რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა  სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გასაგრძელებლად  

955

15 თებერვლიდან მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, სადაც მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში ბრიფინგი გამართა და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ  სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიაწოდა. სკოლები კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და განსაკუთრებით გამოყო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარების აუცილებლობის შესახებ. ეკატერინე დგებუაძის თქმით, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.

დასწრებითი სწავლების პირობებში სამინისტრომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, თუ მათ აქვთ ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობა, კონკრეტულად მათი საგანი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რომლებსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს – სკოლების წერტილოვანი მართვაიმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ვირუსი დაფიქსირდება, იქნება ეს მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში, ერთვება რაიონული ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პროცესი საჯარო და კერძო სკოლებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. შესაბამისად, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში მისაღებად სრული მზაობა აქვთ. ამ მიმართულებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგის ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან არსებულ მდგომარეობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს არჩევანის შესაძლებლობა აქვთ, დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება  წერტილოვანი შეზღუდვების მიდგომა. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა.

რეკომენდაციები მშობლებს

სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ თქვენი შვილის ტემპერატურა და 37 გრადუსის და მეტის შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;

ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროულად შეატყობინეთ სკოლას ბავშვების მდგომარეობა;

დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;

სკოლაში მოსწავლისთვის პირბადის ქონა თქვენ, მშობლებმა უნდა უზრუნველყოთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ  V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადის სკოლის საერთო ტერიტორიაზე გამოყენება. პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ სსსმ მოსწავლეებს.

მშობლებმა უნდა იზრუნოთ, რომ მოსწავლე დროულად გამოცხადდეს სკოლაში;

მშობლებმა სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყოთ  მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;

მნიშვნელოვანია ასევე, დაესწროთ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს;

⇒ მშობლებს, რომელთა შვილები სწავლობენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, გორის, ბათუმის და ქობულეთის საჯარო სკოლებში, საშუალება აქვთ, სურვილის შემთხვევაში, დასწრებითი სწავლების მაგივრად, დისტანციური აირჩიონ.

სწავლის ფორმატის არჩევის ან არჩეული ფორმატის გაუქმების უფლება მშობლებს ყოველ ოთხშაბათს ექნებათ.  სურვილის შემთხვევაში კი, ონლაინ სწავლებისთვის შვილი უნდა დაარეგისტრირონ ვებგვერდზე Online.emis.ge.   ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სამინისტრო ასევე მიმართავს მშობლებს, სურვილის მიხედვით, თავად უზრუნველყონ მოსწავლე საკვებით.

ინფორმაცია, რომელიც მშობლებმა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაწყებამდე უნდა გააცნონ შვილებს:

სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით,

  სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვან 1-მეტრიანი დისტანცია.

  საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ, მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით.

  გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით.

  ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ, მოსწავლემ ხელსახოცი თავდახურულ ურნაში უნდა მოათავსოს;

საკვების მიღებამდე და შემდეგ, მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით.

როგორ უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესში ხელახალი ჩართვის, სკოლაში დაბრუნების პროცედურები:
  1. დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანმრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია;
  2. მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;
  3. სკოლის მასწავლებლების/თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები;
  4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ, თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი მასწავლებლისთვის/ თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილზე წარსადგენად დროებითი შრომისუუნარობის ტოლფასი ცნობა გაიცემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ეპიდემიოლოგის მიერ დადასტურების შემდეგ;
  5. ინფიცირებულთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი მასწავლებლის/თანამშრომლის თვითიზოლაციის/კარანტინის დამადასტურებელ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი, დადგენილი წესით უგზავნის ჯანდაცვის სამინისტროს;
  6. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი (მასწავლებელი/თანამშრომელი), რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილი აქვს თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმი, აგზავნის შეტყობინებას მისამართზე – info@moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროს „კონტაქტის“ ინტერნეტ გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად და „ტექსტის“ ველში უთითებს იზოლაციის დამადასტურებელი ცნობის მიღების საშუალებას (ელფოსტა, საქართველოს ფოსტა, ხელზე გატანა).

დატოვეთ კომენტარი