ვერ პოულობენ ან, შემთხვევით, გაკვეთილებს შლიან და ა.შ. Emis-ში რა შემთხვევებიც დაფიქსირებულა, ყველა ადამიანური ფაქტორით იყო გამოწვეული, რაც გულისხმობს იმას, რომ ან სკოლის ადამინისტრაცია შლიდა გაკვეთილებს, გაუქმების ნაცვლად (ამ დროს ამოდიოდა შეტყობინება, რომ ელექტრონულ ჟურნალში ყველაფერი წაიშლებოდა. შესაბამისად, ამაზე ჰქონდათ ინფორმაცია), ან იყო შემთხვევები, როცა სწავლების ტიპის განახლებისას არასწორად უთითებდნენ იმ პერიოდებს, რომელიც უნდა გააქტიურებულიყო. შესაბამისად, ეს იწვევდა ელექტრონულ ჟურნალში მოცემული მონაცემების წაშლას. მსგავსი პრობებების სიხშირე იმითაცაა განპირობებული, რომ მასწავლებლებს ძალიან ხშირად უწევდათ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და შემდეგ გაუქმება. რეალურად, სწორედ ეს იყო პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზი.

სხვა ტიპის ტექნიკური ხარვეზი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან არ დაფიქსირებულა. თუმცა, რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობთ, რომ ფუნქციონალი გამართულად მუშაობს, რადგან გარკვეული სიახლეების დამატება გვიწევს. გახსოვთ ალბათ, სასწავლო წლის დაწყებისთვის, ჟურნალს ახალი ფუნქციონალი დაემატა და გარდა ამისა, სულ რაღაც ერთი წელია, რაც სისტემა მუშაობს და მეტიც, ერთი სემესტრია, რაც მატერიალური ჟურნალი აღარ გამოიყენება.

– ძირითადად, რა სახის დახმარებას ითხოვენ მასწავლებლები?

– ყველაზე მეტი შეკითხვა, როგორც უკვე აღვნიშნე, მონაცემების წაშლასთან დაკავშირებით შემოდის, ამის მიზეზზეც ვისაუბრე. გვეკითხებიან ხოლმე, როგორ დაადასტურონ ჟურნალი ან როგორ დარედაქტირდეს მონაცემები გასული თარიღით – ზუსტად ეს არის ის ახალი ფუნქციონალი, რომელიც პირველი სემესტრის დასაწყისში დაინერგა და ინტეგრირდა სისტემაში. ასევე, აქცენტია გაკეთებული შემაჯამებელი დავალებების გაცდენის შემთხვევებზე მოსწავლის მხრიდან. ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია, რომ თუკი მოსწავლეს უფიქსირდება შემაჯამებელი დავალების, ასევე, მის აღდგენაშიც გაცდენა, შემაჯამებლის შეფასება ნულად უნდა ჩაითვალოს. სისტემაც ასეა აწყობილი და შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, მოსწავლის შეფასება ნულად ითვლება. ამის გარდა, ძირითადად, არის შეკითხვა – არასწორად ითვლება შეფასებები და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? რა თქმა უნდა, ჩვენ ინსტრუქციები დაგზავნილი გვაქვს მასწავლებლებთან ელექტრონული ფოსტით დ გარდა ამისა, ჩვენს ფეისბუქჯგუფშიც დევს.

– ცნობილი გახდა ჟურნალის დადასტურების ბოლო თარიღი, თუ მასწავლებლები ამ დრომდე ვერ მოასწრებენ ინფორმაციის შეტანას, ავტომატურად დადასტურდება. ჟურნალის ავტომატურად დადასტურების შემთხვევაში, იმის დაშვება ხდება, რომ სემესტრი არასწორი შეფასებებით დადასტურდეს?

– დიახ, მასწავლებელი ვალდებულია, სემესტრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მთელი წელი სრულად აწარმოებს ჟურნალს, დაადასტუროს სემესტრის განმავლობაში ჟურნალში შეტანილი ინფორმაციის – მოსწავლის შეფასებებისა და გაცდენების – სიზუსტე. იმ შემთხვევაში, თუ 11 იანვრის ჩათვლით ამ მონაცემების დადასტურება არ მოხდება, სისტემა ავტომატურად დადასტურებულად ჩათვლის. თუმცა, თქვენს კითხვას ვუპასუხებ და გეტყვით, რომ, რასაკვირველია, იმის დაშვება არ ხდება, რომ ჟურნალი არასწორი ინფორმაციით დარჩეს დადასტურებული. პირველი სემესტრი სწორედ ახლა დასრულდა და მასწავლებლებს 11 იანვრამდე მიეცათ შესაძლებლობა, თუ ჟურნალში რაიმე მონაცემები არ აქვთ შეტანილი, ამ ხნის განმავლობაში შეიტანონ. ამის შემდეგ მოხდება დადასტურება, მაგრამ თუკი დადასტურების შემდეგაც აღმოჩნდება რაიმე ხარვეზი, სკოლის დირექტორი იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ნიშანი დაკორექტირდეს. სხვათა შორის, უახლესი ინფორმაციით, მასწავლებლებს სემესტრული შეფასებების კორექტირების შესაძლებლობაც მიეცემათ. ამ შემთხვევაში კი, ხაზგასმით არის რეკომენდებული, რომ სემესტრული შეფასებების კორექტირება შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ იმ მასწავლებლებს, ვისაც ელექტრონულ ჟურნალში წაშლილი ჰქონდათ გაკვეთილები. ეს გადაწყვეტილება სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებლებს ბევრჯერ არ მოუწიოთ ჟურნალში ერთი და იმავე შეფასებების შეტანა. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება, რომ შეფასების არასწორი კალკულაცია არ მოხდეს.

რეკომენდაციის მიხედვით, სკოლის დირექტორს, სემესტრული დაკორექტირების მოთხოვნის დროს, მოუწევს დასაბუთება რატომ სჭირდება, დასრულებული სემესტრის შემდეგ, სისტემაში მოსწავლის შეფასებების ცვლილება. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგშიც იქნება რაიმე ხარვეზი, ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, სკოლას კვლავ ექნება შესაძლებლობა, დააკორექტიროს შეფასებები, თუმცა, ისევ დასაბუთების საფუძველზე.

– უნდა ველოდოთ თუ არა სიახლეებს ელექტრონულ ჟურნალში?

– რა თქმა უნდა, პერიოდულად იგეგმება სიახლეები, მაგრამ ამ ეტაპისთვის ელექტრონული ჟურნალი სრულად ასახავს ეროვნულ სასწავლო გეგმას. შესაბამისად, ახალი ფუნქციონალის დამატება არ განიხილება. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ უკუკავშირის საფუძველზე, რომელიც მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან მივიღეთ, დაგეგმილია მისი დახვეწა. რაც მთავარია, რაიმე ისეთი ტექნიკური ხარვეზი, რაც ელექტრონული ჟურნალის მუშაობას შეუშლის ხელს, არ გვაქვს.

– საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მაინც რთულად წარიმართა ელექტრონული ჟურნალის დანერგვა სკოლებში. როგორი იყო თქვენი მოლოდინი, ფიქრობდით, რომ ასე რთული იქნებოდა მასწავლებლებისთვის ამ სიახლის მიღება?

– პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ის, რომ ელექტრონულმა ჟურნალმა მოგვცა შესაძლებლობა, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გარკვეული პროცესები შესაბამისად ასახულიყო სისტემაში. შეიძლება ასეც ვთქვათ, მიმდინარე პროცესები გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია. მაგალითისთვის მოსწავლეთა მობილობის საკითხი შეიძლება მოვიტანო, ანუ როდესაც მოსწავლე ერთი სკოლიდან მეორეში გადადის – ამ შემთხვევაში, როდესაც სისტემა არ აძლევს მოსწავლეს მობილობის უფლებას და ეს გამოწვეულია იმით, რომ მას შემაჯამებელი დავალება უნდა ჰქონოდა დაწერილი, ამასთანავე, აღდგენის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს. თუკი მოსწავლეს უფიქსირდება შემაჯამებელი დავალების გაკვეთილის გაცდენა ან არ აქვს ჩანიშნული აღდგენა, ის მობილობის განხორციელებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, არის პროცესები, რომელიც შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ უფრო მოწესრიგდა ელექტრონული ჟურნალის წყალობით.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე ან იმ მოწყობილობებზე, რომლითაც შეიძლება ინფორმაციის შევსება (ეს, რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ფაქტორია), ცუდი შედეგები მაინც არ გვაქვს.  სისტემა ახალია და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, უფრო მარტივი იქნება მისი მოხმარება და მასწავლებლებიც უფრო გაითავისებენ ელექტრონულ ჟურნალს.

– ისევ წინა კითხვას დავუბრუნდები – ელოდით, ასე რთულად რომ წავიდოდა ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროცესი?

– ზოგადად, როცა ახალ პროდუქტს ნერგავ, თან ისეთ პირობებში, როგორშიც ახლა გვიწევს ცხოვრება, რა თქმა უნდა, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ სირთულეები იქნება, თან არ დაგვავიწყდეს რამდენ ადამიანთან გვიწევს კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ მასწავლებლების უმეტესობამ ელექტრონული ჟურნალის გამოყენება დაბრკოლებების გარეშე შეძლო. ნელ-ნელა პოზიტიური გამოხმაურებებიც მატულობს. რა თქმა უნდა, კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო როგორც ჩვენი მხრიდან, ისევე მასწავლებლების, რომ უკეთეს შედეგებამდე მივიდეთ. სამომავლოდ ისევ ვებინარებს და სხვა სახის აქტივობებს ვგეგმავთ, რაც მასწავლებლებს დაეხმარება კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში მათთვის სასურველ და საჭირო საკითხებსა და დეტალებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე დავუგზავნით. ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ელექტრონულ ჟურნალს მუდმივად სჭირდება განვითარება, ამიტომ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი ვალდებულებაა.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

 

 

პროფესიული

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები