12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

რა შეიცვლება რეალურად 20 წლის წინ მიღებულ დოკუმენტში

spot_img

საგანმანათლებლო საზოგადოების ყურადღების ქვეშ, რამდენიმე დღის წინ, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ზგემ-ის განახლებული პროექტი მოექცა, რომელიც საჯარო განხილვების შემდეგ პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

დოკუმენტი განხილვისთვის 

რა შეიცვლება რეალურად 2004 წელს მიღებულ დოკუმენტში, ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზგემი ნამდვილად კონსტიტუციაა, ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უყრის ზოგად განათლებას, სასკოლო განათლებას და „ბუნებრივია, იმ გამოწვევების პირობებში, რომელიც დღეს ზოგადი და სასკოლო განათლების წინაშე დგას, იმ გლობალური განვითარების, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, იმ ეკონომიკის განვითარების პირობებში, რომელშიც დღეს ჩვენც და მსოფლიოც ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, განათლებასაც სჭირდება ფეხის აბმა.“ მინისტრი, დოკუმენტზე საუბრისას, ყურადღებას ამახვილებს  პრინციპებსა და პოსტულატებზე, რომელიც მას, მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, მთავარ საფუძვლად დაედო – „ეს არის პატრიოტული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივება, ჩამოყალიბება; ეროვნული იდენტობის განმტკიცება; ეს არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, სახელმწიფო ენის კიდევ უფრო სიღრმისეულად ცოდნა და პატივისცემა. ოჯახის ინსტიტუტი, ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გვინდა, ჩვენს ახალგაზრდებში კიდევ უფრო გავაღვივოთ, ვინაიდან კარგად გვესმის დღეს ის დემოგრაფიული გამოწვევებიც, რომელიც არის, ასევე სხვადასხვა გამოწვევები და, რა თქმა უნდა, ის ტრადიციები და კულტურა, რომელიც ჩვენ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გვაქვს, ნამდვილად საჭიროებს კიდევ უფრო დინამიურად სასწავლო პროცესში შეტანას.

ამის მიღმა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ის უნივერსალური ეთიკური ღირებულებები, რომელიც აუცილებელია, რომ თანამედროვე ადამიანს დღეს გააჩნდეს როგორც ცოდნის, ასევე უნარების თვალსაზრისით, რომ ის კონკურენტუნარიანი იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ არ გვინდა, რომ ეს იყოს მხოლოდ ჩანაწერი. პირველი, ეს რაც არის, პრაქტიკულად ახალი გადააზრებაა ჩვენი სასკოლო ზოგადი განათლების.“ – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ, დაახლოებით, 2-3 თვეში, სამთავრობო და საპარლამენტო განხილვების შემდეგ, ახალ დაკომუნეტს დაამტკიცებენ, თუმცა, მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რომ დოკუმენტი ფართო ჩართულობით იყოს მიღებული.

შემდგომ რა ხდება, ანუ როგორ აისახება ეს საგნებზე, სწავლის ხარისხზე და როდის დაიწყება ამ პრინციპების პრაქტიკული განხორციელება. გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ „ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომელიც, ბუნებრივია, გააზრებული გვაქვს და არ არის ამოგლეჯილად მხოლოდ ერთი დოკუმენტი. პარალელურად, პრინციპში, უკვე დაწყებულია პროცესი და რა წამს დამტკიცდება ბოლო ვერსია ამ დოკუმენტის, მოხდება ყველა სასკოლო საგნის გადახედვა, გადააზრება და სასკოლო საგნის სტანდარტების პირდაპირ მორგება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, რასაც, ასევე, 1-2 თვე დასჭირდება.

ბოლო ფაზა, რომელიც გვინდა, ახლო მომავალში დავიწყოთ, ეს არის ყველა სახელმძღვანელოს, რომელიც დღეს არსებობს სისტემაში, განახლება, ზოგ შემთხვევაში – სრულად შეცვლა და ახლის შემოტანა, ვინაიდან, შესაძლოა, ვერ უპასუხოს ზგემ-ის იმ ეროვნულ პრინციპებს და ღირებულებებს, რომელიც მასშია აღწერილი. რეალურად, ეს არის მთელი ჯაჭვი, დაწყებული ამ დოკუმენტით და დამთავრებული სახელმძღვანელოთი, რომელიც უნდა მივიდეს, საბოლოო ჯამში, მოსწავლემდე. ეს გათვლილია, დაახლოებით, ორწლიან ჭრილში გვინდა, სრული ციკლი დავასრულოთ, შესაძლოა, სამი წელიც დასჭირდეს იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოსთან გვაქვს საქმე – ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოა გადასახედი, მოსარგები, გასაახლებელი, რიგ შემთხვევებში – ჩასანაცვლებელი.“

მინისტრი ხაზგასმით საუბრობს ამ პროცესებში პედაგოგების უმნიშვნელოვანეს როლზე და მიიჩნევს, რომ, საბოლოო ჯამში, როგორი კარგი საგანმანათლებლო რესურსიც არ უნდა შეიქმნას, იქნება ეს სახელმძღვანელო თუ სხვა დამხმარე რესურსი, ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით, პედაგოგის როლი მაინც ყველაზე დიდია. სწორედ ამიტომ, პროცესების პარალელურად, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას განიხილავს. „უკვე მიმდინარეობს დაგეგმარება და რაწამს დამტკიცდება ეს დოკუმენტი, სასკოლო საგნის ახალი სტანდარტები და დავიწყებთ ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობას, მყისიერად დაიწყება შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი, პარალელურ რეჟიმში, პედაგოგებისთვის, რომ 2-3-წლიან ჭრილში, ჩვენ სრულად განახლებული სასკოლო სისტემა მივიღოთ.“

რეფორმის პირველი ციკლის დასრულება, მინისტრის თქმით, 3 წელიწადში იგეგმება. „გაწერილი გვაქვს, რას ვაკეთებთ ყოველწლიურად. რა თქმა უნდა, 3 წელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განათლებაში  ხელშესახები შედეგები დავინახოთ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ 3 წელში ჩვენ დავასრულებთ იმ ციკლს, საიდანაც უნდა დაიწყოს რეალურად სერიოზული შედეგების მიღება, ასე ვთქვათ, წინ ხედვა. იგივე პიზას კვლევების შედეგებზე, რომელიც არ იყო მაინც და მაინც სახარბიელო (ჩვენ არ გავურბივართ და თვალს ვუსწორებთ ამ პრობლემებს), პირდაპირ გვაქვს ქმედითი პასუხები, როგორ დავძლიოთ ეს რამდენიმე წელიწადში.“ – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები