4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

რა აჩვენა კვლევის მეექვსე ტალღის შედეგებმა

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2020 წლის ბოლოს, ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში კვლევა დაიწყო. კვლევა ხორციელდებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. კვლევის მიდგომა ემყარება 1 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე რესპონდენტებისაგან, განმეორებით, ინფორმაციის შეგროვებას. კვლევის ფარგლებში, მონაცემები გროვდება როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით, კვლევის მეექვსე ტალღისთვის შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1,996 შინამეურნეობით, მათ შორის, ქალაქად – 962 ერთეულით, სოფლად – 1,034 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI). კვლევის მეექვსე ტალღის საველე სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში ჩატარდა. გამოპასუხების დონემ 82.0% შეადგინა, მათ შორის, ქალაქის ტიპის დასახლებებში – 80.5%, სასოფლო დასახლებებში – 83.5%.

კვლევის მეექვსე ტალღის საკვანძო გზავნილებად რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, ყურადღებას გავამახვილებთ ბავშვების განათლებასა და ინტერნეტთან წვდომაზე, ასევე სამედიცინო მომსახურების ხელმისწავდომობაზე – რამდენია შინამეურნეობების პროცენტული წილი, რომელთა ერთმა წევრმა მაინც ვერ მიიღო სამედიცინო მომსახურება.

ბავშვების განათლება

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული 2-4 წლის ბავშვების მხოლოდ 59.7% და 2-5 წლის ბავშვების მხოლოდ 66.2% დადიოდა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2021 წლის დეკემბერში, 2-4 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებთან ერთად შინამეურნეობის ზრდასრული წევრები ჩართული იყვნენ 4 ან მეტ აქტივობაში, შეადგენდა 94.4%-ს (89.9% – 2021 წლის ოქტომბერში და 97.8% – 2021 წლის მარტში). იმავე პერიოდში, ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2-5 წლის ბავშვებისთვის შეადგინა 89.2% (91.9% – 2021 წლის ოქტომბერში და 97.8% – 2021 წლის მარტში).

ამავე პერიოდში, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 71.7% ესწრებოდა სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახებში, 21.7% – მხოლოდ დისტანციურად, 5.0% –  კომბინირებულად, ხოლო 1.5% საერთოდ არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს. აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია იმ 6-17 წლის ასაკის ბავშვებიდან, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში დადიოდნენ ან ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს დისტანციურად, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული.

გამოკითხულ რესპონდენტთა 6-17 წლის ასაკის ოჯახის წევრები97.3%-ს, რომლებიც რაიმე სახით ესწრებოდნენ საგანმანათლებლო პროცესს სკოლაში, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ბავშვებისთვის სასურველი სწავლების ფორმად საკლასო ოთახებში სწავლება მიაჩნია, დიტანციურ სწავლებას მხოლოდ 0.7% ასახელებს მისაღებ ფორმად, 1.6% კი – კომბინირებულ სწავლებას.

ინტერნეტთან წვდომა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

შინამეურნეობების 14.8%-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა საცხოვრისში. ასეთი შინამეურნეობების წილი სოფლად 2.4-ჯერ აღემატება ქალაქის მაჩვენებელს – 22.5% და 9.3% . ქვეყნის დონეზე, აღნიშნული მაჩვენებელი, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, 0.9%-ული პუნქტით შემცირდა. 60.4% საკუთრებაში კომპიუტერი ან პლანშეტი აქვს. ასეთი შინამეურნეობების წილი ქალაქად 72.7%-ს შეადგენს, ხოლო სოფლად – 43.3%-ს. მობილური ტელეფონი საკუთრებაში აქვს შინამეურნეობების 99.9%-ს.

ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე

შინამეურნეობების პროცენტულმა წილმა, რომლის ერთმა წევრმა მაინც ვერ მიიღო სამედიცინო მომსახურება გამოკითხვის (2021 წლის დეკემბერი) წინა 2 კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებოდა, შეადგინა 10.6% (11.3% – 2021 წლის ოქტომბერში და 5.1% – 2021 წლის ივნისში). ხოლო, პროცენტულმა წილმა, რომლის ერთმა წევრმა მაინც ვერ შეძლო საჭირო მედიკამენტების მიღება, რადგან არ ჰქონდა ყიდვის შესაძლებლობა (მაღალი ფასის გამო), გამოკითხვის (2021 წლის დეკემბერი) წინა 2 კვირის განმავლობაში, შეადგინა 38.1% (35.2% – 2021 წლის ოქტომბერში და 37.9% – 2021 წლის ივნისში).

რაც შეეხება შინამეურნეობების შემოსავლებს, კვლევის თანახმად, 1.8%-ში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2021 წლის ნოემბერში. 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში კი, შინამეურნეობების 5.8%-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2020 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში –  13.9%-მა, ხოლო 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე – 31.8%-მა.

გამოკითხულთა შედეგებით ვიგებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში შინამეურნეობების 8.8%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. ამასთან, ამ შინამეურნეობების 16.8%-ს შემოსავალი შეუმცირდა 50%-ზე მეტით. 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე, შინამეურნეობების 16.1%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი, 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე – 37.4%-ს, ხოლო 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე – 53.0%-ს.

შემოსავლის შემცირების მთავარ მიზეზად COVID-19-ს და მასთან დაკავშირებულ ძირითად გარემოებებს ასახელებენ. შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით, შინამეურნეობები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ, კვების გარდა, სხვა საოჯახო ხარჯების შემცირებას (75.3%), დანაზოგების გამოყენებას (55.2%), კვებაზე ხარჯების შემცირებას (42.4%) და ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან (34.1%).

რამდენად აწუხებთ მომდევნო თვის ფინანსური მდგომარეობა – ამ კითხვაზე რესპონდენტების 41.9%-მა განაცხადა, რომ ძალიან შეწუხებულია, 38.1% ზომიერად შეწუხებულია, 13.0% მეტ-ნაკლებად შეწუხებულია, 4.4% უმნიშვნელოდაა შეწუხებული, ხოლო 2.5% საერთოდ არ არის შეწუხებული.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები