1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

რა კრიტერიუმებით შეფასდება წერითი დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში  –  ეროვნული გამოცდები 2022

spot_img

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ  2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში ცვლილება განხორციელდა.

საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:

I. ტექსტის რედაქტირება;

II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს, შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან, ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს);

III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად დრო იქნება 3 საათი. რაც შეეხება წერითი დავალების მაქსიმალურ ქულას – 34. დავალების ესა თუ ის მითითება შესრულებულად არ ჩაითვლება, თუ მასზე პასუხი მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნება  გაცემული.

გთავაზობთ შეფასების კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს წერითი დავალება – თითოეულს გვერდით მინიშნებული აქვს ქულა. თუმცა, მანამდე განვმარტავთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნაშრომი, რომლის მოცულობაც 150 სიტყვას არ აღემატება, VIII, IX და X კრიტერიუმებით არ შეფასდება.

წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები

 I კრიტერიუმი

დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება 

  1. დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული; (3 ქულა)
  2. დავალების პირობაში დასმული პრობლემა ადეკვატურადაა გაგებული, მაგრამ არ არის გაანალიზებული მითითებული მხატვრული ნაწარმოები ან არ არის მსჯელობა პრობლემის აქტუალურობის შესახებ; (2 ქულა)
  3. დავალების პირობა ნაწილობრივ არაადეკვატურადაა გაგებული; (1 ქულა)
  4. დავალების პირობა მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული; (0 ქულა – ნაწერი აღარ სწორდება)

II კრიტერიუმი

ნაშრომის აგება

  1. ნაშრომის სტრუქტურა სრულად შეესაბამება დასმულ ამოცანას, კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, წარმოდგენილი მაგალითები არ არღვევს ტექსტის მთლიანობას, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი; დაცულია ციტირების წესი; ( 2 ქულა)
  2. ნაშრომის სტრუქტურა შეესაბამება დასმულ ამოცანას, მონაკვეთები თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, წარმოდგენილი მაგალითები არ არღვევს ტექსტის მთლიანობას, მაგრამ აბზაცები სწორად არ არის გამოყოფი-ლი და/ან დაცული არ არის ციტირების წესი; (1 ქულა)
  3. ნაშრომის სტრუქტურა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება დასმულ ამოცანას, დარღვეულია ტექსტის ლოგიკა და/ან აბზაცები სწორად არ არის გამოყოფილი და დაცული არ არის ციტირების წესი; (0 ქულა)

III   კრიტერიუმი

მხატვრული ტექსტის ანალიზი

  1. მხატვრული ნაწარმოები ღრმადაა გააზრებული და გაანალიზებული, მკაფიოდ არის გამოკვეთილი დავალების პირობაში წარმოდგენილი პრობლემა; (5 ქულა)
  2. მხატვრული ნაწარმოები კარგადაა გააზრებული და გაანალიზებული, მაგრამ მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი დავალების პირობაში წარმოდგენილი პრობლემა; ანდა მხატვრული ნაწარმოების ანალიზს სიღრმე აკლია, მაგრამ მკაფიოდ არის გამოკვეთილი დავალების პირობაში წარმოდგენილი პრობლემა; (4 ქულა)
  3. მხატვრული ნაწარმოების შესახებ მსჯელობა ზოგადია და სათანადოდ არ არის გამყარება ტექსტური მასალით, დავალების პირობაში წარმოდგენილი პრობლემის ანალიზს დამაჯერებლობა აკლია; (3 ქულა)
  4. მხატვრული ნაწარმოების შესახებ მსჯელობა ძალზე ზოგადია და არ არის გაანალიზებული დავალების პირობაში წარმოდგენილი პრობლემა; (2 ქულა)
  5. მხატვრული ნაწარმოების ანალიზი ზერელე და არადამაჯერებელია; (1 ქულა)
  6. მხატვრული ნაწარმოები გაანალიზებული არ არის. (0 ქულა)

IV კრიტერიუმი

პრობლემის აქტუალობის დასაბუთება

  1. მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით; (5 ქულა)
  2. მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტაცია არასაკმარისია და მოხმობილ მაგალითებს დამაჯერებლობა აკლია; (4 ქულა)
  3. მსჯელობა დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტებს დამაჯერებლობა აკლია და არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით; (3 ქულა)
  4. მსჯელობა ზერელეა და არგუმენტები არადამაჯერებელია; (2 ქულა)
  5. მსჯელობა ძალზე ზოგადია, არგუმენტები და/ან მაგალითები არაადეკვატურია; (1 ქულა)
  6. მსჯელობა დასაბუთებული არ არის. (0 ქულა)

V კრიტერიუმი

ზოგადი განათლება

  1. ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა, აბიტურიენტის ინფორმირებულობა და ერუდიცია; (3 ქულა)
  2. ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა, აბიტურიენტის ინფორმირებულობა და ერუდიცია; (2 ქულა)
  3. ნაშრომში გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ზერელე ცოდნა, არ ჩანს აბიტურიენტის სათანადო ინფორმირებულობა და ერუდიცია; (1 ქულა)
  4. აბიტურიენტი ვერ ერკვევა განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემატიკაში. (0 ქულა)

VI კრიტერიუმი

დამოუკიდებელი აზროვნება

  1. ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა; (3 ქულა)
  2. ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა; (2 ქულა)
  3. ნაშრომში ძირითადად არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნე-ბის უნარი, თუმცა არის დასმული პრობლემისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის მცდელობა; (1 ქულა)
  4. ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. (0 ქულა)

VII კრიტერიუმი

ფაქტობრივი სიზუსტე

  1. ნაშრომში არ არის ფაქტობრივი შეცდომა; (2 ქულა)
  2. ნაშრომში დაშვებულია ერთი ფაქტობრივი შეცდომა; (1 ქულა)
  3. ნაშრომში დაშვებულია ერთზე მეტი ფაქტობრივი შეცდომა. (0 ქულა)

VIII კრიტერიუმი

ლექსიკა და სტილი

  1. ნაშრომში შერჩეულია დასმული ამოცანის შესაბამისი სტილი, დაცულია ნაშრომის სტილის ერთგვაროვნება; აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, გვხვდება ორიოდე სტილისტიკური ხარვეზი; (3 ქულა)
  2. ნაშრომში შერჩეულია დასმული ამოცანის შესაბამისი სტილი, მთლიანობაში დაცულია ნაშრომის სტილის ერთგვაროვნება; აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ადეკვატურადაა გამოხატული, მაგრამ გვხვდება რამდენიმე სტილისტიკური ხარვეზი; (4 ქულა)
  3. ნაშრომის სტილი ნაწილობრივ შეესაბამება დასმულ ამოცანას, ცალკეულ შემთხვევებში დარღვეულია სტილის ერთგვაროვნება; აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია, გვხვდება არაადეკვატური ლექსიკა და სტილისტიკური ხარვეზები; (1 ქულა)
  4. ნაშრომის სტილი მთლიანობაში არ შეესაბამება დასმულ ამოცანას, სტილისტიკურად გაუმართავია. (0 ქულა)

IX კრიტერიუმი

მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი

  1. არ არის დაშვებული ორზე მეტი შეცდომა; (5 ქულა)
  2. არ არის დაშვებული ოთხზე მეტი შეცდომა; (4 ქულა)
  3. არ არის დაშვებული ექვსზე მეტი შეცდომა; (3 ქულა)
  4. არ არის დაშვებული რვაზე მეტი შეცდომა; (2 ქულა)
  5. არ არის დაშვებული ათზე მეტი შეცდომა; (1 ქულა)
  6. დაშვებულია ათზე მეტი შეცდომა. (0 ქულა)

X კრიტერიუმი

პუნქტუაცია

  1. არ არის დაშვებული სამზე მეტი შეცდომა; (3 ქულა)
  2. არ არის დაშვებული ექვსზე მეტი შეცდომა; (2 ქულა)
  3. არ არის დაშვებული ათზე მეტი შეცდომა; (1 ქულა)
  4. დაშვებულია ათზე მეტი შეცდომა. (0 ქულა)

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები