ლია ფუტკარაძე
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი
„მთავარია არა ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი“
თანამედროვე სკოლის მთავარი მიზანია, აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნებები, რომლებსაც ექნებათ განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე.
სკოლა ის სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაა, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი ხელს უწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, სადაც იქმნება მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული საგნობრივი სასწავლო გეგმები. ასეთი ტიპის სკოლებში აღზრდილი მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვას და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.
იმისათვის, რომ სკოლა გაუმკლავდეს მესამე თაობის ესგ-ის მოთხოვნებს, სწავლა-აღზრდის პროცესში ჩართული უნდა იყოს მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი, ეს ვერტიკალი კი „მასწავლებელი-მოსწავლე “ ჩვენ თვალწინ ტრანსფორმირდება. ბავშვი და მისი მშობელი ორგანულად შემოდიან ახალ სქემაში და, მომხმარებელთა რანგიდან, პროცესის მონაწილეთა რანგში ინაცვლებენ.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს დღევანდელი სკოლა, რომ იქ ყველამ შეძლოს საკუთარი ადგილის პოვნა, სწავლებას კი საუკეთესო შედეგი ჰქონდეს?
პირველ რიგში, სკოლაში შექმნილი უნდა იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი, თანაბარუფლებიანობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. პედაგოგები ვალდებულები ვართ, მოსწავლეებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომლებიც მათ აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესში. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი, ინოვაციური, პასუხისმგებლიანი უნარების მქონე პიროვნებები, რომლებსაც შეეძლებათ ქცევის თვითმართვა; მოსწავლემ სკოლაში მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება უნდა შეძლოს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სკოლის ეფექტური მუშაობა მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ საკითხთან, როგორიცაა შეფასება. ბუნებრივია ისმის კითხვა – რატომ არის ეს თემა ასე მნიშვნელოვანი?
როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასების მეთოდები და შედეგები სწორად იმისათვის, რომ სწავლა მოსწავლეებისთვის საინტერესო გახდეს? როგორ დავუკავშიროთ ერთმანეთს შეფასება და სწავლის დაგეგმვა? როდის უნდა გამოვიყენოთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასებები? რა მნიშვნელობა აქვს შეფასების პრინციპებს? და ზოგადად, ყველაზე საინტერესოა, რა როლს თამაშობს შეფასების მექანიზმი სკოლის კულტურის ჩამოყალიბებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სწავლებაში.
შეფასების ორი ფორმა არსებობს:
1. განმსაზღვრელი;
2. განმავითარებელი.
შეფასების ეს ფორმები შეიძლება იყოს მიმდინარე და შემაჯამებელი.
მიმდინარე შეფასება გამოიყენება ყოველდღიურად, მაგ: გაკვეთილზე ჩართულობის, კომპლექსური დავალების, პროექტის რომელიმე ეტაპი და ა.შ.,რომელშიც აუცილებლად იწერება ქულა.
შემაჯამებელი შეფასება კი გამოიყენება დროის გარკვეული მონაკვეთის, კომპლექსური დავალების, პროექტზე და ა.შ. მუშობის დასრულებისას. აუცილებლად იწერება ქულა.
განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება მაშინ, როდესაც მიზნად ვისახავთ მოსწავლის მიღწევის დონის განსაზღვრას, საგნობრივ სასწავლო გეგმასა და სასწავლო მიზნებთან მიმართებაში. ამ დროს აუცილებლად იწერება ქულა.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს ეხმარება განვითარებაში, წინსვლაში, რეკომენდაციებისა თუ პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავებაში. არ არის აუცილებელი, დაიწეროს ქულა. ჩემი აზრით, სწორედ შეფასებაა სკოლაში ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავადგინოთ რამდენადაა შესაბამისობაში მოსწავლეთა მიღწევები ესგ-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. სწორედ შეფასებაა ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას სკოლის, კლასის, მოსწავლის, მასწავლებლის წინსვლის, მიღწევისა თუ არსებული პრობლემების შესახებ. მასწავლებელს შეფასება ეხმარება, დაინახოს რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები და რამდენად კარგად ასწავლის თვითონ მასწავლებელი. მოსწავლემ უნდა იცოდეს და კარგად გაიაზროს, რომ შეფასებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მსჯელობით ფუნქცია. აქედან გამომდინარე, არსებობს შეფასების ორი უმთავრესი მიზანი:
- მასწავლებელმა დაინახოს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა ხელი შეუწყოს სწავლას;
- მასწავლებელმა იცოდეს თუ რა კონკრეტულ მიზანს ისახავს მოსწავლის შეფასება, ასევე ის, თუ როგორ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლის შეფასების შედეგად იღებს.
სწავლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შეფასება გადამწყვეტია. მასწავლებელმა უნდა იცოდეს თუ რა, როდის, რატომ და როგორ შეაფასოს. პირველ რიგში, მან უნდა დაგეგმოს რა შედეგის (ან შედეგების) მიღწევა სურს, შემდეგ – თუ როგორ შეაფასოს, აღწევს თუ არა იგი ამ შედეგს და ბოლოს, განსაზღვროს ის საშუალებები, რომლითაც იგი ამ შედეგს მიაღწევს. შეფასებისას, აუცილებელია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს შეფასების 4 ძირითადი პრინციპი:
- სანდოობა; 2.ობიექტურობა; 3.გამჭვირვალობა; 4. ვალიდურობა.
შეფასება სანდოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მასწავლებელი ერთნაირ პასუხს ერთნაირად აფასებს, ან ერთი მასწავლებელი ერთსა და იმავე პასუხს ყოველთვის ერთნაირად აფასებს. შეფასების სანდოობას უზრუნველყოფს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკითხები და დავალების ინსტრუქციები, ზუსტად განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და გამსწორებლის კვალიფიკაცია.
შეფასება ობიექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასების შედეგი არ არის დამოკიდებული შემფასებლის პირად მოსაზრებებზე, მის პიროვნულ სურვილებსა და დამოკიდებულებებზე.
შეფასება გამჭვირვალეა იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასების მექანიზმები და კრიტერიუმები ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის .შესაძლებელია და სასურველია, მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მონაწილეობდნენ შეფასების კრიტერიუმების დადგენასა და შეფასების სქემების შემუშავებაში. ამით მათ საკუთარი შეფასების მიმართ სამართლიანობის გრძნობა უყალიბდებათ, შეფასების პროცესი კი გამჭვირვალე ხდება.
შეფასების ვალიდურობა – „მიზანთან შესაბამისობა“. ვალიდური შეფასება ზუსტად უნდა ზომავდეს იმას, რისი შეფასებაც მსურს, რის შესაფასებლადაც ის არის განსაზღვრული. შეფასების მიზანია შედეგის გაზომვა, ამიტომ, შეფასების მეთოდი უნდა შეირჩეს მიზნის შესატყვისად. მაგალითად, თუ შეფასების მიზანია მოსწავლის კრიტიკული, შემოქმედებითი ან ინოვაციური უნარების შემოწმება, ხოლო, გაკვეთილის მსვლელობის დროს, დავალება მიმართულია ფაქტობრივი ცოდნის შეფასებაზე და გამოყენებულია შესაბამისი შეფასების რუბრიკები, მოსწავლეთა შეფასება არასწორია და ამ დავალებით მე ვერ გავზომავ და შევაფასებ მოსწავლეთა კრიტიკულ, შემოქმედებით და ინოვაციურ უნარებს. ამ უნარების გასავითარებლად მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს დავალება, რომელიც ითვალისწინებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითი და ინოვაციური უნარების განვითარებას. შესაბამისად, შეფასების რუბრიკებიც ადეკვატურად უნდა იქნეს შედგენილი იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც კონკრეტულად იმ უნარს შეაფასებს, რისი შეფასებაც გვსურს.
დაბოლოს, განუზომელია შეფასების როლი და მნიშვნელობა სასწავლო პროცესის შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესების საქმეში. ამასთან, ის სირთულეები, რომლებიც ბავშვის სწავლა-აღზრდაში გვხვდება, შეიძლება სწორედ შეფასებას უკავშირდებოდეს. არცთუ იშვიათად, გართულებული ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს, მშობელსა და მასწავლებელს შორის, შეფასების პროცესთანაა დაკავშირებული. რამდენად იძლევა დღევანდელი შეფასების სისტემა შეფასების პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვისა და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების შესაძლებლობებს? არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ განათლების რეფორმის პროცესში ყველაზე დიდი ცვლილება სწორედ შეფასების სისტემამ განიცადა. თუმცა, ქართველ პედაგოგთა დამოკიდებულება შეფასების სისტემის მიმართ არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. მათი გარკვეული ნაწილის აზრით, გართულებული შეფასების სისტემა უამრავ თავსატეხს უჩენს ისედაც გადატვირთულ პედაგოგს. თუ ჩვენს სკოლებში შეფასებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას გადავხედავთ, ამ პედაგოგების შეხედულება ერთგვარად გამართლდა კიდეც. სამწუხაროდ, შეფასება, თავისი უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, უბრალო დანამატადაა გადაქცეული.
დღევანდელი შეფასების სისტემა საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს პედაგოგებისაგან. მე, როგორც ერთი რიგითი პედაგოგი, ვთვლი, რომ შეფასების პრინციპების დაცვა და სწორად გამოყენება უფრო უმტკივნეულოს გახდის სწავლა-სწავლების პროცესს. გარდა ამისა, ჩვენ მიერ დაწერილ ქულას უნდა ახლდეს კომენტარები და არგუმენტირებული მსჯელობაც. ძალიან ხშირად ბავშვი ინფორმაციას, საკუთარი ცოდნის შესახებ, ჩვენი ჟესტიკულაციიდანაც იღებს, როდესაც მასწავლებელი ღიმილით და კმაყოფილებით ისმენს ინფორმაციას. ამიტომ, სასურველია, ჩვენ მიერ დაწერილი ქულები, კომენტარები და გამომეტყველება ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.
დაბოლოს მინდა აღვნიშნო, შეფასების პროცესის სწორად წარმართვა შეფასებისა და თვითშეფასების უნარის ჩამოყალიბების თავისებურ ინსტრუმენტსაც წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც ერთი, ისე მეორე მხოლოდ შეფასებითი ურთიერთობის პროცესში ყალიბდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული უნარები განვითარების პიროვნულ დონეზე მდგომი ადამიანის მახასიათებლადაა მიჩნეული, ადვილი გასაგებია, რატომაა შეფასება მნიშვნელოვანი სწავლა-აღზრდის პროცესში. იმედი მაქვს, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს პედაგოგები ვდგავართ, დაძლეული იქნება, თუკი სკოლის ადმინისტრაცია, თითოეული პედაგოგი ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა და მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, გავხდით თითოეულ მათგანს სასკოლო საზოგადოების აქტიურ და სრულფასოვან წევრა