ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმი“ მრავალი წლის ისტორიას ითვლის და არაერთი საინტერესო ღონისძიების ინიციატორია. ახლახან, ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა კვლევა — „პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“.
როგორია კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები დევნილებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურობა, რა ზეგავლენა მოახდინა ვირუსმა მათზე, რა საჭიროების წინაშე დგანან ისინი და რა კეთდება კონფლიქტის ზონის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული სირთულეების, თუნდაც მცირედით, დასაძლევად — ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება კვლევის ავტორი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმი“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.
— ქალბატონო ეკა, პირველ რიგში, გაგვაცანით ფონდის „სოხუმი“ საქმიანობა
— ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი „სოხუმი“, 20 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და მშვიდობის მშენებლობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ სისტემატურად ვიკვლევთ და ვსწავლობთ კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების და გოგონების საჭიროებებს. ვცდილობთ, მათ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.
ფონდი „სოხუმისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდებთან მუშაობა. ძალადობასთან ბრძოლის პრევენციის მიზნით, მათში გენდერული თანასწორობის, შემწყნარებლობის, არაძალადობრივი კულტურის იდეის გავრცელება. ამ მიზნით, ჩვენი ორგანიზაცია ისეთ რეგიონებსა და სკოლებში მუშაობს, რომლებიც დიდ ქალაქებთან სიშორის გამო, მოკლებულნი არიან ბევრ რესურსზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის, გამყოფ ზოლთან არსებულ სოფლებში. 2011-2020 წლებში, მოვიცავით 144 სკოლა და 10 600-მდე მოსწავლე. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ მასწავლებელთა ინფორმირებულობის გაზრდაზე, მათი როლის შესახებ, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების თვალსაზრისით.
— ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, ჩატარდა თქვენი საავტორო კვლევა „პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“. რა იყო კვლევის მიზანი?
— მოგეხსენებათ, ახალი ვირუსის — COVID-19-ის აფეთქებამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე და უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა თითოეული ჩვენგანი. შეიცვალა ადამიანთა ჩვეული ცხოვრების წესი, წარმოიშვა უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, გაღრმავდა სოციალური და გენდერული უთანასწორობა საზოგადოებასა და ოჯახებში. ჩვენმა უწყვეტმა კომუნიკაციამ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც კონფლიქტის გამყოფი ზოლის სიახლოვეს ცხოვრობს, ცხადყო, რომ მიუხედავად პანდემიის ნეგატიური ზეგავლენისა ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე, მისი გავლენა საკმაოდ განსხვავდებოდა მოსახლეობის ამ კონკრეტულ ჯგუფზე, თავისი მასშტაბებით და ზეგავლენის ხარისხით.
კვლევის მთავარი მიზანი იყო, შეგვესწავლა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის — დევნილებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში COVID-19 ვირუსით გამოწვეული ძირითადი პრობლემები და გამოწვევები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვემუშავებინა შესაბამისი რეკომენდაციები, დაგვეგეგმა ადვოკატირების სტრატეგია მათი დროული გადაჭრისთვის.
— რა შედეგები აჩვენა კვლევამ და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა?
— კვლევა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში — ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი (სოფლები: კოკი, ხურჩა, შამგონა, კახათი), წალენჯიხა (ფახულანი, წყოუში), ლანჩხუთი, ოზურგეთი, ქობულეთი და მოიცვა 363 ადამიანი, მათ შორის — 264 ქალი და 99 კაცი.
კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიამ განსაკუთრებით მძიმე გავლენა მოახდინა კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებაზე. ამას მოწმობს ის, რომ კვლევაში მონაწილე რესპონდენტთაგან (რომლებმაც ხაზი გაუსვეს, რომ პანდემიის შედეგად მათი „მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და მრავალი საფრთხე შეექმნა მათ ცხოვრებას“), უმრავლესობა სწორედ გამყოფ ზოლში მცხოვრები დევნილები და კონფლიქტით დაზარალებული პირები არიან. პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა უკიდურესად გააუარესა ადამიანთა ეკონომიკური მდგომარეობა, ბევრმა დაკარგა სამსახური და ერთადერთი შემოსავლის წყარო. გართულებულმა ეკონომიკურმა ფონმა კიდევ უფრო დაამძიმა ქალების მდგომარეობა ოჯახებში, რაც ხშირად ოჯახური კონფლიქტებისა და ძალადობის სახით ვლინდება. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური სტრესი, ჯანმრთელობის გაუარესება, შვილების სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვის შეუძლებლობა, საბაზისო სერვისებისადმი ხელმიუწვდომლობა — ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამდნენ ხაზს რესპონდენტები.
— რა მდგომარეობაში არიან ისინი?
— სადღეისოდ, მათი მოწყვლადობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან დღემდე არ მომხდარა მათ პრობლემებზე ჯეროვანი რეაგირება. კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები, პანდემიამდეც საზოგადოების საკმაოდ მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენდნენ. მათ აქამდეც უწევდათ ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა მათ დასახლებებში საბაზისო სერვისების — მაღაზიების, ამბულატორიების, გზების, გამართული ტრანსპორტის, წყალმომარაგების არარსებობა. ეს ის კატეგორიაა, რომლისთვისაც გამშვები პუნქტები „სასიცოხლო არტერიას“ წარმოადგენს, რადგან მათი ეკონომიკური საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, სწორედ გალის რაიონის სოფლებს უკავშირდება. იქ ამუშავებდნენ მიწებს, იქ დადიოდნენ სავაჭროდ, ბევრს იქ ჰყავს ხანდაზმული მშობლები. დღეს კი, გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო, დაკარგეს საარსებო წყარო და არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, დაეხმარონ იქ დარჩენილ საკუთარ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.
— ჩვენი გაზეთის ინტერესის სფერო განათლების სისტემაა. რა მდგომარეობაში არიან კონფლიქტის გამყოფ ზოლთან მდებარე სკოლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, რა პრობლემების და საჭიროებების წინაშე დგანან?
— ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. პანდემიის პერიოდში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვის შეუძლებლობა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ამ პრობლემას უამრავი წახნაგი აქვს.
COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ უამრავი ტექნიკური და ემოციური პრობლემა შექმნა ოჯახებში. ონლაინ სწავლებისთვის მოუმზადებელ მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა ონლაინ/დისტანციურ განათლებაში შვილების სრულფასოვნად ჩართვა. ყველაზე მეტად ამ პრობლემას ხაზი გაუსვა ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ.
ონლაინ სწავლებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი ისაა, რომ ოჯახებს, რომელთა უმრავლესობა ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაშია, არ აქვთ კომპიუტერი ან შესაბამისი „სმარტფონები“. მეორე ძირითადი მიზეზი უკავშირდება ოჯახში ერთზე მეტი შვილის არსებობას, რომლებიც, არასაკმარისი რაოდენობის კომპიუტერის ან ტელეფონის გამო, ვერ ახერხებენ, ერთდროულად, სასწავლო პროცესში ჩართვას. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ოჯახებში შესაბამისი სივრცის/ოთახების არასაკმარისი რაოდენობა, სადაც ბავშვებს არ აქვთ ოჯახის სხვა წევრებისგან განცალკევებულად მეცადინეობის შესაძლებლობა. ინტერნეტის სუსტი დაფარვა, ინტერნეტმომსახურების მაღალი საფასური, ტექნოლოგიების მოხმარების სუსტი უნარ-ჩვევები განათლების მიღების, დამატებით, ხელის შემშლელი ფაქტორია.
აქვე მინდა, გამყოფ ზოლში მდებარე ზოგიერთი სოფლისთვის საკმაოდ სპეციფიკურ პრობლემას გავუსვა ხაზი — ერთი მხრივ, ინტერნეტის ძალიან სუსტი სიგნალის, ხოლო მეორე მხრივ, გადაადგილების შეზღუდვის გამო, სასწავლო პროცესს მიღმა დარჩნენ საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც დღემდე მიბმულნი არიან საქართველოს განათლების სისტემას. განსაკუთრებით მწვავედ დგას პრობლემა სოფელ საბერიოში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც ირიცხებიან და სწავლობენ სოფელ ფახულანის საჯარო სკოლაში (დაახლოებით 16-17 მოსწავლე). ონლაინ სწავლების დროს, ინტერნეტის ძალიან სუსტი სიგნალის და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო, ვერ ხერხდებოდა ვერც ფახულანში და ვერც მასთან მომიჯნავე სოფელ საბერიოში მცხოვრები მოსწავლეების ონლაინ გაკვეთილებში სრულფასოვანი ჩართვა. სწავლის საკლასო ოთახებში განახლების შემდეგ, საბერიოში მცხოვრები მოსწავლეები, გამშვები პუნქტის ცალმხრივად ჩაკეტვის გამო, ვერ გადმოდიან და სასწავლო პროცესში ვერ ერთვებიან. იმავე პრობლემის წინაშე დგანან სოფელ ნაბაკევში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც გადმოდიოდნენ და სწავლობდნენ სოფელ კოკის საჯარო სკოლაში. ამ ბავშვებს სასწავლო პროცესში ჩართვის არც ფიზიკური და არც დისტანციური შესაძლებლობა არ აქვთ. სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა და მასზე ჯეროვანი რეაგირება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პირობებში დისტანციური თუ ჰიბრიდული სწავლებისთვის მოუმზადებლობამ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროცესზე ხელმიუწვდომლობამ ოჯახებში უამრავი ემოციური პრობლემა შექმნა. ეს კი, ძალიან ხშირად, აგრესიაში ვლინდება, რაც, თავის მხრივ, ოჯახური კონფლიქტებისა და ძალადობის მიზეზი ხდება.
— როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტის გამყოფ ხაზთან (ორივე მხარეს) საგანმანათლებლო სისტემაში არსებული სირთულეების დასაძლევად, რა არის თქვენი რეკომენდაციები?
— უპირველესად, ვიტყვი, რომ აუცილებელია, საზოგადოების ამ ძალიან სპეციფიკური და მოწყვლადი კატეგორიის მიმართ ყურადღების გამოჩენა, პრობლემების საგულდაგულოდ შესწავლა და, მათი ძალიან სპეციფიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათივე საჭიროებებსა და პრიორიტეტებს მორგებული პოლიტიკის დაგეგმვა. ამ ეტაპზე, სასწავლო პროცესის შემაფერხებელი, გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებული მოქმედებით და ხელშეწყობით, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლებში შესაბამისი ინტერნეტიზაცია და ძლიერი სიგნალით უზრუნველყოფა; პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია, გამყოფ ზოლში, ენგურს გაღმა მცხოვრები ბავშვებისთვის, გამოიყენონ განსაკუთრებული მიდგომა და უზრუნველყონ გამშვები პუნქტიდან მათი გადმოშვება, სკოლაში მისასვლელად; აღნიშნული საკითხის მოგვარებამდე, აუცილებელია სოფელ საბერიოს ან სოფელ ნაბაკევის მოსწავლეთათვის ონლაინ გაკვეთილების უზრუნველყოფა. ამისათვის, ერთი მხრივ, მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ ამ გაკვეთილების ჩატარება და, მეორე მხრივ, ბავშვებისთვის ონლაინ პლატფორმების წვდომის მიზნით, გამყოფ ზოლში, მოსწავლეების სატელეფონო ინტერნეტ პაკეტებით, ხოლო საჭიროებისამებრ, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით (კომპიუტერებით, სმარტფონებით) უზრუნველყოფა.