12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ჩაბარება გადაწყვიტეს

spot_img
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაზა თევდორაძის რჩევები აბიტურიენტებს

 

⇑⇓ რა ცვლილებები შეეხო მათემატიკის გამოცდას 2023 წელს

მათემატიკის საგამოცდო ტესტმა, გასულ წელთან შედარებით, სტრუქტურული ცვლილება განიცადა. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ცვლილება არ შეხებია საგამოცდო პროგრამას, საკითხების ჩამონათვალი უცვლელია, მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, რა ცვლილებებზეა საუბარი? ტესტი შედგება 41 დავალებისაგან, აქედან 37 დავალება არჩევითი პასუხებითაა – ეს არის დავალებები, რომელსაც თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, აქედან მხოლოდ ერთია სწორი და თქვენი ამოცანაა, ეს ერთი სწორი პასუხი მოძებნოთ და, ასევე, სწორად შეიტანოთ პასუხების ფურცელზე (რომელიც A3 ფორმატის ქაღალდზეა დაბეჭდილი), ზუსტად ამ დავალებისთვის გამოყოფილ ადგილას. დანარჩენი 4 დავალება (როგორც აღვნიშნეთ, სულ 41 დავალებაა და 37 არის არჩევითი პასუხებით დავალება) წერითი დავალებაა. თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ეს დავალება წერილობით უნდა ამოვხსნათ და ნაჩვენები უნდა იყოს ამოხსნის გზა, ყველა ლოგიკური გადასვლა – დაფიქსირებული პასუხების ფურცელზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხი აუცილებლად ზუსტად ამ დავალებისთვის გამოყოფილ ადგილას უნდა ჩაწეროთ.

წერითი დავალებები შემდეგი სტრუქტურის არის: სულ ოთხი დავალებაა, აქედან ორი 3-ქულიანი დავალებაა და ორი – 4-ქულიანი. ხშირად გვეკითხებიან – როგორ ფასდება 3-ქულიანი დავალება? თუ ვერ ამოვხსენი, 0 ქულით შეფასდება? გეტყვით, რომ 3-ქულიანი დავალება არ ფასდება მხოლოდ 0 ან 3 ქულით, თქვენ შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი შუალედური ქულა. ყოველი ასეთი დავალებისათვის დგება შეფასების სქემა, რომელიც ურიგდება გამსწორებლებს, ანუ საგამოცდო კომისიის წევრებს. ამ შეფასების სქემაში დეტალურადაა გაწერილი თუ სრული ამოხსნის რა ნაწილის შესრულებისთვის იწერება 1 ქულა, რა ნაწილის შესრულებისთვის – 2 ქულა, 3 ქულა და თუ დავალება 4-ქულიანია – 4 ქულა. მაქსიმალური ქულა, რა თქმა უნდა, სრულ ამოხსნაში იწერება. ჩემი რჩევაა, სრულად რომც ვერ ამოხსნათ ამოცანა, ის ნაწილი, რაც გააკეთეთ, აუცილებლად უნდა გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე, რადგან გამსწორებელმა იცის რამდენი ქულით უნდა შეაფასოს ეს ნაწილი. შეიძლება, თქვენი 3-ქულიანი დავალება შეფასდეს 2 ქულით ან 1-ით, ან სულაც, შესაძლოა, 3 ქულით შეფასდეს და საერთოდ არ დაგაკლდეთ ქულა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბოლო, ფინალურ ეტაპზე იმდენად უმნიშვნელო ხარვეზია დაშვებული, რომელმაც ვერ მიგიყვანათ საბოლოო სწორ პასუხამდე, მაგრამ ამ ხარვეზში შიძლება ქულა არ დაგაკლდეთ.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, 37+14 (37-ს იღებ დახურული დავალებებით, ე.წ. არჩევითი პასუხების მქონე დავალებებით, ხოლო 14 ქულას – წერითი დავალებებით). თქვენ იცით, რომ მინიმალური ბარიერი მათემატიკისთვის, სახელმწიფოს მიერ, დადგენილია 20%-ზე მეტი, ანუ 11 ქულას თუ დააგროვებთ, მინიმალური ბარიერი გარანტირებულად გაქვთ გადალახული, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ბარიერზე უფრო მაღალ ბარიერს აწესებს და თუ თქვენი სურვილია, მაგალითად, ჩააბაროთ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, იქ 50%-იანი ბარიერია და 11 ქულა, რასაკვირველია, არ გეყოფათ იმ ბარიერის დაძლევისათვის. ამას აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება.

ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო არ შეცვლილა, კვლავ 3 საათია.

⇑⇓ მათემატიკის ამოხსნებში პირობების ჩაწერა თუ არის საჭირო?

საგამოცდო ტესტის დავალების პირობის გადაწერა, რასაკვირველია, არც არის საჭირო და არც მიზანშეწონილია იმიტომ, რომ თქვენ პასუხების ფურცელზე, ამ ამოცანისთვის, გამოყოფილი გაქვთ კონკრეტული სივრცე და იქ უნდა დაწეროთ უშუალოდ ამოხსნა. ამოხსნა უნდა იყოს ძალიან დეტალური, არ უნდა იყოს ნახტომისებური, უნდა ჩანდეს თქვენ მიერ განხორციელებული ყველა ნაბიჯი, გადალახული ყველა წინააღმდეგობა. იქ უნდა ჩანდეს თქვენი აზროვნების კვალი და ერთი შედეგიდან მეორე შედეგამდე გადასვლა არ უნდა იყოს ნახტომისებური, უნდა ჩანდეს როგორ მოხდა ევოლუცია და პირველი რაღაც მოცემულობიდან როგორ მიიღეთ მეორე მოცემულობა და სხვ. ამიტომ, ნუ გადაწერთ თავად დავალების პირობას, პირდაპირ დაიწყეთ ამოხსნა.

⇑⇓ მექანიკურ შეცდომებზე თუ აკლდება ქულა?

შეცდომას გააჩნია. უშუალოდ ყველაფერი გაწერილი იქნება თავად შეფასების სქემაში. ასევე გააჩნია, რა ეტაპზეა დაშვებული შეცდომა. თუ თქვენ შეცდომა დაუშვით საწყის ეტაპზე, რამაც ამოცანის დრამატულად შეცვლა გამოიწვია, ძალიან გამარტივდა, მაშინ, მინიმუმ, 2 ქულა დაგაკლდებათ (თუ ეს 3-ქულიანი ან 4-ქულიანი დავალებაა). მაგრამ, შესაძლოა, შეცდომამ არ გამოიწვიოს ამოცანის გამარტივება დრამატულად, მაშინ 1 ქულა დაგაკლდებათ.

უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, თუ შეცდომა სულ ბოლო ეტაპზეა დაშვებული, ვთქვათ, შედეგი მიღებული გაქვთ, მაგრამ შემდეგ, გამოთვლაში რაღაც მარტივი შეცდომაა დაშვებული, რომელსაც ჩვენ მექანიკურ ხარვეზს ვეძახით, ამ დროს ქულა საერთოდ არ დაგაკლდებათ და მაქსიმალურ ქულას მიიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პასუხი არ არის მიღებული. თუ თქვენ გიწერიათ, მაგალითად, 12/3, რაც ყველამ ვიცით, რომ 4-ია, მაგრამ რატომღაც დაგებინდათ გონება და დაწერეთ სხვა რამ, ვთქვათ, უდრის 5/2-ს (ცუდად შეკვეცეთ ან არ ვიცი, რა გააკეთეთ), ამას ყურადღება არ მიექცევა და ის 12/3, რომელიც სწორი პასუხი იყო, დაფიქსირდება, როგორც საბოლოო შედეგი და თქვენი ნაშრომი მაქსიმალური ქულით შეფასდება.

⇑⇓ რა შემთხვევაში არ სწორდება ნაშრომი?

ვურჩევ აბიტურიენტებს, ესტუმრონ ჩვენს ვებგვერდს და დაათვალიერონ. იქ დევს არა მარტო ახალი სტრუქტურით შედგენილი ტესტის ნიმუში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ გაიგოთ ეს ნიმუში ისე, რომ, მაგალითად, რა თემასაც ეხება ამ ნიმუშის ღია დავალებები, გამოცდაზეც აუცილებლად იმ თემებზე მოვა დავალებები. ეს უბრალოდ ერთი შესაძლო ნიმუშია, რომელიც შეიძლება რეალიზდეს გამოცდაზე და რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, უბრალოდ მოსინჯოთ თქვენი ძალები. ის შედგენილია გასული წლის დავალებების მიხედვით. აქვე გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ჩვენს ვებგვერდზე დევს კრებულიც, იქ პროგრამასაც ნახავთ და ერთ-ერთი საგამოცდო ტესტის ნიმუშსაც, თავისი ამოხსნით. ბოლოს წარმოდგენილია ხშირად გავრცელებული შეცდომები და ძალიან გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს შეცდომები არ გავიმეოროთ. მაგალითად, ნახაზია ისე დახაზული, რომ გამსწორებელს არავითარ ინფორმაციას არ აძლევს, ან სულაც ეს ნახაზი უნდა იყოს, ვთქვათ, დაკავშირებული ცილინდრთან და აბიტურიენტმა კი იქ კონუსი დახაზა; ან შემოიტანა ცვლადები ისე, რომ კომენტარი არ გააკეთა. ღია ტექსტურ დავალებასთან დაკავშირებით, თქვენ მოგიწევთ ხოლმე ცვლადების შემოტანა, მაგალითად, x-ით აღნიშნოთ რაიმე სიდიდე, – სხვა სიდიდე და ა.შ. თუ არ გააკეთებთ კომენტარს, x-ით კონკრეტულად რა აღნიშნეთ და რა – y-ით, გამსწორებელი, თქვენს ნაცვლად, ვერ გამოიცნობს. შეიძლება მიხვდეს, მაგრამ შეიძლება ვერც მიხვდეს, ზოგჯერ, რა აღნიშნეთ, მით უმეტეს, თუ შემდეგ თქვენ მიერ შედგენილი განტოლება, x-თან და y-თან დაკავშირებით, ასევე ხარვეზით არის და შეიძლება ვერ გამოიცნოს რა აზრს ატარებს ეს განტოლება. ამიტომ, გაეცანით ამ კრებულის ბოლოს წარმოდგენილ ტიპურ შეცდომებს, იქ ყველა შესაძლო ვარიანტია აღწერილი და ისწავლით, როგორ არ უნდა მოიქცეთ. იქვე მიიღებთ ინფორმაციას რა შემთხვევაში არ გასწორდება ნაშრომი.

⇑⇓ გამოცდისთვის მზადების პროცესში რაზე გაამახვილონ ყურადღება აბიტურიენტებმა?

საგამოცდო პროგრამის თითოეული საკითხი მნიშვნელოვანია, ამიტომ საკითხებს ვერ გამოვყოფ ერთმანეთისგან. უნდა ბეჯითად იშრომოთ და ბოლო წლების ტესტებსაც გადახედოთ, იქ ამოხსნებიც გვიდევს და უნდა შევეცადოთ, რომ ამოხსნა წარმოვადგინოთ ზუსტად იმ ფორმით, როგორც არის მოცემული – სრულყოფილად. რაც მთავარია, ბევრი უნდა ვიმუშაოთ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დევს დეტალური ინფორმაცია, დამხმარე მასალები, კრებულები, რომელიც გახდება თქვენი მეგზური, თუ უკვე არ არის და ეს მასალები დაგეხმარებათ გამოცდისთვის მზადებაში.

საუბრები განათლებაზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად
რადიო იმედი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები